Facebook Twitter

№ ას-1121-1068-2014 8 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

საკასაციო საჩივრის ავტორი – მ. ვ-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ე. ჩ-ე (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება

საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე. ჩ-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. ვ-ის წინააღმდეგ და მოითხოვა მოპასუხის უკანონო მფლობელობიდან უძრავი ნივთის გამოთხოვა და მისთვის თავისუფალ მდგომარეობაში გადაცემა შემდეგი საფუძვლებით: მოსარჩელის განმარტებით, 2012 წლის 30 ივნისს აუქციონის წესით შეიძინა ქ. თბილისში, ს-ის ქუჩის №..-ში მდებარე ბინა. აღმასრულებლის მიერ გაცემული განკარგულება საჯარო რეესტრში კანონის შესაბამისად დაარეგისტრირა. ძველი მესაკუთრე მ. ვ-ე ნებაყოფლობით არ ათავისუფლებს ბინას, რითაც ირღვევა მისი კანონიერი უფლებები. ამასთან, ბინა იპოთეკითაა დატვირთული და კრედიტორების წინაშე ეკისრება ვალდებულება, რითაც ადგება ზიანი. მოსარჩელემ მიმართა შსს ორგანოებს მ. ვ-ის ოჯახთან ერთად ბინიდან გამოსახლების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ. მან გამონახა ლტოლვილი ახლობლები, რომლებიც რეალურად დასახელებულ მისამართზე არ ცხოვრობენ. მოსარჩელემ ზემოაღნიშნული გარემოებების გამო, მიმართა სასამართლოს მ. ვ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ე. ჩ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, დადგინდა მერაბ ვეხვაძის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ს-ის ქ.N..-ში (ს/კ: N....) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვა და ე. ჩ-ესათვის გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში გადაცემა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინებით მ. ვ-ის შუამდგომლობა, მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გმოტანის თაობაზე არ დაკმაყოფილდა, მ. ვ-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დანიშნული საქმის ზეპირი განხილვისას, 2014 წლის 29 სექტემბერს დანიშნულ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ე. ჩ-ე, რომელიც სასამართლო სხდომის დღის შესახებ გაფრთხილებული იყო საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, სასამართლო კი, არ იყო ინფორმირებული მისი გამოუცხადებლობის მიზეზის თაობაზე;

სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულმა აპელანტის წარმომადგენელმა ხ. ზ-ემ მოითხოვა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო და მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილება, კერძოდ, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387.2-ე, 230-ე მუხლებით და, განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (ე.ჩ-ეს) სასამართლო უწყება პირადად ჩაბარდა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით, რომელსაც სასამართლოსათვის სხდომაზე გამოუცხადებლობის მიზეზების შესახებ არ უცნობებია.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ, ე. ჩ-ის გამოუცხადებლობის გამო, მ. ვ-ის სასარგებლოდ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანისათვის საჭირო იყო კიდევ ერთი წინაპირობის არსებობა, კერძოდ, აპელანტ მ. ვ-ის მიერ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდნენ (ასაბუთებდნენ) აპელანტის მოთხოვნას, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესის დაცვის შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ საჭიროებენ მტკიცებას, ისინი მიიჩნევიან დამტკიცებულად, შესაბამისად, სასამართლო აღარ იკვლევს და აფასებს მტკიცებულებებს, რომლითაც დასტურდება სარჩელში აღნიშნული გარემოებები, თუმცა ეს არ გულისხმობს იმას, რომ სასამართლომ იურიდიულად არ შეაფასოს დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები. ზუსტად ამ გარემოებათა იურიდიული შეფასების აუცილებლობაზეა ყურადღება გამახვილებული საქართველოს სსკ-ის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილში. სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მ. ვ-ის სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმება მ. ვ-ის უკანონო მფლობელობიდან ქ. თბილისში, ს-ის ქ.N..-ში (ს/კ: N....) მდებარე უძრავი ქონების გამოთხოვისა და გამოთავისუფლებულ მდგომარეობაში ე. ჩ-ისათვს გადაცემის შესახებ და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა. ვინაიდან, სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ე. ჩ-ე, ამიტომ ასეთ შემთხვევაში, ამოქმედდა პრეზუმცია, რომლის თანახმადაც ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო. ასეთ ვითარებაში, პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, კერძოდ: სადავო მისამართზე (ქ. თბილისში, ს-ის ქ.N..-ში (ს/კ: N....... )) მოპასუხე მ. ვ-ესთან ერთად სანოტარო წესით დადასტურებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე ცხოვრობს სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ივანე დათაშვილის ოჯახი, რის გამოც, სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების აღსრულება შეჩერებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან შეთანხმების წერილობითი ფორმით მიღებამდე. ამასთან, მოცემული საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ მოპასუხე მ. ვ-ის ოჯახის წევრები;

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტს სააპელაციო საჩივარში არ მიუთითებია ფაქტობრივი გარემოება, რომლითაც დადგინდებოდა აპელანტის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების ფაქტი, შესაბამისად, პალატამ მიიჩნია, რომ, მოცემულ შემთხვევაში, დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მატერიალურსამართლებრივ მოთხოვნას, რის გამოც, აპელანტის მოთხოვნა ვერ დაკმაყოფილებოდა და გასაჩივრებული გადაწყვეტილება უცვლელად უნდა დარჩენილიყო.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქემთა პალატის 2014 წლის 29 სექტემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ. ვ-ემ, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის განმარტებით, სადავო საცხოვრებელ სახლში მცხოვრები სამაჩაბლოდან დევნილი ოჯახი საქმეში არ ჩაურთავთ და მათ არ მიეცათ საშუალება დაეცვათ თავიანთი უფლებები და ინტერესები. კასატორი აღნიშნავს, რომ საჯარო რეესტრში ოფიციალურად დაიდო გირავნობის ხელშეკრულება, თუმცა ერთ-ერთი იპოთეკარის მიერ აუქციონზე შეძენილ უძრავ ქონებაზე გირავნობის თაობაზე ჩანაწერი გაქრა და დევნილი ოჯახი დაუცველ მდგომარეობაში აღმოჩნდა. კასატორი უთითებს, რომ, ამავდროულად, კონკრეტულ ფართში მცხოვრები ოჯახის არცერთი წევრის უფლებაც სასამართლო პროცესებზე არ ყოფილა დაცული.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორი მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება უნდა გაუქმდეს მითითებული საპროცესო ნორმების დარღვევის გამო.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 ნოემბრის განჩინებით მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, კერძოდ, საქმის მასალებით ირკვევა, რომ ე. ჩ-ის სარჩელის საგანს წარმოადგენდა მ. ვ-ის უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, რაც სამოქალაქო კოდექსის 170-172 მუხლების საფუძველზე დაკმაყოფილდა.

საქმის მასალებით ირკვევა ასევე, რომ, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე ე. ჩ-ე, ამოქმედდა პრეზუმფცია, რომლის თანახმადაც, ივარაუდება, რომ სააპელაციო მოპასუხემ ვერ დაადასტურა საპირისპირო, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დამტკიცებულად მიიჩნია სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები. კერძოდ: სადავო მისამართზე (ქ. თბილისში, ს-ის ქ.N....-ში) მოპასუხე მ. ვ-ესთან ერთად სანოტარო წესით დადასტურებული გირავნობის ხელშეკრულების საფუძველზე, სამაჩაბლოდან იძულებით გადაადგილებული ი. დ-ის ოჯახის ცხოვრების გამო, სადავო უძრავი ნივთით სარგებლობის ხელშეშლის აღკვეთის ღონისძიებების აღსრულება შეჩერებულია საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროდან შეთანხმების წერილობითი ფორმით მიღებამდე. ამასთან, მოცემული საქმის განხილვაში არ მონაწილეობდნენ მოპასუხე მ. ვ-ის ოჯახის წევრები.

ზემოაღნიშნული დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ აღნიშნული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდა სააპელაციო საჩივრის მოთხოვნას რაც, თავის მხრივ, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის თქმისა და სააპელაციო საჩივრის დაუკმაყოფილებლობის საფუძველს წარმოადგენდა, რასაც საკასაციო სასამართლო იზიარებს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ საქმის განხილვაზე მოწინააღმდეგე მხარე არ გამოცხადდება, სააპელაციო საჩივრის შემტანი პირის თხოვნით, სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას, რომელიც შეიძლება, დაემყაროს მომჩივნის ახსნა-განმარტებას. ამავე კოდექსის 372-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვა წარმოებს პირველი ინსტანციის სასამართლოსათვის დადგენილი წესით, თუ სპეციალური ნორმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. პირველი ინსტანციით სასამართლო სამართალწარმოებისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას ეხება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი, რომლის შესაბამისად, თუ სასამართლოს სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-78 მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სასარჩელო მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო უარს ეტყვის მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.

ზემოაღნიშნული ნორმის შესაბამისად, მოპასუხის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სარჩელის საფუძველში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები ითვლება დამტკიცებულად, თუმცა იმისთვის, რომ დაუსწრებელი გადაწყვეტილება იქნეს მიღებული, საჭიროა დამტკიცებულად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად ამართლებდეს მოსარჩელის მოთხოვნას.

განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა ვერ მიუთითა რაიმე ისეთ გარემოებაზე, რომლითაც, სამოქალაქო კოდექსის 162-ე მუხლის შესაბამისად, დადგინდებოდა მის მიერ სადავო უძრავი ქონების ფლობის მართლზომიერების ფაქტი, საკასაციო სასამართლოს აზრით, სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სწორად მიიჩნია, რომ დამტკიცებულად ჩათვლილი ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ მატერიალურსამართლებრივ მოთხოვნას, შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ სწორად განახორციელა ის საპროცესო მოქმედებები, რომლებიც, მხარეთა თანასწორუფლებიანობის პირობებში, საჭირო იყო საქმის გარემოებათა დადგენისათვის და მ. ვ-ეს სწორად უთხრა უარი, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან (იხ: №ას-23-23-2014, ას-473-784-09).

შესაბამისად, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. ვ-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ. ვ-ეს (პ№ .......) დაუბრუნდეს მის მიერ 2014 წლის 6 ნოემბერს №65 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე