Facebook Twitter

№ას-117-112-2014 11 მაისი, 2015 წელი

თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ი“

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიას სარჩელით მიმართა შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-მა“ მოპასუხე შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ მიმართ და მოითხოვა:

1. მოპასუხისათვის 2013 წლის თებერვლისა და მარტის თვეებში გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების – 13626.39 ლარის დაკისრება;

2. მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს – ყოველდღიურად 0.1%-ის, 3.61 ლარის გადახდის დავალება 2013 წლის 8 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

3. მოპასუხისთვის ზიანის ანაზღაურების დაკისრება ყოველდღიურად 3 ლარის ოდენობით, 2013 წლის 17 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 6 სექტემბრის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა;

2. შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ს“ შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 13636.39 ლარის გადახდა;

3. შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ს“ შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს გადახდა ყოველდღიურად გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით 2013 წლის 8 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე;

4. შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების ნაწილში არ დაკმაყოფილდა.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-მა“.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 11 დეკემბრის განჩინებით:

1.შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს გასაჩივრებული გადაწყვეტილება;

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად ცნო შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2012 წლის 24 მაისს შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-სა“ და შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ს“ შორის დაიდო სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

ხელშეკრულების 5.10 პუნქტის შესაბამისად, სამედიცინო დაწესებულების მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისათვის ყოველი ჩაბარების დროს მხარეთა შორის ფორმდებოდა შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტი, რომლითაც დასტურდებოდა, რომ სამედიცინო დაწესებულებამ მზღვეველს დროულად წარუდგინა სათანადო დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა იგი ჩაიბარა. ხელშეკრულების 5.11 პუნქტის თანახმად, მზღვეველი ვალდებული იყო საანგარიშგებო დოკუმენტაციის მიღებიდან 35 დღის ვადაში განეხორციელებინა საანგარიშგებო დოკუმენტაციის შემოწმება, ხოლო 5.7 პუნქტის შესაბამისად, მზღვეველი ვალდებული იყო მიეღო დასკვნა-გადაწყვეტილება სამედიცინო დაწესებულებისათვის გასაცემი ანაზღაურების შესახებ და გადაეხადა სამედიცინო დაწესებულებისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულება გადაწყვეტილებით განსაზღვრული ოდენობის შესაბამისად;

ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა, ხოლო მზღვეველი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით;

ხელშეკრულება შეწყდა 2013 წლის 15 თებერვლიდან. პირველი ინსტანციის სასამართლომ დაადგინა იყო და სააპელაციო საჩივრითაც სადავო არ გამხდარა, რომ მხარეებმა ფაქტობრივად გააგრძელეს სახელშეკრულებო (სამედიცინო მომსახურების) ურთიერთობა;

შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც-მა“ სამედიცინო მომსახურება გაუწია შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს (კორპორაციული სადაზღვევო პროგრამის ფარგლებში) 2013 წლის თებერვალსა და მარტში; მომსახურების ღირებულებამ 13626.39 ლარი შეადგინა;

პირველი ინსტანციის სასამართლომ მხარეთა ახსნა-განმარტებით დაადგინა, რომ შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ს“ წარედგინა ანგარიშ-ფაქტურები სამედიცინო დაწესებულების მიერ გაწეული მომსახურებისა და ხარჯების შესახებ. ზემოაღნიშნული გარემოება სააპელაციო საჩივრითაც სადავო არ გამხდარა.

აპელანტის მოსაზრებით, 2013 წლის თებერვალსა და მარტში დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების ღირებულება – 13626.39 ლარი – არ უნდა მიჩნეულიყო შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ მიერ ასანაზღაურებელ ოდენობად, ვინაიდან, მხოლოდ მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ წარმოადგენდა ანგარიშსწორების საფუძველს და მზღვეველსაც აღნიშნული დოკუმენტაცია არ განუხილავს.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 316-ე და 317-ე მუხლებზე, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილსა და 629-ე მუხლის პირველ ნაწილზე. დადგინდა, რომ მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო ურთიერთობა, რომლის საფუძველზეც მოსარჩელემ სამედიცინო მომსახურება გაუწია სადაზღვევო კომპანია „ა. ს. ჯ.-ის“ მიერ დაზღვეულ პირებს 2013 წლის თებერვალსა და მარტში. მოსარჩელე მოითხოვდა 13636.39 ლარის გადახდას. მოპასუხეს სამედიცინო მომსახურების ღირებულება არ აუნაზღაურებია. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საფუძვლიანი იყო შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ სარჩელი მოპასუხისათვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ღირებულების, 13636.39 ლარის დაკისრების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 417-ე და 418-ე მუხლებზე. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-9 მუხლის თანახმად, სამედიცინო მომსახურების ღირებულების ანაზღაურების ვადის დარღვევის შემთხვევაში, მიმწოდებელი უფლებამოსილი იყო მოეთხოვა, ხოლო მზღვეველი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.1%-ის ოდენობით. სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ მართებულად დააკისრა მოპასუხეს პირგასამტეხლო იმ პერიოდისთვის, რა პერიოდშიც მხარეთა შორის არსებობდა წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს პირობასა და მის ოდენობაზე, 2013 წლის თებერვლის თვის დავალიანების 0.1%-ის ოდენობით.

მხარეთა შორის სადავო არ იყო, რომ თებერვლის თვის 3605.39 ლარის ღირებულების სამედიცინო მომსახურება გაწეულ იქნა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია აპელანტის მსჯელობა, რომ ვინაიდან, მას ხელშეკრულების შეწყვეტის შემდგომ ჩაბარდა შესრულებული სამუშაოს ამსახველი დოკუმენტაცია, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება არ ეკისრებოდა.

აპელანტის მოსაზრებით, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილში ერთმნიშვნელოვნად არ იყო მითითებული ის გარემოება, რომ მოპასუხეს პირგასამტეხლო დაეკისრა მხოლოდ 2013 წლის თებერვლის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების 3605.39 ლარის 0.1%-ის ოდენობით. ზემოაღნიშნული მოსაზრება სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ს“ შპს „ა.ო.ღ.ს.ე.ს.ც.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 2013 წლის 8 აპრილიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე პირგასამტეხლოს გადახდა, ყოველდღიურად, გადაუხდელი თანხის 0.1%-ის ოდენობით. ამდენად, გადაწყვეტილებით კონკრეტულად დადგინდა ის თანხა, რომლის პირგასამტეხლოს სახით გადახდის ვალდებულებაც მოპასუხეს ეკისრებოდა –-ყოველდღიურად 3.61 ლარი, აღნიშნული თანხა გამოანგარიშებული იყო მხოლოდ 2013 წლის თებერვლის თვეში გაწეული მომსახურების ღირებულების – 3605.39 ლარის გათვალისწინებით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და გასაჩივრებული განჩინება უცვლელად დატოვა.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-მა“.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლოს განჩინება იურიდიულად არ არის საკმარისად დასაბუთებული. მოწინააღმდეგე მხარის მიერ დაზღვეულთათვის გაწეული მომსახურების ღირებულება არ უნდა მიჩნეულიყო კასატორის მიერ ასანაზღაურებელ თანხად. მხარეთა შორის გაფორმებული სამედიცინო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება ითვალისწინებდა ანგარიშსწორების გაწევის წესსა და ანგარიშგების პირობებს, რომლის თანახმადაც, მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმება არ წარმოადგენდა ანგარიშსწორების საფუძველს. ხელშეკრულების 5.1.10 პუნქტის თანახმად, სამედიცინო დაწესებულების მიერ საანგარიშგებო დოკუმენტაციის მზღვეველისთვის ყოველი ჩაბარების დროს მხარეთა შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტი ადასტურებდა მხოლოდ იმ ფაქტს, რომ სამედიცინო დაწესებულებამ მზღვეველს დროულად წარუდგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, ხოლო მზღვეველმა იგი ჩაიბარა. კონკრეტულ შემთხვევაში, კასატორს საშუალება არ ჰქონდა განეხილა და შეესწავლა სამედიცინო დოკუმენტაცია, ვინაიდან მოწინააღმდეგე მხარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინსპექტირების უფლების განხორციელებაში შეგნებულად ხელს უშლიდა. შესაბამისად, მზღვეველმა აღნიშნული დოკუმენტაციის შესწავლა (განხილვა) მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ განახორციელა;

სააპელაციო სასამართლომ კასატორს პირგასამტეხლო არასწორად დააკისრა, მან იხელმძღვანელა ხელშეკრულების მე-9 მუხლით, მაშინ როცა სახელშეკრულებო ურთიერთობები შეწყვეტილი იყო.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემომითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არ აქვს წარმატების პერსპექტივა.

საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს განჩინების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401.4 მუხლის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (879.50 ლარი) 70% – 615.65 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს – შპს „ს.კ.ა.ს.ჯ.-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (879.50 ლარი, საგადახდო დავალება № ..., გადახდის თარიღი 2014 წლის 27 იანვარი) 70% – 615.65 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე