№ას-1287-1225-2014 25 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ქ. მ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – საიჯარო ქირის დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა ქ. მ-ის მიმართ საიჯარო ქირის დავალიანებისა და პირგასამტეხლოს დაკისრების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №-... გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 06 კვ.მ ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ფ., ..-ე სკოლის მიმდებარედ (უძრავი ქონების საკადასტორო კოდი №......). იჯარის საგანი მოპასუხეს გადაეცა გადაწყვეტილებაზე თანდართული საიჯარო პირობებით.
სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №..... გადაწყვეტილებით ქ. მ-ეს 5 წლის ვადით იჯარით გადაეცა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 06 კვ.მ. ფართის მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ. თბილისი, ფ., ..-ე სკოლის მიმდებარედ (უძრავი ქონების საკადასტრო კოდი №.....) იჯარის საგანი მოპასუხეს გადაეცა გადაწყვეტილებაზე თანდართული საიჯარო პირობებით.
საიჯარო პირობების მიხედვით, წლიური სიჯარო ქირა თითოეულ უძრავ ქონებაზე განისაზღვრა 1 050 ლარის ოდენობით, რომლის გადახდა უნდა განხორციელებულიყო თანაბარწილად, ყოვლ ექვს თვეში ერთხელ საანგარიშო თვის 5 რიცხვამდე.
მოსარჩელის განმარტებით, მოპაუხის მიერ დარღვეული იქნა იჯარის ხელშეკრულებებით განსაზღვრული ვალდებულებები და მის მიერ მხოლოდ ერთხელ 2012 წლის 04 მაისს გადახდილი იქნა საიჯარო ქირა. სსიპ ქონების მართვის სააგენტომ 2013 წლის 19 ივლისს წერილი გაუგზავნა ქ. მ-ეს საიჯარო ქირის დავალიანების და პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე. მიუხედვად გაფრთხილებისა, მოპასუხის მიერ არსებული დავალიანება არ იქნა დაფარული.
ქ.თბილისის მერიის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილებით ცალმხრივად შეწყდა ქ. მ-თან გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულებები.
ქ. თბილისის მთავრობის 2013 წლის 24 დეკემბრის დადგენილების საფუძველზე ქ. თბილისის მერიის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2014 წლის 10 იანვარს გამოცემული იქნა ბრძანებები. აღნიშნული ბრძანებებით ძალადაკარგულად გამოცხადა ქ. თბილისის მერის სსიპ ქონების მართვის სააგენტოს 2011 წლის 30 ნოემბრის №-... და №....გადაწყვეტილებები. 2014 წლის 21 იანვარს, სსიპ ქონების მართვის სააგენტომ ქ. მ-ეს ელექტორნული ფოსტით გაუგზავნა წერილი და აცნობა საიჯარო ურთიერთობის შეწყვეტის თაობაზე.
2013 წლის 24 დეკემბრის მდგომარეობით, ქ. მ-ის დავალიანება ქ. თბილისის მერიის მიმართ: ა) №.... საიჯარო ქონებაზე შეადგენდა 2 154.59 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება იყო 1 718,84 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 435,75 ლარი; ბ) ...... საიჯარო ქონებაზე შეადგენდა 2 154,59 ლარს, საიდანაც საიჯარო ქირის დავალიანება იყო 1 718,84 ლარი, ხოლო დარიცხული პირგასამტეხლო 435,75 ლარი.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო შემდეგი დასაბუთებით:
მხარეთა შორის გაფორმდა იჯარის ხელშეკრულებები, რომელთა საფუძველზეც მოპასუხეს იჯარით გადაეცა ორი მიწის ნაკვეთი. საიჯარო ქირა თითოეული მიწის ნაკვეთზე შეადგენდა წელიწადში 1 050 ლარს, რომლის გადახდაც უნდა განხორციელებულიყო ყოველ ექვს თვეში ერთხელ თანაბარწილად. ქ. მ-ის მიერ თითოეული მიწის ნაკვეთზე საიჯარო ქირა გადახდილი იქნა მხოლოდ ერთხელ, 2012 წლის 04 მაისს.
ქ. მ-ეს მიწის ნაკვეთზე განთავსებული ჰქონდა სავაჭრო ჯიხური, რომელიც 2012 წლის 17 ივლისიდან 2013 წლის 29 დეკემბრამდე ხუთჯერ იქნა გაქურდული. შედეგად მოპასუხეს მიადგა 2 489 ლარის მატერიალური ზიანი. აღნიშნული ფაქტის გამო მოპასუხემ ვერ შეძლო იჯარის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება. ამდენად, საიჯარო ქირის გადაუხდელობა არ იყო გამოწვეული მოპასუხის ბრალით. შესაბამისად, მოპასუხის მიერ საიჯარო ქირის გადახდის ვადა არ უნდა იქნეს მიჩნეული გადაცილებულად. ამასთან, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება.
იჯარის ხელშეკრულების ცალმხრივად შეწყვეტის თაობაზე მოსარჩელის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილი მოპასუხეს არ მიუღია, ვინაიდან იგი არ სარგებლობს ელექტრონული ფოსტით. იჯარის ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ ქ. მ-ისთვის ცნობილი გახდა 2014 წლის თებერვლის თვეში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქლაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ: მოპასუხე ქ. მ-ეს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა საიჯარო ქირის დავალიანების 3 437.68 ლარის გადახდა; მოპასუხე ქ. მ-ეს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ დაეკისრა პირგასამტეხლოს სახით 400 ლარის გადახდა; მოსარჩელეს უარი ეთქვა მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით 2013 წლის 24 დეკემბრიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0.1 %-ს გადახდის დაკისრებაზე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 17 ოქტომბრის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 30 მაისის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის 1.3 პუნქტი და ამ ნაწილში მიღებული იქნა დაუსწრებელი გადაწყვეტილება: ქ. მ-ეს ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 2013 წლის 24 დეკემბრიდან საიჯარო ქირის სახით წარმოშობილი დავალიანების სრულად დაფარვამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების (3437,68 ლარი) - 0.07%-ის გადახდა; პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული 400 ლარის ოდენობით თანხის 567 ლარამდე გაზრდის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება (გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაილის 1.2 პუნქტი) დარჩა უცვლელი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
2014 წლის 17 ოქტომბერს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა აპელანტის (მოსარჩელე) ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი ქ. მ-ი. იმ საფუძვლით, რომ სხდომაზე არ გამოცხადდა მოწინააღმდეგე მხარე ქ. მ-ე, ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელმა იშუამდგომლა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის თაობაზე.
პალატამ მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე მოწინააღმდეგე მხარის - ქ. მ-ის არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის გამო არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო პრეტენზიის ნაწილობრივ დაკმაყოფილდების პროცესუალურ- სამართლებრივი საფუძველი, ხოლო დაუკმაყოფილებელ ნაწილში მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება.
სააპელაციო პალატამ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით მოსარჩელის (აპელანტის) მოთხოვნა საიჯარო ქირის დავალიანების – 3 437,68 ლარის მოპასუხისათვის (ქ. მდინარაძისათვის) დაკისრების ნაწილში სრულად დაკმაყოფილდა. სააპელაციო პრეტენზია შემოიფარგლებოდა პირგასამტეხლოს დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების მოთხოვნით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე და 230-ე მუხლებზე დაყრდნობით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის დამაბრკოლებელი გარემოებები, რომლებიც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 233-ე მუხლის პირველი ნაწილით; სარჩელში და სააპელაციო საჩივარში მითითებული და აპელანტის მოწინააღმდეგე მხარის გამოუცხადებლობით დამტკიცებულად ჩათვლილი გარემოებები იურიდიულად ამართლებდნენ მოთხოვნას.
სასამართლოში დაბრუნებული საფოსტო გზავნილის ჩაბარების თაობაზე შეტყობინების ბარათით სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2014 წლის 17 ოქტომბერს 12:00 საათზე დანიშნული სასამართლო სხდომის შესახებ ქ. მ-ეს ეცნობა კანონით დადგენილი წესით (იხ. შეტყობინების ბარათი გზავნილის ჩაბარების შესახებ; ტ. 2; ს.ფ. 8), თუმცა მას სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია რაიმე ინფორმაცია სასამართლო სხდომაზე გამოუცხადებლობის საპატიობასთან დაკავშირებით. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ სახეზეა ქ. მ-ის, როგორც სხდომაზე არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელი მხარის (მოწინააღმდეგე მხარის) მიმართ დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების ფორმალურ–პროცესუალური საფუძველი. თუმცა პალატამ აქვე შენიშნა, რომ განსახილველ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ – პროცესუალური საფუძვლის არსებობა, არ არის საკმარისი დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებისათვის და ამ საფუძველთან ერთად უნდა არსებობდეს საააპელაციო საჩივრით დაყენებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მატერიალურ–სამართლებრივი საფუძველიც, ანუ სსსკ–ის 230–ე მუხლის მე–2 ნაწილის დანაწესის თანახმად სარჩელში (სააპელაციო საჩივარში) მითითებული გარემოებები იურიდიულად უნდა ამართლებდეს სასარჩელო მოთხოვნას.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2011 წლის 30 ნოემბერს მხარეთა შორის გაფორმებული მიწის ნაკვეთების იჯარის ხელშეკრულებებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლო. დადგინდა ასევე, რომ მოპასუხის ქ. მ-ის მიერ, დადგენილ ვადაში ვალდებულება სრულად არ იქნა შესრულებული, რისთვისაც პირგასამტეხლო მხარეთა მიერ წინასწარ იქნა წერილობით განსაზღვრული. აღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელეს ჰქონდა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება.
პალატამ სამოქალაქო კოდექსის 417-ე, 418-ე და 420-ე მუხლებზე მითითებით განმარტა, რომ მართალია, მითითებული თანხის ოდენობის განსაზღვრას კანონმდებელი მხარეთა შეთანხმებას მიანდობს, თუმცა აღნიშნული არ ნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს დაკისრებით კრედიტორმა არათანაზომიერად დიდი სარგებელი მიიღოს. პირგასამტეხლოს ოდენობა შეუზღუდავი არ არის. სასამართლო უფლებამოსილია, შეამციროს იგი დავის კონკრეტული გარემოებების შესაბამისად. სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შესახებ აპელანტის მიერ წარმოდგენილი პრეტენზია და გარემოებები საჭიროებს შეფასების გაკეთებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს კონკრეტულ გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან, ასევე - კრედიტორის ეკონომიკური ინტერესი.
პალატამ აღნიშნა, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას, სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
განსახილველ შემთხვევაში, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დავალიანების ოდენობა, რისთვისაც მოთხოვნილია პირგასამტეხლოს დაკისრება შეადგენს მხოლოდ 3 437,68 ლარს, ამასთანავე იმის მხედველობაში მიღებით, რომ მოსარჩელე ამ დავალიანებაზე პირგასამტეხლოს სახით მოითხოვს, როგორც ფიქსირებული პირგასამტეხლოს – 567 ლარის, ასევე 2013 წლის 24 დეკემბრიდან, ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით საიჯარო ქირის - 0,1%-ის გადახდის დაკისრებას, სასამართლომ მიიჩნია, რომ 400 ლარიდან 567 ლარამდე პირგასამტეხლოს გაზრდის შესახებ მოთხოვნა დაუსაბუთებელია და ამ ნაწილში პირველი ინსტანციის სასამართლომ სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმების (115–ე, 420) და მსჯელობის გათვალისწინებით სწორად განსაზღვრა ფიქსირებული პირგასამტეხლოს მოცულობა 400 ლარის ოდენობით. შესაბამისად ამ ნაწილში არ არსებობდა დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღების პროცესუალურ–სამართლებრივი საფუძველი და ფიქსირებული პირგასამტეხლოს ოდენობის გაზრდის ნაწილში სააპელაციო საჩივარი არ ექვემდებარებოდა დაკმაყოფილებას.
რაც შეეხება 2013 წლის 24 დეკემბრიდან ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით საიჯარო ქირის - 0,1%-ის გადახდის დაკისრების შესახებ აპელანტის მოთხოვნას, სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში არსებობდა სააპელაციო საჩივარის ნაწილობრივ დაკმაყოფილების პროცესუალური საფუძველი. პალატამ აღნიშნა, რომ ამ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავდა რამე დასაბუთებას, თუ რატომ არ არსებობდა 2013 წლის 24 დეკემბრიდან ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძველი. შესაბამისად პალატამ მიიჩნია, რომ ამ ნაწილში სააპელაციო საჩივარი ნაწილობრივ აკმაყოფილებდა სსსკ–ის 230–ე მუხლის მე–2 ნაწილით დადგენილ დანაწესს და, შესაბამისად, სახეზე იყო დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებით სააპელაციო საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფორმალური და მატერიუალური საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თბილისის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
კასატორის განმარტებით, საქმეზე დადგენილ უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მოიჯარის ქ. მ-ის მიერ არ იქნა შესრულებული საიჯარო პირობებით გათვალისწინებული ვალდებულებები. კერძოდ არ იქნა გადახდილი საიჯარო ქირა, ასევე პირგასამტეხლო საიჯარო პირობებით დადგენილ ვადებში და წესით. შესაბამისად, თვითმმართველი ერთეულის მიერ ცალხმრივად იქნა შეწყვეტილი საიჯარო ურთიერთობა და აღნიშნული ურთიერთობიდან არსებული ფინანსური დავალიანების გადახდის დაკისრება მოთხოვნილია წარმოდგენილი ხელშეკრულების საფუძველზე.
სააპელაციო პალატამ, ისევე როგორც საქალაქო სასამართლომ, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და აპელანტის მოთხოვნა დააკმაყოფილა ნაწილობრივ. კერძოდ: პირველი ინსტანციის სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგსამტეხლო არათანაზომიერი იყო მოპასუხის მიერ ვალდებულების დათქმულ ვადაში შეუსრულებლობით გამოწვეულ სავარაუდო ზიანთან და პირგასამტეხლოს ოდენობა 435.75 ლარი თითოეულ ხელშეკრულებაზე შეამცირა 200 ლარამდე, ამათან სასამართლომ მიიჩნია, რომ მოპასუხისათვის დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა სრულად უზრუნველყოფდა მოსარჩელისათვის ვალდებულების დარღვევით მიყენებული ზიანის ანაზღაურებას, რის გამოც მოსარჩელეს ასევე უარი უთხრა ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს სახით ქირის 0.1 %-ის გადახდის დაკისრებაზე.
სააპელაციო სასამართლომ ქ. მ-ეს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დააკისრა 2013 წლის 24 დეკემბრიდან საიჯარო ქირის დავალიანების სრულად დაფარვამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საიჯარო ქირის 0.07 %-ის გადახდა, ნაცვლად მოთხოვნილი 0.1 %-სა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დატოვა უცვლელი, თუმცა ისე, რომ არ დაასაბუთა, თუ რატომ არ იყო მოთხოვნილი პირგსამტეხლო ვადებულების თანაზომიერი და გონივრული.
საკასაციო საჩივრის ავტორის განმარტებით, ხელშეკრულების მხარეთა თავისუფლება პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში გარანტირებულია მოქმედი კანონმდებლობით. კერძოდ, საქართველოს სამოქლაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მოცემულ შემთხვევაშიც ქ. თბილისის მერია მოქმედებს ხელშეკრულების ძალით. ქ. თბილისის მერია მიიჩნევს, რომ მართალია ხელშეკრულების მხარეები თავისუფალნი არიან პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრაში, მაგრამ სსკ 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. თუმცა ამავდროულად საგულისხმოა, რომ სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს და მიუთითოს საქმის იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომლებიც ადასტურებენ პირგასამეტეხლოს ოდენობის აშკარა უსამართლობას.
კასატორის აზრით, მოცემულ შემთხვევაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ისე მიიღო გადაწყვეტილება შემცირებული პირგასამტეხლოს ნაწილში, რომ არ დაასაბუთა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების დარღვევის ფაქტობრივი გარემოებიდან გამომდინარე, რატომ მიიჩნია შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და რა დაუდო საფუძვლად პირგასამტხელოს ამგვარ შემცირებას. პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობას და სხვა გარემოებებს, კერძოდ იმას, როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამეტხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასმტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შესრულების ხანგრძლივობა და სხვა.
კასატორის აზრით, სააპელაციო სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არასწორად განმარტა იგი. ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში არ არსებობდა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის საფუძველზე პირგასამტეხლოს შემცირების სამართლებრივი საფუძველი, არ იკვეთებოდა არც ერთი ისეთი გარემოება, რაც საფუძვლად დაედებოდა პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა მიერ ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლოს მინიმალური პროცენტი, რაც შეადგენდა ქირის 0.1 %-ს დარღვევის დღიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გადასახდელი თანხის ოდენობა მყიდველისათვის ცნობილი იყო შესაბამისად, მას ჰქონდა რეალური შესაძლებლობა განესაზღვრა ქირის გადაუხდელობის შედეგად დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა, რაც გულისხმობს, რომ მხარეს გათვითცნობიერებული ჰქონდა ხელშეკრულების პირობის არსი. პირგასამტეხლო ერთგვარი გარანტიაა კრედიტორისთვის რათა მოვალის მიერ შესრულებულ იქნეს კეთისინდისიერად სახელშეკრულებო პირობები და არ ჰქონდეს ადგილი პასუხისმგებლობისაგან თავის არიდების ფაქტს.
ამრიგად, კასატორმა მიიჩნია, რომ სასამართლო არ იყო უფლებამოსილი ყოველგვარი სამართლებრივი დასაბუთების გარეშე მიეღო გადაწყვეტილება პირგასამტეხლოს შემცირების შესახებ.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
განსახილველ შემთხვევაში, წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას 0,1%-დან 0,07%-მდე.
საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება, ამ ვალდებულების შესრულებამდე. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება.
სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, მხარის შუამდგომლობის საფუძველზე უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე.
პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ვალდებულების დარღვევისათვის გათვალისწინებული პირგასამტეხლოს დანიშნულებისა და მისი განაკვეთის შემცირების წინაპირობების თაობაზე არსებობს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (იხ. სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-48-43-2015 განჩინება; სუს 2014 წლის 10 აპრილის Nას-23-23-2014 განჩინება; სუს 2013 წლის 20 მაისის Nას-1432-1351-2012 განჩინება).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე