საქმე №ა-826-შ-18-2015 7 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
შუამდგომლობის ავტორი – ფ. ჰ. დ. ნ.-
წარმომადგენელი – ს. ჯ.-ე
მოწინააღმდეგე მხარე – ტ.მ.-ი
გადაწყვეტილება, რომლის საქართველოს ტერიტორიაზე ცნობასა და აღსრულებას მხარე მოითხოვს – გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ტ.მ.-ს ფ. ჰ. დ. ნ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 2 ოქტომბრის წლიდან საბაზისო განაკვეთზე ზევით 5 საპროცენტო პუნქტის ოდენობასთან ერთად 100 000 ევროს გადახდა.
ფ. ჰ. დ. ნ.-ს წარმომადგენელმა ს. ჯ.-ემ შუამდგომლობით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ფ. ჰ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ეს დაევალა განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში გერმანიის ლიუნებურგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თაობაზე ცნობის წარმოდგენა, ასევე ცნობის იმის თაობაზე, რომ გერმანიის ლიუნებურგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე.
2015 წლის 3 აპრილს ფ. ჰ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ემ განცხადებით მომართა საკასაციო პალატას და მოითხოვა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადის გაგრძელება 2 თვით.
საკასაციო სასამართლოს 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ფ. ჰ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ის შუამდგომლობა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და შუამდგომლობის ავტორს გაუგრძელდა ხარვეზის შევსების საპროცესო ვადა 20 დღით.
2015 წლის 28 აპრილს ფ. ჰ. დ. ნ.-ს წარმომადგენელმა ს. ჯ.-ემ წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: სამართლის დოქტორის, ადვოკატის, ნოტარიუსის, გ. ვ. ბ.-ის წერილები, ცელეს პირველი ინსტანციის წერილი,„დოიჩე ბანკის“ წერილი, „შპარკე ბრემენის“ ოფიციალური წერილი, „LBS-ს“3 ოფიციალური წერილი, „ალიანსის“ მიერ მიწერილი წერილი, „ჰაკ-ჰუბორგის“ ოფიციალური წერილი, „Hannoversce-ს“4 წერილი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები და მიიჩნევს, რომ ფ. ჰ. დ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად შემდეგ გარემოებათა გამო:
,,საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 68-ე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად, უცხო ქვეყნების გადაწყვეტილების ცნობის საკითხს იხილავს საქართველოს უზენაესი სასამართლო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, საქართველოს საერთო სასამართლოებში სამოქალაქო საქმეებს განიხილავენ ამ კოდექსით დადგენილი წესების მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში საქართველოს უზენაეს სასამართლოს შუამდგომლობით მომართა ფ. ჰ. ნ.-ს წარმომადგენელმა ს. ჯ.-ემ და მოითხოვა გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობა და აღსრულება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 23 მარტის განჩინებით მოცემულ შუამდგომლობას დაუდგინდა ხარვეზი და „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დაევალა წარმოადგინოს: ა) ცნობა გერმანიის ლიუნებურგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შესვლის თაობაზე; ბ) ცნობა იმის თაობაზე, რომ გერმანიის ლიუნებურგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება არ არის აღსრულებული გერმანიის ტერიტორიაზე.
ხარვეზის გამოსწორებისათვის დადგენილ ვადაში შუამდგომლობის ავტორმა წარმოადგინა შემდეგი დოკუმენტები: სამართლის დოქტორის, ადვიკატის, ნოტარიუსის, გ. ვ. ბ.-ის წერილები, ცელეს პირველი ინსტანციის წერილი,„დოიჩე ბანკის“ წერილი, „შპარკე ბრემენის“ ოფიციალური წერილი, „LBS-ს“3 ოფიციალური წერილი, „ალიანსის“ მიერ მიწერილი წერილი, „ჰაკ-ჰუბორგის“ ოფიციალური წერილი, „Hannoversce-ს“4 წერილი.
საკასაციო პალატა მიუთითებს „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 71-ე მუხლის პირველ პუნქტზე, რომლის თანახმადაც, შუამდგომლობას აღსრულებისათვის თან უნდა დაერთოს სასამართლო გადაწყვეტილების დამოწმებული ასლი და დამოწმებული ქართული თარგმანი, აგრეთვე ცნობა გადაწყვეტილების ძალაში შესვლისა და მისი აღსრულების აუცილებლობის შესახებ, თუ ეს შუამდგომლობის ტექსტიდან არ გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში შუამდგომლობის ავტორის მიერ წარმოდგენილი დაკუმენტებიდან არ ირკვევა, თუ როდის შევიდა კანონიერ ძალაში გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილება, ასევე შუამდგომლობის ავტორმა სარწმუნოდ ვერ დაადასტურა, რომ იგი არ აღსრულებულა გერმანიის ტერიტორიაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. კანონის დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ მხარე სწორედ კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაშია ვალდებული, განახორციელოს მისთვის დაკისრებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მან დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შუამდგომლობის ავტორს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში დაკისრებული საპროცესო მოქმედება არ განუხორციელებია, საკასაციო პალატა თვლის, რომ ფ. ჰ. დ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ უნდა დარჩეს განუხილველად.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა „საერთაშორისო კერძო სამართლის შესახებ“ საქართველოს კანონის 63-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მეორე ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ფ. ჰ. დ. ნ.-ს წარმომადგენელ ს. ჯ.-ის შუამდგომლობა გერმანიის ლუნენბერგის მეორე ინსტანციის სასამართლოს 2014 წლის 17 ოქტომბრის გადაწყვეტილების საქართველოს ტერიტორიაზე ცნობისა და აღსრულების შესახებ დარჩეს განუხილველად.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ზურაბ ძლიერიშვილი