Facebook Twitter

№ას-1059-1014-2014 22 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ჯ.ჩ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – ლ.კ.-ე; შ.კ.-ე;

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – გარიგების ბათილად ცნობა, უსაფუძვლო გამდიდრების შედეგად თანხის გადახდევინება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა ჯ.ჩ.-მა მოპასუხეების – ლ.კ.-სა და შ.კ.-ს მიმართ. მოსარჩელემ მოითხოვა:

1. ლ.კ.-სა და შ.კ.-ს შორის 2013 წლის 10 სექტემბერს დადებული ნასყიდობის ხელშეკრულების ბათილად ცნობა;

2. ლ.კ.-სათვის მის სასარგებლოდ 70.217 აშშ დოლარის ეკვივალენტი 117.264 ლარის დაკისრება.

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 აპრილის გადაწყვეტილებით ჯ.ჩ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 4 ივლისის განჩინებით:

1. ჯ.ჩ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

ქ.ქუთაისში, ნ.-ის ქუჩის №... /ნ.-ის ქუჩის №..-ში მდებარე უძრავი ნივთი (546კვ.მ მიწის ნაკვეთზე განთავსებული სახლის გამოყოფილი ნაწილი, საერთო ფართით 288.4კვ.მ, საკადასტრო კოდით №...) 2009 წლის 19 ივნისს საჯარო რეესტრში დარეგისტრირდა ლ.კ.-ს საკუთრებად, 2009 წლის 15 ივნისს ნოტარიუს დ.ხ.-ის მიერ გაცემული №... სამკვიდრო მოწმობის საფუძველზე.

2013 წლის 10 სექტემბრის ნასყიდობის ხელშეკრულებით და საჯარო რეესტრიდან ამონაწერით დადასტურდა, რომ ზემომითითებული ქონების ნაწილი (ანუ 288.4კვ.-დან 144.24კვ.მ ფართი) ლ.კ.-მ გაასხვისა შ.კ.-ზე.

შპს „აუდიტ-სერვის-ცენტრის“ 2013 წლის 28 ნოემბრის №... აუდიტორული დასკვნით დამტკიცდა, რომ ლე. და შ. კ.-ების საცხოვრებელი სახლის (მდებარე ქ.ქუთაისში, ნ.-ის ქუჩა N../ნ.-ის ქუჩა N..-ში, პირველი და მე-2 სართულების საერთო ფართი – 288.4კვ.მ, სარდაფი – 102.48კვ.მ, მთლიანად – 390.88კვ.მ) ღირებულებაა 117264 ლარი (70217 აშშ დოლარი).

საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებაში – ხელწერილში აღნიშნულია, რომ ბ. კ.-ა თანახმაა ჯ.ჩ.-ს აუშენოს სახლი, რომელიც, გარკვეული წესით უნდა გაიყოს მათ შორის; ჯ.ჩ.-მა პირველი სართული უნდა შელესოს, დააგოს იატაკი და ჩასვას კარ-ფანჯრები, უმინოდ და უბრალო საკეტებით. ეზო ჟდანოვის ქუჩიდან 1/3 არის ბ. კ.-სი, 2/3 – ჯ.ჩ.-ის. ხელწერილს ხელს აწერენ გაურკვეველი პირები. აპელანტი (მოსარჩელე) მიიჩნევდა, რომ ამ დოკუმენტით მხარეები შეთანხმდნენ სახლის აშენებასა და მის გაყოფაზე.

სააპელაციო სასამართლომ უარყო დასახელებული მტკიცებულება, რაც შემდეგნაირად დაასაბუთა:

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლიდან გამომდინარე, კანონით ხელშეკრულების არსებით პირობებადაა მიჩნეული ვალდებულების დროის და ადგილის განსაზღვრა, სასყიდლიანი ხელშეკრულების შემთხვევაში – აგრეთვე ფასზე შეთანხმება. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ხელწერილი არ შეიცავდა ასეთ არსებით პირობებზე შეთანხმებას, რის გამოც იგი ვერ მიიჩნეოდა მხარეთა შორის რაიმე სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებობის დამადასტურებლად.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ საქმეზე წარდგენილი არ იყო (და როგორც აპელანტის ახსნა-განმარტებით ირკვეოდა – არ არსებობდა) სადავო სახლის სამშენებლო დოკუმენტაცია (სამშენებლო პროექტი, მშენებლობის ნებართვა და სხვ.), რომელიც სათანადო მტკიცებულებას წარმოადგენდა მშენებლობასთან დაკავშირებული ფაქტობრივი გარემოებების (მათ შორის – მშენებლობის განმახორციელებლი პირის) დასადგენად. შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებებით ამ გარემოების დამტკიცება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დაუშვებელი იყო.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად უარყო სასაქონლო ჩეკები (გასავლის ზედდებული), რადგან მხოლოდ მითითებული დოკუმენტებით ვერ მტკიცდებოდა სადავო სახლის ამშენებელი პირის ვინაობა, აგრეთვე – ის გარემოება, რომ ჩეკებში ასახული მასალები სწორედ სადავო სახლის მშენებლობაზე გაიხარჯა.

სააპელაციო სასამართლომ, საქმის განხილვისას იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 987-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები ვერ ადასტურებდა კონდიქციური ვალდებულების წარმოშობის გარემოებას, რადგან ისინი არადამაჯერებელი (შპს „აუდიტ-სერვის ცენტრის“ აუდიტორული დასკვნა), გაურკვეველი (სასაქონლო ჩეკები) და არასათანადო (მოწმეთა ჩვენებები და ხელწერილი, რომლებიც 102-ე მუხლის მე-3 ნაწილის მოთხოვნიდან გამომდინარე, უძრავი ნივთის სამართლებრივი მდგომარეობის განსაზღვრისათვის ვერ იქნება გამოყენებული) მტკიცებულებებს განეკუთვნებოდნენ.

სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 311-ე მუხლის პირველი ნაწილი, ამავე კოდექსის 312-ე მუხლის პირველი ნაწილი და 185-ე მუხლი იცავს კეთილსინდისიერ შემძენს, რომლის არაკეთილსინდისიერების მტკიცების, აგრეთვე – გარიგების მოჩვენებითი ხასიათის მტკიცების ტვირთი არის იმ პირზე, რომელიც სადავოდ ხდის ამ გარიგებას, ანუ – მოსარჩელეზე. სამოქალაქო კოდექსის 56-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც დადებულია მხოლოდ მოსაჩვენებლად, იმ განზრახვის გარეშე, რომ მას შესაბამისი იურიდიული შედეგი მოჰყვეს (მოჩვენებითი გარიგება). ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ მოსაჩვენებლად დადებული გარიგებით მხარეებს სურთ სხვა გარიგების დაფარვა, მაშინ გამოიყენება დაფარული გარიგების მიმართ მოქმედი წესები (თვალთმაქცური გარიგება).

გარდა ამისა, სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ სარჩელის წარდგენა ავტომატურ რეჟიმში არ ნიშნავს დარღვეული უფლების არსებობას. მოსარჩელეს უნდა დაემტკიცებინა, რომ ლ.კ.-მ და შ.კ.-მ მოჩვენებითი ხასიათის გარიგება დადეს ან ამ გარიგებით სხვა რომელიმე გარიგება დაიფარა. საქმეზე არ არსებობდა ისეთი მტკიცებულება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად, თუნდაც ვარაუდის დონეზე მიუთითებდა, რომ შ.კ.-ს სადავო ქონება იმ პირისგან არ შეუძენია, რომელიც საჯარო რეესტრში სადავო ქონების მესაკუთრედ ნამდვილად იყო რეგისტრირებული. ჯ.ჩ.-ი სარჩელით მოითხოვდა ლ.კ.-სთვის უსაფუძვლო გამდიდრებიდან გამომდინარე თანხის დაკისრებას და არა ქონების რაღაც ნაწილის მიკუთვნებას; აპელანტს არც დაუსაბუთებია 2013 წლის 10 სექტემბრის გარიგების ბათილად ცნობისადმი თავისი იურიდიული ინტერესი. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქალაქო სასამართლომ ასევე სწორად არ დააკმაყოფილა მოთხოვნა გარიგების ბათილად ცნობის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე საკასაციო საჩივარი შეიტანა ჯ.ჩ.-მა.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ არ მიიჩნია ხელწერილი მტკიცებულებად. ხელწერილში მითითებული იყო შესასრულებელი სამუშაო და მხარე, ვისაც იგი უნდა ჩაბარებოდა, ასევე, მითითებული იყო პირობა სახლის ნაწილის ჯ.ჩ.-ისათვის გადაცემის შესახებ. სააპელაციო სასამართლომ გარიგება არ ცნო ფორმის დაუცველად დადებულად, მაგრამ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 976-ე-991-ე მუხლები. მოსარჩელე ფორმის დაუცველად დადებული გარიგების ბათილად ცნობის გამო ითხოვდა თანხას, რომელიც მან სახლის ასაშენებლად გაიღო. სახლი ჯ.ჩ.-ის ფულით აშენდა და შესაბამისად, უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების თანახმად, შ.კ.-მ სხვის ხარჯზე მიიღო სარგებელი.

სასაქონლო ჩეკებთან მიმართებითი სასამართლოს მსჯელობა არასწორია, ვინაიდან, ჩეკებით არ დასტურდება, რომ ეს მასალები ზუსტად სადავო სახლზე გაიხარჯა, იგი შეიძლებოდა დადასტურებულიყო მოწმეთა ჩვენებებით. მოწმეებმა დაადასტურეს ის ფაქტი, რომ ჯ.ჩ.-მა თავისი საკუთარი ხარჯით ააშენა საცხოვრებელი სახლი. საცხოვრებელი სახლის ნაწილი ჯ.ჩ.-ს ეკუთვნოდა, დანარჩენი კი – ბ. კ.-ას.

პირველი ინსტანციის სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლი და შედეგად, სადავო მოთხოვნას ხანდაზმულობის ვადა არასწორად მიუსადაგა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლიდან გამომდინარე, ჯ.ჩ.-ისათვის დარღვეული უფლების შესახებ ცნობილი გახდა მაშინ, როდესაც შ.კ.-მ სახლის ნაწილი გადაიფორმა. სადავო ქონებაზე ლ.კ.-ს უფლების არარსებობის თაობაზე შ.კ.-სათვის ცნობილი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, მან დაუსაბუთებლად სხვისი ქონება მიიღო, შესაბამისად, შ.კ.- არაკეთილსინდისიერი შემძენია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ჯ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კასატორის მიერ მითითებული მოწმეთა ჩვენებებით, ისევე როგორც სასაქონლო ჩეკებით უტყუარად არ დასტურდება ის გარემოება, რომ სადავო სახლი მოსარჩელემ თავისი სახსრებით ააშენა. გარდა ამისა, მოსარჩელის მოთხოვნა ხანდაზმულია, ვინაიდან მან სამოქალაქო კოდექსის 1488.1-ე მუხლით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ წარუდგინა მოთხოვნა თავისი მოვალის მემკვიდრეს. მითითებული მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ წესების დაუცველობა გამოიწვევს კრედიტორების მიერ მოთხოვნის უფლების დაკარგვას. დადგენილია, რომ ლ.კ.-მ (მოვალის მემკვიდრემ) სამკვიდრო მიიღო 2009 წლის 15 ივნისს, რაც იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისათვის. აქედან გამომდინარე, მოსარჩელეს ლ.კ.-სათვის 6 თვეში უნდა წარედგინა მოთხოვნა. დადგენილია, რომ მოსარჩელეს მოთხოვნა კანონით დადგენილ ვადაში არ წარუდგენია. კასატორი მიიჩნევს, რომ 6 თვიანი ვადის ათვლა უნდა დაიწყოს არა 2009 წელს, არამედ შ.კ.-ს მიერ ნასყიდობის ხელშეკრულების დადების მომენტიდან - 2013 წლის 10 სექტემბრიდან. ამ მოსაზრებას საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან სამოქალაქო კოდექსის 1488.1-ე მუხლი ცალსახად ადგენს, რომ მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეს, რომელმაც სამკვიდრო მიიღო. მოცემულ შემთხვევაში, სამკვიდრო ლ.კ.-მ მიიღო და, შესაბამისად, მოთხოვნაც მისთვის უნდა წარედგინა მოსარჩელეს. ვინაიდან მოსარჩელეს ამ უფლებით არ უსარგებლია, მან დაკარგა მოთხოვნის უფლება. აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ლ.კ.-ს მიმართ უსაფუძვლოა და შესაბამისად, არავითარი მნიშვნელობა არა აქვს შ.კ.-ს კეთილსინდისიერების საკითხის გარკვევას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ჯ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში ამ ნორმის გამოყენების წინაპირობა არ არსებობს, ვინაიდან კასატორი გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის საფუძველზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ჯ.ჩ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე