5 მაისი, 2015 წელი
საქმე№ას-129-121-2015 ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
მოსამართლე
ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ზ. ე-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – თ. ფ-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ზ. ე-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. ფ-ის მიმართ მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფის თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებით ზ. ე-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა; ზ. ე-ს შვილთან 2004 წლის 26 დეკემბერს დაბადებულ ნ. ე-თან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველკვირეულად შაბათი და კვირა 12.00 საათიდან 15.00 საათამდე წაყვანის უფლებით; ზ. ე-ს მიეკუთნა მეუღლეთა თანასაკუთრებიდან 1/2 წილი, რაც შეადგენს უძრავი ქონების, ქ. ქუთაისი, ჯ-ის ქ. №.. შესახვევი №...-ში არსებული ფართის ღირებულების ნახევარს 11500 ლარს; ზ. ე-ის სარჩელი ალიმენტის თანხის შემცირების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ფ-ემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებით თ. ფ-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა; ქონების მიკუთვნების ნაწილში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების (1.2 პუნქტი) შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება; ზ. ე-ის სარჩელი ქალაქ ქუთაისში, ჯ-ის ქუჩის ... შესახვევის №....-ში მდებარე უძრავი ნივთიდან 1/2 წილის მიკუთვნების თაობაზე არ დაკმაყოფილდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაზე ზ. ე-მა შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 11 თებერვლის განჩინებით ზ. ე-ის საკასაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი და მის ავტორს დაევალა 5 (ხუთი) დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის – 575 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედნის წარმოდგენა.
2015 წლის 17 მარტს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ე-მა და იშუამდგომლა საპროცესო ვადის 5 აპრილამდე გაგძელების თაობაზე იმ საფუძვლით რომ, ის ხელფას იღებს ყოველი თვის 5 რიცხვში.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ზ. ე-ის შუამდგომლობა ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 575 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა.
2015 წლის 8 აპრილს სასამართლოს განცხადებით მომართა ზ. ე-მა, წარმოადგინა 200 ლარის ჩარიცხვის ქვითრის დედანი და იშუამდგომლა დარჩენილი 375 ლარის გადახდისათვის საპროცესო ვადის 2 კვირით გაგძელების თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ზ. ე-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 575 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა უკვე გადახდილი 200 ლარის გათვალისწინებით.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საქართველოს უზენაესი სასამართლო მიიჩნევს, რომ ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა იქნას დატოვებული შემდეგი გარემოებების გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარე, მხარე კანონით ან სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის განმავლობაში ვალდებულია, განახორციელოს მისთვის დაკისრებული მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარემ დაკარგა ინტერესი დავის მიმართ.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს აქ ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული ან საკასაციო საჩივარი არ არის შეტანილი კანონით დადგენილ ვადაში, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლო საკასაციო საჩივრის სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის მოთხოვნებთან შეუსაბამობის შემთხვევაში, დაადგენს ხარვეზს და მხარეს განუსაზღვრავს საპროცესო ვადას შესაბამისი საპროცესო მოქმედების განხორციელების მიზნით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 15 აპრილის განჩინებით ზ. ე-ის შუამდგომლობა საპროცესო ვადის გაგრძელების შესახებ ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და დაევალა მოცემული განჩინების ასლის ჩაბარებიდან 7 დღის ვადაში საქართველოს უზენაეს სასამართლოში სახელმწიფო ბაჟის სახით 575 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის წარმოდგენა უკვე გადახდილი 200 ლარის გათვალისწინებით.
ხარვეზის დადგენის შესახებ უზენაესი სასამართლოს განჩინება კასატორს გაეგზავნა საკასაციო საჩივარში მითითებულ მისამართზე და ჩაბარდა 2015 წლის 22 აპრილს (იხ.ხელწერილი ს.ფ.224-225).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო უწყება იგზავნება ამ კოდექსის 70-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ტექნიკური საშუალებით, ფოსტით, სასამართლო კურიერის მეშვეობით ან მხარეთა შეთანხმებით გათვალისწინებული ჩაბარების განსხვავებული წესის მიხედვით. სასამართლო თვითონ იღებს გადაწყვეტილებას, უწყების გაგზავნის რომელი ფორმა გამოიყენოს, რომელ მისამართზე გააგზავნოს უწყება, და არ არის ვალდებული, დაიცვას თანამიმდევრობა. სასამართლომ დასაბარებელ პირს უწყება შეიძლება ჩააბაროს ასევე სასამართლოს შენობაში. თუ პირველად გაგზავნისას უწყების ადრესატისათვის ჩაბარება ვერ ხერხდება, იგი დასაბარებელ პირს უნდა გაეგზავნოს დამატებით ერთხელ მაინც იმავე ან სასამართლოსთვის ცნობილ სხვა მისამართზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 61-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, საპროცესო მოქმედება, რომლის შესასრულებლადაც დადგენილია ვადა, შეიძლება შესრულდეს ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე. თუ საჩივარი, საბუთები ან ფულადი თანხა ფოსტას ან ტელეგრაფს ჩაბარდა ვადის უკანასკნელი დღის ოცდაოთხ საათამდე, ვადა გასულად არ ჩაითვლება.
აღნიშნული ნორმების ანალიზიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ხარვეზის შევსების 7 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2015 წლის 23 აპრილს და დასრულდა ამავე წლის 29 აპრილს. საკასაციო საჩივრის ავტორს ამ ვადაში ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მოუმართავს სასამართლოსათვის, რაც მისი საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, ზ. ე-ს უნდა დაუბრუნდეს მ. უ-ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 2015 წლის 7 აპრილს გადახდილი 200 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლით, 396-ე მუხლის მე-3 ნაწილით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ზ. ე-ის საკასაციო საჩივარი ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩეს განუხილველად.
2. ზ. ე-ს (პ/№.....) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მარიამ უღრელიძის (პ/№......) მიერ 2015 წლის 7 აპრილს გადახდილი 200 ლარი.
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
მოსამართლე: ნინო ბაქაქური