Facebook Twitter

საქმე №ას-198-186-2014 29 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - მ.დ.-ძე

მოწინააღმდეგე მხარე - შპს „ვ.ი.-ი“

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად იმავე სასამართლოში დაბრუნება

დავის საგანი - თანხის დაკისრება (სარჩელში), მოტყუებით დადებული შეთანხმების ბათილად ცნობა (შეგებებულ სარჩელში)

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „ვ.ი.-მა“ სარჩელით მიმართა ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოპასუხე მ.დ.-ძის მიმართ და მოითხოვა მოპასუხისათვის 418738 აშშ დოლარის დაკისრება.

მ.დ.-ძემ შპს „ვ.ი.-ის“ მიმართ წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების ბათილად ცნობა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილებით:

1. შპს „ვ.ი.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;

2. მ.დ.-ძეს დაეკისრა 354677 აშშ დოლარის გადახდა;

3. მ.დ.-ძის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 4 ივნისის გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით:

1. მ.დ.-ძის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. შპს „ვ.ი.-ის“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა;

3. გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება შპს „ვ.ი.-ის“ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება;

4. შპს „ვ.ი.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა;

5. მ.დ.-ძეს შპს „ვ.ი.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა 64061 აშშ დოლარის გადახდა;

6. დანარჩენ ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

მ.დ.-ძე წარმოადგენდა შპს ,,ვ.ი.-ის’’ რეგიონალური ერთეულის - ქ. ბათუმში არსებული საქონლის შესანახი ბაზისა (საწყობი) და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სადისტრიბუციო საქმიანობის ხელმძღვანელს;

2011 წლის 19 დეკემბერს შპს ,,ვ.ი.-სა’’ და მ.დ.-ძეს შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც, მ.დ.-ძემ აიღო სრული მატერიალური პასუხისმგებლობა ცხრილში მითითებული პირების მიერ კრედიტორისათვის მიყენებულ ზიანზე და შესასრულებელ ვალდებულებებზე და ამავდროულად კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა ცხრილში მითითებულ მოვალეებს (დებიტორებს), ამ პირების მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად. მ.დ.-ძემ იკისრა ვალდებულება, რომ სრულად დააკმაყოფილებდა კრედიტორს, თუ მოვალე (მოვალეები) არ შეასრულებდნენ კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას (ვალდებულებებს). ამავე შეთანხმების თანახმად, მ.დ.-ძე ამ ხელშეკრულებით ნაკისრ თავის ვალდებულებებზე პასუხს აგებდა მხოლოდ 418738 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული პირგასამტეხლოსა და ყველა მოსალოდნელი ზიანის ფარგლებში;

2011 წლის 19 დეკემბერს შპს ,,ვ.ი.-სა’’ და მ.დ.-ძეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაში მითითებული დავალიანება 418738 აშშ დოლარის ოდენობით ეხება 2010-2011 წლებს;

2011 წლის 19 დეკემბერს, შპს ,,ვ.ი.-ის’’ დირექტორმა ი. ბ.-მა ხელწერილით იკისრა ვალდებულება, რომლის თანახმადაც, კომპანიას 2012 წლის იანვრის ბოლომდე იპოთეკისაგან უნდა გაენთავისუფლებინა სს ,,ს. ბ.-ში“ შპს ,,ვ.ი.-ის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული გ. დ.-ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე ქ. ბათუმი, ... ქუჩა №...-ში;

ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2012 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ.ი.-ის’’ სარჩელი ი/მ ,,გ. ნ.-ის’’ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა და ი/მ ,,გ. ნ.-ეს’’ შპს ,,ვ.ი.-ის’’ სასარგებლოდ დაეკისრა 25113,73 ლარის გადახდა;

ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 8 ნოემბრის გადაწყვეტილებით შპს ,,ვ.ი.-ის’’ სარჩელი შპს ,,ლ. 2’’-ის მიმართ თანხის დაკისრების (58978,56 ლარი) თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

მ.დ.-ძე შპს ,,ვ.ი.-ისაგან“ იღებდა სარეალიზაციო საქონელს, რომელსაც სხვადასხვა მოვაჭრე სუბიექტებთან, მათ შორის - ი/მ ,,ე.თ.-ძესთან’’, ი/მ ,,შ.ხ.-ესთან’’, ი/მ ,,გ.ნ.-ესთან’’, შპს ,,მ.93.-’-თან, ი/მ ,,ე.ს.-ძესთან’’, შპს ,,ლ.2011.-’’- თან, ი/მ ,,გ.ფ.-ძესთან’’, ი/მ ,,ზ.ფ.-ძესთან’’; ი/მ ,,მ.ტ.-ძესთან’’, ი/მ ,,ლ.ა.-ძესთან’’, ი/მ ,,თ. ხ.-თან’’, შპს ,,გ’-თან, შპს ,,ჰ.-თან’’, ი/მ ,,ე. შ.-ესთან’’, შპს ,,ნ. 4’’-თან, ი/მ ,,კ. კ.-ძესთან’’, ი/მ ,,ი. ბ.-ლთან’’, შპს ,,ვ. გ.-თან’’, ი/მ ,,გ.ფ.-ძესთან, შპს ,,ვ.-თან’’, ი/მ ,,ე. ჯ.-ესთან’’, ი/მ ,,ნ. მ.-თან’’ უკეთებდა რეალიზაციას;

მ.დ.-ძეს შპს ,,ვ.ი.-ისაგან’’ მიღებული საქონლის რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხები შპს ,,ვ.ი.-ისათვის’’ სრულად არ გადაუხდია;

შპს ,,გ.ა.-ის’’ 2012 წლის 18 აპრილის საექპერტო დასკვნიდან ირკვევა, რომ შპს ,,ვ.ი.-ის’’ მოთხოვნის საფუძველზე ჩატარდა შეთანხმებული პროცედურები შპს ,,ვ.ი.-ის’’ მიერ 2010 და 2011 წლებში იმპორტირებული და შეძენილი საქონლის (გაყინული კვების პროდუქტები) თვითღირებულების, ბათუმის ბაზის მიერ 2010-2011 წლებში მიღებული და რეალიზებული საქონლის რაოდენობით ღირებულებისა და გადახდების დასადგენად. დასკვნის მიხედვით, დამკვეთმა (შპს ,,ვ.ი.-ი’’) წარადგინა 2010-2011 წლების საბუღალტრო დოკუმენტაცია, საბაჟო დეკლარაციები, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურები, საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებები, აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობებების საბუთები, საბანკო ამონაწერები და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტები, რის შემდეგაც დადგინდა შემდეგი: 2010 წელს ბათუმის ბაზას სარეალიზაციოდ გადაეცა 1993091,00 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების გაყინული ხორცპროდუქტები თანხით 5164817,95 ლარი, რეალიზაციამ შეადგინა 5 528 952,00 ლარი, საანგარიშო პერიოდში შპს ,,ვ.ი.-ის’’ სალაროს ბათუმის ბაზიდან შემოსულია 5110124,28 ლარი, მათ შორის, უნაღდო ანგარიშსწორებით - 27 832,10 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით - 5 082 292,18 ლარი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2010 წლის დავალიანებამ შეადგინა 418 827,72 ლარი; 2011 წელს ბათუმის ბაზას სარეალიზაციოდ გადაეცა 2 449 547,00 კილოგრამი სხვადასხვა დასახელების გაყინული ხორცპროდუქტები თანხით 7 488 565,85 ლარი, რეალიზაციამ შეადგინა 1 484 714,60 კილოგრამი, თანხით - 5 389 514,15 ლარი, მათ შორის რეალიზაცია საკონტროლო სალარო აპარატის მონაცემებით - 4 876 480,16 ლარი, ხოლო ანგარიშ-ფაქტურებით კი - 513 033,99 ლარი, შპს ,,ვ.ი.-ის’’ სალაროში ბათუმის ბაზიდან შემოსულია 5 145 227,51 ლარი, მათ შორის უნაღდო ანგარიშსწორებით - 605 566,44 ლარი, ხოლო ნაღდი ანგარიშსწორებით კი - 4 539 661,07 ლარი, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2011 წლის დავალიანებამ შეადგინა 244286,64 ლარი. ამავე დასკვნაში მითითებულია, რომ წარმოდგენილი პირველადი დოკუმენტაციის მიხედვით, საქონლის მიღების, რეალიზაციისა და შპს ,,ვ.ი.-ის’’ სხვა საწყობებში გადაზიდვის გათვალისწინებით დადგინდა, რომ 2011 წლის 10 ოქტომბრის მდგომარეობით ბათუმის საწყობში უნდა ყოფილიყო 86789,00 კილოგრამი საქონელი, მაგრამ ინვენტარიზაციის მიხედვით გამოვლინდა საქონლის დანაკლისი 21257,62 კილოგრამის ოდენობით, ღირებულებით - 70 264,87 ლარი;

სააპელაციო სასამართლოში დაკითხულმა შპს ,,გ.ა.-ის” აუდიტმა ლ. ქ.-ამ განმარტა შემდეგი: 2010-2011 წლის საბანკო ამონაწერების, სასაქონლო ზედნადებების, საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურების, სალაროს შემოსავლის ორდერების, ადგილობრივი შესყიდვის დამადასტურებელი დოკუმენტაციის, ამონაწერებით საბანკო ანგარიშიდან, ბათუმის საწყობთან მოვაჭრე ორგანიზაციების სრული სიით, 2012 წლის 16 თებერვლის ბათუმის საწყობის ინვენტარიზაციის აქტით შემოწმებულ იქნა 2010-2011 წელს ბათუმის ბაზაზე მიწოდებული პროდუქციის ოდენობა, მიწოდებულიდან რეალიზებული საქონლის ოდენობა და საქონლის რეალიზაციის თანხიდან ცენტრალურ ოფისზე გადარიცხული თანხების ოდენობა, ანუ დასკვნის შედგენისას აუდიტორმა გამოიყენა ყველა ის ზემოთჩამოთვლილი დოკუმენტაცია, რაც მას წარუდგინეს. დამკვეთის (შპს ,,ვ.ი.-ი’’) მიერ საექსპერტო კვლევისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი იქნა ასევე საბანკო ამონაწერები და შესაბამისად კვლევა აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობითაც ჩატარდა. აუდიტორს კითხვა როგორადაც ჰქონდა დასმული, კვლევა იმგვარად ჩაატარა და მას არ ქონდა კითხვა დასმული იმგვარად, რამდენი შეიტანა პირადად მ.დ.-ძემ და რ.ი წ.-ამ და ა.შ.... შპს ,,ვ.ი.-ი ” მის საქმიანობას ასახავს რთული საბუღალტრო მეთოდით, რომელსაც ქვია ,,ორისის” მენეჯმენტი. თითოეულ ოპერაციას აქვს თავისი გაშიფვრა, იდენტიფიკაცია, ანუ საბუღალტრო გატარება - დირექტორიდან დაწყებული მუშით დამთავრებული, ვინ რა ოპერაციას ატარებს, ასახულია ყველაფერი ამ პროგრამაში. ექსპერტმა ყველა დოკუმენტი შეამოწმა კომპლექსურად საქვეანგარიშო პირებზე. თანხა, რაც მითითებულია დასკვნაში, აღებულია 2010 წელს ბათუმის ბაზიდან რეალიზებული საქონლის ოდენობიდან და აუდიტორმა დაადგინა, თუ რა ოდენობის საქონელი იქნა რეალიზებული და ამ რეალიზებული საქონლის შესაბამისად, რა თანხა შევიდა ცენტრალურ ოფისში. აუდიტორის განმარტებით, ანალოგიურ პასუხს გასცემს 2011 წელთან დაკავშირებითაც;

აუდიტორ გ. ნ.-ძის 2012 წლის 05 სექტემბრის დასკვნა, რომელიც წარადგინა მ.დ.-ძემ, შედგენილია ისეთ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა 2010 წელს შპს ,,ვ.ი.-ის’’ აჭარის ფილიალის მიერ ცენტრალური ადმინისტრაციისათვის ან/და ცენტრალური ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადახდილი თანხების განსაზღვრა და 2010 წელს შპს ,,ვ.ი.-ის’’ აჭარის ფილიალის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გაწეული ხარჯების განსაზღვრა. დასკვნა შედგენილია დამკვეთის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ მონაცემებსა და მიღებულ განმარტებებზე დაყრდნობით;

პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნით, მ.დ.-ძის მიერ ნაკისრი ვალდებულების მაქსიმალური თანხის ზღვრულ ოდენობას - 418738 აშშ დოლარს უნდა გამოკლებოდა შეთანხმებაზე თანდართულ ცხრილში ი/მ ,,გ.ნ.-ის’’ დავალიანება - 17039 აშშ დოლარის და შპს ,,ლ.2011.-’’-ის დავალიანება - 47022 აშშ დოლარის ოდენობით, სულ- 64061 აშშ დოლარი და საბოლოოდ მ.დ.-ძეს შპს ,,ვ.ი.-ის’’ სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 354677 აშშ დოლარის გადახდა.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ვ.ი.-ის“ სარჩელი მ.დ.-ძის მიმართ უნდა დაკმაყოფილებულიყო სრულად. სასამართლოს მითითებით, შპს ,,ვ.ი.-სა’’ და მ.დ.-ძეს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს გაფორმებული შეთანხმება არ ეწინააღმდეგება სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით განმტკიცებულ ხელშეკრულების თავისუფლად დადების პრინციპს და იგი თავისი არსით წარმოადგენს თავდებობის ხელშეკრულებას. სასამართლომ აღნიშნა, რომ მხარეთა შორის გაფორმებული შეთანხმების მიხედვით, მ.დ.-ძე კრედიტორის წინაშე თავდებად დაუდგა ცხრილში მითითებულ მოვალეებს (დებიტორებს) ამ პირების მიერ კრედიტორის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესასრულებლად, ასევე იკისრა ვალდებულება, სრულად დაეკმაყოფილებინა კრედიტორი, თუ მოვალე არ შეასრულებდა კრედიტორის წინაშე ნაკისრ ვალდებულებას. სასამართლოს მითითებით, მოცემულ შემთხვევაში შეთანხმებაზე თანდართულ ცხრილში სულ აღრიცხულია 21 მოვალე, მათ შორის არიან - ი/მ ,,გ.ნ.-ე’’ და შპს ,,ლ.2011.-’’. სასამართლოს შეხედულებით, ი/მ გ.ნ.-ესა და შპს „ლ.-სთან“ მიმართებაში სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებები გავლენას ვერ მოახდენს მოცემული დავის მხარეთა უფლება-ვალდებულებებთან, რადგან ეს გადაწყვეტილებები გამოტანილია სხვა დავაზე და არ გამომდინარეობს შპს „ვ.ი.-სა“ და მ.დ.-ძეს შორის არსებულ 2011 წლის 19 დეკემბრის თავდებობის ხელშეკრულებიდან.

სააპელაციო სასამართლომ თავისი დასკვნა სარჩელის დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით დაამყარა ასევე შპს „ვ.ი.-ის“ მიერ წარდგენილ აუდიტორულ დასკვნაზე, რომლიდანაც ირკვევა 2010-2011 წლების დავალიანების არსებობა და მისი ოდენობა. სასამართლოს მითითებით, შპს ,,ვ.ი.-ის’’ მიერ წარმოდგენილი აუდიტორული დასკვნიდან და ასევე სააპელაციო სასამართლოში დაკითხული აუდიტორის - ლ. ქ.-ას განმარტებიდან ირკვევა, რომ აუდიტის ჩატარების მიზანს წარმოადგენდა შპს ,,ვ.ი.-ის’’ მიერ 2010 და 2011 წლებში იმპორტირებული და შეძენილი საქონლის (გაყინული კვების პროდუქტები) თვითღირებულების, ბათუმის ბაზის მიერ2010-2011 წლებში მიღებული და რეალიზებული საქონლის რაოდენობის, ღირებულების და გადახდების დადგენა და საექსპერტო დასკვნაც ამ კუთხით იქნა ჩატარებული. რაც შეეხება მ.დ.-ძის მიერ წარმოდგენილ აუდიტორულ დასკვნას, მისგან იკვეთება, რომ იგი ჩატარდა იმ საფუძვლით, რომ განსაზღვრული ყოფილიყო 2010 წელს შპს ,,ვ.ი.-ის’’ აჭარის ფილიალის მიერ ცენტრალური ადმინისტრაციისთვის ან/და ცენტრალური ადმინისტრაციის სასარგებლოდ გადახდილი თანხები და ასევე განსაზღვრულიყო 2010 წელს შპს ,,ვ.ი.-ის’’ აჭარის ფილიალის მიერ ეკონომიკური საქმიანობისათვის გაწეული ხარჯები და დასკვნაც სწორედ ამ კუთხით იქნა შედგენილი. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე სააპელაციო სასამართლომ დავალიანების ოდენობასთან და მისი წარმოშობის დროსთან მიმართებაში 2012 წლის 5 სექტემბერს ინდივიდუალური აუდიტორის - გ. ნ.-ძის მიერ შედგენილ აუდიტორული დასკვნა (მ.დ.-ძის დაკვეთით ჩატარებული აუდიტორული დასკვნა), შპს ,,გ.ა.-ის’’ მიერ 2012 წლის 18 აპრილს გაცემულ დასკვნასთან შედარებით უპირატესი იურიდიული ძალის მქონე მტკიცებულებად არ მიიჩნია, რადგან 2012 წლის 18 აპრილის დასკვნა ჩატარებული იქნა 2010-2011 წლების საბუღალტრო დოკუმენტაციის, საბაჟო დეკლარაციების, საგადასახადო ანგარიშფაქტურების, საქონლის შესყიდვის დამადასტურებელი სასაქონლო ზედნადებების, აღნიშნული საქონლის ტრანსპორტირებისა და დასაწყობების საბუთების, საბანკო ამონაწერების და სხვა ხარჯების დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, დამკვეთის (შპს ,,ვ.ი.-ი’’) მიერ საექსპერტო კვლევისათვის სხვა დოკუმენტებთან ერთად წარდგენილი იქნა ასევე საბანკო ამონაწერები და შესაბამისად კვლევა აღნიშნულ დოკუმენტზე დაყრდნობითაც ჩატარდა. ამასთან, სასამართლოს მითითებით, შპს „ვ.ი.-ის“ მიერ წარდგენილ დასკვნაში სრულად და ობიექტურად არის მითითებული გამოკვლევის შედეგები და იგი შეესაბამება მის მიერ გაცემულ დასკვნას. მაშინ როცა 2012 წლის 5 სექტემბერს ინდივიდუალური აუდიტორის გ. ნ.-ძის მიერ შედგენილ აუდიტორული დასკვნა შედგენილი იქნა დამკვეთის მიერ ელექტრონული ფორმით წარდგენილ მონაცემებსა და მიღებულ განმარტებებზე დაყრდნობით.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მ.დ.-ძეს არ წარუდგენია მტკიცებულება 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების მოტყუებით გაფორმების ფაქტთან დაკავშირებით. სასამართლოს მითითებით, სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის მიხედვით: თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა; ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. სასამართლოს განმარტებით, მოტყუების დროს ადგილი აქვს ნების ნაკლის გამოვლენას, რომ არა მოტყუების ფაქტი, ხელშეკრულება არ დაიდებოდა. სასამართლომ ასევე განმარტა, რომ შეცილების შემდეგ სასამართლოში დავისას მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს მოტყუების ფაქტის არსებობა ისეთი მტკიცებულებების წარდგენით და ისეთ გარემოებებზე მითითებით, რომლებიც დაადასტურებდნენ მოტყუების ფაქტს. სასამართლოს მითითებით, განსახილველ შემთხვევაში აპელანტი მ.დ.-ძე მიუთითებს ისეთ გარემოებაზე, რომელიც არ შეიძლება მიჩნეული იქნეს მოტყუებად, რადგან გარიგებაზე ხელმოწერა უკვე თავისთავად ადასტურებს გარიგების შინაარსის ცოდნას. სასამართლოს მითითებით, უდავოა, რომ მ.დ.-ძე ქმედუნარიანი იყო გარიგების დადებისას.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა მ.დ.-ძის პოზიცია შპს „ვ.ი.-ის“ მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ ხანდაზმულობა გამორიცხულია, ვინაიდან დავის საგანი 2010-2011 წლებში მოპასუხის მიერ შესასრულებელ ვალდებულებათაგან გამომდინარეობს (რაც მ.დ.-ძის მიერ თავდებობის ხელშეკრულებით იქნა ნაკისრი).

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა მ.დ.-ძემ.

საკასაციო საჩივრის საფუძვლები:

სასამართლოებმა მ.დ.-ძე ისე მიიჩნიეს მოსარჩელის მიმართ ვალდებულ პირად თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომ არ არსებობს ძირითადი ვალდებულების წარმომშობი ხელშეკრულებები;

მოწმეებმა დაადასტურეს, რომ 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმებაში მითითებულ პირებს გააჩნიათ 2006 წელს წარმოშობილი ვალდებულება, ასეთი ხანდაზმული ვალდებულების შესრულება კი დამოკიდებულია მოვალის ნებაზე. ასეთ პირობებში მ.დ.-ძესთან გაფორმებული შეთანხმება მოტყუების შედეგია და იგი ითვალისწინებს მ.დ.-ძის მიერ მოვალეთაგან თანხების ამოღებას პირადი ურთიერთობების საფუძვეძველზე და მას არაფერი აქვს საერთო ვალდებულების არსებობასთან;

სასამართლომ არ შეაფასა შეგებებული სარჩელის საფუძვლები და წარდგენილი მტკიცებულებები, არამედ შემოიფარგლა მხოლოდ ზოგადი მითითებით, რომლის შესაბამისად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ხელშეკრულების მოტყუებით დადების ფაქტი. შეგებებული სარჩელის მიხედვით, ი. ბ.-ის ხელწერილით რომ არ ყოფილიყო შეპირება გ. დ.-ძის ბინის იპოთეკისაგან გათავისუფლების შესახებ და რომ არ გაფორმებულიყო 3 წლიანი შრომის ხელშეკრულება, მ.დ.-ძე ხელს არ მოაწერდა 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმებაზე;

არითმეტიკულად არ შეესაბამება ერთმანეთს აუდიტორ ლ. ქ.-ას მიერ გაცემული დასკვნა და მის მიერ სასამართლო სხდომაზე გაკეთებული განმარტება. მან სასამართლოს მისცა სრულიად დაუსაბუთებელი ჩვენება. აუდიტორი უთითებს, რომ შპს „ვ.ი.-ს“ ბათუმის ბაზიდან 2010 წელს ნაღდი ანგარიშსწორებით მიღებული აქვს 5 082 292,18 ლარი, ხოლო უნადო ანგარიშსწორებით - 27 832,10 ლარი. აღნიშნული გარემოების საპირისპიროდ საქმეში დევს საბანკო გადარიცხვის დოკუმენტაცია, რომლის შესაბამისად, რ. წ.-ას მ.დ.-ძის დავალებით და მ.დ.-ძეს 2010 წელს შპს „ვ.ი.-ისათვის“ გადარიცხული აქვთ 5 592 400 ლარი, ხოლო ბათუმის ბაზის ფუნქციონირებისათვის დახარჯული აქვს 109 200 ლარი, რაც გაშიფრულია მოპასუხის მიერ წარდგენილ აუდიტორის დასკვნაში. მოწმეთა ჩვენებების შესაბამისად, ბათუმის ბაზაში ტარდებოდა პერიოდული შემოწმებები, ასევე მ.დ.-ძემ გ.ა ფ.-ძეს გადააბარა ბაზა, რომლის დროსაც გასწორებულ იქნა ანგარიში და ნაშთი. ლ. ქ.-ას დასკვნაში გათვალისწინებული არ არის ხარჯები, რასაც მ.დ.-ძე ხარჯავდა ბაზის ფუნქციონირებისათვის. სასამართლო არ აკეთებს აუდიტორის დასკვნისა და მოპასუხის მიერ წარდგენილი დოკუმენტების შედარებით ანალიზს. სასამართლოს მოსაზრებით, მოპასუხის მიერ წადგენილი საბანკო გადარიცხვის ამსახველი დოკუმენტები ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი ეხება 2012 წლის გადარიცხვებსაც და არ დგინდება, რომ მოსარჩელეს თანხები მიღებული აქვს ბათუმის ბაზიდან.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ.დ.-ძის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთმითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

პალატას მიაჩნია, რომ საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

კასატორის მოსაზრებით, სასამართლოებმა ისე მიიჩნიეს მოპასუხე ვალდებულ პირად თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, რომ არ არსებობს ძირითადი ვალდებულება.

საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორის ზემოაღნიშნულ მოსაზრებას და მიუთითებს მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის 2011 წლის 19 დეკემბერს დადებულ შეთანხმებაზე, რომლის შინაარსიდან ცხადად ირკვევა, რომ მოპასუხემ იკისრა სრული პასუხისმგებლობა იმ ვალდებულებების შესრულებაზე (418738 აშშ დოლარის ოდენობით), რაც მოსარჩელის (კრედიტორის) მიმართ გააჩნდათ მესამე პირებს. ამავე შეთანხმებით ირკვევა, რომ ზემოხსენებული ვალდებულება წარმოიშვა მესამე პირებზე მიწოდებული (გაყიდული) საქონლის ღირებულების გადაუხდელობით. ამდენად, ნასყიდობის ფასის გადაუხდელობის და, აქედან გამომდინარე, ვალდებულების წარმოშობის ფაქტი სწორედ ზემოხსენებული შეთანხმებით არის დადასტურებული. კასატორს დასაბუთებული პრეტენზია არ წარმოუდგენია იმასთან დაკავშირებით, რომ 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმებაში მითითებულ მესამე პირებს მოსარჩელის (კრედიტორის) მიმართ დავალიანება არ გააჩნდათ ან, რომ ეს დავალიანება კასატორის მიერ იქნა დაფარული. მართალია, კასატორი უთითებს მის მიერ მოსარჩელისათვის გარკვეული თანხების გადახდაზე, მაგრამ ვერ ასაბუთებს, რომ მის მიერ მითთებული თანხების გადახდა ხდებოდა 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესასრულებლად. დაუსაბუთებელია ასევე კასატორის პრეტენზია საჩელის ხანდაზმულობის თაობაზე, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ზემოხსენებული შეთანხმება შეეხება 2010-2011 წლებში წარმოშობილ ვალდებეულებას. კასატორს არც აღნიშნული გარემოების მიმართ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია.

რაც შეეხება კასატორის პრეტენზიას 2011 წლის 19 დეკემბრის შეთანხმების მოტყუებით დადების თაობაზე, საკასაციო პალატა ვერც ამ პრეტენზიას მიიჩნევს დასაბუთებულად, ვინაიდან ზემოხსენებული შეთანხმება არ შეიცავს რაიმე მითითებას იმ ხელშეკრულებებზე, რომელთა გარეშეც, კასატორის მოსაზრებით, სადავო შეთანხმება არ დაიდებოდა. ეს გარემოება არც სხვა მტკიცებულებებით დასტურდება.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას მ.დ.-ძის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში საკასაციო საჩივრისათვის მ.დ.-ძის მიერ 2014 წლის 21 მარტს N.. საგადახდო დავალებით გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 6000 ლარის ოდენობით. ამდენად, კასატორს უნდა დაუბრუნდეს 6000 ლარის 70% – 4200 ლარი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401.3-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ.დ.-ძის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორ მ.დ.-ძეს დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (6000 ლარი, საგადახდო დავალება №56, გადახდის თარიღი 2014 წლის 21 მარტი) 70% – 4200 ლარი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე