Facebook Twitter

საქმე №ას-ას-200-187-2014 18 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი - ს.გ. და მ.ს. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე - დ.ლ. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება

დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, განაცდურის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

დ.ლ–მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ს.გ. და მ.ს–ს მიმართ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანების ბათილად ცნობის, სსიპ გ.ტ–ის სახელობის თბილისის N.. საჯარო სკოლის დირექტორის თანამდებობაზე აღდგენისა და 2013 წლის თებერვლიდან სამუშაოზე აღდგენამდე იძულებითი განაცდურის - 1 550 ლარის ანაზღაურების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილებით დ.ლ–ას სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოსარჩელემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილებით დ.ლ–ს სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 17 ივლისის გადაწყვეტილება და ახალი გადაწყვეტილებით დ.ლ–ს სარჩელი დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 25 იანვრის ბრძანება, ს.გ. და მ.ს–ს დ.ლ–ს სასარგებლოდ ყოველთვიურად დაეკისრა განაცდურის - 1550 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით) 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის 25 ივლისამდე შემდეგი საფუძვლებით:

სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ დ.ლ–ს აქვს სკოლაში პედაგოგად (მათემატიკის მასწავლებლად) და სკოლის (თბილისის №.. სკოლის, თბილისის №.. საჯარო სკოლის) დირექტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება;

2005-2007 წლებში დ.ლ. ასრულებდა სსიპ თბილისის №... საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №... ბრძანებით დ.ლ. რეგისტრირებულ იქნა სსიპ თბილისის №.. სკოლის დირექტორად;

05.09.2007 წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1 სსიპ №.. საჯარო სკოლასა და არჩეულ სკოლის დირექტორ დ.ლ.ს შორის 6 წლის ვადით;

დ.ლ. მუდმივად იმაღლებდა კვალიფიკაციას საქართველოში თუ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ტრენინგებსა თუ პროექტებში მონაწილეობით;

15.07.2012წ. ს.გ. და მ.ს. რომ დ.ლ. დაასახელა 2012 წლის საუკეთესო დირექტორად და გადასცა მას ოქროს მედალი;

2012 წლის ივნისში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 ივნისის №... და 2012 წლის 16 ივლისის №.. ბრძანებების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო სსიპ გ. ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება. აუდიტის შესწავლის პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. აუდიტის ჩატარების ვადად მიეთითა 28.06.2012წ.-11.07.2012წ. და 16.07.2012წ.-25.07.2012წ. (დაწყება-დასრულება);

აუდიტის მიზანი იყო სკოლის ეფექტური მართვისათვის კანონთან შესაბამისობის რისკების გამოვლენა და სათანადო რეკომენდაციების წარდგენა სკოლისათვის. აღნიშნული მიზნის მისაღწევად, განხორციელდა სკოლის საქმიანობის აუდიტის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული შემდეგი საკითხების შესწავლა: 1. ბიუჯეტის დამტკიცების კანონიერების შესწავლა; 2. საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის კანონიერების შესწავლა; 3. არასაბიუჯეტო შემოსავლების სახით მიღებული ფულადი სახსრებისა და სხვა მატერიალური ფასეულობების მიღების, აღრიცხვის, მათი დანიშნულებისამებრ გამოყენებისა და ხარჯვის კანონიერების შესწავლა; 4. სალაროსა და საბანკო ოპერაციების წარმოების სისწორის შესწავლა; 5. საშტატო-საგანაკვეთო ნუსხით გათვალისწინებული საშტატო ერთეულების დაკომპლექტებისა და ხელფასის ფონდის ხარჯვის კანონიერების შესწავლა; 6. სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების კანონიერების შესწავლა; 7. დაწესებულების ბალანსზე რიცხული დებიტორულ-კრედიტორული დავალიანებების აღრიცხვისა და მისი რეალობის შესწავლა; 8. მატერიალურ ფასეულობათა მოვლა-პატრონობისა და აღრიცხვის კანონიერების შესწავლა; 9. დაწესებულებისათვის სარგებლობაში გადაცემული ან ბალანსზე რიცხული ქონების საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით მესამე პირებზე გაცემის კანონიერების შესწავლა; 10. ს.გ. და მ.ს–ში შემოსულ კორესპონდენციებში (№...; 23.07.10წ.; №...; 10.11.10წ.; №....; 19.05.11წ.) დასმული საკითხების შესწავლა;

აუდიტის საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, რომელიც სკოლას გაეგზავნა 2012 წლის 17 ოქტომბრის №.... წერილით, ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენის მიზნით. სამინისტროში 2012 წლის 29 ოქტომბერს შევიდა აუდიტის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის მოსაზრებები ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რაც აისახა აუდიტის ანგარიშში. ანგარიშში ასევე დაფიქსირდა სკოლის მიერ შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა;

24.12.2012წ. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა შიდა აუდიტორული ანგარიში, რომლის თანახმადაც, სკოლის საქმიანობის აუდიტის ინდივიდუალური გეგმით გათვალისწინებული საკითხების შესწავლისას გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევები. სკოლის აუდიტის დროს გამოვლენილი დარღვევის თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით შიდა აუდიტორულ ანგარიშში მითითებულია მათთან დაკავშირებული რისკები და მოცემულია შესაბამისი რეკომენდაციები. ამასთან, თითოეული ფაქტი დაწვრილებით არის განხილული შიდა აუდიტორული ანგარიშის ძირითად ტექსტში.

24.12.2012წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარედგინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული: საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის №.. საჯარო სკოლისადმი წერილობითი გაფრთხილების მიცემა; ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვისა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით სამინისტროში სათანადო ანგარიშის ერთი კვირის ვადაში წარდგენის დავალება; ამავე სკოლისათვის დარღვევების გამოსწორებისა და სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტში, ერთი თვის ვადაში, გატარებული ღონისძიებების შესახებ ანგარიშის წარდგენის დავალება; ვინაიდან, მიჩნეულ იქნა, რომ აუდიტის შედეგად გამოვლენილ შეუსაბამობებში და დარღვევებში შეინიშნებოდა სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები, შემდგომში რეაგირებისათვის მასალების გადაგზავნა სამართალდამცავი ორგანოსათვის და სხვა;

17.01.2013წ. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გამოსცა №20 ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გ.ტ.ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორის დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი წარდგინებით მიმართვის შესახებ“.

აღნიშნული ბრძანებით: 1. საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის, ქ.თბილისის №.. საჯარო სკოლას მიეცა წერილობითი გაფრთხილება; 2. დაევალა სკოლის სამეურვეო საბჭოს, სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით, ს.გ. და მ.ს–ში სათანადო ანგარიშის წარდგენა ერთი კვირის ვადაში.; 3. დაევალა სკოლას ბრძანების გაცნობიდან ერთი თვის ვადაში შიდა აუდიტორულ ანგარიშში ასახულ დარღვევებზე სამინისტროში ინფორმაციის წარდგენა; ბრძანების დასასრულს, მისი მე-4 და მე-5 პუნქტებით, განმარტებულ იქნა ბრძანების გასაჩივრების წესი;

25.01.2012წ. შედგა №.. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ შიდა აუდიტორულ ანგარიშში დაფიქსირებული დარღვევების განხილვა და სკოლის დირექტორ დ.ლ–ს ახსნა-განმარტების მოსმენა; 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №.. ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორ დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა;

სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №1 ოქმის თანახმად, სამეურვეო საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორ დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, .. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ოქმის მიღების დღესვე, 2013 წლის 25 იანვარს გამოსცა №... ბრძანება ქ.თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ;

ბრძანებაში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 25.01.2013წ. მოხსენებითი ბარათი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63–ე მუხლი;

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ დ.ლ–თან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტას საფუძვლად დაედო ს.გ. და მ.ს–ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორული ანგარიშის საფუძველზე შედგენილი აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 25.01.2013წ. მოხსენებითი ბარათი და მოსარჩელე სადავოდ ხდიდა მასთან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერებას, პალატამ დეტალურად გამოიკვლია შიდა აუდიტორულ ანგარიშში მოცემულ დარღვევათა ხასიათი, სიმძიმე, რათა განსაზღვრულიყო მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომის ადეკვატურობა გამოვლენილ დარღვევებთან.

სასამართლოს შეფასებით, მითითებული საკითხის კვლევისას შიდა აუდიტის დეპარტამენტის აუდიტორულ ანგარიშთან ერთად ყურადღება უნდა გამახვილებულიყო ასევე აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე, რომელიც სამინისტროში წარდგენილ იქნა 28.11.2012წ. და სკოლის სამეურვეო საბჭოს 25.01.2013წ. სხდომის ოქმზე, რომელშიც მოცემული იყო სკოლის დირექტორის განმარტებები უკვე შემდგომში, სკოლის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ. სამეურვეო საბჭოს 25.01.2013წ. სხდომის ოქმით დგინდებოდა, რომ საბჭო დეტალურად გაეცნო დირექტორის მიერ მოთხოვნის შესაბამისად წარდგენილ დოკუმენტაციას, დეტალურად შეისწავლა სკოლის დირექტორის მიერ შიდა აუდიტის სამსახურისთვის 17.10.2012წ. წარდგენილი მოსაზრებები და 29.10.2012წ. წარდგენილი შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქალაქო გეგმა. გათვალისწინებით იმისა, რომ სამეურვეო საბჭომ 25.01.2013წ. სხდომაზე მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორის - დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, დასაბუთებულად იქნა მიჩნეული ვარაუდი მასზე, რომ სამეურვეო საბჭომ დოკუმენტურად დადასტურებულად მიიჩნია სკოლის დირექტორის განმარტებები შიდა აუდიტის ანგარიშით გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში.

პალატამ მიუთითა აუდიტორულ ანგარიშში გადმოცემულ სკოლის საქმიანობის მიმართულებებზე, გამოვლენილ დარღვევებზე, გაცემულ რეკომენდაციებსა და მათი გამოსწორების სამოქმედო გეგმაში ასახულ გარემოებებზე, ასევე დადგენილად ცნო, რომ გამოვლენილ დარღვევათაგან უმეტესი ნაწილი იყო გამოსწორებული და შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ 24.12.2012წ. შედგენილი აუდიტორული ანგარიშით გამოვლენილი დარღვევების გარკვეული ნაწილი წარმოადგენდა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევებს. ამასთან, გამოვლენილ დარღვევათა გარკვეული ნაწილი გამოსწორებულ იქნა უშუალოდ აუდიტის წარმოების პროცესში, დარღვევათა უმეტესი ნაწილი აღმოიფხვრა აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული რეკომენდაციების სამოქალაქო გეგმის წარდგენის ეტაპზე, ამავე ეტაპზე განისაზღვრა გამოსასწორებელი დარღვევების აღმოფხვრის სტრატეგია და ფაქტობრივად განხორცილების გეგმა. მოგვიანებით, უკვე სამეურვეო საბჭოს 25.01.2013წ. სხდომაზე სკოლის დირექტორმა სამეურვეო საბჭოს აცნობა სკოლის მიერ ფაქტობრივად განხორციელებული ქმედითი ღონისძიებების შესახებ, რის შემდგომაც, სამეურვეო საბჭომ დეტალურად გამოიკვლია აუდიტის ანგარიშით გამოვლენილი თითოეული დარღვევა და მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზანშეუწონლად მიჩნევის შემდგომ ს.გ. და მ.ს. რომ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმავე დღესვე გამოსცა №... ბრძანება, სსიპ ქ.თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ, სადავო ბრძანება არ შეიცავდა მითითებას იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

სააპელაციო პალატის შეფასებით, მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, არაადეკვატური იყო გამოვლენილ დარღვევებთან და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობით დადგენილ დასაქმებულის უფლების დაცვის პრინციპებს. არ არსებობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 25.01.2013წ. ბრძანებით დ.ლ–თვის უფლებამოსილების შეწყვეტის საფუძველი.

ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის ხელფასი 2011 წლის 1 იანვრიდან 2013 წლის იანვრის ჩათვლით შეადგენდა 1550 ლარს.

დადგენილი გარემოებების გათვალისწინებით, სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის პირველი და მე-4 პუნქტებით, „ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლით, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 4.4 მუხლით, „ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის“ 22-ე მუხლით და განმარტა, რომ სამართლის მითითებული ნორმები იძლევა უალტერნატივო დასკვნის საშუალებას, სახელმწიფოს ვალდებულებაზე, მინიმალური სტანდარტებით დაიცვას დასაქმებულთა შრომის უფლება. პალატამ მიუთითა საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით გათვალისწინებულ სახელმწიფოებრივ ნებაზე, დაამკვიდროს სოციალური სახელმწიფო, რაც პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლებისა და დასაქმებულის უფლების დაცვასთან.

შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, პალატამ განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორსა და ს.გ. და მ.ს–ს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებთან (და შრომით დავებთან) მიმართებით, სპეციალურ კანონს წარმოადგენს საქართველოს კანონი „ზოგადი განათლების შესახებ“, რომლის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ს.გ. და მ.ს–ს შორის წარმოშობილ შრომით დავებს, როგორც სამოქალაქო დავებს, სამოქალაქო სამართალწარმოების წესით განიხილავს სასამართლო.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №.. ბრძანებით დ.ლ. რეგისტრირებულ იქნა სსიპ თბილისის №.. სკოლის დირექტორად. 05.09.2007წ. დაიდო შრომითი ხელშეკრულება №1 სსიპ №.. საჯარო სკოლასა და არჩეულ სკოლის დირექტორ დ.ლ–ს შორის, განსაზღვრული - 6 (ექვსი) წლის ვადით; შრომითი ხელშეკრულების ძალაში შესვლის თარიღად განისაზღვრა 25.07.2007 წელი, ხოლო მისი შეწყვეტის თარიღად - 25.07.2013 წელი.

პალატამ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 35-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 43-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტზე, 44-ე მუხლის პირველ პუნქტზე, 49-ე მუხლის პირველ, მე-6, 61 პუნქტებზე და განმარტა, რომ კანონი სამეურვეო საბჭოს ავალდებულებს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, თუ იგი ს.გ. და მ.ს–ს მიერ დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე წარდგინებით მიმართვის შემთხვევაში არ შეუწყვეტს სკოლის დირექტორს მინიჭებულ უფლებამოსილებას. დასაბუთების კანონისმიერი ვალდებულება განპირობებულია იმ გარემოებით, რომ გადაწყვეტილების მიმღები ორგანო მოექცეს სამართლის ფარგლებში, რამდენადაც გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს კონკრეტულ გარემოებებსა და ფაქტებს, რომელთა შეფასებასაც გადაწყვეტილების მიმღები სუბიექტი მიჰყავს საკითხის გადაწყვეტამდე. იგივე პრინციპი ვრცელდება სამინისტროს მიერ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტის შესაბამისად დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებაზე, მით უფრო, რომ ამ უფლებამოსილების გამოყენებისას სამინისტრო არ ეთანხმება ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს - საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს მიერ უკვე მიღებულ დასაბუთებულ გადაწყვეტილებას.

სასამართლოს განმარტებით, სადაო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, თუ ის მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული აქტი, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

მინისტრის სადავო ბრძანება არ შეიცავდა დასაბუთებას იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ გაიზიარა №.. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს 25.01.2012წ. რიგგარეშე სხდომის ოქმში მითითებული დასაბუთებული დასკვნები აუდიტორულ ანგარიშში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებაში, რომლებიც საფუძვლად დაედო სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

პალატამ მიუთითა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით სამეურვეო საბჭოსათვის მინიჭებულ უფლებამოსილებაზე, ამავე კანონის 26-ე მუხლის პირველი ნაწილის „ჟ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ ს.გ. და მ.ს–ს უფლებამოსილებაზე, გაფრთხილების გარეშე დაითხოვოს საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭო, თუ იგი უკანონოდ გაათავისუფლებს დირექტორს და განმარტა, რომ, მოცემულ შემთხვევაში, სკოლის სამეურვეო საბჭომ თავისი პასუხისმგებლობის ფარგლებში გამოიკვლია დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი და სკოლის სამეურვეო საბჭოს 25.01.2012წ. რიგგარეშე სხდომაზე მიიღო დასაბუთებული გადაწყვეტილება – მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა.

პალატამ ასევე მიუთითა საქმეში წარმოდგენილ ქ.თბილისის №.. საჯარო სკოლის მოსწავლეთა მშობლების არაერთ მიმართვაზე, ასევე მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს წევრების მიმართვაზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრისადმი, სადაც დაფიქსირებული იყო წინააღმდეგობრივი პოზიცია დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან დაკავშირებით. ს.გ. და მ.ს–მ 15.07.2012წ. დ.ლ. დაასახელა 2012 წლის საუკეთესო დირექტორად და გადასცა მას ოქროს მედალი. საქმეში ასევე, წარმოდგენილი იყო არა ერთი სიგელი და სერთიფიკატი, რომელიც ადასტურებდა ქ.თბილისის №.. საჯარო სკოლისა და მისი დირექტორის სხვადასხვა პროექტებში მონაწილეობასა და მიღწევებს.

იმ პირობებში, როდესაც აუდიტორული ანგარიშით გამოვლენილი დარღვევების უმეტესი ნაწილი წარმოადგენდა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევებს, რომელთაგან დიდი უმრავლესობა აღმოიფხვრა უშუალოდ აუდიტისა და აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული რეკომენდაციების სამოქალაქო გეგმის წარდგენის ეტაპზე და ამავე ეტაპზე განისაზღვრა დარღვევათა აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სამეურვეო საბჭომ დეტალურად გამოიკვლია გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტალური მასალა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხოლო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ბრძანება სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არ შეიცავდა შესაბამის დასაბუთებას, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნების უარყოფის თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა - სამსახურიდან გათავისუფლება, არაადეკვატური იყო გამოვლენილ დარღვევებთან და ეწინააღმდეგებოდა კანონმდებლობით დადგენილ დასაქმებულის უფლების დაცვის პრინციპებს. დირექტორის გათავისუფლებისას ადმინისტრაციულმა ორგანომ სათანადო შეფასება არ მისცა სკოლის სამეურვეო საბჭოს 25.01.2012წ. რიგგარეშე სხდომაზე მიღებულ გადაწყვეტილებას, ასევე იმ გარემოებას, რომ ს.გ. და მ.ს–მ დ.ლ. დაასახელა 2012 წლის საუკეთესო დირექტორად და გადასცა მას ოქროს მედალი, შეფასება არ მისცა სკოლის მიღწევებს, სკოლის სამეურვეო საბჭოსა და სკოლის მოსწავლეთა თვითმმართველობის საბჭოს პოზიციებს და მიიღო დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება – სსიპ გგ.ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ.

შრომის კოდექსის 44-ე მუხლის მიხედვით პალატამ აღნიშნა, რომ შრომითი ურთიერთობის უკანონო შეწყვეტით მოპასუხემ დასაქმებულს წაართვა შესაძლებლობა განეხორციელებინა შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამსახურებრივი მოვალეობა და მიეღო შესაბამისი შრომითი ანაზღაურება. შესაბამისად, მიყენებული ზიანი განისაზღვრებოდა მისი მიუღებელი ხელფასით გათავისუფლების დღიდან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლამდე. ამდენად, ს.გ. და მ.ს–ს დ.ლ–ას სასარგებლოდ უნდა დაკისრებოდა 2013 წლის თებერვლიდან 2013 წლის 25 ივლისამდე განაცდურის ყოველთვიურად 1550 ლარის ანაზღაურება (საშემოსავლო გადასახადის გათვალისწინებით).

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო სკოლასა და დ.ლ–ს შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოიწურა 2013 წლის 25 ივლისს, აპელანტმა შეამცირა მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენის ნაწილში.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ს.გ. და მ.ს–მ, მოითხოვა მისი გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი დასაბუთებით:

გადაწყვეტილების გამოტანისას სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია აუდიტორულ ანგარიშში მოცემულ გამოკვლევათა დეტალური შესწავლა, ასევე, ყურადღება გაამახვილა 2012 წლის 28 ნოემბრის სამოქმედო გეგმაზე, თუმცა საკითხის ამგვარი გამოკვლევა არასწორია, რადგანაც სასამართლო გასცდა აუდიტორული შემოწმების პერიოდს და დ.ლ–ს გათავისუფლების კანონიერების შემოწმება დაუკავშირა 2013 წლის 25 იანვრის მდგომაროებით სკოლაში არსებულ დარღვევებს. ამასთანავე, დირექტორის ვადამდე გათავისუფლების საკითხი ემყარებოდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტს, რომლის თანახმადაც, მინისტრი უფლებამოსილია არ დაეთანხმოს სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებას და ვადამდე შეუწყვიტოს უფლებამოსილება დირექტორს, სასამართლომ კი, ამ საკითხთან მიმართებით იმსჯელა ამავე ნორმის მე-7 პუნქტის შესაბამისად.

გამოვლენილი დარღვევების მიმართ სასამართლომ განმარტა, რომ მათი ნაწილი წარმოადგენდა ტექნიკურ და პროცედურულ დარღვევებს, ნაწილი აუდიტორული შემოწმების ჩატარებისას გამოსწორდა, ნაწილი - სამოქმედო გეგმის წარდგენის ეტაპზე, რაც არასწორია, რადგანაც დარღვევები სასამართლოს აუდიტორული შემოწმების ეტაპზე უნდა შეეფასებინა და არა დარღვევის დაფიქსირების შემდეგ მისი გამოსწორების კუთხით.

ასევე არასწორია სასამართლოს მსჯელობა, რომ გათავისუფლების შესახებ ბრძანება არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, რადგანაც ბრძანების მიღების საფუძვლად მითითებულია შიდა აუდიტის დეპარტამენტის მოხსენებითი ბარათი, რომელშიც განსაზღვრულია, რომ აუდიტორულ ანგარიშში მოხსენებული დარღვევის საფუძველზე სამეურვეო საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა სამინისტრო და მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში კასატორს ჰქონდა შესაძლებლობა, გამოეცა სადავო ბრძანება, რაც შეეხება დასაქმებულის გაფრთხილების გარეშე გათავისუფლების ფაქტს, დ.ლ.თვის გათავისუფლებამდე იყო ცნობილი სამინისტროს პოზიცია (17.01.2013 წ. N20 ბრძანება), შესაბამისად, სახეზე არაა სააპელაციო პალატის მიერ მითითებული საერთაშორის სამართლის ნორმების დარღვევა. დასაბუთების კუთხით სადავო ბრძანება ასევე შეიცავს მითითებას სამართლის ნორმაზე - „ზოგადი განათლების შესახებ“ სქართველოს კანონის 49-ე მუხლის მე-6 და 61 პუნქტებზე. სამეურვეო საბჭოს კანონი ცალსახად არ ათავისუფლებს მიღებული გადაწყვეტილების დასაბუთებაზე, თუმცა ეს ვალდებულება არ შეიძლება გავრცელდეს მინისტრის ბრძანების მიმართაც და არ შეიძლება შეფასდეს სამინისტროს მხრიდან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნების დარღვევად.

საყურადღებოა, რომ დასახელებული ნორმის მე-6 პუნქტის ბოლო წინადადების თანახმად, სამინისტროს წარდგინებას დაინტერესებული პირი ასაჩივრებს სასამართლოში დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა 49-ე მუხლის 61 პუნქტი, როდესაც აღნიშნა, რომ დირექტორის გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში სავალდებულოა წარდგინების ბრძანებაში მითითებული დარღვევების აღნიშვნა.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დარღვეულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მოთხოვნები, კერძოდ, სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-ე და 390-ე მუხლები, არასწორად გამოიყენა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტი, „ევროპის სოციალური ქარტიის“ 4.4 მუხლი, შრომის კოდექსის 44-ე მუხლი, ასევე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის შესაბამისად, არასწორად დაეკისრა კასატორს მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება. სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლი, რომლის 61 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების დასაბუთება გააიგივა სამეურვეო საბჭოს ვალდებულებასთან, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილება. მოცემულ შემთხვევაში, გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ მინისტრის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე არსებობდა აუდიტორული დასკვნა, რომელშიც აღწერილია დარღვევები, რაც მიღებული გადაწყვეტილების საფუძველი გახდა.

კასატორი ასევე არ დაეთანხმა გადაწყვეტილების ფაქტობრივ დასაბუთებას, რომელიც ეძღვნება აუდიტორულ დასკვნაში მითითებული გარემოებების კვლევას და აღნიშნა, რომ დ.ლ–ს გათავისუფლების საფუძველს წარმოადგენდა არა დაფიქსირებული დარღვევის გამოუსწორებლობა, არამედ ამ დარღვევების გამოვლენა აუდიტორული შემოწმების პერიოდში, რაც არასწორად არ გაიზიარა სააპელაციო სასამართლომ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, ს.გ. და მ.ს–ს საკასაციო საჩივრის საფუძვლები და მიიჩნევს, რომ იგი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

წინამდებარე დავის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2005-2007 წლებში, დ.ლ. ასრულებდა სსიპ თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობას;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2007 წლის 25 ივლისის №543 ბრძანებით („საქართველოს საჯარო სკოლების დირექტორთა რეგისტრაციის თაობაზე“), დ.ლ. რეგისტრირებულ იქნა სსიპ თბილისის №... სკოლის დირექტორად;

2007 წლის 5 სექტემბერს დაიდო №1 შრომითი ხელშეკრულება სსიპ №.. საჯარო სკოლასა და არჩეულ სკოლის დირექტორ დ.ლ–ას შორის 6 წლის ვადით;

2012 წლის ივნისში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2012 წლის 28 ივნისის №.. და 2012 წლის 16 ივლისის №...ბრძანებების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა დაიწყო სსიპ გ.ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტორული შემოწმება. შესწავლის პერიოდად განსაზღვრულ იქნა 2011 წლის 1 იანვრიდან 2012 წლის 1 იანვრამდე პერიოდი. აუდიტის ჩატარების ვადად მიეთითა 28.06.2012წ.-11.07.2012წ. და 16.07.2012წ.-25.07.2012წ. (დაწყება-დასრულება);

აუდიტორული შემოწმების საფუძველზე, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა შეადგინა შიდა აუდიტორული ანგარიშის პროექტი, მასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრებების წარდგენის მიზნით, სკოლას გაეგზავნა 2012 წლის 17 ოქტომბრის №.... წერილი, 2012 წლის 29 ოქტომბერს შევიდა N... საჯარო სკოლის მოსაზრებები ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით, რაც აისახა აუდიტის ანგარიშში. ანგარიშში ასევე, დაფიქსირდა შეთანხმებული რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმა;

შიდა აუდიტის დეპარტამენტმა 2012 წლის 24 დეკემბერს შეადგინა შიდა აუდიტორული ანგარიში, რომლის თანახმადაც, გამოვლენილი იყო სხვადასხვა სახის დარღვევები;

2012 წლის 24 დეკემბერს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრს წარედგინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის მოხსენებითი ბარათი, რომლითაც მიზანშეწონილად იქნა მიჩნეული: საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისათვის №.. საჯარო სკოლისადმი წერილობითი გაფრთხილების მიცემა; ამავე სკოლის სამეურვეო საბჭოსათვის, სკოლის დირექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის კანონმდებლობით დადგენილი წესით განხილვისა და განხილვის შედეგებთან დაკავშირებით სამინისტროში სათანადო ანგარიშის ერთი კვირის ვადაში წარდგენის დავალება და სხვა;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა 2013 წლის 17 იანვარს გამოსცა №.. ბრძანება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის _ გ.ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლისათვის წერილობითი გაფრთხილების მიცემისა და სკოლის დირექტორ დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოსადმი წარდგინებით მიმართვის შესახებ“;

2012 წლის 25 იანვარს შედგა №.. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომა, რომლის დღის წესრიგში გათვალისწინებული იყო ორი საკითხი: 1. შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ წარმოდგენილ შიდა აუდიტორულ ანგარიშში დაფიქსირებული დარღვევების განხილვა და სკოლის დირექტორის ახსნა-განმარტების მოსმენა; 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №.. ბრძანების მე-2 პუნქტის შესაბამისად, სკოლის დირექტორის, დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ საკითხის განხილვა;

სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის №1 ოქმის თანახმად: „სამეურვეო საბჭომ იმსჯელა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2013 წლის 17 იანვრის №.. ბრძანების მე-2 პუნქტში მითითებულ მოთხოვნაზე სკოლის დირექტორ დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამეურვეო საბჭო იყენებს კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებას და მიზანშეუწონლად მიიჩნევს სკოლის დირექტორ დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. დ.ლ. ყოველთვის გამოირჩეოდა როგორც კარგი მენეჯერი და მეურვე, ..-ე სკოლა სწორედ მისი დირექტორობის დროს იქცა ერთ-ერთ საუკეთესო სკოლად მთელი საქართველოს მასშტაბით და მიგვაჩნია, რომ უსამართლობა იქნება ზემოთ ჩამოთვლილი წვრილმანი ხარვეზებისათვის (რაც ალბათ ნებისმიერ სკოლაში მოიძებნება) შეუწყდეს ღვაწლმოსილ დირექტორს უფლებამოსილება... დაადგინეს: 1. სამეურვეო საბჭომ მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორის, დ.ლ–ს უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა...“;

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ..-ე საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ოქმის მიღების დღესვე, 2013 წლის 25 იანვარს გამოსცა ბრძანება №... „სსიპ გ. ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის დ.ლ–ს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ“, რომლითაც ვადამდე შეუწყდა უფლებამოსილება დ.ლ–ს;

ბრძანებაში მისი გამოცემის საფუძვლად მითითებულია ს.გ. და მ.ს–ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის 2013 წლის 25 იანვრის მოხსენებითი ბარათი, ხოლო სამართლებრივ საფუძვლად - „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 49-ე მუხლის 61 პუნქტი და ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 63-ე მუხლი.

ამდენად, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება დავასკვნათ, რომ შეფასების ობიექტს წარმოადგენს ს.გ. და მ.ს–სა და საჯარო სკოლის დირექტორს შორის არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კანონიერება.

გასაჩივრებული ბრძანების გაუქმების სამართლებრივი დასაბუთებისას სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ შრომის კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საჯარო სკოლის დირექტორსა და ს.გ. და მ.ს–ს შორის წარმოშობილ შრომით ურთიერთობებთან მიმართებით, სპეციალურ კანონს წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონი. მითითებული ნორმატიული აქტის 12.3 მუხლის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ წინამდებარე დავა სამოქალაქო სამართლის სფეროს განკუთვნილ დავას წარმოადგენდა, თუმცა ამ დასკვნის პარალელურად, სასამართლომ განმარტა შემდეგი: სადავო ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო, თუ ის მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ვალდებულია დაასაბუთოს მიღებული აქტი, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას. ადმინისტრაციული ორგანო არ არის უფლებამოსილი, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სწორედ საქმის გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილება მიღებული.

სამეურვეო საბჭოს მიერ სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის მიზანშეუწონლად მიჩნევის შემდგომ ს.გ. და მ.ს–მ მისთვის მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში იმავე დღესვე, 2013 წლის 25 იანვარს გამოსცა ბრძანება №..., სსიპ გ. ტ–ის სახელობის ქალაქ თბილისის №.. საჯარო სკოლის დირექტორის დ.ლ–ს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ. სადავო ბრძანება არ შეიცავს დასაბუთებას იმ გარემოებებზე, თუ რატომ არ გაიზიარა სამინისტრომ №.. საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის ოქმში მითითებული დასაბუთებული დასკვნები აუდიტორულ ანგარიშში გამოვლენილ დარღვევებთან მიმართებით, რომლებიც საფუძვლად დაედო სამინისტროს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას.

განსახილველ შემთხვევაში, იმ პირობებში, როდესაც აუდიტორული ანგარიშით გამოვლენილი დარღვევების უმეტესი ნაწილი წარმოადგენდა ტექნიკური და პროცედურული ხასიათის დარღვევებს, რომელთაგან დიდი უმრავლესობა აღმოიფხვრა უშუალოდ აუდიტისა და აუდიტის ანგარიშის პროექტთან დაკავშირებით შეთანხმებული რეკომენდაციების სამოქალაქო გეგმის წარდგენის ეტაპზე და ამავე ეტაპზე განისაზღვრა დარღვევათა აღმოფხვრის კონკრეტული სტრატეგია, ასევე, იმის გათვალისწინებით, რომ სამეურვეო საბჭომ დეტალურად გამოიკვლია რა, გამოვლენილ დარღვევებთან დაკავშირებით წარმოდგენილი დოკუმენტალური მასალა და დასაბუთებული გადაწყვეტილებით მიზანშეუწონლად მიიჩნია სკოლის დირექტორისათვის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტა, ხოლო დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში გამოცემული ბრძანება სკოლის დირექტორისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას, სკოლის თვითმმართველობის უმაღლესი არჩევითი ორგანოს დასაბუთებულ გადაწყვეტილებაში მოცემული დასკვნების უარყოფის თაობაზე, პალატამ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მიმართ გამოყენებული პასუხისმგებლობის ზომა არაადეკვატური იყო გამოვლენილ დარღვევებთან და ეწინააღმდეგება კანონმდებლობით დადგენილ დასაქმებულის უფლების დაცვის პრინციპებს.

დასახელებული მსჯელობისა და საქმის მასალების გაანალიზების საფუძველზე საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის მოთხოვნები, კერძოდ, არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა და გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა, რაც გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, კერძოდ, საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლზე, რომელშიც მოცემულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების ჩამონათვალი, ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.

მითითებული ნორმის შინაარსიდან გამომდინარე, მოქმედი საპროცესო კანონმდებლობით განისაზღვრა, რომ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველსა მე-2 ნაწილებში შემოთავაზებული დავები, აგრეთვე, სხვა დავები, რომლებიც გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე, კანონმდებელმა ადმინისტრაციული სამართალწარმოებით საქმის განხილვისათვის აუცილებელ ელემენტად განსაზღვრა დავის საგანი, რომელიც მითითებულია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის ზემოაღნიშნულ ნორმებში, ამასთან აღნიშნული დავები წარმოშობილი უნდა იყოს იმ სამართალურთიერთობებიდან, რომლებიც საჯარო, კონკრეტულად, ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობითაა მოწესრიგებული.

საკასაციო პალატის შეფასებით, წინამდებარე დავის ადმინისტრაციულ სამართალწარმოებას დაქვემდებარებულ დავად მიჩნევას განაპირობებს ბრძანების გამომცემი სუბიექტი. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად მიჩნევა სააპელაციო სასამართლომაც სწორად დაადგინა. საკასაციო პალატა განსახილველი დავის განსჯადობის საკითხის სწორად გადაწყვეტის მიზნით მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის მიერ სხვადასხვა მსგავს დავაში ჩამოყალიბებულ სამართლებრივ შეფასებას, კერძოდ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ერთ-ერთ საქმეში მსგავს საკითხზე განმარტა, რომ საქართველოს განთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ საჯარო სკოლის დირექტორის ვადამდე გათავისუფლების ბრძანება არ განეკუთვნება „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შრომით დავას, რომლის კანონიერებაც სამოქალაქო სამართალწარმოების წესით უნდა შეფასდეს.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება და ს.გ. და მ.ს–ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა, რომლის საფუძველზეც გამოიცა მინისტრის ბრძანება, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომლის კანონიერებაც უნდა შემოწმდეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, რამდენადაც იგი გამოცემულია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის - „ზოგადი განათლების შესახებ“ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში.

ამდენად, მოცემული დავა სწორედ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობიდან წარმოშობილი დავაა, რამდენადაც ერთ-ერთ განმსაზღვრელ ელემენტს დავის ადმინისტრაციულად მიჩნევისათვის სწორედ ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან გამომდინარე სამართალურთიერთობა წარმოადგენს.

მოცემულ სამართალურთიერთობას გააჩნია საჯარო-სამართლებრივი ურთიერთობის დამახასიათებელი ყველა ელემენტი - დავა გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან, ხოლო სარჩელი აღძრულია მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიმართ, რის გამოც სახეზეა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული პირობები დავის ადმინისტრაციულ კატეგორიად მიჩნევისათვის.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის დასკვნით, ამ კატეგორიის საქმის სამოქალაქო სამართალწარმოების პროცედურით განხილვა გამოიწვევს საპროცესო ნორმების ისეთ დარღვევას, რომელიც აუცილებლად განაპირობებს საქმეზე უკანონო გადაწყვეტილების დადგენას, ვინაიდან ადმინისტრაციული საპროცესო სამართლის პრინციპები მკვეთრად განსხვავდება სამოქალაქო სამართალწარმოების პრინციპებისაგან, რომელთა გამოყენება მხოლოდ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით გათვალისწინებულ და მკაფიოდ განსაზღვრულ საქმეებზეა დასაშვები.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 26-ე მუხლი ცალსახად ადგენს სარჩელის წარდგენის ვალდებულებას განსჯად სასამართლოში. მითითებული ნორმის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი უნდა წარედგინოს იმ სასამართლოს, რომელიც უფლებამოსილია განიხილოს და გადაწყვიტოს ადმინისტრაციული საქმე. ამასთან, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არაგანსჯად სასამართლოში სარჩელის წარდგენის შემთხვევაში სასამართლო სარჩელს გადაუგზავნის განსჯად სასამართლოს და ამის შესახებ აცნობებს მოსარჩელეს.

ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, განსხვავებით სამოქალაქო სამართალწარმოებისაგან, ამკვიდრებს არა მხოლოდ განსჯადი სასამართლოს პრინციპს, არამედ ადმინისტრაციული კანონმდებლობის მნიშვნელოვან პრინციპს - უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღების თაობაზე, რაც, თავის მხრივ, გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოსათვის კანონმდებლობით მინიჭებულ უფლებამოსილებას. ადმინისტრაციული კანონმდებლობის აღნიშნული პრინციპი კი ასახვას პოულობს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსში (მუხლი 26), კერძოდ, დავის განხილვის და გადაწყვეტის აუცილებლობაში უფლებამოსილი სასამართლოს მიერ (იხ. სუსგ №ბს-1217-1184(გ-10) 9 ნოემბერი, 2010 წელი).

სსიპ საჯარო სკოლის დირექტორის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით სამსახურიდან გათავისუფლების დავის განსჯადობის თაობაზე საკასაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ ასევე განმარტა, რომ საჯარო სკოლის დირექტორი არ წარმოადგენდა საჯარო მოსამსახურეს, რამდენადაც ის არ აკმაყოფილებდა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონით ამგვარ სუბიექტად მიჩნევისათვის დადგენილ პირობას, თუმცა საჯარო სკოლა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჯ“ ქვეპუნქტისა და 31.1 მუხლის შესაბამისად, წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, ზოგადსაგანმანათლებლო, საჯარო დაწესებულებას.

ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ გ.კ. საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებლის თანამდებობაზე დაინიშნა და გათავისუფლდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, ხოლო მისი სამსახურში დანიშვნის საფუძველს წარმოადგენდა „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 59.2 მუხლი, რამდენადაც მითითებული ნორმის თანახმად, „საქართველოს ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედება გახდა ყველა საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რომელიც ახორციელებდა ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამის ერთ საფეხურს მაინც, ხელმძღვანელის (დირექტორის) გათავისუფლების საფუძველი, რაც ფორმდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით. ამავე კანონის შესაბამისად, დირექტორის არჩევამდე დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს ბრძანებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლებულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის - საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანების საფუძველზე. მართალია, ეს უკანასკნელი, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, თუმცა მისი გათავისუფლების დროს დაუშვებელია ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მხოლოდ კერძო სამართლის ნორმატიული აქტის - შრომის კოდექსით გათვალისწინებული შრომითი ხელშეკრულების (კონტრაქტის) ცალმხრივი შეწყვეტის მომწესრიგებელი ნორმის გამოყენება, რამდენადაც მისი გათავისუფლების საკითხი, როგორც საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელისა, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხილულ უნდა იქნეს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის განსაზღვრული პროცედურით, ადმინისტრაციული წარმოების გზით, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი, ობიექტური და სრულყოფილი გამოკვლევის პრინციპის გათვალისწინებით. ამასთან, გათავისუფლების მატერიალური კანონიერების შეფასება, ადმინისტრაციულმა ორგანომ უნდა განახორციელოს საჯარო სამართლის ნორმატიული აქტებით: ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსისა და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის ნორმათა გამოყენებით.

საკასაციო სასამართლოს განმარტებით, შრომით-სამართლებრივ ურთიერთობაში უნდა გამოიყოს შემთხვევები, როცა პირი წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა, არჩევა) ხდება ადმინისტრაციის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და მისი გათავისუფლების კანონიერების შეფასება სასამართლოში სწორედ ამ საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტთან და ყოველ კონკრეტულ შემთხვევებში სპეციალური საჯარო სამართლის ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში უნდა განხორციელდეს; ასევე, პირის, რომელიც არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, სამსახურში მიღება (დანიშვნა) ხდება შრომის კოდექსის საფუძველზე და შესაბამისად, სწორედ მითითებული კერძოსამართლებრივი ნორმატიული აქტი არეგულირებს მისი სამსახურში მიღებისა და გათავისუფლების პირობებს; ასევეა, მესამე შემთხვევა, რომელიც კონკრეტულ შემთხვევაში სახეზეა, კერძოდ პირი, არ წარმოადგენს საჯარო მოსამსახურეს, თუმცა მისი სამსახურში მიღება (დანიშვნა) ხდება ადმინისტრაციული ორგანოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე და ამდენად, მისი გათავისუფლების კანონიერების შეფასება სწორედ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის პრინციპებთან შესაბამისობის შემოწმების შედეგად უნდა განხორციელდეს. ამდენად, ამგვარი სტატუსის მატარებელი პირის მხოლოდ შრომის კოდექსის ნორმების საფუძველზე გათავისუფლება, დაუშვებელია.

ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობის ფორმის სწორი კვალიფიკაციის საპროცესო სამართლებრივი მნიშვნელობა ვლინდება იმაში, რომ იგი წარმოადგენს აუცილებელ წინაპირობას სარჩელის სწორი ფორმის განსაზღვრისათვის, კერძოდ, ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სარჩელი დამოკიდებულია და განპირობებულია ადმინისტრაციული აქტის არსებობით (იხ. სუსგ №ბს-1392-1329(გ-09), 3 ნოემბერი, 2009 წელი).

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დ.ლ.ს სააპელაციო საჩივრის განხილვისას სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ის საკითხი, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების შემოწმება სამოქალაქო სამართალწარმოების გზით უნდა განხორციელებულიყო და არასწორად არ გადაუგზავნა საქმე განსჯად ადმინისტრაციულ საქმეთა პალატას, რომელსაც, საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, გააჩნდა ამ საქმის განხილვის საპროცესო უფლებამოსილება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ დაარღვია ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 და 26-ე მუხლებით, ასევე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-11 მუხლით დადგენილი განსჯადობის წესები, ვინაიდან დ.ლ–ს სარჩელი ექვემდებარება ადმინისტრაციული სამართალწარმოების გზით განხილვას, გასაჩივრებული გადაწყვეტილება კი გამოტანილია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ნორმებზე დაყრდნობით.

ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ გამოიყენა კანონი, რომელიც არ უნდა გამოეყენებინა და არ გამოიყენა კანონი, რომელიც უნდა გამოეყენებინა, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველია, ხოლო, ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, საქმე ხელახლა განსახილველად უნდა დაუბრუნდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას, რომელმაც უნდა გადაწყვიტოს მოცემული დავის განსჯადობის წესების დაცვით იმავე სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატისათვის გადაცემის საკითხი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ს.გ. და მ.ს–ს საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2013 წლის 25 დეკემბრის გადაწყვეტილება და საქმე ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას.

3. კასატორი სახელწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

4. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

პ. ქათამაძე