№ას-1000-961-2014 22 მაისი, 2015 წელი
თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.ხ.-ი
მოწინააღმდეგე მხარე – ლ.მ.-ი
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ.მ.-მა მოპასუხე ვ.ხ.-ის მიმართ და მოითხოვა მეუღლეთა თანასაკუთრებაში არსებული ქონების გაყოფა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:
1. ლ.მ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოსარჩელე ცნობილ იქნა გარდაბანში, ს.-ის ქ.N...--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის თანამესაკუთრედ, კერძოდ, სახლის ½ წილის მესაკუთრედ.
დაუსწრებელი გადაწყვეტილება საჩივრით გაასაჩივრა ვ.ხ.-მა.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 7 მაისის განჩინებით:
1. ვ.ხ.-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. რუსთავის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების შესახებ განჩინება ვ.ხ.-მა სააპელაციო წესით გაასაჩივრა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით:
1. ვ.ხ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;
2. უცვლელად დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 12 მარტის დაუსწრებელი გადაწყვეტილება და 2014 წლის 7 მაისის განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების ძალაში დატოვების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 თებერვლის განჩინებით მოსარჩელე ლ.მ.-ისა და მოპასუხე ვ.ხ.-ის საქმეზე სასამართლოს მოსამზადებელი სხდომა დაინიშნა 2014 წლის 12 მარტს, 14:00 საათზე.
ვ.ხ.-ს კანონმდებლობით დადგენილი წესით გაეგზავნა სასამართლო უწყება სასამართლო სხდომის დანიშვნის შესახებ. გზავნილის ჩაბარების შესახებ შეტყობინების ბარათით დადასტურდა, რომ გზავნილი პირადად ჩაბარდა ვ.ხ.-ს.
აპელანტი სადავოდ არ ხდიდა იმ გარემოებას, რომ მას ეცნობა რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2014 წლის 12 მარტს გამართულ სასამართლო სხდომაზე ვ.ხ.-ი არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
პირველი ინსტანციის სასამართლოში მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საფუძვლით მიღებულ იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება ლ.მ.-ის სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო სხდომაზე ვ.ხ.-ის საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის დამადასტურებელი მტკიცებულება საქმეზე წარდგენილი არ ყოფილა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე და 233-ე მუხლებზე. მოცემულ შემთხვევაში, დადგინდა, რომ ვ.ხ.-ს რუსთავის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში 2014 წლის 12 მარტს 14:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით. ვ.ხ.-ი სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდა და არც გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზების შესახებ უცნობებია.
აპელანტმა გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად იმ ფაქტზე მიუთითა, რომ მისი სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობა საპატიო მიზეზით, კერძოდ, დედის ავადმყოფობით იყო გამოწვეული, თუმცა, მისივე განმარტებით, აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულება არ გააჩნდა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლით განსაზღვრული პროცესზე გამოუცხადებლობის არც ერთი საპატიო მიზეზი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.ხ.-მა.
საკასაციო საჩივრის საფუძველი:
სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინებით ძალაში დარჩა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ გამოტანილი დაუსწრებელი გადაწყვეტილება და დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების შესახებ ამავე სასამართლოს განჩინება მხოლოდ იმ მოტივით, რომ კასატორი რუსთავის საქალაქო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა და თავისი აზრის გამოხატვისა და ჩამოყალიბების შესაძლებლობა არ მიეცა.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ვ.ხ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
კასატორის მოსაზრებით, სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მისი გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა, ვინაიდან მას არ მიეცა შესაძლებლობა, თავისი მოსაზრებები წარედგინა სასამართლოსათვის.
საკასაციო სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 241-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლებს. აღნიშნული მუხლის თანახმად, დაუსწრებელი გადაწყვეტილება უნდა გაუქმდეს და საქმის განხილვა განახლდეს, თუ არსებობს ამ კოდექსის 233-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, ან თუ მხარის გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო საპატიო მიზეზით, რომლის შესახებაც მას არ შეეძლო თავის დროზე ეცნობებინა სასამართლოსათვის.
ამდენად, გამოუცხადებელ მხარეს, რომლის წინააღმდეგაც გამოტანილია დაუსწრებელი გადაწყვეტილება, შეუძლია გააქარწყლოს ვარაუდი, რომელიც საფუძვლად უდევს ამ გადაწყვეტილებას, მოითხოვოს მისი გაუქმება და საქმის განახლება, თუ დაამტკიცებს, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის წინაპირობები.
მოცემულ შემთხვევაში, კასატორი სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ იგი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე. საკასაციო საჩივარი, სააპელაციო საჩივრისაგან განსხვავებით, აღარ შეიცავს მითითებას იმ გარემოებაზე, რომ კასატორი საპატიო მიზეზით ვერ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე (თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ საპატიო მიზეზის (დედის ავადმყოფობის) არსებობის ფაქტი მოპასუხემ ვერ დაამტკიცა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული წესით).
კასატორი დაუსწრებელი გადაწყვეტილების გაუქმების საფუძვლად მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო სხდომაზე მხოლოდ მისი გამოუცხადებლობის გამო სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება არ უნდა გამოეტანა.
საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი ითვალისწინებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას სწორედ მოპასუხის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში. ამ დროს დამტკიცებულად ითვლება სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და თუ ისინი იურიდიულად ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას, მაშინ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დროს სასამართლო არ იკვლევს და არ აფასებს საქმეში არსებულ მასალებს, მათ შორის, არც მოპასუხის შესაგებელს. მოპასუხის გამოუცხადებლობა ქმნის პრეზუმფციას, რომ იგი სადავოდ არ ხდის (არ ედავება) სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს. სწორედ ეს ვარაუდი განაპირობებს იმას, რომ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამასთან, მოპასუხის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა ასევე ის, რომ დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულედ უნდა მივიჩნიოთ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები იმის შესახებ, რომ მოსარჩელე და მოპასუხე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 1987 წლიდან. ერთად ცხოვრების პერიოდში, კერძოდ, 2007 წელს, მათ შეიძინეს უძრავი ქონება, მდებარე ქ.გარდაბანი, ს.-ის ქ. N..., რომელიც საჯარო რეესტრში აღირიცხა მოპასუხის სახელზე.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე და 1164-ე მუხლების მიხედვით, იურიდიულად ამართლებენ მოსარჩელის მოთხოვნას - ქორწინების განმავლობაში შეძენილი ქონების ½-ის მესაკუთრედ მიჩნევის თაობაზე.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვ.ხ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან, კასატორი საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ვ.ხ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე