საქმე №ა-420-შ-7-2015 18 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი - ლ. ქ-ა
მოწინააღმდეგე მხარე - მ. ქ-ა
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასაც მხარე მოითხოვს - თურქეთის სეიდიშეჰირის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება
დავის საგანი – განქორწინება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
თურქეთის სეიდიშეჰირის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქორწინება ლ. ქ-ასა და მ. ქ-ას შორის გაუქმდა.
საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ლ. ქ-ამ და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 თებერვლის განჩინებით ლ. ქ-ას შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.
ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე მ. ქ-ას, გაეგზავნა 2015 წლის 8 აპრილს და ჩაბარდა 2015 წლის 21 აპრილს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატა გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს, მივიდა იმ დასკვნამდე, რომ აღნიშნული შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
თურქეთის სეიდიშეჰირის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილებით ქორწინება ლ. ქ-ასა და მ. ქ-ას შორის გაუქმდა.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, თურქეთის სეიდიშეჰირის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.
„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ლ. ქ-ას შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;
2. ცნობილ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე თურქეთის სეიდიშეჰირის სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2015 წლის 5 თებერვლის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც ლ. ქ-ასა და მ. ქ-ას შორის რეგისტრირებული ქორწინება გაუქმდა;
3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე