Facebook Twitter

18 მაისი, 2015 წელი

საქმე№ა-445-შ-8-2015 ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

შუამდგომლობის ავტორი – გ. ი-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. პ-ი

გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობას შუამდგომლობის ავტორი მოითხოვს – გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება

დავის საგანი – განქორწინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ლ. პ-სა და გ. ი-ს შორის, 1998 წლის 5 ნოემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით .....

გ. ი-მა შუამდგომლობით მომართა საქართველოს უზენაეს სასამართლოს და მოითხოვა დასახელებული გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა.

შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი, აპოსტილით დამოწმებული გადაწყვეტილებით დასტურდება, რომ ის განხილულია ზეპირი მოსმენით და სასამართლო სხდომაზე მხარეები წარმომადგენლის მეშვეობით იღებდნენ მონაწილეობას, დასტურდება ის გარემოებაც, რომ გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში 2011 წლის 3 მაისს შევიდა. შუამდგომლობის ავტორის განმარტებით ირკვევა ისიც, რომ გადაწყვეტილება მისი მიმღები ქვეყნის ტერიტორიაზე აღსრულებულია, ხოლო საქმეში წარმოდგენილი პირადობის მოწმობის ასლის თანახმად, შუამდგომლობის ავტორი საქართველოს მოქალაქეა.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით გ. ი-ის შუამდგომლობა წარმოებაში იქნა მიღებული.

ზემოაღნიშნული განჩინების, შუამდგომლობისა და თანდართული მასალების ასლები მოპასუხე ლ. პ-ს, გაეგზავნა 2015 წლის 7 აპრილს და ჩაბარდა 2015 წლის 20 აპრილს, თუმცა მას განჩინებით განსაზღვრულ ვადაში აღნიშნულ შუამდგომლობაზე აზრი არ გამოუთქვამს, ასევე, არ მოუთხოვია საქმის ზეპირი განხილვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო გაეცნო წარმოდგენილ შუამდგომლობას და თანდართულ მასალებს და მივიდა დასკვნამდე, რომ გ. ი-ის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე შემდეგ გარემოებათა გამო:

საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს იმ გარემოებას, რომ გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით გაუქმდა მხარეებს – ლ. პ-სა და გ. ი-ს შორის, 1998 წლის 5 ნოემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით .....

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, უცხო ქვეყნის სასამართლოს გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. ამავე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, საქართველო ცნობს უცხო ქვეყნის კანონიერ ძალაში შესულ სასამართლო გადაწყვეტილებებს გარდა იმ შემთხვევებისა, რომლებიც გათვალისწინებულია აღნიშნული მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებით. საკასაციო სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ზემოხსენებულ ნორმაში მითითებული დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, შესაბამისად, გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება ცნობილ უნდა იქნას საქართველოს ტერიტორიაზე.

„საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება უცხო ქვეყნის გადაწყვეტილების ცნობის შესახებ სავალდებულოა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე, 69-ე მუხლებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 284-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. გ. ი-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდეს;

2. ცნობილ იქნას საქართველოს ტერიტორიაზე გერმანიის ფედერალური რესპუბლიკის ნიურნბერგის რაიონული სასამართლოს 2011 წლის 24 მარტის გადაწყვეტილება, რომლის საფუძველზეც გაუქმდა მხარეებს – ლ. პ-სა და გ. ი-ს შორის, 1998 წლის 5 ნოემბერს თბილისის მმაჩის ბიუროს მიერ რეგისტრირებული ქორწინება, სარეგისტრაციო ნომრით 1146;

3. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე