Facebook Twitter
№ას-104-99-2013 11 თებერვალი, 2013 წელი

№ას-1044-1001-2014 22 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – თ.ნ.-ე

მოწინააღმდეგე მხარე – ააიპ ბ.გ.-ა

მესამე პირი – ლ.ლ.-ი

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ილისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა თ.ნ.-ემ მოპასუხე ააიპ ბ.გ.-ის მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა ბრძანების ბათილად ცნობა და სამუშაოზე აღდგენა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 25 აპრილის გადაწყვეტილებით თ.ნ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 ივლისის განჩინებით:

1. თ.ნ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

თ.ნ.-ე წლების განმავლობაში მუშაობდა საბავშვო ბაღში აღმზრდელის თანამდებობაზე და მასთან პერიოდულად ფორმდებოდა მოკლე ვადით შრომითი ხელშეკრულებები.

არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2013 წლის 2 სექტემბრის #... ბრძანებით თ.ნ.-ე დაინიშნა არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბ.გ.-ის“ #.. ბაღის აღმზრდელის თანამდებობაზე.

2013 წლის 12 ნოემბერს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბ.გ.-ის“ დირექტორმა მიიღო #... ბრძანება თ.ნ.-ის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ.

ზემოხსენებულ ბრძანებას საფუძვლად დაედო ქ.ბათუმის საკრებულოში, ქ.ბათუმის მერიაში და „ბ.გ.‘’-ში შესული #.. ბაღის აღსაზრდელთა მშობლების განცხადებები და აღნიშნული განცხადებების საფუძველზე მოკვლევის მასალები, მათ შორის, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის – „ბ.გ.-ის“ 2012 წლის 8 ნოემრის ოქმები და #... საბავშვო ბაღის თანამშრომლების კრების ოქმი.

როგორც სადავო 2013 წლის 12 ნოემბრის ბრძანებაშია მითითებული, 2013 წლის 25 ოქტომბერს #... საბავშვო ბაღში დაფიქსირდა აღმზრდელის, თ.ნ.-ის მიერ აღსაზრდელ რ. ბ.-ის მიმართ ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი, რის გამოც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის, „სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულების აღსაზრდელის პროფესიული ეთიკის კოდექსის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქის – ბათუმის საკრებულოს 2012 წლის 17 თებერვლის #39 განკარგულების მე-3 თავის, „არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ბ.გ.-ის“ შინაგანაწესის დამტკიცების შესახებ ა(ი)იპ ბ.გ.-ის დირექტორის 2011 წლის 14 მარტის #7 ბრძანების მე-15 მუხლის შესაბამისად მიღებულ იქნა ბრძანება და თ.ნ.-ე შრომის შინაგანაწესისა და აღმზრდელის ეთიკი კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევისათვის გათავისუფლდა #12 საბავშვო ბაღის აღმზრდელის თანამდებობიდან.

საპელაციო სასამართლომ, საქმეზე წარდგენილი წერილობითი მტკიცებულებების და მოწმეთა ჩვენებების საფუძველზე დადგენილად მიიჩნია, რომ თ.ნ.-ის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი ა(ი)იპ ბ.გ.-ის შინაგანაწესით და აღმზრდელის ეთიკის კოდექსით დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას, აღნიშნული გარემოება კი შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ ქვეპუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენდა

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტით, 30-ე მუხლით, შრომის კოდექსის 1.1 , 2.1 მუხლებით, ამავე კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტითა და 38-ე მუხლით.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა თ.ნ.-ემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, თ.ნ.-ის თანამდებობიდან განთავისუფლების ბრძანებას მოტივად დაედო #... საბავშვო ბაღის თანამშრომელთა 2013 წლის 8 ნოემბრის კრება, რომელიც არ ჩატარებულა, აგრეთვე, აღსაზრდელების მშობლების განცხადებები და მათ საფუძველზე მოკვლეული მასალები;

სასამართლომ არ გამოიკვლია, თუკი ცემის ფაქტს ადგილი ჰქონდა, რატომ არ მიმართეს ექსპერტს რ.ბ.-ის მშობლებმა;

სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა აპელანტ თ.ნ.-ის შუამდგომლობა, კერძოდ, საქმეს არ დაურთო დისკი და ჩიპი, რომელშიც ჩაწერილია ბაღების გაერთიანების დირექტორის მოადგილეს, დ.მ.-ესა და თ.ნ.-ეს შორის საუბარი, სადაც დ.მ.-ძე აღიარებს, რომ ბაღის დირექტორი სახლებში აკითხავდა აღსაზრდელების მშობლებს და ავალდებულებდა მათაც და ბაღის თანამშრომლებსაც, დაეწერათ თ.ნ.-ის წინააღმდეგ განცხადება;

სასამართლომ არ დააკმაყოფილა შუამდგომლობა და საქმეს არ დაურთო საბავშვო ბაღში ყოველდღიურად მიმდინარე ქურდობის ფაქტის ამსახველი ჩიპი, რომელშიც ჩართული იყო საბავშვო ბაღის დირექტორი, მისი ნათესავები და ბაღის ზოგიერთი თანამშრომელი;

სასამართლომ არ შეაფასა საქმის მასალები, კერძოდ, ის გარემოება, რომ საბავშვო ბაღის ერთ-ერთი აღსაზრდელი ლ.ფ.-ე წერილობით გამოთქვამს კმაყოფილებას თ.ნ.-ის მიმართ და ამავდროულად, თ.ნ.-ის წინააღმდეგ განცხადებაზე ხელს აწერს.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 20 ოქტომბრის განჩინებით თ.ნ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

კასატორმა თ.ნ.-ემ საკასაციო სასამართლოში წარმოადგინა განცხადება, რომელსაც დაურთო ახალი მტკიცებულებები.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ.ნ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას თ.ნ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რევაზ ცინცქილაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.

რაც შეეხება კასატორის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილ მტკიცებულებებს, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმა ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მისი შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება, შესაბამისად, ახალი მტკიცებულება ვერც სასამართლოს მიერ იქნება გაზიარებული, მიუხედავად იმისა, მხარეს ობიექტურად ჰქონდა თუ არა შესაძლებლობა სასამართლოსათვის მანამდე წარმოედგინა ისინი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები (ტომი 2, ს.ფ. 168-205).

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. თ.ნ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ თ.ნ.-ეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე რევაზ ცინცქილაძის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N...., ბანკში შემოსვლის თარიღი – 2014 წლის 13 ოქტომბერი, გატარებულია – 2014 წლის 11 ოქტომბერი) 70% – 210 ლარი;

3. კასატორ თ.ნ.-ეს დაუბრუნდეს მის მიერ საქართველოს უზენაეს სასამართლოში წარმოდგენილი შემდეგი მტკიცებულებები:

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის #08 აქტი;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ მონიტორინგის მუდმივმოქმედი კომისიის 2014 წლის 15 სექტემბრის #09 აქტი;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დისციპლინარული წარმოების კომისიის 2014 წლის 19 სექტემბრის #1 დასკვნა;

ექიმ ლ.მ.-ს 2014 წლის 18 სექტემბრის მოხსენებითი ბარათი;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #94 ბრძანება #12 საბავშვო ბაღის გამგესთან, ლ.ლ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #95 ბრძანება #12 საბავშვო ბაღის მნესთან, ე. ჩ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #96 ბრძანება #12 საბავშვო ბაღის მედდასთან, ნ. მ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #97 ბრძანება #12 საბავშვო ბაღის მზარეულთან, ე. დ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #98 ბრძანება #12 საბავშვო ბაღის მზარეულის თანაშემწესთან, მ. წ.-სთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #99 ბრძანება;

ზ.ქ.-სა და დ.მ.-ის მოხსენებითი ბარათი;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 22 სექტემბრის #41 ბრძანება;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ მონიტორინგის სპეციალური კომისიის 22 ოქტომბრის #17 აქტი;

ზ.ქ.-ს მოხსენებითი ბარათი;

ა(ა)იპ „ბ.გ.-ის“ დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის 2014 წლის 23 ოქტომბრის #121 ბრძანება;

ა(ა)იპ ქ.ბათუმის #... საბავშვო ბაღის თანამშრომელთა საერთო კრების ოქმი (ტომი 2, ს.ფ. 168-205).

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე