¬
№ ას-161-151-2015 4 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატის
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
საკასაციო საჩივრის ავტორი – სს „ა.ს.ბ.ს-“ (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ა.ჯ-ა“ (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება, საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
შპს „ა.ჯ-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ მიმართ ზიანის ანაზღაურებისა და საბანკო გარანტიით ნაკისრი ვალდებულების შესრულების თაობაზე შემდეგი დასაბუთებით:
2013 წლის 2 მარტსა და 2013 წლის 8 იანვარს შპს „ა.ჯ-ასა“ და შპს „M. G-ს“ შორის გაფორმდა ორი სამშენებლო ნარდობის ხელშეკრულება - № ... და № ..... ხელშეკრულებებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მიზნით, შპს „M. G-მა“ წარმოუდგინა შპს „ა.ჯ-ას“ სს „ა.ს.ბ.ს-ში“ გახსნილი უპირობო საბანკო გარანტიები. 2013 წლის 20 თებერვლის #... საბანკო გარანტიის პირობებით და საბანკო გარანტიის 229,360 აშშ დოლარამდე შემცირების შესახებ 2013 წლის 25 აპრილის #... წერილის გათვალისწინებით, „ა.ს.ბ.ს-“ ნარდობის ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში, აიღო უპირობო ვალდებულება, ბენეფიციარის პირველი წერილობითი მოთხოვნის მიღებიდან გადაიხადოს საბანკო გარანტიის თანხა. შპს „M.G-მა“ დაარღვია ნაკისრი ვალდებულება. ვალდებულების დარღვევა გამოიხატა სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების, სამშენებლო სამუშაოების დასრულების ვადების დარღვევასა და სხვა გარემოებებში. აღნიშნული საფუძვლით, 2013 წლის 2 აგვისტოს შპს „ა.ჯ-ამ“ წერილობითი განცხადებით მიმართა გარანტიის გამცემს და 2013 წლის 20 თებერვალსა და ამავე წლის 11 აპრილს გაცემული საბანკო გარანტიებით განსაზღვრული თანხის გადახდა მოსთხოვა, რაზეც უარი მიიღო.
მოსარჩელის აზრით, საგარანტიო თანხის ასანაზღაურებლად საკმარისი იყო 10 დღე. სს „ბანკ რესპუბლიკაში“ 3-თვიან ანაბარზე, 2013 წლის 12 აგვისტოდან სარჩელის წარდგენამდე, 6.5%-იანი სარგებლის დარიცხვის შედეგად შპს „ა.ჯ-ა“ 13878,78 ლარის მოგებას მიიღებდა. აქედან გამომდინარე, მოპასუხე ვალდებული იყო, აენაზღაურებინა მიუღებელი შემოსავლის სახით მიღებული ზიანი.
სს „ ა.ს.ბ.ს-მ“ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მის მიერ გაცემული საბანკო გარანტიების თანახმად, გადახდის ერთ-ერთ აუცილებელ წინაპირობას პრინციპალის მხრიდან ბენეფიციარის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენდა. ვალდებულებების დარღვევის თაობაზე სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოება მოსარჩელემ ვერ დაადასტურა. მოპასუხემ მიიჩნია, რომ ვალდებულების დარღვევის ფაქტის (სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის დროს შრომის დაცვისა და ტექნიკური უსაფრთხოების წესების დარღვევა და ა. შ) დასადასტურებლად წარმოდგენილი უნდა ყოფილიყო კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოს დასკვნა. მოპასუხის განმარტებით, არ იყო გაწერილი, ასევე, სამუშაოების შესრულების გრაფიკი, გარდა ამისა, შპს „M.G-ის“ მიერ ვალდებულების შესრულებას მოსარჩელე უშლიდა ხელს, კერძოდ იგი დროულად არც სამშენებლო მასალას აწვდიდა და არც ხელშეკრულებით გათვალისწინებულ თანხებს ურიცხავდა, რითაც აფერხებდა მუშებთან დროულ ანგარიშსწორებას. მოპასუხის აზრით, შპს „ა.ჯ-ამ“ ყოველგვარი სამართლებრივი საფუძვლის გარეშე მოითხოვა ხელშეკრულების მოშლა, რათა საბანკო გარანიტიების საშუალებით უკანონოდ მიეღო თანხა სს „ა.ს.ბ.ს-დან“.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილებით შპს „ა.ჯ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ დაეკისრა შპს „ა.ჯ-ას“ სასარგებლოდ 509 360 აშშ დოლარის ეკვივალენტი ლარის გადახდა; შპს „ა.ჯ-ას“ სარჩელი სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ მიმართ, მიუღებელი შემოსავლის ნაწილში არ დაკმაყოფილდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა სს „ა.ს.ბ.ს-ომ“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინებით სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა და უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 8 მაისის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
შპს ”ა.ჯ-ას” (შემკვეთსა) და შპს „M.G-ს“ (მენარდე) შორის 2013 წლის 2 მარტსა და 2013 წლის 18 იანვარს გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულებები №..... და №..... №..... ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მენარდის მიერ შემკვეთის კუთვნილი, მშენებარე 8 საცხოვრებელ ბლოკში სამუშაოების კომპლექსის შესრულება შემდეგ მისამართზე - ქ. თბილისი, ო-ის რ-ნი, ჩ-ის ქუჩა. .... ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მენარდის მიერ შემკვეთის კუთვნილ მიწის ნაკვეთზე 5 საცხოვრებელი ბლოკის კარკასული მშენებლობა გვირაბული შეფიცვრის გზით, სამუშაოების კომპლექსის შესრულება ქ. თბილისში, ო-ის რაიონში ჩ-ის ქუჩაზე;
შპს ”M.G-ის” მიერ ვალდებულების შესრულების უზრუნველსაყოფად შპს ”ა.ჯ-ისათვის” წარდგენილ იქნა საბანკო გარანტია. 2013 წლის 20 თებერვლის შეტყობინებით, პალატამ დაადგინა, რომ საბანკო გარანტიის თანხა შეადგენდა 310 099 აშშ დოლარს. საბანკო გარანტიის თანახმად, სს ,,ა.ს.ბ.ს-“ იკისრა უპირობო ვალდებულება, გადაეხადა 310 099 აშშ დოლარი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე იმ შემთხვევაში, თუ მიმნდობი ვერ შეასრულებდა №... კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2010 წლის 10 აპრილის საბანკო გარანტიის თანახმად, სს ,,ა.ს.ბ.ს-“ იკისრა უპირობო ვალდებულება, გადაეხადა 280 000 აშშ დოლარი პირველივე წერილობითი მოთხოვნისთანავე, იმ შემთხვევაში, თუ მიმნდობი ვერ შეასრულებდა #..... კონტრაქტით გათვალისწინებულ ვალდებულებებს. 2013 წლის 25 აპრილს, შპს ,,ა.ჯ-ამ“ შეამცირა გარანტიის მოცულობა 310 099 აშშ დოლარიდან 229 360 აშშ დოლარამდე;
2013 წლის 2 აგვისტოს შპს „ა.ჯ-ამ” ”ა.ს.ბ.ს-ოს” №... და №... წერილებით საგარანტიო თანხის -229360 აშშ დოლარისა და 280 000 აშშ დოლარის გადახდა მოსთხოვა. მოთხოვნის საფუძვლად მითითებულია პრინციპალის - შპს ” M.G--ის” მიერ ვალდებულების დარღვევა. 2013 წლის 6 აგვისტოს მოსარჩელემ განმეორებით მიმართა გარანტის მიმცემს და თანხის გადარიცხვის თარიღის შეტყობინება მოსთხოვა;
2013 წლის 20 აგვისტოს სს „ა.ს.ბ.ს-ომ” შპს „ა.ჯ-ას” 2013 წლის 2 აგვისტოს წერილების პასუხად აცნობა, რომ მიმდინარე პროექტის მდგომარეობის შეფასების შედეგად მიიჩნია, რომ შპს ”M.G-ს“ საგადახდო ვალდებულება შპს „ა.ჯ-ის” მიმართ არ გააჩნია, რაც გამორიცხავდა საგარანტიო თანხის ანაზღაურებას;
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიის ძალით ბანკი, სხვა საკრედიტო დაწესებულება ან სადაზღვევო ორგანიზაცია (გარანტი) სხვა პირის (პრინციპალის) თხოვნით კისრულობს წერილობით ვალდებულებას, რომ ნაკისრი ვალდებულების შესაბამისად, გადაუხდის პრინციპალის კრედიტორს (ბენეფიციარს) ფულს გადახდის შესახებ ბენეფიციარის წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე.
ამავე კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას. საბანკო გარანტიის მიცემისათვის პრინციპალი უხდის გარანტს შეთანხმებულ საზღაურს.
ამავე კოდექსის 881-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საბანკო გარანტია წარმოადგენს ბანკის გამოუთხოვად ვალდებულებას, გადაიხადოს საგარანტიო თანხა პრინციპალის მიერ ბენეფიციარის წინაშე აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამდენად, საბანკო გარანტია წარმოადგენს ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალებას. ის არის დამოუკიდებელი ვალდებულება და მისი პირობების თანახმად, ბანკი ვალდებულია, გადაიხადოს თანხა ბენეფიციარის პირველივე მოთხოვნისთანავე. საბანკო გარანტიის, როგორც ძირითადი ვალდებულების უზრუნველყოფის საშუალების, მიზანია, დაიცვას ბენეფიციარი იმ რისკისაგან, რომელიც დაკავშირებულია ვალდებულების არაჯეროვან ან საერთოდ შეუსრულებლობასთან.
პალატამ განმარტა, რომ: საბანკო გარანტიის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებთან მიმართებით არის ის, რომ იგი ატარებს ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელ, ავტონომიურ ხასიათს, მაშინ, როდესაც ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებები, როგორიცაა: გირაო, დაზღვევა და ა.შ. აქცესორულ ხასიათს ატარებენ, რომლებიც ძირითად ვალდებულებას ემსახურებიან. აღნიშნულიდან გამომდინარე, გარანტს არ შეუძლია, გარანტიის მიხედვით გათვალისწინებული თანხის გადახდაზე უარის თქმა იმ შემთხვევაშიც, როცა ძირითადი ვალდებულება შესრულებულია ნაწილობრივ ან ბათილია, გარანტი ვალდებულია შეასრულოს თავისი ვალდებულება, ე.ი გადაიხადოს დათქმული თანხა საბანკო გარანტიის მიხედვით. ამდენად, საბანკო გარანტიაში ძირითადი ვალდებულების მითითება არ არის აუცილებელი, ხოლო იმ შემთხვევაში, როცა ასეთი სახის ვალდებულებაზე არსებობს მითითება, ეს გავლენას არ ახდენს გარანტის ვალდებულების დამოუკიდებელ ხასიათზე. საბანკო გარანტიის მიმართ კრედიტორის ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ დარწმუნებული იყოს ვალდებულების შესრულებაში და ამავე დროს მაქსიმალურად ნაკლები ზარალი განიცადოს ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისად, საბანკო გარანტია ატარებს სასწრაფო და უპირობო ხასიათს.
სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველ ნაწილზე დაყრდნობით განმარტა, რომ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულის გადახდის შესახებ წერილობითი ფორმით უნდა წარედგინოს გარანტს, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ბენეფიციარის მოთხოვნა უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიით განსაზღვრული იმ ვადის დამთავრებამდე, რა ვადითაც იგი გაიცა. აღნიშნული ნორმის შესაბამისად, ბენეფიციარის მიერ გარანტისათვის თანხის გადახდის შესახებ მოთხოვნა გარკვეულ ფორმალურ წინაპიროებებს უნდა აკმაყოფილებდეს: ბენეფიციარის მოთხოვნა აუცილებლად წერილობითი ფორმით უნდა იყოს ფორმულირებული. ამასთან, მასში მითითებული უნდა იყოს პრინციპალის მიერ განხორციელებული დარღვევების შესახებ. ბენეფიციარის მოთხოვნა ყველა აუცილებელი დოკუმენტებით, უნდა წარედგინოს გარანტს გარანტიაში გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.
სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, გარანტმა უარი უნდა უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ეს მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ. გარანტმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის შესახებ.
საბანკო გარანტიის ავტონომიური, დამოუკიდებელი ხასიათი ვლინდება იმ გარემოებების განსაზღვრაში, რომელიც ათავისუფლებს გარანტს გადახდის შესრულების ვალდებულებისაგან გარანტიის მიხედვით. გარანტს შეუძლია, უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს. გარანტს უფლება არ აქვს, სხვა საფუძვლით განაცხადოს უარი ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. შესაბამისად, მას არ გააჩნია უფლება, კრედიტორის მოთხოვნის წინააღმდეგ წამოაყენოს მოთხოვნები, რაც დაკავშირებული იქნება ძირითადი ვალდებულების შესრულებასთან. კანონმდებელმა, სწორედ, მოთხოვნის უზრუნველსაყოფად დაუშვა მესამე პირის მხრიდან კრედიტორის სასარგებლოდ გარანტიის გაცემის შესაძლებლობა და ბენეფიციარის უფლება არ გახადა დამოკიდებული კრედიტორსა და მოვალეს (ბენეფიციარსა და პრინციპალს) შორის ურთიერთობაზე. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ ისეთ შემთხვევებს, როგორიცაა საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს.
სააპელაციო სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარის მიერ დაცულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, საქმეში არსებული 2013 წლის 2 აგვისტოს წერილებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ გარანტისაგან საგარანტიო თანხის გადაცემა მოითხოვა და ამასთან, მიუთითა პრინციპალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზი. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს და წარდგენილია გარანტიით განსაზღვრულ ვადაში. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ გარანტის მიერ ბენეფიციარის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი საფუძველი ამ შემთხვევაში არ არსებობს.
საბოლოოდ, პალატამ გამოიტანა დასკვნა, რომ სააპელაციო საჩივარში მითითებული გარემოებები არ ქმნიან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე და 394-ე მუხლებით გათვალისწინებულ შემადგენლობას, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ა.ს.ბ.ს-ომ“, მოითხოვა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი დასაბუთებით:
კასატორმა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 879-ე მუხლზე მითითებით განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად შეაფასა სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტიის სახე, კერძოდ, ბანკის მიერ გაიცა საავანსო გარანტია და არა ხარისხის უზრუნველყოფის საბანკო გარანტია. კასატორის აზრით, უდავოა, რომ გარანტიის სახეებად დაყოფა გავლენას ახდენს სამართლებრივ შედეგებზე და მხარეთა ვალდებულებებზე. კასატორმა აღნიშნა, რომ არც პირველი ინსტანციის და არც სააპელაციო სასამართლოს მიერ ყოფილა სათანადოდ გამოკვლელული საქმეში არსებული მტკიცებულება - 2013 წლის 6 აგვისტოს შედარების აქტი, რომელიც შპს „ა.ჯ-ამ“ წარუდგინა თბილისის საქალაქო სასამართლოს. სააპელაციო სასამართლო შემოიფარგლა მითითებით, რომ საბანკო გარანტია ატარებს ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებელ, ავტონომიურ ხასიათს. საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, ბანკის მიერ გაცემული საბანკო გარანტიის წერილები არის საავანსო გარანტიები. აღნიშნული გამომდინარეობს, როგორც გარანტიის წერილების სახელწოდებიდან, ასევე, მათი შინაარსიდან. სააპელაციო სასამართლომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის განმარტებისას აღნიშნა, რომ გარანტს შეუძლია, უარი უთხრას ბენეფიციარს მისი მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, თუ ის არ შეესაბამება გარანტიაში გათვალისწინებულ გარემოებებს. ბენეფიციარის მოთხოვნა, ცხადია, არ შესაბამებოდა გარანტიის პირობებს. ბენეფიციარმა და სასამართლომ მოახდინეს საავანსო გარანტიისა და ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის აღრევა. ბენეფიციარმა, მიმართა რა ბანკს საბანკო გარანტის თანხების გადახდის მოთხოვნით, მოითხოვა საბანკო გარანტიის წერილებით გათვალისწინებული თანხის გადახდა და მიუთითა პრინციპალის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების უხარისხოდ შესრულებაზე. თუმცაღა, საბანკო გარანტიები საერთოდ არ უზრუნველყოდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიან შესრულებას;
კასატორის აზრით, სასამართლომ არასწორად განმარტა სსკ-ს 879-ე, 880-ე, 881-ე, 8851-ე და 8871-ე მუხლები. ამასთან, სასამართლოს გადაწყვეტილება იმდენად არასრული და იურიდიულად დაუსაბუთებელია, რომ შეუძლებელია მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება;
საკასაციო საჩივრის ავტორის აზრით, უკანონოა თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 10 დეკემბრის განჩინება საქმის მასალებისათვის დამატებითი მტკიცებულების დართვის თაობაზე სს „ა.ს.ბ.ს-ოს“ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნული შუამდგომლობით აპელანტმა, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე, 215-ე და 380-ე მუხლების შესაბამისად, მოითხოვა, სააპელაციო სასამართლოს მხედველობაში მიეღო ახალი ფაქტი, კერძოდ, ის გარემოება, რომ შპს „ა.ჯ-ას“ არ შეუსრულებია საბანკო გარანტიის (2013 წლის 20 თებერვლის #... საბანკო გარანტია და 2013 წლის 10 აპრილის #... საბანკო გარანტია) ძალაში შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებები, მას არ ჩაურიცხავს თვით საბანკო გარანტიებში მითითებული შპს „M.G--ის“ საბანკო ანგარიშზე ..... საბანკო გარანტიებით გათვალისწინებული თანხა - 280,000 აშშ დოლარი და 310,099 აშშ დოლარი. აპელანტმა აღნიშნულის დასადასტურებლად სასამართლოს წარუდგინა ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2014 წლის 26 სექტემბრის N...... წერილი, მასზე დართული თ. გ-ის ხელწერილი და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2014 წლის 08 აპრილის N..... წერილი;
ამავდროულად, კასატორის მითითებით, ბანკისათვის ცნობილი იყო ის ფაქტი, რომ ბენეფიციარმა არ ჩარიცხა საბანკო გარანტიებში მითითებული თანხა საბანკო გარანტიის წერილებში მითითებულ ანგარიშებზე და, შესაბამისად, საბანკო გარანტიები ძალაში არ შესულა, თუმცა, ამაზე ვერ მიუთითა და შესაბამისი მტკიცებულება პირველი ინსტანციის სასამართლოში, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ წარადგინა, ვინაიდან ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში მიმდინარე სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით (შპს „ა.ჯ-ასა“ და ”M.G-ის“ მიმართ, 2013 წელს სს „ა.ს.ბ.ს-ოსგან“ თაღლითურად დიდი ოდენობით თანხების მიღების მცდელობის ფაქტზე), რომელზეც მიმდინარეობდა გამოძიება, ბანკის წარმომადგენელს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წინაშე დადებული ხელწერილის თანახმად, აეკრძალა იმ ფაქტებისა და ინფორმაციის გამჟღავნება და, შესაბამისად, მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც დაკავშირებული იყო შპს „ა.ჯ-ასა“ და შპს ”M.G-თან“. ამის გამო პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის წარმოებისას მათ ვერ მიუთითეს იმ ფაქტზე, რომ საბანკო გარანტიები ძალაში არ იყო შესული და სასამართლოს ვერ წარუდგინეს ამისი დამადასტურებელი მტკიცებულება - საბანკო ანგარიშიდან ამონაწერი;
2014 წლის 26 სექტემბერს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა ბანკს დართო ნება, თბილისის სააპელაციო სასამართლოში სამოქალაქო საქმეზე გაემჟღავნებინა ცნობები და წარედგინა შესაბამისი მტკიცებულებები შპს „ა.ჯ-ასთან“ და შპს ”M.G-თან“ დაკავშირებით. ამრიგად, კასატორის აზრით, არსებობს მტკიცებულების წარუდგენლობის საპატიო მიზეზი. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილი საპატიო მიზეზსა და სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებას არ განმარტავს და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საპატიო მიზეზის, მათ შორის, სხვა ობიექტური გარემოების დადგენა სასამართლოს პრეროგატივაა.
საკასაციო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, საკასაციო საჩივარი დასაშვებია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391.5 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, კერძოდ, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიერ გამოყენებული საავანსო საბანკო გარანტიებზე, ასევე, სსკ-ს 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი „საპატიო მიზეზებსა და სხვა განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებებთან“ დაკავშირებით არ არსებობს ერთიანი სასამართლოს დამკვიდრებული პრაქტიკა და მოცემული დავა არის სწორედ მნიშვნელოვანი სასამართლოს ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის.
კასატორის განმარტებით, სს „აზერბაიჯანის საერთაშორისო ბანკმა - საქართველომ“ შპს „ა.ჯ-ის“ სასარგებლოდ გასცა საავანსო გარანტიები, მაგრამ სასამართლომ არასწორად შეაფასა აღნიშნული საბანკო გარანტიის სახე და არსი.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად შეაფასა ბანკის მიერ ახალი მტკიცებულებების წარდგენისა და ახალ გარემოებებზე მითითების ფაქტიც.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლისა და საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ სს „ა.ს.ბ.ს-ს“ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არცერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით და ვერც კასატორი უთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო, არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე. კასატორი სადავოდ ხდის თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინებას ახალი გარემოებების მიღებასა და საქმის მასალებისათვის დამატებითი მტკიცებულებების დართვაზე უარის თქმის შესახებ. აღნიშნულ პრეტენზიასთან დაკავშირებით პალატა ყურადღებას შემდეგ გარემოებებზე ამახვილებს:
თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას 2014 წლის 10 დეკემბრის სხდომაზე სს „ა.ს.ბ.ს-ს“ წარმომადგენელმა სარჩელის საწინააღმდეგოდ მიუთითა ახალ გარემოებაზე, რომლის მიხედვით, შპს „ა.ჯ-ას“ არ შეუსრულებია საბანკო გარანტიების (2013 წლის 20 თებერვლის ... და 2013 წლის 10 აპრილის .... საბანკო გარანტია) ძალაში შესვლისათვის აუცილებელი მოქმედებები, კერძოდ, შეთანხმებულ ანგარიშზე არ ჩაურიცხავს საბანკო გარანტიის წერილებით გათვალისწინებული თანხები - 280 000 აშშ დოლარი და 310 099 აშშ დოლარი. სს „ა.ს.ბ.ს-ს“ წარმომადგენელმა იშუამდგომლა, საქმეს დართვოდა დასახელებული გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულებები - საბანკო ანგარიშის ამონაწერი, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2014 წლის 8 აპრილისა და 2014 წლის 26 სექტემბრის წერილები, სს „ა.ს.ბ.ს-ს“ 2014 წლის 25 სექტემბრის წერილი და თ. გ-ის ხელწერილი იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ თ. გ-ს, როგორც სს „ა.ს.ბ.ს-ს“ წარმომადგენელს, შპს „ა.ჯ-ასა“ და შპს „M.G-ის“ მიმართ აღძრული სისხლის სამართლის საქმის ინტერესებიდან გამომდინარე, აეკრძალა მასთან დაკავშირებული ფაქტების გახმაურება. აღნიშნული ფაქტი შუამდგომლობის ავტორმა დაასახელა საპატიო მიზეზად, რომელმაც განაპირობა სააპელაციო სასამართლოში მითითებული ახალი გარემოებისა და წარდგენილი მტკიცებულებების პირველი ინსტანციის სასამართლოში წარუდგენლობა.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინების შესაბამისად, სასამართლომ მიიჩნია, რომ არ დასტურდებოდა საპატიო მიზეზის არსებობა, რაც სააპელაციო სასამართლოში ახალი გარემოების მითითებასა და ახალი მტკიცებულების წარდგენას დასაშვებად აქცევდა. სასამართლოს მითითებით, გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, მხარეს შეიძლებოდა აკრძალვოდა იმ ფაქტების გახმაურება, რაც მისთვის გამოძიების პროცესში გახდა ცნობილი, თუმცა ასეთად არ იქნა მიჩნეული მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების პირობის შეუსრულებლობა. ამასთან, სასამართლომ აღნიშნა, რომ თ. გ-ის ხელწერილი შედგენილია 2014 წლის 3 აპრილს, ხოლო შპს „ა. ჯ-ის“ სარჩელი წარდგენილია 2013 წლის 13 ნოემბერს, მასზე სს „ა.ს.ბ.ს-ს“ შესაგებელი კი - 2013 წლის 25 ნოემბერს, ანუ უფრო ადრე, ვიდრე ინფორმაციის გამჟღავნების აკრძალვის თაობაზე თ. გ-ის ხელწერილი შედგებოდა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირველი ინსტანციის სასამართლოში მხარეები შეზღუდული არიან ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლოში შესაძლებელია ახალი ფაქტების მოყვანა და ახალი მტკიცებულებების წარდგენა, თუმცა სასამართლო არ მიიღებს ახალ ფაქტებსა და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეს შეეძლო წარედგინა პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას, მაგრამ არასაპატიო მიზეზით არ წარადგინა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 382-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლო მიიღებს ახლად წარმოდგენილ მტკიცებულებებს, თუ მათ მნიშვნელობა აქვთ საქმისათვის, 380-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მხარეთა და მათ წარმომადგენელთა შუამდგომლობები და განცხადებები ახალ მტკიცებულებათა წარმოდგენის ან გამოთხოვის შესახებ სასამართლომ შეიძლება განიხილოს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქმის მოსამზადებელ სტადიაზე მხარეს არ შეეძლო მათი წარმოდგენა, აგრეთვე, თუ მათ შესახებ მისთვის ობიექტური მიზეზებით ვერ იქნებოდა ცნობილი და მათი წარმოდგენის საფუძველი წარმოიშვა მთავარ სხდომაზე ან, თუ მხარემ საპატიო მიზეზით ვერ უზრუნველყო შესაბამისი შუამდგომლობებისა და განცხადებების წარმოდგენა საქმის მოსამზადებელ სტადიაზე.
ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისთვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ანდა შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას.
მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნული ნორმების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მართლზომიერად უთხრა უარი შუამდგომლობის ავტორს საქმეზე ახალი გარემოებების მიღებასა და ახალი მტკიცებულებების დართვაზე. საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინება შეიცავს დასაბუთებულ მოტივაციას შუამდგომლობის ავტორის მიერ ახალი გარემოებისა და მტკიცებულებების საპელაციო სასამართლოში წარდგენის საპატიო მიზეზის უარყოფასთან დაკავშირებით და მისი საწინააღმდეგო არგუმენტაცია კასატორს არ წარმოუდგენია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, ზემდგომი ინსტანციის სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას, იმსჯელოს იმ ფაქტობრივ გარემოებებზე, რაზეც მხარეს არ მიუთითებია შესაგებელში. იგი ვერ გასცდება მხარის მიერ სადავოდ გამხდარი გარემოებების საზღვრებს და ვერ დაარღვევს სამოქალაქო სამართალწარმოების ერთ-ერთ ფუნდამენტურ პრინციპს - შეჯიბრებითობას.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის საოქმო განჩინება მართებულია და არ გამოვლენილა ისეთი საპროცესო დარღვევა, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.
კასატორი უთითებს, რომ მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან, თუმცა ვერ უთითებს, რაში მდგომარეობს ასეთი განსხვავება. ამავდროულად, კასატორი უთითებს, რომ არ არსებობს სასამართლოს ერთგვაროვანი, დამკვიდრებული პრაქტიკა საავანსო საბანკო გარანტიებზე, მოცემულ საქმეში კი, სასამართლომ ვერ განასხვავა საავანსო გარანტიისა და ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიის სახეები და არასწორად მიიჩნია, რომ ბანკის მიერ გაიცა არა საავანსო გარანტია, არამედ ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია. შესაბამისად, არასწორად დაადგინა, რომ ბენეფიციარის მოთხოვნა შეესაბამებოდა გარანტიაში არსებულ პირობებს, რადგან ბენეფიციარი ითხოვდა საბანკო გარანტიის წერილებით გათვალისწინებული თანხების გადახდას და უთითებდა პრინციპალის მიერ ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს უხარისხოდ შესრულებაზე, თუმცაღა საბანკო გარანტიები საერთოდ არ უზრუნველყოფდა ნარდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების ხარისხიან შესრულებას.
საკასაციო სასამართლო, არსებული პრაქტიკის თვალსაზრისით, კასატორის ყურადღებას მიაქცევს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2009 წლის 17 მარტის Nას-781-996-08 გადაწყვეტილებაზე, სადაც უზენაესმა სასამართლომ განმარტა, რომ: „საბანკო გარანტიის ერთ-ერთი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი, რაც მას გამოარჩევს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის სხვა საშუალებებისაგან, არის საბანკო გარანტიის დამოუკიდებლობა ძირითადი ვალდებულებისგან. საბანკო გარანტია ეფუძნება არა მხარეთა შეთანხმებას (ხელშეკრულებას), არამედ მისი გამცემი პირის (გარანტის) ცალმხრივ და უპირობო ვალდებულებას. საბანკო გარანტიის ზემოაღნიშნული თავისებურება ასახულია სამოქალაქო კოდექსის 881-ე მუხლში, რომლის თანახმად, საბანკო გარანტიით გათვალისწინებული გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე მათ შორის ურთიერთობისას არ არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის შესრულების უზრუნველსაყოფადაც არის ის გაცემული, მაშინაც კი, როცა გარანტია შეიცავს მითითებას ამ ვალდებულებაზე. ბენეფიციარის წინაშე გარანტის ვალდებულების ძირითადი ვალდებულებისაგან დამოუკიდებლობის პრინციპის გამოხატულება იმაში მდგომარეობს, რომ ბენეფიციარისათვის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად კანონმდებელი ორ ძირითად შემთხვევას განიხილავს, კერძოდ: თუ ბენეფიციარის მოთხოვნა ან თანდართული დოკუმენტები არ შეესაბამება გარანტიის პირობებს, ანდა ისინი წარედგინა გარანტს გარანტიით განსაზღვრული ვადის დამთავრების შემდეგ (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილი). ცხადია, დასახელებულ პირობათაგან არც ერთს არა აქვს კავშირი ძირითად ვალდებულებასთან. რაც შეეხება ძირითად ვალდებულებასთან დაკავშირებულ შემთხვევებს, როგორიცაა: საბანკო გარანტიით უზრუნველყოფილი ძირითადი ვალდებულების მთლიანად ან ნაწილობრივ შესრულება, მისი სხვა საფუძვლებით შეწყვეტა ან ბათილად აღიარება, კანონი მათ გარანტის ვალდებულებისაგან გათავისუფლების საფუძვლად არ განიხილავს. ასეთ შემთხვევებში გარანტი უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ ბენეფიციარსა და პრინციპალს, თუმცა მიუხედავად ამ შეტყობინებისა, ბენეფიციარის განმეორებითი მოთხოვნა დაკმაყოფილებას ექვემდებარება (სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის მეორე ნაწილი)“.
უზენაესი სასამართლოს განმარტებით, „სამოქალაქო კოდექსის 885-ე მუხლის პირველი ნაწილი მიუთითებს ბენეფიციარის მოთხოვნის წარდგენის ფორმაზე, კერძოდ, რომ საბანკო გარანტიით ბენეფიციარის მოთხოვნა ფულადი თანხის გადახდის შესახებ უნდა წარედგინოს გარანტს წერილობითი ფორმით, გარანტიაში მითითებული დოკუმენტების დართვით. მოთხოვნაში ან მის დანართში ბენეფიციარმა უნდა მიუთითოს, თუ რაში გამოიხატება პრინციპალის მიერ ძირითადი ვალდებულების დარღვევა, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაიცა გარანტია. აღნიშნული ნორმა ავსებს სამოქალაქო კოდექსის 887-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესს მოთხოვნისა და თანდართული დოკუმენტების გარანტიის პირობებისადმი შესაბამისობის შესახებ“.
საკასაციო სასამართლო კასატორის განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს იმავე გადაწყვეტილებაში უზენაესი სასამართლოს შემდეგ განმარტებაზე: „გარანტის სამსახური იმაში გამოიხატება, რომ გარანტიით გათვალისწინებული თანხა ბენეფიციარს გადაუხადოს პრინციპალის მიერ სწორედ ვალდებულების შეუსრულებლობისას. სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის თანახმად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას“.
საკასაციო სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მიუხედავად გარანტიის სახისა, სამოქალაქო კოდექსის 880-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო გარანტია უზრუნველყოფს პრინციპალის მიერ ბენეფიციარის მიმართ თავისი მოვალეობის სათანადო შესრულებას, ხოლო იმავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი სათანადო შესრულებად მიიჩნევს ვალდებულების ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას შესრულებას. აღნიშნული ეხება გარანტიის ყველა სახეს, ხოლო რა განსხვავებაა ამ თვალსაზრისით საავანსო და ხარისხის უზრუნველყოფის გარანტიებს შორის, კასატორმა ვერ დაასაბუთა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არ განსხვავდება უზენაესი სასამართლოს არსებული პრაქტიკისაგან და წარმოდგნილი საკასაციო საჩივრის დასაშვებად ცნობის საფუძველი არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის არსებობს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას სს „ა.ს.ბ.ს-ს“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო საჩივრისათვის 2015 წლის 23 იანვარს N.. საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 8000 ლარის ოდენობით (ტომი 4, ს.ფ. 103). ამდენად, საკასაციო საჩივრის დაუშვებლად ცნობის გამო, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 8000 ლარის 70% – 5600 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. სს „ა.ს.ბ.ს-ს“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორ სს „ა.ს.ბ.ს-ს“ (ს/კ ....) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 23 იანვარს №3 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (8000 ლარის) 70% – 5600 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე