Facebook Twitter

საქმე №ა-1685-ა-10-2015 25 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

განმცხადებელი – ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ.

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ე.პ.კ.“

გასაჩივრებული განჩინება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინება

განმცხადებლის მოთხოვნა – ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება

დავის საგანი – ერთობლივი საქმიანობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, ამხანაგობის თავმჯდომარის გადადგომა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ც.ქ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ე.პ.კ.-ს“ მიმართ და მოითხოვა შპს „ე.პ.კ.-ს“ დავალდებულება ამხანაგობის მიზნის მიღწევაზე (საკუთრების ობიექტის განაწილება), ამხანაგობაში მოსარჩელის წილი საცხოვრებელი და არასაცხოვრებელი ფართის სს „ბ.თ.ე.“ ბანკის მიერ დადებული იპოთეკისაგან გათავისუფლება (თანახმად ამხანაგობის ხელშეკრულების მე-3 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა), ასევე, ამხანაგობის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადადგომა. მოსარჩელემ მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებაც.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 29 აგვისტოს განჩინებით ც.ქ.ს უარი ეთქვა სარჩელისა და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების შესახებ განცხადების მიღებაზე, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებით ც.ქ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო ამავე სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით მ.ქ.ს განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დარჩა განუხილველად, რაც კერძო საჩივრით გაასაჩივრა განმცხადებელმა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლე მ.ქ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს განცხადებით მომართა მ.ქ.მ, მოითხოვა ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება შემდეგი საფუძლებით:

განმცხადებლის განმარტებით, მისთვის ცნობილი იყო, რომ კერძო საჩივარი საქართველოს უზენაეს სასამართლოში 2015 წლის 20 აპრილს განიხილებოდა, მოგვიანებით ეცნობა, რომ საქმის განხილვა გადაიდო, თუმცა განხილვის თარიღი მისთვის არ შეუტყობინებიათ. მ.ქ.მ მიუთითა საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე და განმარტა, რომ ვერ შეძლო დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა, ამასთან, მის მდგომაროებაში მყოფი _ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მიმართ, სამოქალაქო კოდექსის 234-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობის ვადები არ ვრცელდება.

2015 წლის 7 მაისს მ.ქ.ის სატელეფონო შეტყობინებით გახდა ცნობილი კერძო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, მაშინ, როდესაც მხარე 8 მაისს აპირებდა განცხადება-შუამდგომლობის წარდგენას, რომელიც შეეხება სააპელაციო სასამართლოს სატელეფონო შეტყობინებას, რომელის თანახმადაც, მოსამართლე ქ.კ.ს თანაშემწემ აცნობა მხარეს რომ მას გადაეცა ამავე საქმეზე 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება. 2015 წლის 7 მარტს განმცხადებელს ჩაბარდა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 8 იანვრის განჩინება. მითითებული განჩინებით მ.ქ.ს მოთხოვნა ამხანაგობის თავმჯდომარის უფლებამოსილების შეჩერების თაობაზე დარჩა განუხილველად. ამ განჩინებაში საუბარია სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებაზე, რომელიც მხარეს არ ჩაბარებია. საყურადღებოა, რომ სააპელაციო სასამართლო მანიპულირებდა საქმის განხილვის თარიღებით, რათა შეექმნა შთაბეჭდილება, რომ მ.ქ.ს მიერ განცხადების წარდგენამდე მიღებული იყო გადაწყვეტილება ც.ქ.ს კერძო საჩივარზე. განმცხადებლის განმარტებით, სწორედ აღნიშნული წარმოადგენს იმ გარემოებას, რომლის გამოც საკასაციო სასამართლოს განჩინება უნდა გაუქმდეს და საკასაციო სასამართლომ უნდა განიხილოს მ.ქ.ს განცხადება-შუამდგომლობა.

წარმოდგენილ განცხადებას მ.ქ.მ დაურთო ჯანმრთელობის მდგომაროების დამადასტურებელი სამედიცინო ცნობები, განცხადება-შუამდგომლობა, სადაც გადმოცემულია მ.ქ.ს მოსაზრებები სააპელაციო პალატის მიერ ც.ქ.ს კერძო საჩივრის განხილვის თაობაზე, ამონაწერი „მაგთიკომიდან“, საკასაციო სასამართლოს №ას-1003-964-2014 განჩინების ასლი, სსე აქტის ამონაწერი და შპს „ე.პ.კ.თვის“ მიწერილი წერილების ასლები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო გაეცნო ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლის _ მ.ქ.ს განცხადებას ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე და მიიჩნევს, რომ განცხადება დაუშვებელია შემდეგი გარემოებების გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლის თანახმად, სასამართლომ თავისი ინიციატივით უნდა შეამოწმოს, დასაშვებია თუ არა განცხადება საქმის განახლების შესახებ. თუ არ არსებობს განცხადების დაშვების ესა თუ ის პირობა, სასამართლომ თავისი განჩინებით განცხადება განუხილველად უნდა დატოვოს.

დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს სასამართლოს ვალდებულება, განცხადების არსებითად განხილვის დაწყებამდე შეამოწმოს ამ განცხადების ფორმალური შესაბამისობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობასთან.

განსახილველ შემთხვევაში, განმცხადებელი საქმის წარმოების განახლებას იმ საფუძლით მოითხოვს, რომ მისთვის უცნობი იყო საკასაციო სასამართლოში კერძო საჩივრის განხილვის ზუსტი თარიღი, შესაბამისად, მან ვერ შეძლო დაზუსტებული განცხადების წარმოდგენა. თავის მხრივ, ახლად აღმოჩენილ გარემოებად განმცხადებელი მიიჩნევს შემდეგს: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 იანვრის განჩინებით მისი განცხადება საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე დარჩა განუხილველად. მითითებულ განჩინებაში, სააპელაციო პალატა მოიხსენიებს ამავე სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებას, რომლითაც ც.ქ.ს კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. განმხდებლის განმარტებით, მას ეს განჩნება (29.10.2014 წ) არ ჩაბარებია და თვლის, რომ აღნიშნულით დასტურდება სასამართლოს მხრიდან საქმის განხილვის თარიღებით მანიპულირება, თითქოს საქმის წარმოების შეჩერების თაობაზე მ.ქ.ს განცხადების განხილვის დროისათვის უკვე განხილული იყო ც.ქ.ს კერძო საჩივარი.

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 427-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლითაც განსაზღვრულია ის სავალდებულო წინაპირობები, რომელთაც განცხადება უნდა შეიცავდეს, რათა სასამართლომ იგი დასაშვებად მიიჩნიოს და განიხილოს არსებითად. ამ პირობათაგან ერთ-ერთს წარმოადგენს „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მითითება იმ საფუძვლებზე, რომელთა გამოც უნდა მოხდეს გადაწყვეტილების ბათილად ცნობა ან საქმის განახლება. როგორც აღინიშნა, მხარე ამგვარ გარემოებად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინებას, რომელიც მას დადგენილი წესითა და დადგენილ ვადაში არ ჩაბარებია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს თავად უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინებაზე, რომლის გაუქმებასაც მ.ქ. მოითხოვს. მითითებული განჩინების კვლევით ნაწილში საკასაციო პალატამ ეს გარემოება შეაფასა, რამდენადაც საქმის განხილვამდე, 2015 წლის 20 აპრილს წარმოდგენილ გაცხადებაში მ.ქ. მიუთითებდა 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინების გაუქმებაზეც. 2015 წლის 23 აპრილის განჩინებით საკასაციო პალატამ გაიზიარა განმცხადებლის მიერ მითითებული გარემოება, რომ სააპელაციო სასამართლოს არ ჩაუბარებია მისთვის 2014 წლის 29 ოქტომბრის განჩინება საქმეში ამ განჩინების გაგზავნის დამადასტურებელი დოკუმენტის არარსებობის გამო, თუმცა საკასაციო პალატამ მიიჩნია, რომ იგი არ წარმოადგენდა იმგვარ საპროცესო დარღვევას, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული განჩინების გაუქმების საფუძველი გახდებოდა. ამ კუთხით მხარეს განემარტა, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 419-ე მუხლის პირველი ნაწილით დასტურდებოდა, რომ კერძო საჩივრის განხილვა საპროცესო მოქმედების შეჩერების საფუძველს არ წარმოადგენდა, მით უფრო, როდესაც საქმე ეხებოდა ზემდგომი სასამართლოს განჩინებას კერძო საჩივრის თაობაზე, რომელიც არ საჩივრდებოდა, ამ განჩინების (საბოლოო) მხარისათვის ჩაუბარებლობა საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების გაუქმების ერთადერთი საფუძველი არ შეიძლებოდა გამხდარიყო (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის #ას-304-291-2015 განჩინების სამოტივაციო ნაწილი).

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მითითებული არგუმენტი არ წარმოადგენს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლით გათვალისწინებულ ახლად აღმოჩენილ გარემოებას, იგი ცნობილი იყო მხარისათვის ჯერ კიდევ კერძო საჩივრის განხილვის ეტაპზე და ამ საკითხზე მან წერილობითი პრეტენზია წარადგინა სასამართლოში, თავის მხრივ, წინამდებარე განცხადებით სადავოდ გამხდარი გარემოება შეფასებულია საკასაციო პალატის მიერ, რის გამოც არ არსებობს განცხადების განსახილველად დაშვების წინაპირობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 429-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ქ.ს სავარაუდო უფლებამონაცვლის _ მ.ქ.ს განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 აპრილის განჩინების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების თაობაზე, დაუშვებლად მიჩნევის გამო, დარჩეს განუხილველად.

2. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ბ. ალავიძე