საქმე №ა-437-ა-4-2015 7 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ვასილ როინიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, პაატა ქათამაძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
განმცხადებელი – შპს „ლ. ხ-ის კ-ა“
წარმომადგენელი - დ. შ-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ი. მ-ე, დ. შ-ა, რ. ჭ-ი, ი. ჩ-ი, რ. გ-ე, ლ. ხ-ე, ც. მ-ე
წარმომადგენელი - ზ. ხ-ა
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და საქმის წარმოების განახლება
დავის საგანი – ქმედების განხორციელების დავალდებულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ი. მ-მ, დ. შ-მ, რ. ჭ-მა, ი. ჩ-მა, რ. გ-მ, ლ. ხ-მ და ც. მ-მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ და მისი დირექტორის - დ. ხ-ს მიმართ ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით.
სარჩელის მიხედვით, შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ 39 % წილის მფლობელი პარტნიორები მოსარჩელეები არიან. საზოგადოების 2013 წლის 8 და 10 აპრილს ჩატარებულ პარტნიორთა კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება 2012 წლის დივიდენდის განაწილების თაობაზე, თუმცა მისი ნაწილი პარტნიორებს იმ მოტივით არ ჩაერიცხათ, რომ გასანაწილებელი თანხა საზოგადოებას სადაზღვევო კომპანიებიდან უნდა მიეღო. საზოგადოების დირექტორის 2013 წლის 26 ივლისის წერილით მოსარჩელეებისათვის ცნობილი გახდა, რომ აღნიშნული თანხები შპს „ლ. ხ-ის კ-ას“ უკვე ჰქონდა მიღებული, მაგრამ დირექტორი დ. ხ-ე უკვე ერთი წელი იყო, რაც მათ კუთვნილ დივიდენდებს პარტნიორებს იმ მოტივით არ ურიცხავდა, რომ აღნიშნულის თაობაზე პარტნიორთა კრებას უნდა ემსჯელა.
მოსარჩელეების განმარტებით, მათ დამოუკიდებელი აუდიტორის მეშვეობით შეამოწმეს საზოგადოების დირექტორის მიერ წარმოდგენილი 2012 წლის ანგარიშის სისწორე, რომლის შედეგად არაერთი არსებითი ხასიათის შეცდომა დაფიქსირდა. დადგინდა, რომ აღნიშნული შეცდომების შედეგად პარტნიორებმა მიიღეს 54637 ლარით ნაკლები დივიდენდი. სწორედ აღნიშნული თანხის 39 %-ი - 21308 ლარი უნდა ჩაერიცხა საზოგადოების დირექტორს მათთვის და, ვინაიდან ამ მოვალეობას უკანონოდ არ ასრულებდა იძულებულნი გახდნენ ქმედების განხორციელების დავალდებულების მოთხოვნით სასამართლოსათვის მიემართათ.
მოსარჩელეები ასევე ითხოვენ წარმომადგენლის და წლიური ანგარიშის შემოწმებაში აუდიტორისათვის გადახდილი თანხის - 4000 ლარის საზოგადოებისათვის დაკისრებას.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ი. მ-ს, დ. შ-ს, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ს, ლ. ხ-ს და ც. მ-ს სარჩელი. შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ დირექტორს - დ. ხ-ს დაევალა მოსარჩელეების ანგარიშებზე 2012 წლის გასანაწილებელი დივიდენდების - 1065 ლარის ჩარიცხვა, საზოგადოებაში მათი კუთვნილი წილების პროპორციულად. შპს „ლ. ხ-ის კ-ას“ მოსარჩელეების სასარგებლოდ დაევალა გადახდილი აუდიტის მომსახურების თანხის - 3000 ლარის და სახელმწიფო ბაჟის - 730 ლარის ანაზღაურება. ასევე, დ. ხ-ს დაევალა მოსარჩელეთა სასარგებლოდ ადვოკატის მომსახურების თანხის - 800 ლარის ანაზღაურება.
გადაწყვეტილება მოპასუხემ სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „ლ. ხ-ის კ-ის” სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა. გაუქმდა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ი. მ-ს, დ. შ-ს, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ს, ლ. ხ-სა და ც. მ-ს სარჩელი - მისაღები დივიდენდის დარჩენილი თანხის - 1065 ლარის, წარმომადგენლისა და აუდიტორისათვის გადახდილი თანხების მოპასუხისათვის დაკისრების მოთხოვნის თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ი. მ-ს, დ. შ-ს, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ს, ლ. ხ-სა და ც. მ-ს შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის სანაცვლოდ 163 ლარის და ადვოკატის მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის სანაცვლოდ 160 ლარის ანაზღაურება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ი. მ-მ, დ. შ-მ, რ. ჭ-მა, ი. ჩ-მა, რ. გ-მ, ლ. ხ-მ და ც. მ-მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების ძალაში დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით ი. მ-ს, დ. შ-ს, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ს, ლ. ხ-ს, ც. მ-ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; გაუქმდა ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება აუდიტის შემოწმებისა და ადვოკატის მომსახურების ხარჯების დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება; შპს ,,ლ. ხ-ის კ-ას“ დაეკისრა კასატორთა სასარგებლოდ აუდიტის შემოწმებისათვის გაღებული ხარჯის - 3000 ლარის, ადვოკატის მომსახურების ხარჯის - 760 ლარის და საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 285 ლარის გადახდა; ი. მ-ს, დ. შ-ს, რ. ჭ-ს, ი. ჩ-ს, რ. გ-ს, ლ. ხ-ს, ც. მ-ს დაუბრუნდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან პირველი ინსტანციის სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 730 ლარი; დანარჩენ ნაწილში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.
2015 წლის 12 თებერვალს შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ წარმომადგენელმა დ. შ-მ ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმებისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით საქართველოს უზენაეს სასამართლოს მომართა. განმცხადებლის მითითებით, შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის მიერ 2014 წლის 28 ნოემბერს „კლინიკაში“ ჩატარებული შემოწმების შედეგად, რომელიც შეეხო 2009-2014 წლებში საზოგადოების საქმიანობას, გამოცემულ იქნა ბრძანება, რომლის საფუძველზეც კლინიკას ბიუჯეტის სასარგებლოდ სულ გადასახდელად დაეკისრა 1408 ლარი, რაც ნიშნავს, რომ ფინანსური აღრიცხვა და ანგარიშგება თითქმის აბსოლუტური სიზუსტითაა ნაწარმოები. მოსარჩელეების მიერ ჩატარებული აუდიტის მონაცემები არ ემთხვევა შემოსავლების სამსახურის მიერ ჩატარებული აუდიტური შემოწმების შედეგებს. დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, ერთობლივი შემოსავალი 2271084 ლარს შეადგენს. შემოწმების თანახმად, ერთობლივი შემოსავალი ასევე 2271084 ლარს შეადგენს და სხვაობა არ არსებობს. საქმეში არსებული აუდიტის დასკვნის თანახმად, გამოქვითვა უნდა იყოს 1747,092 ლარი. შემოწმების თანახმად, გამოქვითვა 1755.636 ლარი უნდა იყოს.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ განცხადება გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 425-ე მუხლის მიხედვით გადაწყვეტილების ბათილად ცნობისა და ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადების შეტანა და მისი განხილვა წარმოებს საერთო წესების დაცვით, იმ გამონაკლისების გათვალისწინებით, რომლებიც ამ თავშია დადგენილი.
იმავე კოდექსის 430-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ აღმოჩნდება, რომ საქმის წარმოების განახლების შესახებ განცხადება უსაფუძვლოა, სასამართლო გამოიტანს განჩინებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემული განცხადება უსაფუძვლოა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 423-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო საქმის წარმოების განახლების მოთხოვნით, თუ მხარისათვის ცნობილი გახდა ისეთი გარემოებები და მტკიცებულებები, რომლებიც, ადრე რომ ყოფილიყო წარდგენილი სასამართლოში საქმის განხილვის დროს, გამოიწვევდა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების გამოტანას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი ნაწილის „ე“-„ვ“ ქვეპუნქტებში აღნიშნული საფუძვლებით საქმის განახლება დასაშვებია, თუ მხარეს თავისი ბრალის გარეშე არ ჰქონდა შესაძლებლობა საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს წარმოედგინა კანონიერ ძალაში შესული და იმავე სარჩელზე გამოტანილი გადაწყვეტილება, ან მიეთითებინა ახალ გარემოებებსა და მტკიცებულებებზე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული ნორმის მიზნებისათვის არ იგულისხმება მხოლოდ ის კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც მხარეს საქმის წარმოების განახლების საფუძვლად მიაჩნია, არამედ, სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს, განმცხადებელს საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების დროს რამდენად ჰქონდა საშუალება, მიეთითებინა ახალ გარემოებებზე ან მისი პოზიციის გასამყარებლად მტკიცებულებები წარედგინა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. განმცხადებელი მიუთითებს, რომ მის მიერ წარმოდგენილი შემოსავლების სამსახურის აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა განსახვავდება მოსარჩელეთა მიერ ჩატარებული აუდიტის შედეგებისაგან. საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეს საქმის განხილვის დროს სრული შესაძლებლობა ჰქონდა, ჩაეტარებინა ალტერნატიული შემოწმება და წარმოედგინა დასკვნა, რომელიც მოსარჩელეთა მტკიცებულებას დაუპირისპირდებოდა, მაგრამ მხარეს ამ შესაძლებლობით არ უსარგებლია, რაც საქმის განხილვის დასრულების შემდეგ ახალი დასკვნის წარმოდგენასა და ამ საფუძვლით საქმის წარმოების განახლებას გამორიცხავს.
საკასაციო სასამართლო იმ გარემოებაზეც ამახვილებს ყურადღებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოპასუხეს მოსარჩელეთა მიერ ჩატარებული აუდიტის ხარჯების ანაზღაურება დაეკისრა, ვინაიდან, შემოწმების შედეგად, ფინანსურ აღრიცხვასა და ანგარიშგებაში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა. განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნა დარღვევებს სრულად არ გამორიცხავს. სწორედ დარღვევების არსებობის გამო დაეკისრა მოპასუხეს ჯარიმა 1408 ლარი. საკასაციო სასამართლო ასევე იზიარებს მოწინააღმდეგე მხარის მითითებას, რომ შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ დეკლარირებულ მონაცემებში შესწორება მოსარჩელეთა მიერ აუდიტის ჩატარების შემდეგ მოხდა, რასაც შესაბამისი დეკლარაციები ადასტურებს, ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განმცხადებლის მიერ წარმოდგენილი დასკვნა საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 იანვრის გადაწყვეტილებით დამდგარ შედეგზე გავლენას ვერ მოახდენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ განცხადება უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე, 430-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ლ. ხ-ის კ-ის“ განცხადება ახლად აღმოჩენილ გარემოებათა გამო გადაწყვეტილების გაუქმებისა და საქმის წარმოების განახლების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ვ. როინიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
პ. ქათამაძე