Facebook Twitter
საქმე №ას-167-155-2015 14 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე


კასატორები – ე.ბ., ნ.ტ., რ.ბ., ნ.ბ., ე.კ., ს.ბ.


მოწინააღმდეგე მხარე – მ.ნ.


გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება


კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით კასატორების სარჩელის დაკმაყოფილება


დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესარულება, ქმედების განხორცილების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ე.ბ.მ, ე.კ.მ, ნ.ტ.მ, რ.ბ.მ, ნ.ბ.მ და ს.ბ.მ სარჩელი აღძრეს სასამართლოში მ.ნ.ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება, მოსარჩელეებს დაუბრუნოს და საჯარო რეესტრში მათ საკუთრებად აღირიცხოს შემდეგი უძრავი ქონება: ა) 3001.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი (საკადასტრო კოდი: N.....); ბ) 3000.00 კვ.მ სასოფლო-სამურნეო მიწის ნაკვეთი და საცხოვრებელი სახლი (შენობა-ნაგებობის ჩამონათვალი: 1, სართულიანობა 2, განაშენიანების ფართი 235.2 კვ.მ, საერთო ფართი 425.69 კვ.მ, ოთახების რაოდენობა 5, საცხოვრებელი ფართი 50.78 კვ.მ, დამხმარე ფართი 289.84 კვ.მ, საზაფხულო ფართი 85.07 კვ.მ, საკადასტრო კოდი N.....).
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა, ამასთან, მ.ნ.მ თავადაც მიმართა სასამართლოს სარჩელით ე.ბ.ის, ე.კ.ის, ნ.ტ.ის, რ.ბ.ის, ნ.ბ.ისა და ს.ბ.ის მიმართ და მოითხოვა მოპასუხეების დავალდებულება, საჯარო რეესტრში მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (საკადასტრო კოდი: N26.18.13.018 და N26.18.13.016) მ.ნ.ის საკუთრებაში გადაცემის თაობაზე.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს.
ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 16 ივლისის განჩინებით წინამდებარე საქმეები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 182-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, გაერთიანდა ერთ წარმოებად. ამავე სასამართლოს 2014 წლის 22 აგვისტოს გადაწყვეტილებით კი, მოსარჩელეების: ე.ბ.ის, ე.კ.ის, ნ.ტ.ის, რ.ბ.ის, ნ.ბ.ისა და ს.ბ.ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო. მოსარჩელე მ.ნ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა. დაევალათ მოპასუხეებს: ე.ბ.ს, ე.კ.ს, ნ.ტ.ს, რ.ბ.ს, ნ.ბ.სა და ს.ბ.ს საჯარო რეესტრში მათ თანასაკუთრებაში არსებული უძრავი ქონებების (ს/კ N.....და N.....) მ.ნ.ის საკუთრებაში გადაცემა, რომელიც დღეის მდგომარეობით დარეგისტრირებულია მ.ნ.ის სახელზე გამოსყიდვის უფლებით.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე.ბ.მ, ნ.ტ.მ, რ.ბ.მ, ნ.ბ.მ, ე.კ.მ და ს.ბ.მ.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად ცნო, რომ 2012 წლის 6 აპრილს ორი წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებით ქ.ოზურგეთში გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები, ე.კ.ს, ე.ბ.ს, ნ.ტ.ს რ.ბ.ს, ნ.ბ.ს, ს.ბ.სა და მ.ნ.ს შორის;
N ... უძრავი ქონების ღირებულება შეადგენდა 3 260 ლარს, ხოლო N......ქონებისა _ 5 000 ლარს;
გამოსყიდვისათვის თანხა 2014 წლის 6 აპრილამდე უნდა გადახდილიყო;
ნასყიდობის საგანი აღირიცხა მ.ნ.ის სახელზე, რომელსაც საფუძვლად ზემოთ მითითებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულებები (გამოსყიდვის უფლებით) დაედო;
2013 წლის 14 აპრილის ხელწერილის თანახმად, მ.ნ.ს, ნ.ბ.ის წარმომადგენელმა ა.თ.მ გადასცა 1 900 ლარი;
საქმეში წარმოდგენილი 2012 წლის 22 მარტის ურთიერთშეთანხმების აქტის თანახმად (რომელსაც სხვა პირებთან ერთად ხელს აწერს ნ.ბ.ის მეუღლე და წარმომადგენელი ნ.ტ. და მ.ნ.), 2009 წლის 19 მარტს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ნ.ის მიმართ განხორციელებულ თაღლითობის ფაქტზე ბრალი წარედგინა ნ.ბ.ს, ხოლო მ.ნ. ცნობილ იქნა დაზარალებულად და ზარალის თანხა 13 260 ლარით განისაზღვრა. ნ.ბ.ის მეუღლე ნ.ტ.მ ზარალის ანგარიშში, მ.ნ.ს გადასცა 5 000 ლარი, ხოლო დარჩენილი 8 260 ლარის სანაცვლოდ, მხარეთა შორის შედგა ყიდვა - გაყიდვის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებები 2 წლის ვადით;
ე.კ.მ 2014 წლის 7 აპრილს საერთო სასამართლოების ანგარიშზე შეიტანა 1 260 ლარი და 5 000 ლარი და 2014 წლის 16 აპრილს _ 100 ლარი;
უდავოდ დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ გამოსყიდვის ხელშეკრულების ვადაში ე.კ.ს, ე.ბ.სა და სხვებს არ შეუსრულებიათ ხელშეკრულების პირობა და არ გამოუსყიდიათ დადგენილი და შეთანხმებული წესით უძრავი ქონება მ.ნ.ის საკუთრებიდან;
მოვალემ იცოდა კრედიტორ მ.ნ.ის ადგილსამყოფელი, რომელიც მზად იყო, მიეღო შესრულება (ლანჩხუთის რაიონის სანოტარო ბიუროში), მაგრამ მოვალემ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება.
პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 319-ე, 361-ე, 477-ე, 509-ე მუხლებით, 123 -ე მუხლის მე-2 ნაწილით, მე-400 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით, 434-ე მუხლით და აღნიშნა, რომ 2014 წლის 6 აპრილამდე ე.ბ.ს, ე.კ.ს, ნ.ტ.ს, რ.ბ.ს, ნ.ბ.სა და ს.ბ.ს სადავო უძრავი ქონებების გამოსყიდვა მ.ნ.თვის თანხის სრულად დაბრუნებით არ განუხორციელებიათ, მათ თანხა 2014 წლის 7 აპრილს, ანუ ვადის დარღვევით სასამართლოს სადეპოზიტო ანგარიშზე და არა ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე განათავსეს და აღნიშნული თანხაც არ იყო სრული, მოგვიანებით, 2014 წლის 14 აპრილს ე.კ.მ ამავე ანგარიშზე განათავსა დამატებით 100 ლარი, ამდენად, მ.ნ.ის წინაშე ვალდებულება ჯეროვნად არ შესრულებულა. გამყიდველთა მიერ, ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში არ გამოვლენილა ნება გამოსყიდვის თაობაზე, რის გამოც მ.ნ.ის მოთხოვნა კანონშესაბამისად იქნა დაკმაყოფილებული პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ.
რაც შეეხება აპელანტთა მითითებას, რომ მათ გააჩნდათ მ.ნ.თვის გადასაცემი თანხა, თუმცა ეს უკანასკნელი უარს აცხადებდა შესრულების მიღებაზე, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის მე-3 ნაწილის, მე-4 და 102-ე მუხლების შესაბამისად, აპელანტების მიერ სათანადო მტკიცებულებების წარუდგენლობის გამო, არ გაიზიარა, მეტიც, სააპელაციო სასამართლოს სხდომაზე მ.ნ.ის მოწინააღმდეგემ აღნიშნა, რატომ უნდა შეხვედროდა ლანჩხუთში თანხის გადასაცემედ მ.ნ.ს, როდესაც ამის ვალდებულება მას არ გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩვრეს ე.ბ.მ, ნ.ტ.მ, რ.ბ.მ, ნ.ბ.მ, ე.კ.მ და ს.ბ.მ, მოითხოვეს მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მათი სარჩელის დაკმაყოფილება, ხოლო მ.ნ.ის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგი საფუძვლებით:
სააპელაციო პალატამ მართებულად იხელმძღვანელა ვალდებულებითი სამართლის ნორმებით, თუმცა სასამართლომ არასწორად არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი, რადგანაც თავადაც დაადგინა, რომ კასატორებს ვალდებულება ნაწილობრივ ჰქონდათ შესრულებული და ამის გამო მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა იგი, შესაბამისად, კრედიტორი ვალდებული იყო, განესაზღვრა დამატებითი ვადა, ამასთანავე, სახეზე არაა 405-ე მუხლით განსაზღვრული დანატებითი ვადის დაწესების გამომრიცხავი გარემოებები.
სააპელაციო პალატამ არასწორად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლით, რომელიც წარმოადგენს მოვალის უფლებადამცავ ნორმას და ამ ნორმაზე დაყრდნობით მოვალისათვის პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია, ამასთან, არასწორია სასამართლოს დასკვნა, რომ მოვალისათვის კრედიტორის ადგილსამყოფელი - სანოტარო ბიურო ცნობილი იყო და მან ვალდებულება არ შეასრულა. კრედიტორის ადგილსამყოფელთან არსებული ნოტარიატი არ შეიძლება მიჩნეულ იქნას კრედიტორის ადგილსამყოფელად იმ პირობებში, როდესაც კრედიტორი უარს აცხადებს შესრულების მიღებაზე.
არასწორია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება მოვალის მიერ ვადის გადაცილების თაობაზე, რადგანაც სასამართლოს ეს მსჯელობა ეწინააღმდეგება, როგორც გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას, ისე საქმის მასალებს, კერძოდ, პალატამ დადგენილად ცნო, რომ მ.ნ.ს 2013 წლის 14 აპრილის ხელწერილით გადაეცა 1 900 ლარი, ხოლო ზიანის დარჩენილი ნაწილის ანაზღაურების მიზნით მხარეთა შორის გაფორმდა გამოსყიდვის უფლების ნასყიდობის 2 დამოუკიდებელი ხელშეკრულება, რომელთაგან ერთი ქონების ღირებულება 3 260 ლარია, ხოლო მეორე ქონებისა _ 5 000 ლარი. სააპელაციო საჩივარში აპელანტი მიუთითებდა მ.ნ.ის სარჩელზე, სადაც ამ უკანასკნელმა აღიარა, რომ მას მარტის ბოლოს მიმართეს ბ.მა და შესთავაზეს 3 200 ლარის გადახდა, რაზეც თავად განაცხადა უარი. გადახდილი თანხისა და ამ აღიარების ფარგლებში კასატორებს შეეძლოთ ერთ-ერთი უძრავი ნივთის გამოსყიდვა.
გაურკვეველია, რომელ ხელშეკრულებას გულისხმობს სააპელაციო სასამართლო, როდესაც განმარტავს კასატორების მიერ ვალდებულების დარღვევას. სასამართლომ არასწორად გააიგივა ეს ხელშეკრულებები და არასწორად ჩათვალა, რომ სახეზე იყო ერთიანი ვალდებულება.
დაუსაბუთებელია სასამართლოს მსჯელობა შესრულების ადგილის სანატორო ბიუროს თაობაზე, რადგანაც არ დასტურდება, კასატორებმა იცოდნენ თუ არა კანონის დათქმა ვალდებულების ამ გზით შესრულების თაობაზე.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძვლები და თვლის, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემული დავის საგანს, გამოსყიდვის უფლებით დადგენილი ნასყიდობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მხარეთა მოთხოვნების კანონიერება წარმოადგენს. საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის კი, უმთავრესია, პასუხი გაეცეს მთავარ კითხვას: გამოსყიდვის უფლების მქონე პირმა დაიცვა უფლების რეალიზაციისათვის კანონითა და ხელშეკრულებით განსაზღვრული წინაპირობები?
სამოქალაქო კოდექსის 509-ე მუხლის თანახმად, თუ გამყიდველს ნასყიდობის ხელშეკრულებით აქვს გამოსყიდვის უფლება, ამ უფლების განხორციელება დამოკიდებულია გამყიდველის ნებაზე. დასახელებული ნორმიდან გამომდინარეობს გამყიდველის უფლებამოსილება, საკუთარი შეხედულებით განკარგოს გამოსყიდვის უფლების გამოყენების საკითხი. გამოსყიდვის უფლების რეალიზაცია ცალმხრივი ნების გამოვლენას წარმოადგენს და მისი ნამდვილობა უკავშირდება როგორც ნების სწორ ფორმირებას, ისე გამოხატვის პროცესის სათანადოდ დასრულებას. ამასთანავე, გამოსყიდვის უფლების ბუნებიდან გამომდინარე, იგი წარმოადგენს რა მიღებასავალდებულო ნებას, ასეთი ნების ნამდვილობის კიდევ ერთ უმთავრეს ელემენტს წარმოადგენს ნების ადრესატთან მისვლა, რამდენადაც, გამოსყიდვის უფლება, სამოქალაქო კოდექსის 514-ე მუხლით შეიძლება მხოლოდ დროის გარკვეული პერიოდით იყოს შეზღუდული, ხოლო ამავე კოდექსის 51-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ნების გამოვლენა, რომელიც მოითხოვს მეორე მხარის მიერ მის მიღებას, ნამდვილად ჩაითვლება იმ მომენტიდან, როცა იგი მეორე მხარეს მიუვა.
ამ კუთხით სააპელაციო პალატამ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
ე.კ.ს, ე.ბ.ს, ნ.ტ.ს რ.ბ.ს, ნ.ბ.ს, ს.ბ.სა და მ.ნ.ს შორის 2012 წლის 6 აპრილს, ორი წლის ვადაში გამოსყიდვის უფლებით, ქ.ოზურგეთში გაფორმდა უძრავი ნივთის ნასყიდობის 2 ხელშეკრულება;
N....ქონებაზე გამოსყიდვის ფასი შეადგენდა 3 260 ლარს, ხოლო N....ქონებაზე _ 5 000 ლარს;
გამოსყიდვისათვის თანხა გამყიდველს უნდა გადაეხადა 2014 წლის 6 აპრილამდე;
აღნიშნული ხელშეკრულებების საფუძველზე უძრავი ქონებები საჯარო რეესტრში აღირიცხა მ.ნ.ის სახელზე;
2013 წლის 14 აპრილის ხელწერილის თანახმად, მ.ნ.ს ნ.ბ.ის წარმომადგენელმა გადასცა 1 900 ლარი;
2012 წლის 22 მარტის ურთიერთშეთანხმების აქტის თანახმად (რომელსაც სხვა პირებთან ერთად ხელს აწერს ნ.ბ.ის მეუღლე და წარმომადგენელი ნ.ტ. და მ.ნ.), 2009 წლის 19 მარტს აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე მ.ნ. ცნობილ იქნა დაზარალებულად და ზარალი განისაზღვრა 13 260 ლარით;
ბ-ის მეუღლე ნ.ტ.მ ზარალის ანგარიშში, მ.ნ.ს გადასცა 5 000 ლარი, ხოლო, დარჩენილი 8 260 ლარის სანაცვლოდ, მხარეთა შორის გაფორმდა ყიდვა - გაყიდვის (გამოსყიდვის უფლებით) ხელშეკრულებები 2 წლის ვადით;
2014 წლის 7 აპრილს მოსარჩელე ე.კ.მ საერთო სასამართლოების ანგარიშზე შეიტანა 1 260 ლარი და 5 000 ლარი, ხოლო 2014 წლის 16 აპრილს დამატებით 100 ლარი;
გამოსყიდვის ხელშეკრულების ვადაში ე.კ.ის, ე.ბ.სა და სხვათა მიერ არ შესრულებულა ხელშეკრულების პირობა და მათ არ გამოუსყიდიათ დადგენილი და შეთანხმებული წესით უძრავი ქონება მ.ნ.ის საკუთრებიდან;
მოვალემ იცოდა კრედიტორის ადგილსამყოფელი, რომელიც მზად იყო, მიეღო შესრულება (ლანჩხუთის რაიონის სანოტარო ბიუროში).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაშვებ და დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება.
ამგვარი დასაბუთებული შედავებისას, კანონით იმპერატიულადაა დადგენილი საკასაციო სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.
როგორც საკასაციო საჩივრის შინაარსიდან ირკვევა, კასატორები გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას ძირითადად შემდეგი საფუძვლებით მოითხოვენ:
გასაჩივრებული განჩინებით სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია კასატორების მხრიდან ვალდებულების ნაწილობრივ შესრულება, კერძოდ, 1 900 ლარის მოწინააღმდეგე მხარისათვის გადაცემის ფაქტი, შესაბამისად, ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, რის გამოც, კრედიტორს, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის თანახმად, უნდა დაეწესებინა დამატებითი ვადა ვალდებულების შესრულებისათვის. განჩინების სამართლებრივი დასაბუთებისას პალატამ არასწორად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლი, რომელიც მოვალის დამცავ ნორმას წარმოადგენს და ამ მუხლზე დაყრდნობით, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პასუხისმგებლობის დაკისრება გამორიცხულია;
სარჩელში, ასევე, კასატორების მიერ აღძრული სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში, მ.ნ.მ აღნიშნა, რომ ბ.ბმა მიმართეს მარტის ბოლოს და შესთავაზეს 3 200 ლარი, რომლის მიღებაზე მ.ნ.მ განაცხადა უარი. ასეთ ვითარებაში, უკვე მიღებული თანხის გათვალისწინებით, კასატორები ნასყიდობის ერთ-ერთი ხელშეკრულების საგნის გამოსყიდვას მაინც შეძლებდნენ. ეს გარემოება მითითებულია ასევე სააპელაციო სასამართლოს განჩინებაშიც, თუმცა პალატამ სადავო 2 ხელშეკრულება ერთიან ვალდებულებად განიხილა და არასწორად დაადგინა მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების ფაქტი;
კასატორები სადავოდ ხდიან ასევე იმ დადგენილ გარემოებას, რომ მათთვის მ.ნ.ის ადგილსამყოფელი იყო ცნობილი.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კასატორების არგუმენტს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენების თაობაზე და განმარტავს, რომ წინამდებარე დავის ფარგლებში სადავოს წარმოადგენს გამოსყიდვის უფლების მქონე პირის მიერ მისი ამ უფლების განხორციელების მართლზომიერება. როგორც უკვე აღინიშნა, გამოსყიდვის უფლება წარმოადგენს ცალმხრივი ნების გამოვლენას და ასეთ შემთხვევაში, ვალდებულების დარღვევაზე საუბარი გამართლებული არაა. სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით კი, რეგულირებულია ორმხრივი ხელშეკრულების დროს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას დამატებითი ვადის დაწესების საკითხი, მოცემულ შემთხვევაში, ამგვარი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა სახეზე არ გვაქვს. პალატა განმარტავს, რომ მითითებული ნორმის ობიექტს წარმოადგენს რა ორხმრივი ვალდებულებითი ურთიერთობა, 405-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების დარღვევისას ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო პირობებს, რომლის გამოყენებაც ხდება ხელშეკრულებიდან გასვლის მარეგულირებელ ნორმასთან ერთობლიობაში.
რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლს, იგი წარმოადგენს დეპონირების გზით ვალდებულების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს და მოვალეს აღჭურავს უფლებით, ვალდებულების შესრულების მარეგულირებელი სხვა წესის გამოყენების შეუძლებლობისას (სამოქალაქო კოდექსის კარი VI) დეპონირებით აირიდოს თავიდან ვალდებულების შეუსრულებლობის ნეგატიური შედეგები. იმისათვის, რომ სამოქალაქო კოდექსის 434-ე მუხლის საფუძველზე ვალდებულება ჩაითვალოს შეწყვეტილად, სახეზე უნდა იყოს ნორმით გათვალისწინებული შემდეგი წინაპირობები: ა) მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულების შესრულების ნება; ბ) კრედიტორის მიერ შესრულების მიღების დაყოვნება; გ) მოვალის მიერ ნოტარიუსის სადეპოზიტო ანგარიშზე თანხის დადება. ამ კუთხით, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ე.ბ.ისა და სხვათა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა თანახმადაც მოსარჩელეებმა 2014 წლის მარტში შესთავაზეს მოპასუხეს ვალდებულების შესრულება, რომელზეც ამ უკანასკნელმა უარი განაცხადა, ხოლო მოსარჩელეებმა 7 აპრილს მიმართეს ოზურგეთში არსებულ სანოტარო ბიუროს და ვალდებულების შესრულების მიზნით მოითხოვეს თანხის სადეპოზიტო ანგარიშზე დადება. აღნიშნულზე კი, მათ უარი იმ საფუძლით ეთქვათ, რომ ნოტარიუსს სადეპოზიტო ანგარიში არ გააჩნდა, რის გამოც გამოსყიდვის თანხა _ 1 260 ლარი და 5 000 ლარი განთავსდა საერთო სასამართლოების სადეპოზიტო ანგარიშზე.
საკასაციო პალატა ნაწილობრივ (3 200 ლარის ნაწილში) იზიარებს კასატორთა პრეტენზიას მათ მიერ გამოსყიდვის ვადის დარღვევის ფაქტის სასამართლოს მხრიდან არასწორად დადგენის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს ამ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგ გარემოებებზე:
სააპელაციო პალატამ დაადგინა და მხარეთა შორის სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ გამოსყიდვის ანგარიშში მ.ნ.ს ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის დადგომამდე მიღებული აქვს 1 900 ლარი. კასატორები სარჩელში მიუთითებდნენ, რომ ძირითადი ვალდებულების შესრულების მიზნით, მარტის ბოლოს დაუკავშირდნენ მ.ნ.ს, რათა მისთვის გადაეცათ თანხა ან ამ თანხის ჩარიცხვის მიზნით კრედიტორს მიეწოდებინა საბანკო ანგარიშის მონაცემები, რის თაობაზეც მ.ნ.გან მიიღეს უარი, ხოლო ვალდებულების შესრულების ვადის ბოლო დღეებში მოპასუხემ მოსარჩელეებთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა (იხ: ტ. I, ს.ფ. 1-15). ე.ბ.ის, ე.კ.სა და სხვათა სარჩელის წინააღმდეგ წარდგენილ შესაგებელში (იხ: ტ. I, ს.ფ. 42-52) მ.ნ.მ განმარტა, რომ ერთ-ერთი მოსარჩელე _ ნ.ტ. დაუკავშირდა ტელეფონით 2014 წლის მარტის ბოლო რიცხვებში და უთხრა, რომ არ ჰქონდა სრული თანხა, გადაუხდიდა 3 200 ლარს და ქონება უნდა გადაეფორმებინა, ხოლო დანარჩენ თანხას სექტემბრის ბოლო დღეებში დაფარავდნენ, რასაც მოპასუხე არ დაეთანხმა. საყურადღებოა, რომ მითითებული გარემოება ანალოგიურადაა გადმოცემული თავად მ.ნ.ის მიერ წარდგენილ სარჩელშიც (იხ: ტ. II, ს.ფ.1-14).
მოსარჩელე (იგივე მოპასუხე) მ.ნ.ის ეს განმარტება პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით არ შეუფასებია. ამ გარემოების თაობაზე შეფასებას არ შეიცავს არც სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება, მიუხედავად სააპელაციო საჩივარში არსებული პრეტენზიისა (იხ: ტ. I, ს.ფ.133-146).
საკასაციო პალატა მიზანშეწონილად მიიჩნევს, განმარტოს საპროცესო ურთიერთობის მიზნებისათვის აღიარების სამართლებრივი მნიშვნელობა, კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე და 132-ე მუხლების თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოების არსებობის ან არარსებობის აღიარება მხარეს შეუძლია როგორც ზეპირი, ისე წერილობითი ფორმით, საქმის წინასწარი სასამართლო განხილვისათვის მომზადების ან ამ საქმის სასამართლო სხდომაზე განხილვის დროს. თუ აღიარება წარმოდგენილია წერილობითი ფორმით, იგი დაერთვის საქმეს. ზეპირად გაკეთებული აღიარება შეიტანება სასამართლო სხდომის ოქმში.
საპროცესო სამართლის თეორიაში აღიარების განსაკუთრებული მნიშვნელობა განმარტებულია იმგვარად, რომ ფაქტს, რომელსაც უნდა ადასტურებდეს დავის სუბიექტი, ადასტურებს მისი მოწინააღმდეგე მხარე. ფაქტის აღიარების დროს მხარე ცნობს დავის კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, რაც სასამართლომ შეიძლება საკმარის საფუძვლად მიიჩნიოს გადაწყვეტილების გამოტანისას და დაეყრდნოს ამ აღიარებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 133-ე მუხლით ამომწურავადაა დადგენილი აღიარების გაქარწყლების წესი და მისი უარყოფა სარწმუნოა მაშინ, როდესაც აღიარების ავტორი გადაწყვეტილების გამოტანამდე დაამტკიცებს, რომ ეს აღიარება იყო: ა) შეცდომის შედეგი და განპირობებული იყო ისეთი გარემოებით, რომელიც ცნობილი გახდა მისთვის აღიარების შემდეგ; ბ) მის მიმართ ადგილი ჰქონდა ფსიქიკურ ან ფიზიკურ ზემოქმედებას, რომელიც გამორიცხავდა მხარის თავისუფალ ნებას. თავის მხრივ, აღიარების უარყოფა სასამართლომ უნდა დაასაბუთოს გადაწყვეტილებაში. როგორც საქმის მასალებით დასტურდება, სარჩელსა და შესაგებელში გადმოცემული დადგენილ ვადაში თანხის მიღებაზე კრედიტორის მიერ უარის გაცხადების ფაქტის აღიარება, მოცემულ შემთხვევაში, მას არ გაუქარწყლებია, რაც დასაბუთებულს ხდის კასატორის პრეტენზიას კრედიტორის მიერ გამოსყიდვისათვის დადგენილ ვადაში შესრულების მიღებაზე უარის თქმის შესახებ, ამასთანავე, საგულისხმოა, რომ უკვე გადახდილი თანხის ოდენობისა და მ.ნ.ის მიერ სარჩელსა და შესაგებელში მითითებული თანხის ოდენობის გათვალისწინებით, კასატორები შეძლებდნენ ხელშეკრულებათაგან ერთ-ერთით გათვალისწინებული საგნის ღირებულების სრულად დაფარვას. საკასაციო პალატა დამატებით მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 378-ე მუხლზე, რომლის თანახმადაც მოვალეს უფლება აქვს ვალდებულება შეასრულოს ნაწილ-ნაწილ (ვალდებულების ნაწილობრივი შესრულება), თუკი კრედიტორი ამაზე თანახმაა. მართალია, მ.ნ.ს შესრულების ნაწილ-ნაწილ ან ვადის გადაცილებით მიღების ვალდებულება არ გააჩნდა, თუმცა საგულისხმოა ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი გამოსყიდვის უფლებით დადებული ნასყიდობის ხელშეკრულებები ეკონომიკურ ერთიანობას არ ქმნიან, წარმოადგენენ დამოუკიდებელ გარიგებებს, ხოლო ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლების ერთდროული რეალიზაციის ფაქტი სააპელაციო პალატას არ დაუდგენია, რაც, საკასაციო სასამართლოს შეფასებით, ვადის დადგომამდე კრედიტორის მიერ მიღებული თანხისა და შეთანხმებული ვადის დაცვით მოვალის მხრიდან შეთავაზებული თანხის გათვალისწინებით, ერთ-ერთი ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამოსყიდვის უფლების რეალიზაციის თაობაზე კასატორთა პრეტენზიას მეტად დასაბუთებულს ხდის.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, ანალოგიური მოთხოვნებია დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საპროცესო კოდექსის 389-ე და 390-ე მუხლებით. კანონის ეს დათქმა ორიენტირებულია მართლმსაჯულების მიზნის მიღწევაზე - ერთი მხრივ, გადაწყვეტილება იყოს ზუსტი და ამომწურავი პასუხი მოსარჩელის მოთხოვნაზე და, მეორე მხრივ, ის უნდა შეიცავდეს იმ გონივრული განსჯის პროცესის ზუსტ ასახვას, რაც საფუძვლად უდევს უფლების დამდგენ მართლმსაჯულების აქტს - გადაწყვეტილებას, რადგან მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა, დაარწმუნოს მხარე მოთხოვნის საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობაში.
სამოქალაქო კოდექსის მე-3 წიგნი (ვალდებულებითი სამართალი) ვალდებულების შესრულების თავში იცნობს კრედიტორის მიერ ვადის გადაცილების ინსტიტუტს და 390-ე მუხლის პირველი ნაწილით განმარტავს, თუ რა ჩაითვლება ამგვარ გადაცილებად, კერძოდ, კრედიტორის მიერ ვადის გადაცილებად ითვლება, თუ იგი არ იღებს მისთვის შემოთავაზებულ შესრულებას, რომლის ვადაც დამდგარია.
ამდენად, საკასაციო სასამართლოს მოსაზრებით, სადავო სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში თანხის შეთავაზებისა და კრედიტორის მიერ მის მიღებაზე უარის თქმის ფაქტის აღიარების სწორად შეფასება წინამდებარე დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი გარემოებაა. ამ გარემოებას კი, სააპელაციო სასამართლოს მხრიდან არ მიეცა სათანადო სამართლებრივი შეფასება რითაც დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:
ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;
ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა. 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტის თანახმად კი, გადაწყვეტილება ყოველთვის ჩაითვლება კანონის დარღვევით მიღებულად, თუ გადაწყვეტილების დასაბუთება იმდენად არასრულია, რომ მისი სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმება შეუძლებელია.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას წინამდებარე განჩინებაში მითითებული ნორმების ფაქტობრივი ელემენტების შემოწმების მიზნით, მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მხოლოდ ამის შემდეგ გადაწყვიტოს უფლების საკითხი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით, 53-ე მუხლის მე-4 ნაწილით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ე.ბ.ის, ნ.ტ.ის, რ.ბ.ის, ნ.ბ.ის, ე.კ.ისა და ს.ბ.ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 დეკემბრის განჩინება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს.
3. საკასაციო საჩივარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.
4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.


თავმჯდომარე ბ. ალავიძე



მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი



ნ. ბაქაქური