Facebook Twitter

საქმე №ა-3732-შ-104-2014 4 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატის

მოსამართლე

ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „P. G.“ -ი (ს/კ ....)

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-მა” საარბიტრაჟო სარჩელი აღძრა შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „P.G.“ - ის მიმართ 9 214.36 აშშ დოლარის გადახდის თაობაზე.

ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილებით საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება „P.G.“ - ს ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 9 214.36 აშშ დოლარის, აგრეთვე, საარბიტრაჟო განხილვის ხარჯის 952.03 ევროს ანაზღაურება.

ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-მა“ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარდგენილი შუამდგომლობით მოითხოვა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების ცნობა და აღსრულება თანხის დაკისრების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 8 დეკემბრის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 7 (შვიდი) დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანისა და სახელმწიფო ბაჟის – 276.4308 აშშ დოლარისა და 28.5609 ევროს ექვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

2015 წლის 4 თებერვალს სასამართლოს განცხადებით მომართა ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-მა“ და იშუამდგომლა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის 2015 წლის 31 მარტამდე გაგრძელების თაობაზე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 46 დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანისა და სახელმწიფო ბაჟის – 276.4308 აშშ დოლარისა და 28.5609 ევროს ექვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესი სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:

,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მეორე პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნების სასამართლოების შუამდგომლობა სამართლებრივი დახმარების ცალკეულ საპროცესო მოქმედებათა შესრულების შესახებ ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. აღნიშნული ნორმის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლო უცხო ქვეყნის შუამდგომლობის ცნობისა და საქართველოს ტერიტორიაზე აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებული გარემოებების სამართლებრივი შეფასებისა თუ საპროცესო მოქმედების შესრულებისას ხელმძღვანელობს ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი ნორმებით.

საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-მა“ და მოითხოვა თანხის დაკისრების ნაწილში დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 46 დღის ვადაში საარბიტრაჟო გადაწყვეტილებისა და საარბიტრაჟო შეთანხმების სათანადოდ დამოწმებული ქართული თარგმანისა და სახელმწიფო ბაჟის – 276.4308 აშშ დოლარისა და 28.5609 ევროს ექვივალენტი ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.

ხარვეზის დადგენის შესახებ საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება შუამდგომლობის ავტორს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად, გაეგზავნა საქმეში მის მიერ მითითებულ მისამართზე: ქ. მინსკი, რ-ს ქ…. სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო შეტყობინების ბარათის თანახმად, გზავნილი მითითებულ მისამართზე 2015 წლის 3 მარტს ჩაბარდა ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ს“. ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორს დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი.

ამდენად, ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილი ორმოცდაექვსდღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 4 მარტს და ამოიწურა 20 აპრილს. მხარეს აღნიშნული ვადის განმავლობაში ხარვეზი არ გამოუსწორებია და არც რაიმე სხვა შუამდგომლობით მიუმართავს სასამართლოსათვის.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, პალატა თვლის, რომ ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.

იმ გარემოებათა აღმოფხვრის შემთხვევაში, რომლებიც საფუძვლად დაედო შუამდგომლობის განუხილველად დატოვებას, დაინტერესებულ პირს უფლება აქვს კვლავ მიმართოს საქართველოს უზენაეს სასამართლოს საერთო წესის დაცვით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლის მე-2 პუნქტით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ღია სააქციო საზოგადოება საკონდიტრო ფაბრიკა „ს-ის“ შუამდგომლობა ბელარუსის რესპუბლიკის სავაჭრო-სამრეწველო პალატასთან არსებული საერთაშორისო საარბიტრაჟო სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად;

2. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე: ნინო ბაქაქური