Facebook Twitter

№ას-1042-999-2014 25 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ.შ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა ან საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ლ.კ.-ემ მოპასუხე ნ.შ.-ის მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 12500 აშშ დოლარის დაკისრება;

2. დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების სარეალიზაციოდ მიქცევა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 10 აპრილის გადაწყვეტილებით:

1. ლ.კ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა;

2. მოპასუხე ნ.შ.-ეს ლ.კ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 12500 აშშ დოლარის ანაზღაურება;

3. დადგინდა, რომ აუქციონის წესით რეალიზებულ იქნას სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული, ქ.ბათუმში, ა.შ. NN..- ში მდებარე ქონება.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ივლისის განჩინებით:

1. ნ.შ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ. შ.-ეს 2013 წლის ივლისამდე სახელად ერქვა ,,ი ”.

დ.ბ.-ე არის ნ.შ.-ის ყოფილი მეუღლე. ისინი 2011 წლის 5 ნოემბერს განქორწინდნენ.

ქ.ბათუმში, ა.შ. N..- მდებარე უძრავი ქონების 2/3 ნაწილი რეგისტრირებულია ნ.შ.-ის საკუთრებად.

2013 წლის 13 მარტის მდგომარეობით ქონებაზე რეგისტრირებულია ორი იპოთეკა.

მეორე იპოთეკარს წარმოადგენს ლ.კ.-ე.

იპოთეკის ხელშეკრულებით უზრუნველყოფილია ლ.კ.-ესა და ი. შ.-ს შორის 2013 წლის 6 მარტს დადებული სესხის ხელშეკრულება.

ლ.კ.-ემ სარჩელი აღძრა ნ.შ.-ის წინააღმდეგ და სარჩელით მოითხოვა მასზე გადაცემული 12500 აშშ დოლარის დაბრუნება, აგრეთვე, დაკისრებული თანხის ამოღების მიზნით იპოთეკით დატვირთული ქონების აუქციონის წესით რეალიზება.

მხარეებისათვის სადაო ფაქტობრივი გარემოებაა სესხის არსებობის საკითხი.

მოპასუხის განმარტებით, ლ.კ.-ემ 12500 აშშ დოლარი სესხად გადასცა მის ყოფილ მეუღლეს, დ.ბ.-ეს და მის მევალეებს ბ. ბ.-ს და ლ. ბ.-ს. ამ არგუმენტზე მითითებით მოპასუხე ამტკიცებდა, რომ მათ შორის სესხის ხელშეკრულება არ შემდგარა და ამიტომაც მას მოსარჩელესათვის თანხის დაბრუნების ვალდებულება არ ჰქონდა.

მოპასუხის ამ არგუმენტებს კატეგორიულად არ დაეთანხმა მოსარჩელის წარმომადგენელი, რომელმაც განმატა, რომ ლ.კ.-ემ 12500 აშშ დოლარი ნ.შ.-ეს გადასცა და თანხის დაბრუნების ვალდებულებაც მას ეკისრებოდა.

მოწმეთა ჩვენებისა და პოლიციის მასალების ერთობლივი ანალიზით სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ნ.შ.-ის მეუღლეს, დ.ბ.-ეს, დაახლოებით 2008 წელში ჰქონდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ უ.-ში მცხოვრები გ. ს.-ძ-ის ვალი, 11000 აშშ დოლარის ოდენობით. ვალის სანაცვლოდ მას ქონება იპოთეკით ჰქონდა დატვირთული. დ.ბ.-ემ ვერ მოახერხა თანხის გადახდა, რის გამოც არსებობდა ქონების იძულებით რეალიზაციის საფრთხე. ნ.შ.-ისათვის პრობლემების მოგვარებაში დახმარებას ცდილობდა მისი მამიდაშვილი, რ. გ.-ძე. ის ნ.შ.-ეს დაეხმარა და 11000 აშშ დოლარი რამოდენიმე დღით ასესხებინა მისი დეიდისგან, ლ.ფ.-ძისა და მისი მეუღლის მ. ბ.-სგან. დ.ბ.-ე და ნ.შ.-ე ცდილობდნენ თანხის გამონახვას და ვალის გადახდას, მაგრამ მათ თანხა ვერ ნახეს. ყადაღის გამო ქონება იპოთეკით ვერ დატვირთეს. დ.ბ.-ეს სხვა პრობლემებიც ჰქონდა, რის გამოც მან თავი აარიდა ქონების მის სახელზე არსებობას და ნ.შ.-ეს გადაუფორმა. შემდგომში დ.ბ.-ე სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში იქნა მიცემული, მან სასჯელი მოიხადა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, ნ.შ.-ემ კი ვალი ვერ გადაიხადა. მ. ბ.-ძე ვალის გამო აწუხებდა, როგორც ნ.შ.-ეს, ასევე რ. გ.-საც. რ. გ.-ძე ნ.შ.-ეს შეუთანხმდა იმასთან დაკავშირებით, რომ ის უნახავდა ფულის პროცენტით გამსესხებელს და სანაცვლოდ გამსესხებელს ქონებას იპოთეკით დაუტვირთავდა, აღებული თანხით კი, მ. ბ.-სა და ლ. ფ.-ის ვალს გადაიხდიდა. ნ.შ.-ემ თანხმობა განაცხადა ამ ფორმით ვალის გადახდაზე. რ.გ.-ემ და მ.ბ.-ემ ერთად ნახეს ლ.კ.-ე, რომელსაც თანხა ჰქონდა და უნდოდა სარგებელით გასესხება, შეახვედრეს ნ.შ.-ე, რის შემდეგაც მათ შეათანხმეს პირობები და დადეს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება. გარიგების თაობაზე ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ ლ.კ.-ემ თანხა ნ.შ.-ეს გადასცა, რომელმაც, თავის მხრივ, ლ.ფ.-ეს ის თანხა გადაუხადა, რაც მისი მეუღლის, დ.ბ.-ისათვის ჰქონდა ნასესხები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მოპასუხისათვის თანხის სესხად გადაცემის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს უნდა დაკისრებოდა, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ სესხად 12500 აშშ დოლარი გადასცა მოპასუხეს და არა სხვა პირს, თუნდაც მოპასუხის მეუღლეს ან მეუღლის მევალეებს. ამ ფაქტობრივი გარემოების დამტკიცება მოსარჩელის ინტერესში შედიოდა და მისი დამტკიცება მხოლოდ მოსარჩელისთვის იყო ობიექტურად შესაძლებელი. სესხის გადაცემის მტკიცებულება მოსარჩელეს უნდა შეექმნა (ხელწერილი, ხელშეკრულება, საბანკო გადარიცხვის დოკუმენტი ან სხვა საბუთი), ამიტომ ამ ფაქტის დამტკიცება მოსარჩელეს ევალებოდა. თავის მხრივ, ნ.შ.-ეს უნდა წარედგინა მტკიცებულებები და გაებათილებინა მოსარჩელის მიერ თანხის სესხად გაცემის არგუმენტები.

მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი პროცესუალური ვალდებულების შესრულების მიზნით ზეპირად განმარტა, რომ თანხა ლ.კ.-ის საკუთრებას წარმოადგენდა, მან მოწმეთა თანდასწრებით ნ.შ.-ეს გადასცა 12500 აშშ დოლარი, გააფორმეს ხელშეკრულება და ამ ხელშეკრულების საფუძველზე სესხი უზრუნველყოფილ იქნა ნ.შ.-ის კუთვნილი უძრავი ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაციით. მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი ზეპირი განმარტების დასაბუთების მიზნით წარადგინა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, სადაც მითითებულია, რომ ლ.კ.-ემ 12500 აშშ დოლარი 6 თვის ვადით სესხად გადასცა ი.შ.-ეს, ასევე წარადგინა საჯარო რეესტრის ამონაწერი, რომლის თანახმად, ქ.ბათუმში, ა.შ.-ს შესახვევის №..-ში მდებარე ნ.შ.-ის უძრავი ქონება იპოთეკით არის დატვირთული ლ.კ.-ის სასარგებლოდ.

მოპასუხე მოსარჩელის არგუმენტებს არ დაეთანხმა და განმარტა, რომ მოსარჩელემ ის მოატყუა, დაპირდა, რომ სესხს მას პირადად გადასცემდა, ამის გამო ლ.კ.-ესთან გააფორმა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, მაგრამ ლ.კ.-ემ თანხა მას არ გადასცა, თანხა ლ.კ.-ემ გადასცა მისი მეუღლის მევალეებს – მ.ბ.-ესა და ლ. ბ.-ს.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად განმარტა, რომ თუ მოპასუხე მოსარჩელის არგუმენტებს არ ეთანხმებოდა და ამტკიცებდა, რომ სესხი მისმა მეუღლემ, დ.ბ.-ემ ან სხვა პირმა მიიღო, მაშინ თვითონ უნდა წარედგინა მტკიცებულება, რომლითაც მოსარჩელის არგუმენტებს გააბათილებდა და დაამტკიცებდა, რომ 12500 აშშ დოლარი მას არ მიუღია. მოპასუხეს ზეპირი განმარტება უნდა გაემყარებინა კონკრეტული მტკიცებულებებით და დაემტკიცებინა თავისი არგუმენტების ჭეშმარიტება. მან თავისი ზეპირი განმარტების დამტკიცება გადაწყვეტა პოლიციის ორგანოში დაცული მასალებით და მოწმეთა ჩვენებით. სასამართლომ მოპასუხეს სწორად შეუწყო ხელი შეჯიბრებითობის პრინციპით მტკიცებულებების მოპოვებაში და პოლიციიდან გამოითხოვა მის მიერ დასახელებული მტკიცებულებები.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოთხოვილი მასალები სხვადასხვა ინფორმაციული ხასიათის მტკიცებულებების გარდა (სახელის შეცვლის მოწმობა, განქორწინების მოწმობა და ა.შ.) შეიცავდა ბ. ბ.-ს გამოკითხვის ოქმს, რ.გ.-ის გამოკითხვის ოქმს, ი.შ.-ის გამოკითხვის ოქმს, მ.ბ.-გამოკითხვის ოქმს, ლ.ფ.-ის გამოკითხვის ოქმს, მ.ბ.-ესა და ჩ.დ.-ეს შორის გაფორმებულ სესხის ხელშეკრულებას, ი.შ.-ის 2011 წლის 21 თებერვლის ხელწერილს, ლ.კ.-ის გამოკითხვის ოქმს და სხვა მასალებს. ამ მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ 12500 აშშ დოლარი ისესხა დ.ბ.-ემ. ნ.შ.-ემ თავისი არგუმენტების დადასტურების მიზნით ასევე წარადგინა მოწმე ბ.ბ.-ე და რ.გ.-ე. რ.გ.-ის განმარტებით, ნ.შ.-ის მამიდაშვილია;, ის კონკრეტულად მონაწილეობდა ლ.კ.-ესა და ნ.შ.-ეს შორის არსებულ სესხის ურთიერთობაში; 2008 წელში ნ.შ.-ის მეუღლეს ჰქონდა ვალი, რის გამოც საცხოვრებელ სახლს უყიდდნენ; მას ნ.შ.-ემ სთხოვა დახმარებოდა და ეშოვა ფული, რითაც მევალეებს ვალს გადაუხდიდა, სახლს იპოთეკიდან დაიხსნიდა და მიღებულ თანხას მეპატრონეს დაუბრუნებდა; მან ნ.შ.-ე დააკავშირა მის დეიდას, ლ.ფ.-ეს და მის მეუღლეს მ.ბ.-ეს, რომლებმაც რმოდენიმე დღით სესხად გადასცეს 11000 აშშ დოლარი, მაგრამ მათ, ნ.შ.-ემ დასახელებული თანხა, დროულად ვერ დაუბრუნა; ლ.ფ.-ეს და მ.ბ.-ეს ფული სჭირდებოდათ, რის გამოც აწუხებდნენ მასაც და ნ.შ.-ესაც; მიუხედავად ამისა, ნ.შ.-ემ ამ ფულის გადახდა ვერ მოახერხა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ მან ბ.ბ.-ესთან ერთად ნახა ლ.კ.-ე, რომელსაც ფული ჰქონდა და უნდოდა მისი სარგებელით გასესხება, შეათანხმეს ნ.შ.-ეს სესხის საკითხი, შეახვედრეს ისინი ერთმანეთს და მაკლერის ოფისში ლ.კ.-ემ ნ.შ.-ეს გადასცა 12500 აშშ დოლარი. მან ასევე განმარტა, რომ ვინაიდან ქონებები გაფორმებული იყო ნ.შ.-ის სახელზე, ამ გარიგებებში მისი მეუღლე დ.ბ.-ე აღარ მონაწილეობდა. სესხზე ლ.კ.-ეს ნ.შ.-ე მოელაპარაკა.

ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს ბ.ბ.-ემ. ის მ.ბ.-ისა და ლ.ფ.-ის შვილია. მან განმარტა, რომ პირადად ესწრებოდა ლ.კ.-ესა და ნ.შ.-ის მოლაპარაკებას სესხზე. ისინი შეთანხმდენ სესხის დეტალებზე, რის შემდეგაც ლ.კ.-ემ იკითხა ფული ვის გადავცეო. ნ.შ.-ემ ლ.კ.-ეს უთხრა ფული ბ.-ეებს მიეციო.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ზემოაღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდებოდა, რომ 12500 აშშ დოლარი დ.ბ.-ემ ისესხა, არამედ წარდგენილი მტკიცებულებებით უდავოდ დასტურდებოდა მოსარჩელის მიერ მოპასუხისათვის 12500 აშშ დოლარის სესხად გადაცემა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 327-ე მუხლის პირველი ნაწილით, 623-ე მუხლით.

სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ სესხის ხელშეკრულების დადებისა და ფულის გადაცემის შემდეგ შეიძინა მოთხოვნის უფლება, კერძოდ, მოპასუხისგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს შეეძლო შეთანხმებულ ვადაში მოეთხოვა სესხის დაბრუნება. თავის მხრივ, მოპასუხე ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა, როგორც ამას სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი მოითხოვდა, ანუ თანხა ხელშეკრულებაში მითითებული ოდენობით და დათქმულ დროში დაებრუნებინა. მოპასუხემ ვალდებულება დაარღვია და მოსარჩელეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა დათქმულ ვადაში არ დაუბრუნა. ხელშეკრულების მიხედვით, მოპასუხეს ნასესხები თანხა 2013 წლის 6 მაისიდან 6 თვის ვადის გასვლის შემდეგ უნდა დაებრუნებინა.

სააპელაციო სასამართლომ ასევე გაიზიარა საქალაქო სასამართლოს მსჯელობა იმის შესახებ, რომ მოპასუხემ ზემოაღნიშნული ვადის დადგომის შემდეგ ხელშეკრულების პირობა დაარღვია და თანხა გამსესხებელს არ დაუბრუნა, რითაც ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულების მოვალეობა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი დაარღვია. სასამართლოს მითითებით, მოპასუხეს საქმის განხილვის მომენტისათვის შესასრულებელი ჰქონდა ნაკისრი ვალდებულება, მას მოსარჩელისათვის გადასახდელი ჰქონდა სესხად მიღებული 12500 აშშ დოლარი. მართალია, იგი მოსარჩელისგან სესხის აღების ფაქტს უარყოფდა და ამტკიცებდა, რომ ეს თანხა დ.ბ.-ესა და მის მევალეებს გადასცა, მაგრამ თავისი უარყოფის მიუხედავად, სასამართლომ მტკიცებულებების მეშვეობით სწორად დაადგინა, რომ სესხი თავად ნ.შ.-ემ მიიღო. თავად საკითხს, თუ ვისთვის (მეუღლისათვის, მეუღლის მევალეებისათვის, მეზობლისათვის და ა.შ.) ან რისთვის აიღო სესხი (ნივთის შესაძენად, სამკურნალოდ, დასასვენებლად და. ა.შ.) მოპასუხემ, პრინციპული მიშვნელობა არ ჰქონდა. ამ საკითხს შესაძლებელია მნიშვნელობა ჰქონოდა მსესხებლისათვის, მაგრამ სესხის მოტივს გამსესხებლისთვის არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნდა. სესხის ბუნებიდან გამომდინარე, სესხის ხელშეკრულების დადების შემდეგ მიზანსა და მოტივს არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მსესხებელმა დათქმულ დროში უნდა დააბრუნოს იმ ოდენობის თანხა, რაც ისესხა. კონკრეტულ შემთხვევაში, ნ.შ.-ემ ლ.კ.-ეს ნასესხები თანხა არ დაუბრუნა, რითაც მისი კანონიერი ინტერესი დაარღვია.

სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).

საქმეზე დადგინდა, რომ სესხის ვალდებულების შესრულება უზრუნველყოფილი იყო იპოთეკით, კერძოდ, იპოთეკით დატვირთული იყო ნ.შ.-ის კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე – ქ.ბათუმში, ა .შ. №..-ში მდენარე უძრავი ქონება.

სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, ის ფაქტი, რომ მოპასუხემ თავისი ვალდებულება არ შეასრულა, მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდა, მოეთხოვა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია და მისი რეალიზაციით იმ სარგებლის მიღება, რაც მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების შემთხვევაში ერგებოდა. შესაბამისად, მოთხოვნა იპოთეკის საგნის რეალიზაციის თაობაზე საფუძვლიანი იყო და უნდა დაკმაყოფილებულიყო, სადავო თანხის ამოღების მიზნით უნდა განხორციელებულიყო სესხის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ნ.შ.-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ აბსოლუტურად დაუსაბუთებლად არ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარზე წარმოების შეჩერების შესახებ ნ. შ.-ძის შუამდგომლობა, ვინაიდან ადგილი ჰქონდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ვითარებას. მას ბათუმის სასამართლოში შეტანილი აქვს სარჩელი ლ.კ.-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლისა და ქონებაზე იპოთეკის მოხსნის მოთხოვნით, მისი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში სრულად გამოირიცხება ლ.კ.-ის სარჩელის საფუძვლიანობა, ხოლო თუკი ლ.კ.-ის სარჩელი მანამდე განიხილება და კასატორის ქონება სარეალიზაციოდ მიიქცევა, მაშინ დასახელებულ საქმეზე კასატორისავე სარჩელის დაკმაყოფილების პირობებში, აღსრულება ცალსახად შეუძლებელი გახდება.

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა კასატორის შუამდგომლობა სასამართლოში წარდგენილი აუდიო-დისკის ფონოსკოპიური ექსპერტიზის საქმეზე მტკიცებულების სახით დართვის თაობაზე. ხსენებული აუდიო ჩანაწერით და ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დგინდება, რომ სადავო თანხა ნ.შ.-ეს არ მიუღია. ჩანაწერი შეეხება საუბარს თანხის მიღების თაობაზე მოსარჩელეს, მოპასუხესა და მოწმეებს შორის.

სასამართლომ არასწორად გამოიყენა და განმარტა სამოქალაქო კოდექსის 623-ე და 361.2 მუხლები და არ გაითვალისწინა ის, რომ გამსესხებელმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და მსესხებელს საკუთრებაში სესხის თანხა არ გადასცა. აქედან გამომდინარე, არასწორია სამოქალაქო კოდექსის 286-ე და 301-ე მუხლების გამოყენებაც. მოცემულ შემთხვევაში გამოყენებულ უნდა იქნეს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, ვინაიდან ლ.კ.-ემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა.

განსახილველ საკასაციო საჩივართან ერთად კასატორმა საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოადგინა მტკიცებულებები: შუამდგომლობა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ნ.შ.-ის კერძო საჩივრის ასლი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინება; ექსპერტიზის დასკვნა; ნ.შ.-ის განცხადება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 339-366; 378-378) და იშუამდგომლა საქმეზე მათი დართვის თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ნ.შ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორის მოსაზრებით, მას მოსარჩელისგან 12500 აშშ დოლარი არ უსესხებია და, შესაბამისად, ამ თანხის დაბრუნების ვალდებულებაც არ გააჩნია.

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს 06.03.2013 წლის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაზე, რომლითაც დასტურდება, რომ ნ.შ.-ემ ლ.კ.-ისგან ისესხა 12500 აშშ დოლარი. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ვერ აქარწყლებს მოპასუხის მიერ მითითებული მტკიცებულებები. საკასაციო სასამართლო იზიარებს მითითებული მტკიცებულებების შეფასების შედეგად სააპელაციო სასამართლოს მიერ გაკეთებულ დასკვნებს და მიიჩნევს, რომ კასატორს არა აქვს წარმოდგენილი დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). რაც შეეხება აუდიოჩანაწერის მიღებაზე უარის თქმის განჩინების კანონიერებას, კასატორს ამ განჩინების კანონიერების საკითხი სააპელაციო საჩივრით სადავოდ არ გაუხდია. კასატორი საკასაციო საჩივარშიც არ უთითებს, თუ კონკრეტულად რაში მდგომარეობს ზემოხსენებული განჩინების უკანონობა.

დაუსაბუთებელია კასატორის პრეტენზია იმის შესახებ, რომ სააპელაციო სასამართლომ მას არასწორად უთხრა უარი საქმის წარმოების შეჩერებაზე. უპირველესად, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი არ ყოფილა სარჩელის წარმოებში მიღების დამადასტურებელი მტკიცებულება. გარდა ამისა, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არ არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 279-ე მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საქმის წარმოების შეჩერების საფუძველი, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, განსახილველ საქმეთა შორის არ დგინდება ისეთი აუცილებელი კავშირი, რაც შეჩერების ღონისძიების გამოუყენებლობის პირობებში ობიექტურად შეუძლებელს გახდის სასამართლოს წარმოებაში არსებული საქმის განხილვას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ნ.შ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%, რაც იმას ნიშნავს, რომ კასატორის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 30% რჩება სახელმწიფო ბიუჯეტში. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით ირკვევა, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კასატორს დავალებული ჰქონდა სახელმწიფო ბაჟის გადახდა 625 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის ოდენობით. კასატორმა გადაიხადა 600 ლარი და მოითხოვა სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილის გადახდის გადავადება. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 21 ნოემბრის განჩინებით კასატორს გადაუვადდა საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ნ.შ.-ის საკასაციო საჩივარზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის 30% შეადგენს 187.50 აშშ დოლარს, რაც 425.62 ლარის ეკვივალენტია. ამდენად, კასატორის მიერ გადახდილი 600 ლარიდან სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად უნდა ჩაითვალოს 425.62 ლარი (მთლიანობაში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის – 625 აშშ დოლარის 30%), ხოლო დარჩენილი თანხა – 174.37 ლარი მას უკან უნდა დაუბრუნდეს.

რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას მის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმეზე დართვის თაობაზე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407.1 და 104.1 მუხლების საფუძველზე, ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ნ.შ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ ნ.შ.-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე ზურაბ ცეცხლაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (600 ლარი, საგადახდო დავალება №...., ბანკში შემოსვლის თარიღი – 2014 წლის 10 ნოემბერი, გატარებულია – 2014 წლის 10 ნოემბერი) ნაწილი – 174.37 ლარი;

3. კასატორ ნ.შ.-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები: შუამდგომლობა; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივნისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის შესახებ; ნ.შ.-ის კერძო საჩივრის ასლი; ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს განჩინება; ექსპერტიზის დასკვნა; ნ.შ.-ის განცხადება; ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება სარჩელის წარმოებაში მირებაზე უარის თქმის შესახებ (ს.ფ. 339-366; 378-378).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე