Facebook Twitter

№ას-1125-1072-2014 29 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ბ.ჯ.“

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ვ.-ე

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2013 წლის 18 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა შპს „ბ.ჯ.-მა“ მოპასუხე ნ.ნ.-ის მიმართ და მოითხოვა:

მოპასუხისათვის მის სასარგებლოდ 3272 აშშ დოლარის, მათ შორის: სესხის ძირი თანხის – 1000 აშშ დოლარის, გადაუხდელი სესხის პროცენტის – 264 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 2008 აშშ დოლარის დაკისრება.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 24 მარტის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ბ.ჯ.-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ნ.ნ.-ეს შპს „ბ.ჯ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა 1364 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი დავალიანება – 1000 აშშ დოლარს, პროცენტი – 164 აშშ დოლარს, ხოლო პირგასამტეხლო – 200 აშშ დოლარს შეადგენდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.ჯ.-მა“.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 აგვისტოს გადაწყვეტილებით:

1. შპს „ბ.ჯ.-ს“ სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა იმ ნაწილში, რომლითაც ნ.ნ.-ეს შპს „ბ.ჯ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა პროცენტის – 164 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 200 აშშ დოლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

3. შპს „ბ.ჯ.-ს“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

4. ნ.ნ.-ეს შპს „ბ.ჯ.-ს“ სასარგებლოდ დაეკისრა სარგებლის – 264 აშშ დოლარისა და პირგასამტეხლოს – 502 აშშ დოლარის გადახდა;

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2011 წლის 11 იანვარს ნ.ნ.-ემ შპს „ბ.ჯ.-სგან“ 12 თვით ისესხა 1000 აშშ დოლარი;

მსესხებელს კრედიტორისათვის უნდა გადაეხადა სარგებელი – წლიურად სესხის 48%;

ხელშეკრულების 3.10 პუნქტის თანახმად, ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ნ.ნ.-ეს აპელანტისათვის უნდა გადაეხადა პირგასამტეხლო, ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის, სესხის ნარჩენი თანხის 0.2%;

ნ.ნ.-ემ ვალდებულება არ შეასრულა, მისი დავალიანება აპელანტის მიმართ შეადგენდა სესხის ძირითად თანხას, 1000 აშშ დოლარს და სარგებელს – 264 აშშ დოლარს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 373-ე მუხლის პირველ ნაწილზე, ამავე კოდექსის 387-ე მუხლის მე-3 ნაწილზე, 201-ე მუხლის მე-7 ნაწილზე, 2321 მუხლზე. დასახელებული 2321 მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ ამ კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დადგენილ ვადაში პასუხის (შესაგებლის) წარუფგენლობისას, თუ ეს გამოწვეულია არასაპატიო მიზეზით, მოსამართლეს ზეპირი მოსმენის გარეშე გამოაქვს დაუსწრებელი გადაწყვეტილება. ამასთან, მოსამართლე დააკმაყოფილებს სარჩელს, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას; წინააღმდეგ შემთხვევაში მოსამართლე ნიშნავს სხდომას, რის შესახებაც ეცნობებათ მხარეებს ამ კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

კონკრეტულ შემთხვევაში, ნ.ნ.-ეს შპს „ბ.ჯ.-ს“ სააპელაციო საჩივარზე შესაგებელი არ წარუდგენია, ამიტომ, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად მიიჩნია. მიუხედავად ამისა, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ აპელანტის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი იყო ნ.ნ.-ის მიერ დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესამოწმებლად სხდომა დანიშნა.

საქმეზე დადგინდა, რომ შპს „ბ.ჯ.-მა“ სარჩელით მოითხოვა მოპასუხისათვის სესხის ძირითადი თანხის – 1000 აშშ დოლარისა და დარიცხული სარგებლის – 264 აშშ დოლარის დაკისრება. ხსენებულ ნაწილში მოპასუხემ სარჩელი შესაგებელშივე სრულად ცნო. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. მოხმობილი მუხლის შესაბამისად, აპელანტის მოთხოვნა ნ.ნ.-ისათვის სარგებლის – 264 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში სააპელაციო სასამართლომ საფუძვლიანად მიიჩნია.

ამავდროულად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა საქალაქო სასამართლოს პოზიცია იმის თაობაზე, რომ მოსარჩელემ მოპასუხის დარღვეულ ვალდებულებასთან შედარებით შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს დაკისრება მოითხოვა. დადგინდა, რომ სესხის ძირითად თანხას – 1000 აშშ დოლარს, ხელშეკრულების საფუძველზე დაერიცხა სარგებელი – 264 აშშ დოლარი. ამასთან, კრედიტორმა მოვალეს პირგასამტეხლოს სახით 2008 აშშ დოლარი დაარიცხა, რაც სესხსა და დარიცხულ სარგებელს (ერთად აღებულს) აღემატებოდა.

სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, იმის გათვალისწინებით, რომ სესხი სარგებლიანი იყო, გონივრული იქნებოდა პირგასამტეხლოს განსაზღვრა ყოველდღიურად ძირითადი თანხის 0.05%-ით, რაც წლიურად სესხის თანხის 18.25%-ს (0.05 X 365 = 18.25%-ს) შეადგენდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. აპელანტმა მოითხოვა მოწინააღმდეგე მხარისათვის 1004 დღის პირგასამტეხლოს დაკისრება. ამის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაასკვნა, რომ ნუგზარ კანდელაკს აპელანტისათვის პირგასამტეხლოს სახით უნდა გადაეხადა 502 აშშ დოლარი (1004 X 1000 X 0.05% = 502-ს), ე.ი. მთლიანობაში მას უნდა გადაეხადა 1766 აშშ დოლარი (1000 + 264 + 502 = 1766-ს).

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ბ.ჯ.-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლომ არასწორად დაადგინა პირგასამტეხლო, რადგან საქმეში არ დევს არანაირი მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას;

მოწინააღმდეგე მხარეს სააპელაციო შესაგებელი არ წარუდგენია. სასამართლოს შესაგებლის წარუდგენლობის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ აქვს სხდომის დანიშვნის უფლება, როცა დამტკიცებული ფაქტობრივი გარემოებები სარჩელის მოთხოვნას სამართლებრივად არ ამართლებენ. კონკრეტულ შემთხვევაში, ასეთი რამე გამორიცხულია, ვინაიდან მხარეები სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების დაცვით შეთანხმდნენ როგორც პირგასამტეხლოზე, ისე მის ოდენობაზე;

სასამართლომ კანონსაწინააღმდეგოდ მოახდინა ხარჯების განაწილება, კერძოდ, მოპასუხეს სახელმწიფო ბაჟის ნაწილი არ დააკისრა, მაშინ როდესაც, მას მოპასუხისათვის სრულად უნდა დაეკისრებინა კასატორის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ბ.ჯ.-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორის მოსაზრებით, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ აპელანტის მიერ მითითებული გარემოებები სამართლებრივად არ ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას. კასატორი აღნიშნავს, რომ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს (მოპასუხეს) შესაგებელი არ წარმოუდგენია, ამიტომ სასამართლოს საქმის ზეპირი განხილვა არ უნდა დაენიშნა, ვინაიდან ამის უფლება სასამართლოს მაშინა აქვს, როდესაც სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სამართლებრივად ვერ ამართლებენ სასარჩელო მოთხოვნას. მოცემულ შემთხვევაში, კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები სამართლებრივად ამართლებდნენ მოსარჩელის მოთხოვნას - 2008 აშშ დოლარის ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და აღნიშნავს, რომ შპს „ბ.ჯ.-ს“ სააპელაციო საჩივრის შინაარსიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის საფუძველზე, მოცემულ შემთხვევაში შესაძლებელია დამტკიცებულად მიგვეჩნია ის გარემოება, რომ მოპასუხის დავალიანება პირგასამტეხლოს სახით შეადგენდა 2008 აშშ დოლარს. ამასთან, დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოსატანად აუცილებელია ასევე, რომ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ სასარჩელო მოთხოვნას (სსკ-ის 230-ე მუხლი). საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული ამ თუ იმ ოდენობის პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, ეს სამართლებრივი შეფასების საკითხია, შესაბამისად, სასამართლო უფლებამოსილია, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე, საქმის გარემოებათა გათვალისწინებით, შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში, ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული პირგასამტეხლოს ოდენობა ორჯერ აღემატებოდა ძირითად დავალიანებას (სესხის ძირს), საკასაციო პალატის მოსაზრებით, საკმარისი საფუძველი იყო პირგასამტეხლოს შესამცირებლად.

დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია სასამართლო ხარჯების არასწორად განაწილების თაობაზე, ვინაიდან, ჯერ ერთი, წარმოდგენილი პრეტენზია ზოგადი ხასიათისაა და არ შეიცავს კონკრეტულ მითითებას იმის თაობაზე, თუ რაში გამოიხატა ხარჯების არასწორად განაწილება. ამასთან, ვინაიდან სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფლდა, სააპელაციო სასამართლომ, სსკ-ის 53-ე მუხლის საფუძველზე, სწორად გაანაწილა სასამართლო ხარჯი დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ბ.ჯ.-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარის) 70% - 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ბ.ჯ.-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ შპს „ბ.ჯ.-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი, საგადახდო დავალება N 1, გადახდის თარიღი – 2014 წლის 10 ნოემბერი) 70% – 210 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება;

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე