Facebook Twitter

¹ბს-84-81(კ-06) 1 ივნისი, 2006 წ.

ქ. თბილისი

ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატამ

შემადგენლობა:

მაია ვაჩაძე (თავმჯდომარე),

ნინო ქადაგიძე (მომხსენებელი), ნუგზარ სხირტლაძე

საქმის განხილვის ფორმა – მხარეთა დასწრების გარეშე

კასატორი – პ. ჟ-ა

მოწინააღმდეგე მხარე – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

გასაჩივრებული განჩინება - თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინება

დავის საგანი – სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

2004 წლის 22 ოქტომბერს პ. ჟ-მ სასარჩელო განცხადებით მიმართა ქ. თბილისის მთაწმინდა-კრწანისის რაიონულ სასამართლოს მოპასუხე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართ სამსახურში აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.

მოსარჩელე სასარჩელო განცხადებაში მიუთითებდა, რომ 1984 წლიდან მუშაობდა სს ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობაზე, 2001 წლიდან – შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოში ... განყოფილების ...ად. მონაწილეობდა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის წარმოებულ ბრძოლაში სამაჩაბლოსა და აფხაზეთში, არის პოლიციის მაიორი.

2004 წლის ივლისში შინაგან საქმეთა სამინისტროს პირადი შემადგენლობა შს ორგანოებში მიმდინარე რეორგანიზაციასთან დაკავშირებით აყვანილ იქნა კადრების განყოფილებაში და განხორციელდა რიგი საკადრო ცვლილებები, როგორც სისხლის სამართლის სამძებროს მთავარ სამმართველოში, ასევე - სხვა დანაყოფშიც. გარკვეული დროის შემდეგ მთავარ სამმართველოში კვლავ განხორციელდა საკადრო ცვლილება და შეიცვალა ხელმძღვანელობა, ხოლო საშტატო განაკვეთები და თანამშრომელთა რიცხობრივი შემადგენლობა დარჩა უცვლელად.

2004 წლის სექტემბერში მოსარჩელემ ხელი მოაწერა სპეციალურ ფორმაზე, მოსალოდნელი რეორგანიზაციის შესახებ, სადაც არ იყო მითითებული რეორგანიზაციის კონკრეტული მიმართულებები, პირობები და ა.შ.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წლის 15 ოქტომბერს მისი და სხვა თანამშრომლების კატეგორიული მოთხოვნის შედეგად, კადრების სამმართველომ გასცა ცნობები, საიდანაც შეიტყვეს, რომ 2004 წლის 23 სექტემბრიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს ¹517 პ/შ ბრძანების საფუძველზე აყვანილ იყვნენ კადრების განკარგულებაში, ხოლო გათავისუფლების მოტივი Dდღემდე უცნობია.

მოსარჩელის მითითებით, ე.წ. ,,შტატების შემცირების” საფუძველზე სისხლის სამართლის სამძებროს მთავარ სამმართველოში თანამშრომლები გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან. იმ განყოფილებაში, სადაც მოსარჩელე მუშაობდა, გათავისუფლდა 7 თანამშრომელი, შემდგომში ჩაანაცველს სხვა დანაყოფებიდან გადმოყვანილი თანამშრომლებით, ხოლო თვით განყოფილება შემცირდა სამი საშტატო ერთეულით.

მოსარჩელის განმარტებით, იგი არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლების მონაწილე. ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ვ” ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის სამაჩაბლოსა და აფხაზეთში წარმოებული ბრძოლების მონაწილეების სოციალური დაცვის მიზნით, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულების მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას, მას გააჩნია სამუშაზე დატოვების უპირატესი უფლება.

მოსარჩელის განმარტებით, მისი სამსახურიდან გათავისუფლებისა და კადრების დაქვემდებარებაში აყვანისას მოპასუხე ორგანიზაციის მხრიდან დაირღვა ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონი, შრომის კანონთა კოდექსი და კანონი ,,პოლიციის შესახებ”, რაც გამოიხატება იმაში, რომ იგი კონკრეტულად არ იყო ინფორმირებული მიმდინარე რეფორმების შესახებ, ამასთან, გათავისუფლების შესახებ ბრძანება იმ დღესვე არ ჩაჰბარებია.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე ითხოვდა საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 პ/შ ბრძანების არაკანონიერად აღიარებას, შსს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს ... განყოფილების ...ად აღდგენას, მოპასუხისათვის ა/წ ოქტომბრიდან ყოველთვიურად 50 აშშ დოლარის ეკვივალენტის ლარებში ანაზღაურებას სოროსის ფონდიდან გამოყოფილი დახმარების სახით, ზიანის ა/წ დეკემბრის ჩათვლით და განაცდურის - 427.67 ლარის ანაზღაურებას.

თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილებით პ. ჟ-ს სასარჩელო განცხადება არ დაკმაყოფილდა.

მითითებული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა პ. ჟ-მ.

აპელანტი სააპელაციო საჩივარში მიუთითებდა, რომ რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილების გამოტანისას დაარღვია ,,ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ” საქართველოს კანონის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის ,,ფ” პუნქტის მოთხოვნები, რომლის შესაბამისადაც, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის საბრძოლო მოქმედებების მონაწილეების სოციალური დაცვის მიზნით, სამუშაო სტაჟის ხანგრძლივობის მიუხედავად, სახელმწიფო დაწესებულებებში მუშაკთა რაოდენობის ან შტატების შემცირებისას ასეთ პირებს სამუშაოზე დატოვების უპირატესი უფლება გააჩნდათ. ამასთან, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-14 მუხლის შესაბამისად, საჯარო მოსამსახურეზე ვრცელდება საქართველოს შრომის კანონმდებლობა და შრომის კანონთა კოდექსის 36-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,გ” ქვეპუნქტის შესაბამისად, მას გააჩნდა სამუშაოზე დარჩენის უპირატესი უფლება, რაც რაიონულმა სასამართლომ მხედველობაში არ მიიღო.

აპელანტის განმარტებით, არამართებულია რაიონული სასამართლოს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, რომ ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 26-ე მუხლით და ,,საქართველოს შს ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ” დებულების 77-ე მუხლით შს ორგანოს თანამშრომელს უფლება აქვს სასამართლოში გაასაჩივროს ,,მხოლოდ” ბრძანება შს ორგანოებიდან მისი დათხოვნის ან სპეციალური წოდების ჩამორთმევის შესახებ, რაც შეეხება სტრუქტურულ ან საშტატო რეორგანიზაციის განხორციელებისას საჯარო მოსამსახურეს, კონკრეტულ შემთხვევაში შს ორგანოს თანამშრომელს, თუნდაც დაირღვეს შრომითი უფლებები, გასაჩივრების უფლება არ გააჩნია.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აპელანტი სააპელაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინებით პ. ჟ-ს სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა; უცვლელად დარჩა თბილისის კრწანისი-მთაწმინდის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 13 იანვრის გადაწყვეტილება.

მითითებული გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა პ. ჟ-მ.

კასატორი საკასაციო საჩივრით ითხოვდა თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩიების გაუქმებასა და ახალი გადაწყვეტილებით მისი სასარჩელო განცხადების დაკმაყოფილებას.

კასატორი საკასაციო საჩივარს აფუძნებდა ძირითადად იმავე გარემოებებზე, რაზეც - სააპელაციო საჩივარს.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების გაცნობის, საკასაციო საჩივრის საფუძვლების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთებულობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ პ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლოს მიერ სრულადაა გაზიარებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დამატებითი და დასაბუთებული საკასაციო პრეტენზია.

მითითებული მუხლის საფუძველზე საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს შემდეგ გარემოებებს:

კასატორი პ. ჟ-ა 2004 წლის სექტემბრამდე მუშაობდა შს სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარ სამმართველოში ...…განყოფილების ...ად, მაიორის წოდებით.

შს მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 ბრძანებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს რიგითი და ოფიცერთა პირადი შემადგენლობა, მათ შორის - კასატორი, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და აყვანილ იქნა კადრების განკარგულებაში.

გასაჩივრებული განჩინების სამართლებრივი საფუძვლების შემოწმების შედეგად საკასაციო სასამართლო თვლის, რომ კასატორს არსებითად სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე, კერძოდ, ,,საჯარო სამსახურის შესახებ” საქართველოს კანონის მე-11 მუხლის თანახმად, ხსენებული კანონის მოქმედება პოლიციის თანამშრომლებზე ვრცელდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სპეციალური კანონმდებლობით ან მათ საფუძველზე სხვა რამ არ არის დადგენილი. ,,პოლიციის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე” ქვეპუნქტის შესაბამისად, პოლიციელის სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლად მიჩნეულია რეორგანიზაცია და/ან შტატების შემცირება. ამავე კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, პოლიციაში სამსახურის გავლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ნორმატიული აქტებით.

როგორც ზემოთ აღინიშნა, პ. ჟ-ს თანამდებობიდან გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს შს მინისტრის 2004 წლის 23 სექტემბრის ¹517 ბრძანება, რომლის შესაბამისადაც სამინისტროში განხორციელდა სისხლის სამართლის სამძებროს მთავარი სამმართველოს სტრუქტურული და საშტატო რეორგანიზაცია. ,,საქართველოს შინაგან საქმეთა ორგანოებში სამსახურის გავლის წესის შესახებ დებულების” მე-12 მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, შს ორგანოებში ორგანიზაციულ, საშტატო ღონისძიებათა განხორციელებისას, შს მინისტრის ბრძანებით შტატგარეშე დარჩენილი თანამშრომელი ირიცხება კადრების განკარგულებაში არა უმეტეს 4 თვით, 2 თვის მთლიანი ხელფასის შენარჩუნებით, ხოლო მომდევნო ორი თვის განმავლობაში მას მიეცემა სპეციალური წოდების, ნამსახურობის პროცენტული დანამატი და სასურსათო ულუფის კომპენსაცია.

ამდენად, როგორც ზემოაღნიშნული მუხლების ანალიზი ცხადყოფს, შს ორგანოებში განხორციელებული საშტატო და სტრუქტურული რეორგანიზაცია, დაწესებულების სპეციფიკიდან, კერძოდ, მისი პოლიციური და გასამხედროებული რეჟიმიდან გამომდინარე, წარმოადგენს შს ორგანოს თანამშრომლის დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლების საკმარის საფუძველს, რისი გათვალისწინებითაც საკასაციო სასამართლო მართებულად მიიჩნევს პ. ჟ-ს კადრების განკარგულებაში გადაყვანას და თვლის, რომ კასატორს არსებითად სწორად ეთქვა უარი სარჩელის დაკმაყოფილებაზე და, შესაბამისად, არ არსებობს გასაჩივრებული განჩინების გაუქმების პროცესუალური აუცილებლობა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი მუხლის მე-2 ნაწილით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 408-ე მუხლის მე-3 ნაწილით, 410-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. პ. ჟ-ს საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005 წლის 7 სექტემბრის განჩინება;

3 საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.