№ ას-1311-1249-2014 25 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი განხილვის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ზ. ჭ-ი, კ. დ-ე (მოპასუხეები)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინება
საკასაციო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა ზ. ჭ-სა და კ. დ-ის მიმართ დანაშაულით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის კანონიერ ძალაში შესული 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით კ. დ-ე და ზ. ჭ- ცნობილ იქნენ დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. კერძოდ, ყალბი ოფიციალური დოკუმენტების გამოყენებით თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული 9067 კვ.მ მიწის ნაკვეთის მითვისებისათვის. ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი: კ. დ-ესა და ზ. ჭ-ს სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 498 685 ლარის ოდენობით. განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში.
მოსარჩელემ თავდაპირველად მოითხოვა ამ თანხის დაკისრება, შემდგომში დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა 906 700 ლარის დაკისრება. საბოლოოდ, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოითხოვა 408.15 ლარის დაკისრება იმ საფუძვლით, რომ სასამართლოს განაჩენით დაკისრებული თანხა წარმოადგენდა მიწის ნორმატიულ ღირებულებას. მიწის საბაზრო სარეალიზაციო ღირებულება კი იმ დროისათვის განისაზღვრებოდა 906 700 ლარით. მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა წარმოადგენდა სხვაობას განაჩენით დაკისრებულ ნორმატიულ ღირებულებასა და საბაზრო ღირებულებას შორის.
ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულისაგან დანაშაულით მიტაცებული მიწის ნაკვეთი ამ ეტაპზე წარმოადგენდა გ. კ-ის და ზ. გ-ის საკუთრებას, რის გამოც ვერ ხდებოდა მიწის ნაკვეთის ნატურით დაბრუნება.
მოპასუხე კ. დ-ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო და განმარტა, რომ სარჩელს ეთანხმება მისი წილი ბრალეულობის შესაბამისად, დამატებითი თანხის დაკისრება კი უსაფუძვლოდ მიიჩნია.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ქ. თბილისის მერიამ და მოითხოვა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის N2/1158-13 გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ქ. თბილისის მერიის სარჩელის დაკმაყოფილება.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 28 ოქტომბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ჭ-მა და კ. დ-ემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით განახორციელეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 067 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაცია. კერძოდ, ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩაზე, ავტობაზრობის მიმდებარედ კ. დ-ეს კერძო საკუთრებად დაურეგისტრირდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 067 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის დადგენილი ნორმატიული ღირებულება 2007 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 498 685 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა (ტ. I, ს.ფ. 12-111; 38).
პალატამ ასევე დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სრულად დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი - კ. დ-ეს და ზ. ჭ-ს სამოქალაქო მოსარჩელის - სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 498 685 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 109).
ამდენად, მოსარჩელემ დისპოზიციური ნების ფარგლებში თავად განსაზღვრა სარჩელის საგანი - მოთხოვნის მოცულობა, რაც სასამართლოს მიერ დაკმაყოფილდა სრულად.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დაწყებულია იძულებითი აღსრულება დაკისრებული თანხის გადახდევინების თაობაზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 245-251; სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 258-267; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე).
ამდენად, სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფომ სისხლის სამართლის საქმეზე თავად განსაზღვრა ზ. ჭ-ს და კ. დ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული 9 067 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მითვისებით მიყენებული ზიანის ოდენობა 498 685 ლარით, რაც სრულად დაკმაყოფილდა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, პალატამ მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ს და კ. დ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანი სრულადაა ანაზღაურებული ზემოაღნიშნული განაჩენით.
სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ქ. თბილისის მერია სარჩელით თავდაპირველად ითხოვდა იმავე თანხას, რასაც სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელით ითხოვდა სახელმწიფო - 498 685 ლარს (ტ. I, ს.ფ. 4), ხოლო შემდეგ, სასამართლოში წარდგენილ იქნა შპს „ა. კ. პ-ის“ 2013 წლის 22 მაისის აუდიტორული დასკვნა, რომლის შესაბამისად, 2010 წლის 15 აპრილის მდგომარეობით, ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩა, ავტობაზრობის მიმდებარედ განთავსებული 9 067 კვ.მ. მიწის ფართის საბაზრო სარეალიზაციო ღირებულებამ შეადგინა 906 700 ლარი (ტ. I, ს.ფ. 165-170). ამის შემდეგ მოსარჩელე ქ. თბილისის მერიამ დააზუსტა მოთხოვნა და მოითხოვა სხვაობა სისხლის სამართლის საქმეზე სახელმწიფოს მიერ მოთხოვნილ ქონების 2007 წლის ივლისის თვის მდგომარეობით არსებულ ნორმატიულ ღირებულებასა და ამ ქონების 2010 წლის 15 აპრილის მდგომარეობით საბაზრო სარეალიზაციო ღირებულებას შორის (906 700-498 685=408 015).
შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ვინაიდან დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღურების მოთხოვნა სისხლის სამართლის საქმეში აღძრული სამოქალაქო სარჩელით სრულად არის დაკმაყოფილებული, არ არსებობდა მოპასუხეებისათვის ზიანის ანაზღაურების სახით ქ. თბილისის მერიის მიერ სარჩელით მოთხოვნილი 408 015 ლარის დამატებით დაკისრების საფუძველი.
პალატამ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სარჩელის საგანს წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების შესრულება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის შესაბამისად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ზ. ჭ-ს და კ. დ-ის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე არსებობს გადაწყვეტილება და დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების ოდენობის გაზრდა ქ. თბილისის მერიის სარჩელის ფარგლებში.
აპელანტის განმარტებით, პირველი ინსტანციის სასამართლომ გადაწყვეტილებაში არასწორად მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ოდენობა. კერძოდ, ნაცვლად 408 015 ლარისა მითითებულია 408.15 ლარი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას ქ. თბილისის მერიამ დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა მოპასუხეებს დაკისრებოდათ განაჩენით დაკისრებულ მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულებასა და ნორმატიულ ღირებულებას შორის სხვაობა - 408 015 ლარის ოდენობით (იხ.: 02.04.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე, 16:06:37-16:08:24). ამდენად, პალატამ აღნიშნა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 16 აპრილის გადაწყვეტილებაში სასარჩელო მოთხოვნის ოდენობად 408.15 ლარის მითითება წარმოადგენს მექანიკურ უსწორობას, რაც მითითებულ გადაწყვეტილებაში უსწორობის გასწორების წინაპირობაა და არ წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველს.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. თბილისის მერიამ შეიტანა საკასაციო საჩივარი და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო სასამართლოს დასაბუთებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით, რომელიც შესულია კანონიერ ძალაში მოპასუხე მხარეს დაეკისრა 498.685 ლარის გადახდა სამოქალაქო მოსარჩელის, სახელმწიფოს სასარგებლოდ. სასამართლომ მიიჩნია, რომ აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა მოიცავდა ამჟამად ზ. ჭ-ს და კ. დ-ის მიმართ აღძრულ სასარჩელო მოთხოვნას მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის დავაში მოთხოვნას წარმოადგენდა მიწის ნორმატიული ღირებულება, ხოლო სამოქალაქო სარჩელით მოთხოვნილია მიწის საბაზრო ღირებულება.
საჩივრის ავტორმა მიუთითა იმ დროს მოქმედ „საქართველოს დედაქალაქის - თბილისის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტზე, რომლის თანახმად, ქ. თბილისის თვითმმართველობის საკუთრებას წარმოადგენს თბილისის ტერიტორიაზე არსებული არასასოფლო სამეურნეო დანიშნულების მიწა, გარდა კერძო საკუთრებაში არსებული და სახელმწიფო ქონებაზე დამაგრებული და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონებაზე დამაგრებული მიწებისა, აგრეთვე ის მიწები, რომლებიც ექვემდებარება დასახლებული კატეგორიის ქონებაზე (სახელმწიფო ქონება და სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით არსებული იურიდიული პირების ქონება) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით დამაგრებას. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნული კანონის შესაბამისად, ქონება წარმოადგენდა ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონებას.
საკასაჩიო საჩივრის ავტორის მითითებით, განსახილველ შემთხვევაში განსასჯელთა მიერ დანაშაულის ჩადენა, რითაც დასტურდება თბილისის მერიისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 15 აპრილის განაჩენით (საქმე #......).
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გაცემული ადმინისტრაიცულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება ზიანის ოდენობა, ხოლო ამავე კოდექსის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ სასამართლოსგან დამოუკიდებლად უზრუნველყონ ექსპერტიზის ჩატარება. ასეთ შემთხვევაში ექსპერტის დასკვნა სასამართლოს უნდა წარედგინოს სასამართლოში საქმის აღძვრის ან საქმის მომზადების სტადიაზე. სარჩელის (შესაგებლის) წარდგენისას მხარეს უფლება აქვს მოითხოვოს ვადა ექსპერტის დასკვნის წარსადგენად.
კასატორის განმარტებით, ვინაიდან საქმეში არსებული განაჩენით დადგენილი არ იყო მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულება (დადგენილია მხოლოდ ნორმატიული ღირებულება, რაც შეადგენს 498.685 ლარს), ქ. თბილისის მერიის მიერ საქმის მოსამზადებელ სხდომაზე წარდგენილი იქნა აუდიტის დასკვნა მიწის ნაკვეთის საბაზრო ღირებულების მითითებით და შუამდგომლობა, რომლითაც დაზუსტებული იქნა სარჩელის ფასი საბაზრო ღირებულების გათვალისწინებით, ვინაიდან საბაზრო ფასი განისაზღვრება შედარების მეთოდით, რომელიც ეფუძნება შესაფასებელი უძრავი ქონების შედარებას მსგავს გაყიდულ უძრავი ქონების ნასყიდობის ფასთან, ანუ ბაზარზე ანალოგიური (მსგავსი) უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ ინფორმაცია, რაც მყიდველმა უნდა გასწიოს შესაძენი ქონების ნაცვლად სხვა მსგავსი ქონების შეძენისას. ხოლო რაც შეეხება მუნიციპალიტეტის მიერ განსაზღვრულ ზონირებას, კასატორის აზრით, აღნიშნული მიზნად ისახავს მიწის ნაკვეთების ნორმატიული ფასის განსაზღვრას, რომელიც წარმოადგენს მინიმალურ ღირებულებას, რა ფასადაც სახელმწიფო უფლებამოსილია განკარგოს უძრავი ქონება. ნორმატიული ფასი განისაზღვრება ყოველ წელს და რჩება უცვლელი. შესაბამისად აშკარაა, რომ საბაზრო ღირებულება და ნორმატიული ფასი შეუძლებელია იყოს იდენტური. მოცემულ შემთხვევაში ქ. თბილისის მერიის მიერ მოთხოვნილი იქნა ქონების საბაზრო ღირებულება, რაც ზემოთ მოცემული განმარტებიდან გამომდინარე საფუძვლიანია.
საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ განსახილველ შემთხვევაში საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს მიერ საქმეზე ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არსებობს, ვინაიდან საკასაციო საჩივარში მითითებული საკითხების შეფასება მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაკტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 31 დეკემბრის განჩინებით ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი წარმოებაში იქნა მიღებული სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნას დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად არის ცნობილი დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით დადგენილია, რომ ზ. ჭ-მა და კ. დ-ემ ყალბი დოკუმენტების გამოყენებით განახორციელეს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 9 067 კვ.მ. არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკეთის კერძო საკუთრებად რეგისტრაცია. კერძოდ, ქ. თბილისში, ბ-ის ქუჩაზე, ავტობაზრობის მიმდებარედ კ. დ-ეს კერძო საკუთრებად დაურეგისტრირდა ზემოაღნიშნული მიწის ნაკვეთი. ამ გზით დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თაღლითურად დაეუფლნენ სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 9 067 კვ.მ მიწის ნაკვეთს, რომლის დადგენილი ნორმატიული ღირებულება 2007 წლის ივლისის თვის მდგომარეობით შეადგენდა 498 685 ლარს, რითაც სახელმწიფოს დიდი ოდენობით ზიანი მიადგა (ტ. I, ს.ფ. 12-111; 38).
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით სრულად დაკმაყოფილდა სამოქალაქო სარჩელი - კ. დ-ეს და ზ. ჭ-ს სამოქალაქო მოსარჩელის - სახელმწიფოს სასარგებლოდ დაეკისრათ ზიანის ანაზღაურება 498 685 ლარის ოდენობით (ტ. I, ს.ფ. 109). განაჩენი შესულია კანონიერ ძალაში და სამოქალაქო სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში დაწყებულია იძულებითი აღსრულება დაკისრებული თანხის გადახდევინების თაობაზე (იხ.: გადაწყვეტილება, ტ. I, ს.ფ. 245-251; სააპელაციო საჩივარი, ტ. I, ს.ფ. 258-267; თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 28.10.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსთვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). ასეთი პრეტენზია კასატორის მხრიდან წარმოდგენილი არ არის, ამიტომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილად ცნობილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებები საკასაციო სასამართლოსთვის სავალდებულოდ ითვლება.
მოცემულ საქმეში კასატორის პრეტენზია ეხება იმას, რომ სასარჩელო მოთხოვნა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილი განაჩენით დაკმაყოფილდა, არ მოიცავდა მის მიერ ამჟამად წარდგენილ სარჩელში მითითებულ მოთხოვნას, რადგან სისხლის სამართლის დავაში სამოქალაქო სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა მიწის ნორმატიული ღირებულების ანაზღაურება, ხოლო წინამდებარე სარჩელით მოთხოვნილია მიწის საბაზრო ღირებულება.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ როგორც სისხლის, ისე წინამდებარე სამოქალაქო სამართლის საქმეში სამოქალაქო სარჩელის საგანს წარმოადგენდა დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ასეთ სარჩელებში, მოსარჩელე თავად განსაზღვრავს მის მიმართ მიყენებული ზიანის სახეს და ოდენობას.
სააპელაციო სასამართლომ გასაჩივრებულ განჩინებაში მიუთითა, რომ სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფომ თავად განსაზღვრა ზ. ჭ-სა და კ. დ-ის მიერ მის საკუთრებაში არსებული 9 067 კვ.მ. მიწის ნაკვეთის მითვისებით მიყენებული ზიანის ოდენობა 498 685 ლარით, რაც სრულიად დაკმაყოფილდა კიდეც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 15 აპრილის კანონიერ ძალაში შესული განაჩენით.
აღნიშნულის საწინააღმდეგოდ საკასაციო საჩივრის ავტორს არ წარმოუდგენია რაიმე არგუმენტაცია. კერძოდ, საკასაციო საჩივრის ავტორს არ მიუთითებია, რატომ მოხდა სისხლის სამართლის საქმეში სამოქალაქო მოსარჩელე სახელმწიფოს მიერ ზიანის ოდენობის განსაზღვრა 498 685 ლარით და რატომ არ მოიცავდა აღნიშნული თანხა მიწის საბაზრო ღირებულებას.
ასეთ პირობებში, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი საფუძვლით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან და საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერიის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველი;
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე