Facebook Twitter

საქმე №ას-175-162-2015 14 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ც.ლ.ნ.გ.გ. და თ.ზ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ. და მ.ზ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორების მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო საჩივრის სრულად დაკმაყოფილება

დავის საგანი – საავტომობილო გზის მოწყობის დასრულების მიზნით ქმედების დავალდებულება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.და მ.ბმა სარჩელი აღძრეს სასამართლოში ა.ზ.ის მიმართ და მოითხოვეს მოპასუხის დავალდებულება, მოშალოს მანსარდი და მისი შესასვლელი რკინის ჭიშკრის მარცხენა საყრდენი ბოძიდან სწორხაზოვნად, ზემოთ მდებარე ეზოს შესასვლელ ჭიშკრამდე მოაწყოს ღობე, რის შედეგადაც მოსარჩელეებს შეეძლებათ საავტომობილო გზის გაყვანის დასრულება.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, მ. და მ.ზ.ბს ა.ზ.ის სასარგებლოდ დაეკისრათ ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ნაწილის _ 300 ლარის გადახდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა, მოსარჩელეებმა მოითხოვეს ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება, ასევე, ადვოკატის მომსახურების ხარჯების ანაზღაურება, ხოლო მოპასუხემ _ საპროცესო ხარჯების განაწილების ნაწილში გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით მოსარჩელეთათვის დამატებით იურიდიული მომსახურების თანხის _ 1700 ლარის დაკისრება.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 1 სექტემბრის განჩინებით აპელანტ ა.ზ.ის უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა თ.ზ., ხოლო ამავე პალატის 2014 წლის 24 სექტემბრის განჩინებით ა.ზ.ის უფლებამონაცვლე თ.ზ.თან ერთად თანამოპასუხეებად დაშვებულ იქნენ გ., გ., ლ., ნ. და ც. ზ.ბი.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 10 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ზ.ის უფლებამონაცვლე-თ.ზ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, მ. და მ.ზ.ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 25 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც მ. და მ.ზ.ს სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ა.ზ.ის უფლებამონაცვლე თ.ზ.ს დაევალა, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ .... მ.ზ.ის კუთვნილ საცხოვრებელ სახლამდე მიმავალი საავტომობილო გზის გაყვანის დასრულების მიზნით, მოშალოს მანსარდის საძირკველი და ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკარის მარცხენა საყრდენი ბოძიდან, სწორხაზოვნად, ზემოთ მდებარე ეზოს შესასვლელ ჭიშკრამდე მოაწყოს მიჯნა სსიპ ლ.ს.ის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის საინჟინრო ექსპერტიზის №..... დასკვნის დანართით გათვალისწინებული ნახაზის შესაბამისად.

პალატამ დადგენილად მიიჩნია შემდეგი გარემოებები:

სარჩელის წარდგენის დროისათვის, 2013 წლის 5 მარტის მდგომარეობით, ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ......, ა. და მ.ზ.ბს ერთმანეთის მეზობლად გააჩნდათ მიწის ნაკვეთები მათზე განლაგებული შენობა-ნაგებობებით;

ხელვაჩაურის რაიონის ..... საკრებულოში მდებარე 4658,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი რეგისტრირებული იყო მ.ზ.ის საკუთრებად, ხოლო ხელვაჩაურის რაიონში, ..... საკრებულოში მდებარე 6041,00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი _ ა.ზ.ის საკუთრებად;

დავის განხილვის დროისათვის, 2013 წლის 12 აპრილის მდგომარეობით ა., გ., თ., ლ., მ. და ნ. ზ.ის თანასაკუთრებაში ირიცხებოდა ხელვაჩაურის რაიონის .... მდებარე 1134 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებული მიწის ნაკვეთი;

აპელანტი (მოპასუხე) ა.ზ.ის გარდაცვალების შემდეგ, 2014 წლის 29 აგვისტოს მდგომარეობით, ხელვაჩაურის რაიონის ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1134 კვ.მ დაზუსტებული მიწის ნაკვეთი რეგისტრირებულია ა., გ., თ., ლ., მ. და ნ. ზ.ის თანასაკუთრებაში;

ხელვაჩაურის რაიონში, .... საკრებულოში მდებარე ა.ზ.ის სახელზე რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 6041,00 კვ.მ მიწის ნაკვეთი მოიცავდა ხელვაჩაურის რაიონის ..... მდებარე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1134 კვ.მ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთს;

აპელანტი მ.ზ.ის საცხოვრებელი ადგილი ხელვაჩაურის რაიონის .... საკრებულოში მდებარე მ.ზ.ის საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლია;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით დადგენილია, რომ მოსარჩელე მ.ზ. თავის საკარმიდამო მიწის ნაკვეთთან მისასვლელად სარგებლობდა საერთო სარგებლობის გზით, ასევე, ა.ზ.ის საკარმიდამო მიწის ნაკვეთზე არსებული სამანქანე გზით. აღნიშნული გადაწყვეტილებით ა.ზ.სა და მისი ოჯახის წევრებს დაევალათ, ხელი არ შეეშალათ მოსარჩელეებისათვის საერთო სამანქანე გზით სარგებლობაში. მათვე აეკრძალათ ავი ცხოველების გაშვება საერთო სარგებლობის გზაზე. ეზო-საკარმიდამოს დამცავი ჭიშკრის აღებაზე მოსარჩელეებს უარი ეთქვათ;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;

ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს 2005 წლის 13 ოქტომბრის №... ბრძანებით შექმნილმა კომისიამ შეისწავლა სოფ. ...... მ.ზ.ის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარგებლობაში აღდგენის საკითხი. კომისიამ დაადგინა, რომ მ.ზ.ს თავის საცხოვრებელ სახლამდე მისვლა უხდება ა.ზ.ის საცხოვრებელი სახლის ეზოს გავლით. მ.ზ. არაა თანახმა საერთო გზის გამოყენებაზე და მოითხოვს დამოუკიდებელი გზის გაყვანას. მოდავე მხარეთა (ა. და მ.ზ.ბი) საერთო აზრის გათვალისწინებით, მიღწეულ იქნა შეთანხმება: ალტერნატიული გზის გაყვანისათვის კომისიამ მიზანშეწონილად მიიჩნია „ა.ზ.ის დამხმარე შენობა-ნაგებობის, კერძოდ კი, მარნის დაშლა წინა ფასადის დატოვებით, როგორც საზღვრის აღმნიშვნელი. დამხმარე შენობა დაიშალოს მას შემდეგ, როცა გზის გაყვანის პროცესში საჭირო შეიქმნება“. ორივე მოდავე მხარე კომისიის გადაწყვეტილებას დაეთანხმა, რაზედაც ხელი მოაწერეს;

ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, დასათვალიერებელი ობიექტი მდებარეობს აჭარიწყლის თემის სოფელ ....., ძლიერი დაქანების ფერდობზე. ფერდობის გარკვეული მონაკვეთი ნაწილობრივ გრუნტისაა და ნაწილობრივ ბეტონის. ა., გ., თ., ლ., მ. და ნ.ც. ზ.ის სახლთმფლობელობა სამანქანე გზას უკავშირდება დიდი ორფრთიანი ლითონის ჭიშკრით, ხოლო საცხოვრებელი სახლის წინ მდებარე ეზოს ნაწილი შემოღობილია ლითონის ფურცლით გაკეთებული ღობით. შესასვლელი ჭიშკრის მიმდებარედ, დაახლოებით, 4 მეტრის სიგრძეზე, ღობე აღმართულია 120 სმ. სიმაღლისა და 30 სმ. სიგანის ბეტონის კედელზე, ხოლო დანარჩენი ნაწილი აღმართულია მიწის საფარზე და მიემართება მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. სადავო გზის მონაკვეთი მდებარეობს თ.ზ.ის, გ.ზ.ის, ლ.ზ.ის, ნ.ზ.სა და ც.ზ.ის ეზოს შემომსაზღვრელი ლითონის ფურცლიანი ღობის გასწვრივ. სადავო გზა წარმოადგენს გრუნტის გზას, რომელსაც ერთი მხრიდან ესაზღვრება ლითონის ფურცლის ღობე, ხოლო, მეორე მხრიდან _ ხევი. გზის ერთ ნაწილზე, მოსარჩელეთა საცხოვრებელი სახლის მხარეს, ხევის მხრიდან გაკეთებულია ბეტონის დამცავი ჯებირი. სადავო გზის მცირე ნაწილი, მოპასუხეთა ეზოში შესასვლელი ჭიშკრის ახლოს, დაახლოებით, 5 მ-ის სიგრძეზე, ბეტონის კედლის გასწვრივ შევიწროებულია და მისი სიგანე შეადგენს დაახლოებით 260 სმ-ს. ამ მონაკვეთს ხევის მხარეს გააჩნია დიდი ქვის ლოდებით აშენებული ყორე;

ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №.....დასკვნის თანახმად, ხელვაჩაურის რაიონში, სოფელ ......., ა.ზ.ის სახლთმფლობელობის მარცხნივ, ხევის მხარეს მდებარეობს საფეხმავლო სტანდარტის გზა. ის მიემართება აღმართით ზემოთ, მ.ზ.ის სახლთმფლობელობამდე. აღნიშნული ბილიკის სიგანე და მისი რელიეფის მოწყობის ტექნოლოგია ვერ იძლევა მასზე ავტომობილის გადაადგილებისა და მისი უსაფრთხო ტრანსპორტირების საშუალებას, რადგან მისი სიგანე არ არის სტანდარტების მიხედვით დადგენილი 3,5 მეტრი. აღნიშნული გზის მოწყობისათვის, ა.ზ.მ უნდა მოშალოს არსებული ზიგზაგობრივი, დროებითი ლითონის ფურცლებიდან მოწყობილი ღობე, მისი ქვედა მხარე უნდა მიებას შესასვლელი რკინის ჭიშკრის მარცხენა ბოძს, ხოლო მეორე ბოლო სწორხაზოვნად უნდა მიებას ზემოთ მდებარე პატარა ჭიშკრის საყრდენ ბოძს. აღნიშნული მდგომარეობის შექმნის შემდეგ, მ.ზ.ს მიეცემა საშუალება, მოაწყოს მის სახლთმფლობელობამდე მისასვლელი გზა, რომელზედაც გადაადგილება უსაფრთხოდ იქნება შესაძლებელი;

ხელვაჩაურის რაიონის გამგებლისადმი ხელვაჩაურის რაიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს უფროსის წერილში დაფიქსირებულია შემდეგი: „მ.ზ. და ა.ზ. ცხოვრობენ სოფელ ..... საავტომობილო გზიდან დაახლოებით 1.2 კმ-ის დაშორებით მაღლა გორაკზე, რომლის დახრილობა არის 35 გრადუსი. მ.ზ. რომ მივიდეს თავის საცხოვრებელ სახლში, უნდა გაიაროს ა.ზ.ის საცხოვრებელი სახლის ეზოში ისე, რომ პირველად უნდა გაიღოს ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკარი, შემდეგ კი, გასასვლელი ჭიშკარი. იმის გამო, რომ ჭიშკრები გაკეთებულია ძლიერი დაქანების ფერდობზე, ავტომანქანის გაჩერება და ჭიშკრის გაღება მძღოლის მიერ დიდ სირთულეს წარმოადგენს და ნებისმიერ დროს მოსალოდნელია ბრმა შემთხვევის წარმოშობა;

კომისიამ ადგილზე არსებული მდგომარეობიდან გამოარკვია და გადაწყვიტა, რომ მ.ზ.ს საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზა უნდა ჰქონდეს თავისუფალ მდგომარეობაში. ა.ზ. წინააღმდეგია ეზოს შევიწროების ხარჯზე გზის დათმობისა და ეზოში შესასვლელი ჭიშკრის აღებაზეც. კომისიამ მხარეებთან მოლაპარაკებით მიაღწია შეთანხმებას, რომ ა.ზ. დაშლიდა დამხმარე შენობა-ნაგებობას (მარანს), რომელიც აშენებულია ახლად გასაყვანი გზის მონაკვეთზე და აღკვეთდა გზის გაყვანის ხელშემშლელ პირობებს. ახლი გზის გაყვანისათვის კედელი უნდა აღიმართოს ეზოში შესასვლელი რკინის ჭიშკრის მარცხენა ბოძიდან, ზევით ეზოში არსებული ღობისაკენ სწორხაზოვნად ისე, რომ მ.ზ.ს შეეძლოს სავალი გზის გაყვანა. არსებული საკითხის თაობაზე კომისიამ შეადგინა აქტი, რაზედაც ორივე მხარე ხელს აწერს და ეთანხმება;

ხელვაჩაურის რაიონის სოფ. ........ მცხოვრებ ზ.ებს შორის, საავტომობილო გზის გაყვანის მიზანშწონილობასთან დაკავშირებით ჩატარებული საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირების შესახებ აქტში დაფიქსირებულია, რომ 2005 წელს კომისია მივიდა იმ დასკვნამდე, რომ გზის გაყვანას ვიზუალური საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირება ვერ აკმაყოფილებს. დეტალური საინჟინრო გეოლოგიური გამოკვლევის გარეშე გზის გაყვანა მიზანშეწონილად არ მიაჩნიათ, რადგან ფერდობის ჩამოჭრა, ხე-მცენარეების გაჩეხვა, ბურღვა-აფეთქება და სხვა, ხელს შეუწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივიზაციას და საფრთხეს შეუქმნის აღნიშნული მოსახლეების საცხოვრებელ სახლებს;

მოპასუხე ა.ზ.მ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გასაქარწყლებლად აღნიშნა, რომ საავტომობილო გზა ფაქტობრივად არსებობს და ფუნქციონირებს. მოთხოვნის დასაბუთების მიზნით, სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა საპატიო მიზეზის გამო, მტკიცებულებათა, მათ შორის ექსპერტიზის დასკვნისა და ა.ზ.ის სახელზე რიცხულ კომლთან დაკავშირებით საარქივო ჩანაწერის წარმოდგენის გადავადების თაობაზე;

აპელანტი (მოპასუხე), იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ გზის სადავო მონაკვეთი მოქცეულია მის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში და საავტომობილო გზა ფაქტობრივად არსებობს და ფუნქციონირებს, შემოიფარგლა სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით, ადგილის დათვალიერების ოქმითა და ს.ფ. 332-333-ზე განთავსებული საკადასტრო აზომვითი ნახაზით;

ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №......... დასკვნით, საქმეზე მოპასუხის მიერ წარმოდგენილი საჯარო რეესტრის ამონაწერითა და საკადასტრო აზომვითი ნახაზით ირკვეოდა, რომ ხელვაჩაურის რაიონის ........, მ.და მ.ბის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი ახალი გზის სადავო მონაკვეთი გ., გ., თ., ლ., ც. და ნ. ზ.ბის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 1134 კვ.მ დაზუსტებულ მიწის ნაკვეთის საზღვრებში მოქცეული არ იყო. სადავო მიწის ნაკვეთი არც ერთი მხარის საკუთრებას არ წარმოადგენდა, ადგილი, რომელზედაც მოპასუხის მიერ გაკეთებული ლითონის ფურცლის დროებითი ღობე და ამჟამად უკვე დანგრეული მარნის ფასადის საძირკველი იყო განთავსებული, სახელმწიფოს კუთვნილებაა.

სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების, მე-4, მე-5, 103-ე და 105-ე მუხლების შესაბამისად, ადგილის დათვალიერების ოქმის, ლ. ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №... დასკვნისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზის შეფასების საფუძველზე, დადასტურებულად მიიჩნია, რომ მ.და მ.ბის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელად საავტომობილო გზა ფაქტობრივად არ არსებობს, არ ფუნქციონირებს და რომ გზის სადავო მონაკვეთი მოქცეული არ არის ა.ზ.ის უფლებამონაცვლის, თ.ზ.ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში. რაც შეეხება მოპასუხის მსჯელობას ამ ფაქტების უარყოფასთან დაკავშირებით, იგი არ იქნა გაზიარებული ვინაიდან, სათანადო მტკიცებულება (ექსპერტიზის დასკვნა) სასამართლოში მის მიერ წარმოდგენილი არ ყოფილა, მიუხედავად პირველი ინსტანციის სასამართლოში ასეთი შუამდგომლობის დაყენებისა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე, 161-ე, 176-ე მუხლებით, მიუთითა საქმეში წარმოდგენილ მტკიცებულებებზე, ასევე იმ გარემოებაზე, რომ ახალი გზის გასაყვანი ტერიტორია სახელმწიფო საკუთრების ობიექტს წარმოადგენდა და აღნიშნა, რომ საჯარო ნივთით (სახელმწიფოს კუთვნილი მიწის ნაკვეთით) სარგებლობის უფლება ჰქონდა ყველა პირს და მისი თვითნებური შეზღუდვა დაუშვებელი იყო.

არ იქნა გაზიარებული მოპასუხე ა.ზ.ის უფლებამონაცვლე-თ.ზ.ის მოსაზრება, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს, დაასრულოს სამანქანე გზის მშენებლობა ხევის ფერდობის ხარჯზე ჯებირის გაკეთებით, რადგანაც მოპასუხის მტკიცების საპირისპირო გარემოებას ადასტურებდა საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირების შესახებ აქტი და ლ.ს.ის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საინჟინრო ექსპერტიზის №..... დასკვნა.

სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით, 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით და დადასტურებულად მიიჩნია, რომ სოფ. ...., მ.ზ.ის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის სარგებლობაში აღგენასთან დაკავშირებით, 2005 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი აქტით, მამია და ა.ზ.ბი შეთანხმდნენ, რომ მ.ზ.ის საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზის გაყვანისათვის ა.ზ. დაშლიდა დამხმარე შენობას _ მარანს მას შემდეგ, როცა გზის გაყვანის პროცესში საჭირო შეიქმნებოდა. სასამართლოს მოსაზრებით, არა მარტო სანივთო-სამართლებრივი ურთიერთობის ფარგლებში, არამედ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე, ა.ზ.ის, ამჟამად კი, მისი უფლებამონაცვლე თ. ზ.ის ვალდებულებას წარმოადგენს საავტომობილო გზის მშენებლობისათვის მის სარგებლობაში არსებული დამხმარე შენობის დაშლა.

პალატამ, სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, არ გაიზიარა ა.ზ.ის უფლებამონაცვლე თ. ზ.ის მსჯელობა იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი შეთანხმება არ მოიცავდა დამხმარე შენობის სრულად დაშლას და შენობის ფასადი უნდა დარჩენილიყო, როგორც საზღვრის აღმნიშვნელი. ადგილის დათვალიერებითა და მხარეთა განმარტებებით დგინდებოდა, რომ დამხმარე შენობის ფასადი თავად ა.ზ.ის მიერ იქნა დარღვეული და მხოლოდ ფასადის საძირკველის არსებობა არ ადასტურებდა მის დატოვებაზე შეთანხმების არსებობას. აქტში გამოვლენილი ნების გონივრული განსჯისა და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრის განმარტების საფუძველზე დგინდებოდა, რომ მხარეები შეთანხმდნენ გზის გაყვანის პროცესში საჭირო ვითარების შექმნისას დამხმარე შენობის სრულად დაშლაზე, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია, ამასთან, არ იქნა გაზიარებული მოპასუხის მსჯელობა, რომ სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებით შეიზღუდებოდა მისი, როგორც მესაკუთრის კანონით დაცული უფლება. მოცემული დავის წარმოშობამდე აუცილებელი სამანქანო და საცალფეხო მიმოსვლის მიზნით, მოსარჩელე სარგებლობდა ა.ზ.ის (მოპასუხის) საცხოვრებელი სახლის წინ გამავალი გზით. აღნიშნული გზით სარგებლობა მოსარჩელემ შეიზღუდა მოპასუხესთან შეთანხმებით, იმ პირობით, რომ ალტერნატიული გზის გაყვანაში მოპასუხე ხელს არ შეუშლიდა. ვინაიდან, მოსარჩელემ შეთანხმების პირობა შეასრულა, მოპასუხეც ვალდებული იყო, შეესრულებინა ნაკისრი ვალდებულება და ხელი არ შეეშალა მოსარჩელისათვის, მისი (მოპასუხის) საცხოვრებელი სახლის წინ, სასამართლო გადაწყვეტილებით დადგენილი, საერთო სარგებლობის გზის ნაცვლად, ალტერნატიული გზის მოწყობაში და განეხორციელებინა ამ მიზნით ნაკისრი ვალდებულებები.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ა., გ., თ., ლ., მ. და ნ. ზ.ბმა, მოითხოვეს მათი სააპელაციო საჩივრის მოთხოვნის დაკმაყოფილება შემდეგი დასაბუთებით:

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება წინააღმდეგობრივია, კერძოდ, 4.19 პუნქტში სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის სახლთან მისასვლელი გზა არ არსებობს, ამავე პუნქტში სასამართლო მიუთითებს, რომ გზა არსებობს მაგრამ არ ფუნქციონირებს და იგი არ არის მოქცეული მოპასუხის კუთვნილ მიწის ნაკვეთის საზღვრებში. ამ კუთხით სასამართლომ არ გაითვალისწინა შესაგებელში მითითებული გარემოება, რომ მ.ზ. არასათანადო მოსარჩელეა და მას მოპასუხის მიმართ არ შეიძლება, მოთხოვნის უფლება გააჩნდეს. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოების საპირისპირო ვითარება დასტურდება სააპელაციო სასამართლოში წარდგენილი, დასაშვებად ცნობილი მტკიცებულებით _ დისკით; ამონაწერითა და საკადასტრო რუკით საჯარო რეესტრიდან, რომლის მიმართაც მოქმედებს უტყუარობისა და სისრულის პრეზუმფცია; თ.ზ.ის შუამდგომლობით წარდგენილი აზომვითი ნახაზითა და საჯარო რეესტრის სააგენტოს ხელვაჩაურის სარეგისტრაციო სამსახურის წერილით.

სასამართლო ასევე წინააღმდეგობრივად მსჯელობს, როდესაც მიუთითებს თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ მიწის ნაკვეთზე, თუმცა არ აზუსტებს (შეუძლებელიცაა რაიმეს დაკონკრეტება), თუ სად მდებარეობს თ.ზ.ის ინდივიდუალური საკუთრება. გასაჩივრებული გადაწყვეტილებით ვალდებულება წარმოეშობა მხოლოდ თ.ზ.ს და არა სხვა თანამესაკუთრეებს.

სასამართლომ გადაწყვეტილების 4.20-4.23 პუნქტებში არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 170-ე-172-ე მუხლები, ამასთანავე, არასწორად გამოიყენა და განმარტა ამავე კოდექსის 161-ე და 176-ე მუხლები. სასამართლოს გადაწყვეტილებით უხეშად ირღვევა თანამესაკუთრეების: ც., ლ., ნ., გ. და გ. ზ.ის უფლებები, სადავო მიწის ნაკვეთი სახელმწიფოს საკუთრებას არ წარმოადგენს, რაც დგინდება საქმეში არსებული წერილობითი და ვიდეომასალით.

სააპელაციო სასამართლო საინჟინრო-გეოლოგიური რეკოგნოსცირების აქტისა და ლ.ს.ის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს დასკვნაზე დაყრდნობით განმარტავს, რომ გზის ჩამოჭრა ხელს შეუწყობს გეოლოგიური პროცესების აქტივაციას, თუმცა არ ითვალისწინებს მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებას, რომ მარნის კედლის მონგრევა გამოიწვევს ეროზიული პროცესების განვითარებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს გამოიწვევს.

პალატა არასწორად განმარტავს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილს და იშველიებს 2005 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმებას, ნაცვლად 27 ოქტომბრის შეთანხმებისა, სადაც მკაფიოდაა მითითებული, რომ მარანი უნდა დაინგრეს ფასადის კედლის დატოვებით. სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის არასწორი განმარტებით, პალატა არასწორად გადმოსცემს 2005 წლის 27 ოქტომბრის შეთანხმებას, მართალია, სასამართლომ მიუთითა ის გარემოება, რომ მ.ზ. შეიზღუდა აღნიშნული გზით სარგებლობა მოპასუხესთან შეთანხმებით, თუმცა არ იქნა მოხსენიებული ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილება და შეთანხმება თუ რა საზღვრებს მოიცავდა თვითშეზღუდვაში.

სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ კანონიერ ძალაში შესული 2005 წლის 30 ივნისის გადაწყვეტილებით ა.ზ.სა და მისი ოჯახის წევრებს დაევალათ, ხელი არ შეუშალონ მოსარჩელეებს საერთო-სამანქანე გზით სარგებლობაში, ასევე, აეკრძალათ ავი ცხოველების გაშვება საერთო სარგებლობის გზაზე, ხოლო ეზო-კარმიდამოს დამცავი ჭიშკრის აღებაზე მოსარჩელეებს ეთქვათ უარი. ეს გადაწყვეტილება პირდაპირ კავშირშია წინამდებარე საქმესთან, რის გამოც სახეზე იყო წარმოების შეწყვეტის საფუძვლები.

სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ 2005 წლის 27 ოქტომბრის შეთანხმება აწ გარდაცვლილი ა.ზ.ის მიერ არა თუ შესრულებულია, არამედ მის მიერ მიწის ნაკვეთი იქნა დათმობილი. ეს გარემოება დადგენილია წინამდებარე საქმეზე რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, რის თაობაზეც მოწინააღმდეგე მხარეს პრეტენზია არ გამოუთქვამს. პალატამ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ მ.ზ.ს საავტომობილო გზა უნდა გაეყვანა არა მხოლოდ მარნის კედლის გასწვრივ, არამედ წაბლის ხის მარცხენა მხრიდანაც.

საქმის მასალებით დასტურდება ის გარემოება, რომ მოპასუხეს დაკისრებული ჰქონდა, მოსარჩელისათვის სამანქანო გზით სარგებლობაში არ შეეშალა ხელი. ალტერნატიული გზის გაყვანის საჭიროება არ არსებობს, შესაბამისად, დაუსაბუთებელია, სამოქალაქო კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის საკუთრების ხარჯზე ამ გზის მოწყობა.

პალატა გადაწყვეტილების დასაბუთებისას აღნიშნავს, რომ საავტომობილო გზის გაყვანა გამოიწვევს რთულ ბუნებრივ მოვლენებს, თუმცა არ ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ თ.ზ.ის სახლი მეწყერსაშიშ ზონაშია, რაც დასტურდება ადგილზე დათვალიერების ოქმით.

სააპელაციო სასამართლო გასცდა სასარჩელო მოთხოვნას, ადგილზე დათვალიერებისას მოსარჩელემ განმარტა, რომ გზის მონაკვეთის 2,60 მეტრიდან 3,50 მეტრამდე გაზრდისათვის მას სჭირდება 40-60 სმ-ით გზის გაფართოება, ისიც აწ გარდაცვლილი ა.ზ.ის ეზოში შესასვლელი ჭიშკრიდან დაუმთავრებელი გზის გასწვრივ 5 მეტრის სიგრძეზე და არა ისე, როგორც ეს ექსპერტიზის დასკვნაშია ასახული.

კასატორმა სადავოდ გახადა ასევე გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთება და განმარტა, რომ სასამართლომ არასწორად დაადგინა მ.ზ.ის საცხოვრებელი ადგილი, ასევე ის გარემოება, რომ მ. ზ.ის (და არა მ.ზ.ის) საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი ახალი გზის სადავო მონაკვეთი არ მდებარეობს გ., გ , თ., ლ., ც. და ნ. ზ.ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაზუსტებულ მიწის ნაკვეთში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ც.ლ.ნ.გ.გ. და თ.ზ.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

საკასაციო პალატა დამატებით აღნიშნავს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ არსებობდა სარჩელის დაკმაყოფილებისათვის სამოქალაქო კოდექსის 161-ე, 170-ე, 172-ე, 176-ე, 316-ე და 317-ე მუხლებით გათვალისწინებული წინაპირობები, კერძოდ, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილად იქნა მიჩნეული, რომ მ.და მ.ბის საცხოვრებელ სახლთან მისასვლელად საავტომობილო გზა ფაქტობრივად არ არსებობს, არ ფუნქციონირებს და გზის სადავო მონაკვეთი მოქცეული არ არის ა.ზ.ის უფლებამონაცვლე თ. ზ.ის თანასაკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის საზღვრებში;

მ.ზ.ის სახლთმფლობელობამდე უსაფრთხო სამანქანე გზის გაყვანას, საკუთრებით სარგებლობასა და მ. ზ.ის მიერ საცხოვრებელ სახლზე მფლობელობის განხორციელებას ხელს უშლის ა.ზ.ის მიერ მოწყობილი ზიგზაგობრივი, დროებითი ლითონის ფურცლის ღობე და ამჟამად უკვე დაშლილი მარნის წინა ფასადის საძირკველი;

ახალი გზის გასაყვანი ტერიტორია სახელმწიფო საკუთრებაა და აღნიშნული მიწის ნაკვეთი საჯარო ნივთს წარმოადგენს, რომლით სარგებლობის უფლება აქვს ყველას და მისი თვითნებური შეზღუდვა დაუშვებელია;

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდებოდა და არც ა.ზ.ის უფლებამონაცვლე თ.ზ.ს წარმოუდგენია მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მოსარჩელეს შესაძლებლობა აქვს, დაასრულოს სამანქანო გზის მშენებლობა ხევის ფერდობის ხარჯზე ჯებირის გაკეთებით;

სოფელ ....., მ.ზ.ის საცხოვრებელ სახლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის აღგენასთან დაკავშირებით, 2005 წლის 13 ოქტომბერს შედგენილი აქტით, მამია და ა.ზ.ბი შეთანხმდნენ, რომ მ.ზ.ის საცხოვრებელ სახლამდე საავტომობილო გზის გაყვანისათვის ა.ზ. დაშლიდა დამხმარე ნაგებობას _ მარანს მას შემდეგ, როცა გზის გაყვანის პროცესში საჭირო შეიქმნებოდა, ამასთანავე, არც თავად შეთანხმებით და არც საქმეში არსებული მტკიცებულებებით არ დგინდებოდა ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2005 წლის 13 ოქტომბრის შეთანხმება არ მოიცავდა დამხმარე შენობის სრულ დაშლას;

მოცემული დავის წარმოშობამდე აუცილებელი სამანქანო და საცალფეხო მიმოსვლის მიზნით, მოსარჩელე სარგებლობდა ა.ზ.ის (მოპასუხის) საცხოვრებელი სახლის წინ გამავალი გზით. აღნიშნული გზით სარგებლობა მოსარჩელემ შეიზღუდა მოპასუხესთან შეთანხმებით, იმ პირობით, რომ ალტერნატიული გზის გაყვანაში მოპასუხე ხელს არ შეუშლიდა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების წინააღმდეგ კასატორებს დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენიათ, ამასთანავე, პალატა განმარტავს, რომ მოქმედი საპროცესო კანონმდებლობის თანახმად, სარჩელის საფუძვლიანობის შემოწმება ხორციელდება რამდენიმე მიმართულებით, ესაა ე.წ მოსარჩელის სტადია, რა დროსაც ხდება სარჩელის დასაბუთებულობის, მისი გამართულობის შემოწმება. შემდეგი ეტაპია მოპასუხის სტადია, ხოლო გადაწყვეტილების გამოტანამდე ე.წ მტკიცების სტადიაზე ხდება მტკიცებულებათა გამოკვლევა. საქმის განხილვის ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლა და ამა თუ იმ მხარის მიერ საპროცესო კანონმდებლობით დაკისრებული ტვირთის დაძლევა ფასდება მას შემდეგ, რაც სრულად ამოიწურება წინა ეტაპით განსაზღვრული საპროცესო მოქმედებები.

საქმეში წარმოდგენილი სარჩელის შესწავლით ირკვევა, რომ მ.და მ.ბი მოთხოვნას მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმების პირობების შეუსრულებლობაზე ამყარებდნენ და მოპასუხისაგან მოითხოვდნენ ალტერნატიული გზის მშენებლობის შემაფერხებელი მოქმედებების შეწყვეტას (მანსარდის მოშლა და სხვა).

შესაგებლით მოპასუხე შეთანხმების პირობებს არ შედავებია, აღნიშნა, რომ ეს არ წარმოადგენს მორიგებას, ამასთან, მან 2005 წლის 27 ივლისის შეთანხმება შეასრულა, თუმცა ამ გარემოების დამადასტურებელი სათანადო მტკიცებულებები არ წარმოუდგენია, ამასთანავე აღნიშნა ისიც, რომ სადავო საავტომობილო გზა ფაქტობრივად არსებობს და შესაძლებელია მისი ამ სახით ფუნქციონირება. საქმის მასალებით მოპასუხის მიერ მითითებული არც ერთი გარემოება არ დადასტურებულა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილების ფაქტობრივი დასაბუთების ნაწილში წარმოდგენილი პრეტენზიის საწინააღმდეგოდ, საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს შეფასებას საქმეში არსებული მტკიცებულებების თაობაზე და მიიჩნევს, რომ სადავო გარემოებები ემყარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ მტკიცებულებათა კვლევის სტანდარტს, თავის მხრივ, როგორც სავსებით მართებულად აღნიშნა სააპელაციო სასამართლომ, მოპასუხემ (კასატორმა) საქმეში არსებული მტკიცებულებების გაქარწყლება მხოლოდ საკუთარ ახსნა-განმარტებას დაამყარა იმგვარად, რომ მას რაიმე, არსებითი ხასიათის დასაბუთებული შედავება სასამართლოში არ წარუდგენია.

საკასაციო პალატა ყურადღებას გაამახვილებს მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების წესზე და აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

მოხმობილი ნორმების ანალიზით დასტურდება, რომ სადავოდ მიჩნეული უფლების კანონიერება უნდა დამტკიცდეს. დარღვეული უფლების დაცვა მხარეს კონკრეტულ ფაქტებზე დაყრდნობით შეუძლია და ამ ფაქტების მითითება მხარის პრეროგატივაა. საქმის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, რომელიც სადავოა, დამტკიცებას საჭიროებს, ხოლო ფაქტების დამტკიცების ტვირთი ფაქტების მიმთითებელ მხარეებს ეკისრებათ. გამონაკლისს წარმოადგენს მატერიალური ნორმითგათვალისწინებული შემთხვევა, როდესაც ფაქტების დამტკიცების ტვირთი ამა თუ იმ ნორმით განსხვავებულადაა მოწესრიგებული.

მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.

საკასაციო პალატა მხედველობაში იღებს კასატორის პრეტენზიას საქმის წარმოების შეწყვეტის თაობაზე და აღნიშნავს, რომ საქმეში წარმოდგენილი ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2005 წლის 20 ივნისის გადაწყვეტილება შეეხება ა.ზ.ის მფლობელობაში არსებული საერთო სარგებლობის გზის გახსნასა და ხელშეშლის აღკვეთას, წინამდებარე დავის საგანი კი, სახლთან მისასვლელი გზის მოწყობის დასრულების მიზნით, 2005 წლის 27 (13) ოქტომბრის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება და ქმედების განხორციელების დავალდებულებაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, შეწყვეტს საქმის წარმოებას, თუ არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომელიც გამოტანილია დავაზე იმავე მხარეებს შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით. მითითებულ ნორმაში მოცემულია საქმის წარმოების შეწყვეტის ელემენტები, რომელთა მხოლოდ ერთობლივად არსებობა იწვევს ნორმით გათვალისწინებულ იურიდიულ შედეგს, ამ ელემენტთაგან ერთ-ერთის არარსებობა კი, საქმის წარმოების შეწყვეტაზე უარის თქმის საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს არც ამ ნაწილში წარმოუდგენიათ დასაბუთებული შედავება, ხოლო სააპელაციო პალატამ მართებულად არ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 272-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით.

ამდენად, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ც.ლ.ნ.გ.გ. და თ.ზ.ს საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორებს უნდა დაუბრუნდეთ ვ.ლ.ს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% – 210 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ც.ლ.ნ.გ.გ. და თ.ზ.ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორებს: ც.ზ.ს, ლ. ზ.ს, ნ. ზ.ს, გ. ზ.ს, გ.ზ.სა და თ. ზ.ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეთ ვ. ლ.ს მიერ 2015 წლის 27 თებერვლის N1 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 300 ლარის, 70% – 210 ლარი.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური