№ას-1269-1209-2014 25 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. კ-ა (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის საპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა ზ. კ-ას მიმართ ქ. თბილისის მერიის სასრგებლოდ 2011 წლის 7 ნოემბერს გაფორმებული №.... ხელშეკრულებიდან გამომდინარე საიჯარო ქირის 1726.58 ლარისა და და აღნიშნული თანხის საბოლოო გადახდამდე საიჯარო ქირის 4600 ლარის 0.1%-ის გადახდის დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 7 ნოემბრის №...... გადაწყვეტილებით ზ. კ-ას სარგებლობის უფლებით გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, გ.-ნ. , გ-ი, მე-..., კორპუსი ..-ის მიმდებარედ 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ..... ქირის თანხა განისაზღვრა წლიური 4 600 ლარით. იმავე თარიღის №...... გადაწყვეტილებით, მას სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე, ქ. თბილისი, გ.-ნ-ი, გ-ი მე-... მ/რ, კორპუსი № ...-ის მიმდებარედ 6 კვ.მ. უძრავი ქონება საკადასტრო კოდით: .... . სარგებლობის წლიური საფასური განისაზღვრა 1 800 ლარით.
ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის №..... და №..... ბრძანებებით ცვლილება შევიდა ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 7 ნოემბრის ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში და იჯარის საგნად განისაზღვრა საკადასტრო კოდებით №....... და №...... რეგისტრირებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გ-ის დასახლება მე-... მ/რ, კორპუსი ......-ის მიმდებარედ 6 კვ.მ. ფართი.
მოსარჩელის განმარტებით, ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ზ. კ-ას განცხადება და შეწყდა №..... და №...... გადაწყვეტილებებით გადაცემული იჯარის უფლება.
2011 წლის 07 ნოემბრის №......ხელშეკრულება გაგრძელდა 2012 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით 137 დღე და ქირის საფასურმა შეადგინა 1 726,58 ლარი.
2011 წლის 07 ნოემბრის №.......იჯარის ხელშეკრულება გაგრძელდა 2012 წლის 16 მარტიდან 2012 წლის 31 ივლისის ჩათვლით 137 დღე და ქირის საფასურმა შეადგინა 675,62 ლარი.
მოსარჩელის მითითებით, მხარეთა შეთანხმების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულია სარგებლობის საფასურის (ქირის ) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ქირის 0,1 %, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 6 დეკემბრის №.......და №.......გადაწყვეტილებებით ზ. კ-ას სარგებლობაში გადაეცა უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისში, გ.-ნ. , გ-ი, მე-..., კორპუსი ..-ის მიმდებარედ 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი, საკადასტრო კოდი: ...... სარგებლობის წლიური საფასური №......გადაწყვეტილებით არის 1 100 ლარი, ხოლო № .... გადაწყვეტილებით 7 100 ლარი.
მხარეთა შეთანხმების 10.1 პუნქტით გათვალისწინებულია სარგებლობის საფასურის (ქირის) გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დარღვევის შემთხვევაში, პირგასამტეხლო ქირის 0,1%, მაგრამ არანაკლებ 1 ლარის ოდენობით, დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
მოსარჩელის განმარტებით, ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 16 მარტის ბრძანებით ცვლილება შევიდა ზემოაღნიშნულ გადაწყვეტილებებში და იჯარის საგნად განისაზღვრა №..... და №...... საკადასტრო კოდებით რეგისტრირებული უძრავი ქონება (ქ. თბილისი, გ-ის დასახლება, მე-... მ/რ, კორპუსი № ...-ის მიმდებარედ 6 კვ.მ. მიწის ნაკვეთი). ქონების მართვის სააგენტოს 2012 წლის 3 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა კ-ას განცხადება და შეწყდა №.... და №..... გადაწყვეტილებებით გადაცემული იჯარის უფლებები. მოსარჩელის მითითებით, ამ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გადასახდელი საიჯარო ქირა შეადგენს 421,92 ლარსა და 2723,29 ლარს.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
ზ. კ-ას განმარტებით, თავად მოსარჩელის მხრიდან დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, რაც გამოიხატება იმაში, რომ მას არ მიეცა საშუალება ესარგებლა საიჯარო საგნით. აღნიშნულის გათვალისწინებით, მოთხოვნა საიჯარო ქირისა და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ უსაფუძვლოა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; მოპასუხე ზ. კ-ას დაეკისრა ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ №....... ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული საიჯარო ქირის 1 726,58 ლარისა და ამ თანხის საბოლოო გადახდამდე საიჯარო ქირის 4 600 ლარის 0,05% ხელშეკრულების შეწყვეტიდან, 2012 წლის 31 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე ზ. კ-ას დაეკისრა მოსარჩელე ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ №......ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული საიჯარო ქირის 675,62 ლარისა და ამ თანხის საბოლოო გადახდამდე საიჯარო ქირის 1 800 ლარის 0,05% 2012 წლის 31 ივლისიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე ზ. კ-ას დაეკისრა ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ №......ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული საიჯარო ქირის 421,92 ლარისა და ამ თანხის საბოლოო გადახდამდე საიჯარო ქირის 1 100 ლარის 0,05% 2012 წლის 03 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე; მოპასუხე ზ. კ-ას დაეკისრა მოსარჩელე ქალაქ თბილისის მერიის სასარგებლოდ №.......ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული 2 723, 29 ლარისა და ამ თანხის საბოლოო გადახდამდე საიჯარო ქირის 7 100 ლარის 0,05% 2012 წლის 3 აგვისტოდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 22 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 ივლისის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი მიღებული იქნა განსახილველად სასამართლოს მთავარი სხდომა დაინიშნა 2014 წლის 22 ოქტომბერს 17:00 საათზე (იხ. ტ. II, ს.ფ. 2,3).
2014 წლის 22 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოს მთავარ სხდომაზე გამოცხადდა აპელანტ ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი, არ გამოცხადდა აპელანტის მოწინააღმდეგე მხარე - ზ. კ-ა, რომელსაც კანონით დადგენილი წესით ეცნობა 22.10.2014წ. სასამართლო სხდომისა და აღნიშნულ სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შესაძლო შედეგების თაობაზე (იხ.: გზავნილი, ტ. II, ს. ფ. 5, შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ, ტ. II, ს.ფ. 6).
აპელანტის წარმომადგენელმა სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების შესახებ.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მეორე ნაწილზე, ასევე 230-ე მუხლის პირველ ნაწილზე და განმარტა, რომ თუ სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტი, მაგრამ არ გამოცხადდა მისი მოწინააღმდეგე მხარე, სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ შემდეგი პირობების არსებობის შემთხვევაში:
_ აპელანტი შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე;
_ არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;
_ სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, პალატამ დაადგინა, რომ აპელანტის წარმომადგენელმა იშუამდგომლა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე. სააპელაციო სასამართლომ საქმის მასალებით დადგენილად მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს სხდომის შესახებ აპელანტის მოწინააღმდეგე მხარეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით და მისი გამოუცხადებლობის რაიმე საპატიო მიზეზი სასამართლოსათვის უცნობი იყო.
რაც შეეხება აპელანტის მოთხოვნის იურიდიულ მართებულობას, პალატამ მიიჩნია, რომ აპელანტის მიერ მითითებული და მისი მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 116-126) საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლების შესაბამისად იურიდიულად არ ამართლებდა აპელანტის მოთხოვნას პირგასამტეხლოს განაკვეთის - 0.05%-ის ნაცვლად 0.1%-ით განსაზღვრასთან დაკავშირებით.
პალატამ აღნიშნა, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორი სააპელაციო საჩივრით ითხოვს გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 21 მაისის გადაწყვეტილება სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით სრულად დაკმაყოფილდეს სარჩელი. აპელანტი პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.1%-იდან - 0.05%-მდე შემცირების ნაწილში და ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 0.1%-ით.
შესაბამიად, სასამართლომ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასამართლო მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - საიჯარო ქირის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე - გადასახდელი საიჯარო ქირის თანხის ოდენობის და ვადის დარღვევის ხარისხიდან გამომდინარე, ასევე იმის გათვალისწინებით, რომ პირგასამტეხლო დაანგარიშებულია არა გადაუხდელი თანხის, არამედ შეთანხმებული საიჯარო ქირის 0,1%-ის ოდენობით, მართებულად მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ ოდენობად და სწორად შეამცირა იგი საიჯარო ქირის თანხის 0,05%-მდე. სააპელაციო საჩივარი არ შეიცავს ისეთ ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას (რაც მხარის გამოუცხადებლობის მიზეზით ავტომატურად დამტკიცებულად იქნებოდა მიჩნეული), რომელიც იურიდიულად გაამართლებდა გასაჩივრებული გადაწყვეტილებით განსაზღვრული პირგასამტეხლოს გაზრდის თაობაზე აპელანტის მოთხოვნას.
ამდენად, სასამართლომ არ დააკმაყოფილა ქ. თბილისის მერიის წარმომადგენლის შუამდგომლობა მოწინააღმდეგე მხარის სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის გამო დაუსწრებელი გადაწყვეტილებით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების თაობაზე.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. თბილისის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. მიუხედავად იმისა, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებულად ითვლება არა მხოლოდ იმ გარემოების გამო, რომ მოწინააღმდეგე ზ. კ-ა არასაპატიო მიზეზით არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე და არც სააპელაციო შესაგებელი წარმოადგინა, არამედ აღნიშნული ასევე დადგენილად არის მიჩნეული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ, რომელიც მოწინააღმდეგე მხარის მიერ სადავოდ არ გამხდარა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში, სააპელაციო პალატის მიერ არ დაკმაყოფილდა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, რომლითაც დაკმაყოფილდებოდა სააპელაციო საჩივარი. სასამართლომ განმარტა, რომ აპელანტის მიერ საჩივარში მითითებული გარემოებები იურიდიულად არ ამართლებს მოთხოვნას. სასამართლომ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლი. მოცემულ საქმეში არ არსებობდა აღნიშნულ მუხლზე დაყრდნობით პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი, ვინაიდან იგი ითვალისწინებს არა ნებისმიერი ოდენობის პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას, არამედ იმ ოდენობის, რომელიც ძირითად შესასრულებელ ვალდებულებასთან მიმართებაში შეუსაბამოდ მაღალია, ხოლო მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შეთანხმებით განისაზღვრა მინიმალური ოდენობის პირგასამტეხლო, ქირის 0,1 %, მაგრამ არანაკლებ ერთი ლარისა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კასატორის განმარტებით, აღნიშნული საქმის განხილვა მნიშვნელოვანია ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის არსებობისათვის, ვინაიდან, მიუხედავად იმისა, რომ კანონით პირდაპირ არ არის დადგენილი სხდომაზე გამოუცხადებლობის შემთხვევაში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობა, სასამართლოს მიერ არ უნდა ხდებოდეს იდენტურ შემთხვევებში დაუსაბუთებლად განსხვავებული გადაწყვეტილებების მიღება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 19 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, კასატორის ძირითადი პრეტენზია ემყარება სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტისათვის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე უარის არასწორად თქმას. კასატორის აზრით, საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვინაიდან ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სააპელაციო საჩივარში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გამხდარა არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოებში. შესაბამისად, მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობის გამო სააპელაციო პალატას უნდა დაეკმაყოფილებინა აპელანტის შუამდგომლობა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
პალატა ვერ გაიზიარებს კასატორის პრეტენზიას და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის მე-2 ნაწილით კანონმდებელი გვთავაზობს სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობისას დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესაძლებლობას, თუმცა ამავე კოდექსის 230-ე მუხლით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების არსებობის შემთხვევაში:
1. მოსარჩელე (აპელანტი) შუამდგომლობს სასამართლოს წინაშე, რათა მან გამოიტანოს დაუსწრებელი გადაწყვეტილება სარჩელის (სააპელაციო საჩივრის) დაკმაყოფილების შესახებ;
2. არ არსებობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია 233-ე მუხლის პირველი ნაწილით;
3. სარჩელში მითითებული და მოპასუხის გამოუცხადებლობის გამო დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებენ მოთხოვნას.
ამრიგად, ზემოაღნიშნული საფუძვლების კუმულატიურად არსებობა, ქმნის დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის ფორმალურ წინაპირობას, თუმცა იმისათვის, რათა სასამართლომ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით დააკმაყოფილოს სააპელაციო საჩივარი, მოსამართლე ვალდებულია, გამოარკვიოს კანონის ძალით დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები ამართლებს თუ არა იურიდიული თვალსაზრისით მოთხოვნას.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებთ დადგენილია, რომ აპელანტი, ქ. თბილისის მერია პრეტენზიას აცხადებს გადაწყვეტილებაზე პირგასამტეხლოს განაკვეთის 0.1%-იდან - 0.05%-მდე შემცირების ნაწილში და ითხოვს პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს - 0.1%-ით.
საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას, რომ პირგასამტეხლოს გონივრულობის შეფასება უნდა მოხდეს სააპელაციო მოთხოვნის სამართლებრივი (იურიდიული) მართებულობის შემოწმების ჭრილში, რაც მოცემულ შემთხვევაში გამორიცხავდა სასამართლოს მიერ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის გზით სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებას. მოცემულ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლით და ვინაიდან სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები იურიდიულად არ ამართლებდნენ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლომ გამოიტანა არა დაუსწრებელი, არამედ ჩვეულებრივი გადაწყვეტილება სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.
ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის ასევე სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,1%-დან 0,05%-მდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე