საქმე №ას-139-130-2015 28 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „S. A.F. C.“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „თ“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
შპს „S. A.F. C.“ –მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „თ.ს“ მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხისათვის 20 532 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო იმ საფუძლით, რომ მან ახალი, 2013 წლის 22 მარტის შეთანხმების შესაბამისად, ვალდებულება ჯეროვნად შეასრულა და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით შპს „S. A.F. C. -ს“ სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „თ.ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 20 532 ლარის გადახდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს „თ.ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა გასაჩივრებული გადაწყვეტილება და შპს „S. A.F. C.-ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი საფუძლებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ 2013 წლის 28 თებერვალს შპს „თ.მა“ და შპს „ S. A.F. C.-მ“ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა მიეწოდებინა ცოცხალი თევზი ხელშეკრულების დანართში მითითებულ ასორტიმენტში, რაოდენობასა და ფასში;
ხელშეკრულების დანართის მიხედვით, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა მიეწოდებინა სულ სამი დასახელების თევზი: 14 000 კგ. ამური, 30 000 კგ. სქელშუბლა და 12 000 კგ. კობრი, ამასთან, ხელშეკრულების თანახმად, 1 კგ. მისაწოდებელი ამურის ფასი განისაზღვრა 6 ლარით, 1 კგ. სქელშუბლას ფასი _ 3 ლარით, ხოლო 1 კგ. კობრის _ 6 ლარით;
2013 წლის 22 მარტს მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომლითაც, აპელანტმა აიღო ვალდებულება, მოწინააღმდეგე მხარისათვის, გარდა უკვე შეთანხმებული სახეობის თევზისა, დამატებით, მიეწოდებინა ლოქოს ლიფსიტები. ამავდროულად მხარეებმა განახორციელეს მისაწოდებელი პროდუქციის ფასის კორექტირება თევზის წონის მიხედვით (40-დან 200 გრ.-მდე სქელშუბლას ფასი განისაზღვრა 3 ლარით; 400-1000 გრ. სქელშუბლას _ 3,5 ლარით; 40-200 გრ. ამურის _ 6 ლარით; 400-1000 გრ. ამურის _ 7 ლარით; 150-200 გრ. კობრის _ 6 ლარით; 300-1000 გრ. კობრის _ 8 ლარით; ხოლო 200-1000 გრ. ლოქოს _ 15 ლარით);
პალატამ მიუთითა 2013 წლის 23 მარტიდან 17 ივნისის ჩათვლით განხორციელებულ მიწოდებებზე და აღნიშნა, რომ ამ პროდუქციის ფასი აპელანტმა გამოიანგარიშა 2013 წლის 22 მარტის შეთანხმების საფუძველზე, რომლის საერთო ღირებულებამ შეადგინა 88 134 ლარი. თავდაპირველი შეთანხმებით გათვალისწინებული ფასების მიხედვით, პროდუქციის ღირებულება შეადგენდა 67 602 ლარს. ამის შესაბამისად, ფასთა შორის სხვაობამ შეადგინა 88 134-67 602=20 532 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, მხარეთა შორის სადავო მხოლოდ ხელშეკრულების პირობების შეცვლის ფაქტი იყო. ძირითადი საბუთი, რომელიც ამის დასამტკიცებლად აპელანტმა სასამართლოს წარმოუდგინა იყო 2013 წლის 22 მარტით დათარიღებული ე.წ დანართი №.., რომელშიც მითითებული იყო ხელშეკრულების დანართ №..-ში ჩამოთვლილი პროდუქციისაგან განსხვავებული ასორტიმენტი და ფასი. გარდა ამისა, მან სასამართლოს წარუდგინა მხარეთა მიერ ხელმოწერილი მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთაგან ნაწილი ხელით იყო შევსებული, ხოლო ნაწილი _ ნაბეჭდი.
პირველი ინსტანციის სასამართლოში, საქმის მომზადების ეტაპზე და, მათ შორის, მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ სადავოდ გახადა დანართი №..-ისა და ე.წ გადასწორებული მიღება-ჩაბარების აქტების ნამდვილობა, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის, ასევე, საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის 2003 წლის 21 ივლისის გადაწყვეტილების შესაბამისად (რადგანაც მოსარჩელე დანართ №..-ს სადავოდ ხდიდა იმ საფუძლით, რომ: ა) ამ დოკუმენტზე არსებული ხელმოწერა საწარმოს დირექტორს, ი. მ. კ.ს არ ეკუთვნოდა და ბ) დანართის პირველ გვერდზე არსებული მონაცემები მხარეთა შორის შეთანხმებული არ ყოფილა), დანიშნა ექსპერტიზა.
სსიპ ლ.ს.ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ექსპერტმა დაასკვნა, რომ საკვლევი ხელმოწერა ეკუთვნოდა ი.მ.კ.ს, დასკვნა იყო დამაჯერებელი და მას არც მხარეები შეცილებიან.
საბუთზე საწარმოს მეორე დირექტორის, დ.ჯ.სა და აპელანტის დირექტორის, ს.პ.ის ხელმოწერების ნამდვილობა სადავო არ გამხდარა.
სააპელაციო პალატის დასკვნით, ხელმოწერების განლაგებისა და ფორმის მიხედვით, ისიც აშკარა იყო, რომ ამ ხელმოწერებით მხარეებმა მათ შორის მიღწეული რომელიღაც შეთანხმება დაამოწმეს და რადგან მხარეებს არ მიუთითებიათ, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გარდა, მათ შორის, სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიც არსებობდა, ასევე, რადგან ამ დამოწმებულ ტექსტში მხარეები „გამყიდველად“ და „მყიდველად“ იყვნენ მოხსენიებული, პალატამ დაასკვნა, რომ შეთანხმება, რომელიც მხარეებმა დაამოწმეს ეხებოდა სწორედ სადავო სამართლებრივ ურთიერთობას და ამ ურთიერთობის ფარგლებში დადებულ გარიგებას.
სასამართლოს განმარტებით, ის გარემოება, რომ ხელმოწერები ცალკე ფურცელზე იყო შესრულებული, თავისთავად, საბუთის სიყალბეს ან გარიგების არარსებობას არ ამტკიცებდა, რადგანაც იმავე წესით იყო შესრულებული ხელმოწერები თავად შპს „S. A. F. C.-ს“ წესდებაზე, რომლის ნამდვილობაც სადავოდ არავის გაუხდია. გარდა ამისა, მოსარჩელე მხარეს ხელი არც ძირითადი ხელშეკრულების ყველა გვერდზე მოუწერია _ საბუთიდან აშკარად ჩანდა, რომ მის გვერდებზე ხელი არა მოსარჩელის, არამედ აპელანტის წარმომადგენელმა მოაწერა.
პალატის დასკვნით, ამ გარიგების პირობები, პირველ ყოვლისა, დგინდებოდა საქმეში ნაბეჭდი სახით წარმოდგენილი მიღება-ჩაბარების აქტებით, რომლებზეც ხელი აპელანტთან ერთად მოწინააღმდეგე მხარის დირექტორ დ.ჯ.ს ჰქონდა მოწერილი. ს.ფ. 78-სა და 84-ზე წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში პროდუქციის ღირებულება, სწორედ, სადავო დანართი 2-ით გათვალისწინებული ფასებით იყო დაფიქსირებული. არც ერთი ინსტანციის სასამართლოში მოსარჩელის წარმომადგენელს ეს მიღება-ჩაბარების აქტები სადავოდ არ გაუხდია. მან საქმის მომზადების ეტაპზე სადავოდ გახადა, მხოლოდ ხელნაწერი, ე.წ ჩასწორებული აქტების ნამდვილობა, რომლის დედნებიც მხარეებმა შემდგომში სასამართლოს წარუდგინეს.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, რადგან მოსარჩელემ აპელანტისაგან შესრულება მიიღო, იგულისხმებოდა, რომ გარიგება არსებობდა, სადავო დანართი 2-ის პირველ გვერდზე დაფიქსირებული მონაცემები კი იყო ნამდვილი, ანუ ხელშეკრულების დადების შემედგ მხარეები მისაწოდებელი პროდუქციის განსხვავებულ ფასებზე რომ არ შეთანხმებულიყვნენ, ეს ფასი არც ორივე მხარის დირექტორების მიერ ხელმოწერილ მიღება-ჩაბარების აქტებში აისახებოდა. რაც მთავარია, თავად მოსარჩელის მიერ სასამართლოსათვის წარდგენილი, გადაუსწორებელი, ხელნაწერი მიღება-ჩაბარების აქტების თანახმად, აპელანტის მიერ მისთვის მისაწოდებელი პროდუქცია მოიცავდა ლოქოს ლიფსიტებსაც. ხელშეკრულების დანართი 1-ის შესაბამისად, აპელანტს მოწინააღმდეგე მხარისათვის ლოქოს მიწოდების ვალდებულება არ ჰქონია, ეს ვალდებულება მან მხოლოდ სადავო დანართი 2-ის საფუძველზე აიღო. აღნიშნული ფაქტი კი, დანართი 2-ის პირველ გვერდზე არსებული მონაცემების ნამდვილობას ადასტურებდა.
ამგვარად, პალატამ დაასკვნა, რომ საქმის მასალებით სადავო საბუთის ნამდვილობა დადგინდა. დადგინდა ისიც, რომ 2013 წლის 22 მარტს მხარეებმა ხელი მოაწერეს ხელშეკრულების დანართ №..-ს, რომლითაც თავდაპირველი შეთანხმებისაგან განსხვავებულად დაადგინეს მისაწოდებელი პროდუქციის სახეობა და ფასი.
პალატამ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე და განმარტა, რომ დანართი №.. არის ნების გამოვლენა, რომლითაც მხარეებმა შეცვალეს მანამდე არსებული სამართლებრივი ურთიერთობა. ამ გარიგებით შეწყდა მხარეთა შორის უკვე არსებული ურთიერთობა და წარმოიშვა ახალი, რომლის პირობებიც აპელანტმა ჯეროვნად შეასრულა. სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის შესაბამისად, შეწყდა ვალდებულება შესრულებით და ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „S. A.F. C.-მ“, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:
სააპელაცო პალატის დასკვნა, რომ დანართ №..-ზე არ ყოფილა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლის შესაბამისად გაცხადებული სიყალბე, რაც ადასტურებს საბუთის ნამდვილობას, ეწინააღმდეგება მტკიცებულებათა შეფასებისა და გამოკვლევის მარეგულირებელ ნორმებს. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე მუხლი არ ზღუდავს მხარეს, არ დააყენოს შუამდგომლობა დოკუმენტის სიყალბის გამო ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე, თუმცა ეს არ ნიშნავს დოკუმენტის ნამდვილობას, მხარეს სრული უფლება აქვს, წარადგინოს საპირისპირო მტკიცებულებები, სთხოვოს სასამართლოს არ გაიზიაროს სადავო დოკუმენტი, როგორც მოცემულ შემთხვევაში მოიქცა მოსარჩელე. ამასთანავე, მოსარჩელის შედავების საფუძვლების შესაბამისად, დოკუმენტის ნამდვილობა სასამართლოს არა ექსპერტიზის დასკვნის, არამედ მტკიცებულებათა ერთობლივად შეფასებით უნდა დაედგინა. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 137-ე, 105-ე და 102-ე მუხლების მოთხოვნათა დარღვევას.
სააპელაციო პალატამ დაადგინა ურთიერთწინააღმდეგობრივი გარემოებები, კერძოდ, ერთი მხრივ, პალატამ აღნიშნა, რომ 2013 წლის 22 მარტს მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომლითაც გაითვალისწინეს ლოქოს ლიფსიტის მიწოდების საკითხი, ხოლო, მეორე მხრივ, დაადგინა ამ შეთანხმებით მისაწოდებელი პროდუქციის ახალი ფასების განსაზღვრა. სასამართლოს ამ დასკვნების უმართებულობას ადასტურებს ის, რომ მას არ მიუთითებია კონკრეტულ მტკიცებულებაზე, რომელზე დაყრდნობითაც მივიდა სადავო დასკვნამდე, ამასთანავე, სადავოს წარმოადგენდა ის ფაქტი, რომ მხარეთა შორის არანაირი ახალი გარიგება არ დადებულა.
მოცემულ შემთხვევაში, საქმეში წარმოდგენილი ე.წ დანართი №., ხოლო მეორე მხრივ, გადასწორებული აქტები, რომელთაგან არცერთს არ ეთანხმება მოსარჩელე, რადგანაც დანართი №.. შედგება 2 ფურცლისგან და დოკუმენტის იმ ფურცელს, როელზეც პირობებია მოცემული, ხელმოწერა არ აქვს, რაც ამ ფურცლების ერთ დოკუმენტად აღქმას გამორიცხავს, გარდა აღნიშნულისა, საქმეში არსებობს მოსარჩელის ახსნა-განმარტება, სადაც მხარემ გადმოსცა, რომ მას ხელი იმავე კომპანიასთან გასაფორმებელ სხვა დოკუმენტზე მოაწერინეს, თუმცა იმ მოტივით, რომ გარიგება აღარ შედგა, ეს დოკუმენტი არ დაუბრუნებიათ. ვინაიდან ხელმოწერილ ფურცელზე არაა თარიღი დასმული, სავარაუდოა, რომ ეს ხელმოწერა სხვა გარიგების პროექტზე არსებული ხელმოწერაა. საქმეში მხარეების მიერ წარმოდგენილია მიღება-ჩაბარების აქტები, სადაც საქონლის ღირებულება ხელშეკრულების დანართი №1-ის შესაბამისადაა მითითებული, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ აქტებზე ფასები გადასწორებულია; გარდა აღნიშნულისა, საქმეში წარმოდგენილია სასაქონლო ზედნადებები, რომელთაც მოსარჩელე არ დაეთანხმა და არ დაუდასტურა შემოსავლების სამსახურის ვებ-გვერდზე, თუმცა ამ აქტებში საინტერესო ისაა, რომ მოპასუხის მიერ შევსებულ კორექტირებულ დოკუმენტაციაში ფასები მითითებულია დანართი №1-ის შესაბამისად, მოპასუხეს, სასამართლოს შეცდომაში შეყვანის მიზნით ეს აქტები არ წარმოუდგენია. მოპასუხე ვერ მიუთითებს, თუ რა ვითარებაში მოეწერა ხელი დანართ №..-ს, რადგანაც ამ დროისათვის შპს „S. A.F. C.-ს“ დირექტორი რეანიმაციაში იწვა, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტებით, სწორედ სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემდგომ განაცხადა მოპასუხემ, რომ ხელშეკრულებას ხელი შპს „თ.ს“ ოფისში არ მოწერია, ამასთან, დანამდვილებით ვერ მიუთითა შეთანხმების კონკრეტული ადგილი.
სააპელაციო პალატამ მითითებულ გარემოებებს შეასება არ მისცა, ამასთანავე, შეფასებული მტკიცებულებები არასწორად ასახა გადაწყვეტილებაში, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და შედეგად არასწორი გადაწყვეტილება იქნა მიღებული.
ამავე საფუძვლებით არ დაეთანხმა კასატორი გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და დამატებით აღნიშნა, რომ მოპასუხემ სასამართლოს წარუდგინა დაკორექტირებული სასაქონლო ზედნადებები, რომლებიც მოსარჩელეს ელექტრონულად არ დაუდასტურებია, რაც შეეხება მიღება-ჩაბარების აქტებს, მოსარჩელის მიერ წარდგენილი დედნებით დასტურდება, რომ მიწოდება სწორედ №1 დანართის შესაბამისი ფასებით განხორციელდა.
პალატამ არასწორად არ გაითვალისწინა მოსარჩელის განმარტება, რომ მხარეთა შორის სხვა გარიგებების პროექტზეც განხორციელდა ხელმოწერა, რომლებიც მოპასუხეებმა წაიღეს, თუმცა იმ მოტივით, რომ შეთანხმება ვერ შედგა, აღარ დაუბრუნებიათ, სასამართლო კი დაუსაბუთებლად მსჯელობს, მხარეთა შორის გაურკვეველი გარიგების დამოწმებაზე და ხელმოწერის სადავო ხელშეკრულებისათვის კუთვნილებაზე.
სასამართლოს მსჯელობა, რომ დოკუმენტის სხვა გვერდზე ხელმოწერა არ ნიშნავს გარიგების ბათილობას სწორია, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, ამ მსჯელობის წინამდებარე შემთხვევასთან მისადაგება გაუმართლებელია, რადგანაც ამ კუთხით სასამართლოს არ შეუფასებია მოსარჩელის წარმომადგენლის მიერ ხელმოწერის ფაქტობრივი შეუძლებლობა, რაც დადასტურებულია კონკრეტული მტკიცებულებებით. ამ კუთხით სასამართლოს მითითება სამეწარმეო სუბიექტის წესდებაზე დაუსაბუთებელია.
სააპელაციო პალატა არასწორად მსჯელობს, რომ მიღება-ჩაბარების აქტებით დგინდება გარიგების არსებობა მხარეთა შორის, ამ კუთხით სასამართლომ ასევე არასწორად მიუთითა ს.ფ 78-84-ზეც, რადგანაც სასამართლოს მიერ მოხმობილი მიღება-ჩაბარების აქტების შეფასებით საპირისპირო გარემოება დასტურდება, შესაბამისად, სასამართლოს მითითება სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლზე არასწორია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „S. A.F. C.-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.
როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორი სადავოდ ხდის სააპელაციო სასამართლოს დასკვნას იმის თაობაზე, რომ 2013 წლის 22 მარტს მხარეებმა დადეს ახალი შეთანხმება, რომლითაც, შპს „თ.მა“ აიღო ვალდებულება, შპს „S. A.F. C.-ისათვის“, გარდა უკვე შეთანხმებული სახეობის თევზისა, დამატებით მიეწოდებინა ლოქოს ლიფსიტები. ახალი შეთნხმებით ახლებურად განისაზღვრა პროდუქციის ფასი და სადავო მიწოდებები განხორციელდა ახალი შეთანხმებით განსაზღვრული ფასების შესაბამისად, რის გამოც ვალდებულება შეწყდა შესრულებით და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. კასატორმა მიუთითა ასევე სააპელაციო სასამართლოს მხრიდან მტკიცებულებათა საპროცესო ნორმების დარღვევით შეფასებაზე, რასაც შედეგად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა მოჰყვა.
საკასაციო პრეტენზიათა დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
მოსარჩელის მოთხოვნა ნასყიდობის ხელშეკრულების არაჯეროვანი შესრულების გამო მოპასუხისათვის თანხის დაკისრებაა. საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ 2013 წლის 28 თებერვალს შპს „თ.მა“ და შპს „S. A.F. C.-მ“ დადეს ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის 1.1. პუნქტის თანახმად, შპს „თ.ს“ მოწინააღმდეგე მხარისათვის უნდა მიეწოდებინა ცოცხალი თევზი ხელშეკრულების დანართში მითითებულ ასორტიმენტში, რაოდენობასა და ფასში.
ხელშეკრულების დანართი №1-ის მიხედვით, შპს „თ.ს“ მოსარჩელე მხარისათვის უნდა მიეწოდებინა სამი დასახელების თევზი: 14 000 კგ. ამური, 30 000 კგ. სქელშუბლა და 12 000 კგ. კობრი. ამავე დანართის თანახმად, 1 კგ. მისაწოდებელი ამურის ფასი განისაზღვრა 6 ლარით, 1 კგ. სქელშუბლას ფასი _ 3 ლარით, ხოლო 1 კგ. კობრის _ 6 ლარით.
მოსარჩელის განმარტებით, მან ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხის ნაწილი _ 123 000 ლარი გადაურიცხა მოპასუხეს, რომელმაც პროდუქცია შეთანხმებულზე 20 532 ლარით ნაკლები ღირებულების მიაწოდა. მიუხედავად დამატებითი ვადის განსაზღვრისა, ასევე წერილობითი მიმართვისა, მოპასუხე უარს აცხადებს დარჩენილი პროდუქციის მიწოდებაზე, ამდენად, მოსარჩელემ ითხოვა ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება.
წინამდებარე დავის საგანს არ წარმოადგენს ხელშეკრულებით განსაზღვრული დარჩენილი (მეორე ტრანშის) შესრულების მოთხოვნის უფლება.
საქმეში წარმოდგენილი შესაგებლით მოპასუხე მოთხოვნის უსაფუძვლობას ასაბუთებს მხარეთა შორის ახალი, 2013 წლის 22 მარტის შეთანხმებით, რომლითაც შპს „S. A.F. C.-მ“ და შპს „თ.მა“ ახლებურად განსაზღვრეს მისაწოდებელი პროდუქტის ღირებულება და განმარტავს, რომ სადავო მიწოდებები სწორედ ახალი ფასების შესაბამისად იქნა განხორციელებული. მითითებული გარემოებებების დადასტურების მიზნით, მოპასუხემ წარადგინა მიღება-ჩაბარების აქტები, ასევე, 2013 წლის 22 მარტით დათარიღებული დანართი №2.
სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება დანართი №2-ის სიყალბის თაობაზე, რომელსაც მოსარჩელე უკავშირებდა, ერთი მხრივ, შპს „S. A.F. C.-ს“ დირექტორ კ.ი.მ.ის ხელმოწერის გაყალბებას, ხოლო, მეორე მხრივ, განმარტავდა, რომ დოკუმენტი ხელმოწერილია არა იმ გვერდზე, რომელზეც ტექსტია დატანილი, არამედ დამოუკიდებელ ფურცელზე, რაც მოსარჩელის მიერ გამოვლენილ ნებას არ ადასტურებს.
საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას სააპელაციო სასამართლოს მხრიდან საქმეში არსებული მტკიცებულებების საპროცესო ნორმების დარღვევით გამოკვლევა-შეფასების თაობაზე და მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნები სადავო გარემოებათა ცალმხრივ და სუბიექტურ გამოკვლევას ემყარება, კერძოდ, დაუსაბუთებელია ქვემდგომი სასამართლოს მსჯელობა, რომლის თანახმადაც, ხელმოწერების განლაგებისა და ფორმის მიხედვით აშკარაა, რომ ამ ხელმოწერებით მხარეებმა მათ შორის მიღწეული რომელიღაც შეთანხმება დაამოწმეს, რადგან მხარეებს არ მიუთითებიათ, რომ სადავო სამართლებრივი ურთიერთობის გარდა, მათ შორის, სხვა სამართლებრივი ურთიერთობებიც არსებობდა.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ დასკვნის გამოტანისას სააპელაციო სასამართლოს სათანადოდ არ შეუფასებია 2013 წლის 22 მარტს (დანართი №2-ში მითითებული თარიღი) შპს „ S. A.F. C.-ს“ დირექტორის საავადმყოფოში ყოფნის ფაქტი, ხოლო ის, მოსაზრება, რომ მხარეებს შესაძლოა რაიმე გარიგება დაემოწმებინათ, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, სადავო შეთანხმების ნამდვილად მიჩნევას არ შეიძლება დაედოს საფუძვლად.
პალატა ასევე დაუსაბუთებლად მიიჩნევს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას მიღება-ჩაბარების აქტების, ასევე ს.ფ. 78-სა და 84-ზე განთავსებული აქტების შეფასების თაობაზე. ამ მტკიცებულებათა შესწავლით სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ მიღება-ჩაბარების აქტში ლოქოს ლიფსიტის მხოლოდ მითითება, რომლის მიწოდება მტკიცებულებებით არ დასტურდება, 2013 წლის 22 მარტის შეათანხმების ნამდვილობას ეჭვქვეშ არ აყენებდა. საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, გამყიდველის სამეწარმეო საქმიანობის გათვალისწინებით, მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში პროდუქციის დასახელება, რომლის მიწოდებაც ამავე მტკიცებულებით არ დასტურდება, უსაფუძვლოს ხდის დასკვნას, დანართი #2-ზე მხარეთა ნამდვილი შეთანხმების არსებობის თაობაზე. ამასთანავე, სააპელაციო სასამართლოს მხედველობიდან გამორჩა ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ მიღება-ჩაბარების აქტებში ხელშეკრულების თავდაპირველი ფასებია მითითებული, ხოლო მოპასუხის მიერ წარმოდგენილ ამავე აქტებში დანართი #1-ის შესაბამისად განსაზღვრული ფასები გადასწორებულია.
საკასაციო პალატა ყურადღებას მიაქცევს მხარეთა შორის დადებული 2013 წლის 28 თებერვლის შეთანხმების 1.1 პუნქტზე, რომელიც ხელშეკრულების ფასსა და მისაწოდებელ პროდუქტს განსაზღვრავს ხელშეკრულების #1 დანართის შესაბამისად, ხოლო 9.1 მუხლით ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანა სავალდებულო _ წერილობითი ფორმითაა განსაზღვრული.
სამოქალაქო კოდექსის 328-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის მხარეებმა გაითვალისწინეს წერილობითი ფორმა, მაშინ ხელშეკრულება ძალაში შედის მხოლოდ ამ ფორმის შესახებ მოთხოვნის შესრულების შემდეგ. ამავე კოდექსის 68-ე-71-ე მუხლებით რეგულირებულია გარიგების ფორმის შესახებ ზოგადი წესები და წერილობითი ხელშეკრულების ნამდვილობისათვის კანონმდებელი ადგენს მხარეთა ხელმოწერის აუცილებლობას, რაც, მოცემულ შემთხვევაში, შედავებულია.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება არ შეიცავს დამაჯერებელ მსჯელობას იმის თაობაზე, დანართი #2-ის ტექსტისა და ხელმოწერილი ფურცლის დამოუკიდებელ, არაერთიან დოკუმენტად არსებობის მიუხედავად, რა ობიექტურ ფაქტორზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო დასკვნამდე, რომ თავდაპირველ ხელშეკრულებაში მხარეებმა განახორციელეს ცვლილებები. ამ თვალსაზრისით ვერ იქნება გაზიარებული ქვემდგომი სასამართლოს მტკიცება, რომ შპს „S. A.F. C.-ს“ წესდება ასევე ბოლო გვერდზეა ხელმოწერილი. საგულისხმოა ასევე, რომ ძირითადი ხელშეკრულება საერთოდ არ იცნობს დანართი #2-ის არსებობის შესაძლებლობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ მტკიცებულებათა შეფასების ნაწილში კასატორმა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დასაბუთებული შედავება წარმოადგინა, ხოლო სააპელაციო პალატის გადაწყვეტილებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რამდენადაც დადგენილად მიჩნეული გარემოებები არ ჰპოვებს დადასტურებას საქმეში არსებული შესაბამისი მტკიცებულებებით, შეკრებილ მტკიცებულებებს კი არ მიეცა ობიექტური შეფასება, შესაბამისად, სასამართლოს დასკვნები დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე სამართლებრივი თვალსაზრისით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა.
მოცემულ შემთხვევაში, რადგანაც საქმის გარემოებების სწორად დადგენისათვის საჭიროა მტკიცებულებათა დამატებით გამოკვლევა, საკასაციო პალატა მოკლებულია შესაძლებლობას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილება საქმეზე, შესაბამისად, საქმის ხელახლა განხილვისას სააპელაციო პალატამ, საქმეში არსებული მტკიცებულებების ინდივიდუალურად და ერთობლიობაში შეფასებით უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გზით განსაზღვროს სასარჩელო მოთხოვნის საფუძლიანობა.
რაც შეეხება საკასაციო საჩივარზე, 2015 წლის 5 მაისის განცხადებასა და 2015 წლის 19 მაისის განცხადებაზე კასატორის მიერ დართულ მტკიცებულებებს, პალატა მიიჩნევს, რომ ისინი უნდა დაუბრუნდეს მათ წარმომდგენს. ამ თვალსაზრისით საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის შემოღებით კანონმდებელმა იმპერატიულად განსაზღვრა საკასაციო სასამართლოს მსჯელობის ფარგლები და დაადგინა, რომ საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. გარდა ამისა, შეიძლება, მხედველობაში იქნეს მიღებული ამ კოდექსის 396-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტში მითითებული ფაქტები.
საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში ახალი ფაქტების მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა დაუშვებელია იმ შემთხვევაშიც კი, თუ მხარეს არ ჰქონდა საქმის ქვემდგომი წესით განხილვისას მათი წარდგენის ობიექტური შესაძლებლობა, რაც მტკიცებულებების მიღებაზე უარის თქმის საფუძველია.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არა აქვთ. ამ ნორმისა და ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 53-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „S. A.F. C.-ს“ საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 5 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. შპს „S. A.F. C.-ს“ დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე დართული ზედნადებები 10 (ათი) ფურცლად, ასევე, 2015 წლის 5 მაისის #ა-1636-15 განცხადებაზე დართული ექსპერტიზის დასკვნის ასლი 26 (ოცდაექვსი) ფურცლად და 2015 წლის 19 მაისის #ა-1838-15 განცხადებაზე დართული ამავე ექსპერტიზის აპოსტილით დამოწმებული დასკვნის ასლის სანოტარო წესით დადასტურებული თარგმანი 22 (ოცდაორი) ფურცლად.
4. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური