საქმე № 010211414801946
საქმე №ას-207-194-2015 6 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ი.გ.-ე (მოპასუხე)
მოწინააღმდეგე მხარე – ვ. ლ.-ი (მოსარჩელე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ. ლ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში ი.გ.-ის მიმართ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანის – 6305,25 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, 2013 წლის 27 ნოემბერს ვ. ლ.-ს კუთვნილი ავტომანქანით მოძრაობისას დაეჯახა საპირისპირო მხრიდან მოძრავი მოპასუხის ავტომანქანა, რაც გამოწვეული იყო საგზაო მოძრაობის წესების უხეშად დარღვევით. ი.გ.-ე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით დაჯარიმდა 250 ლარით. მოსარჩელისათვის მიყენებული ზიანი შეადგენს 6 305,25 ლარს, რაც მოპასუხემ მას უნდა აუნაზღაუროს.
მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ – 2000 ლარის ნაწილში ცნო, დანარჩენი თანხის ანაზღაურებაზე კი უარი განაცხადა, რადგან ექსპერტიზის ბიურომ სადავო ზიანის ოდენობის განსაზღვრის მიზნით ჩატარებული კვლევისას არ მიუთითა, რომელი კვლევის მეთოდით იხელმძღვანელა, შეადარა, თუ არა ეს ფასები საცალო ქსელში არსებულ ფასებს. ფაქტობრივად, ავტომანქანას დაუზიანდა წინა მოკაზმულობა, რასაც თვით მოსარჩელეც ადასტურებს საპატრულო სამსახურისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 აპრილის გადაწყვეტილებით ვ. ლ.-ის სარჩელი დაკმაყოფილდა, რაც მოპასუხემ ნაწილობრივ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს ქ.თბილისში, ბ.-ის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელე ვ. ლ.-ის კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა საპირისპირო მიმართულების მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოპასუხე ი.გ.-ე. თბილისის საპატრულო პოლიციის №გგ .. სამართალდარღვევის ოქმით ი.გ.-ე ცნობილ იქნა ბრალეულად და დაჯარიმდა 250 ლარით.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 დეკემბრის №... სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2007 წელს დამზადებული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილ „MERCEDES-BENZ ...-ისათვის“ სახელმწიფო ნომრით „...“ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 6 305,25 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ აპელანტის მითითებით, ავტომანქანას რეალურად დაუზიანდა წინა მოკაზმულობა: 1) წინა მაშუქი ფარები; 2) პლასტმასის წინა ცხაური; 3) პლასტმასის წინა ბამპერი; 4) წინა სანომრე ნიშანი. ექსპერტიზის დასკვნაში კი, აღნიშნულია სხვა დაზიანებების ჩამონათვალი, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.
მხარეთა შორის სადავო არ არის და თბილისის საპატრულო პოლიციის №გგ ... სამართალდარღვევის ოქმით (თანდართული სქემა და ახსნა-განმარტებები) სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის წინა ნაწილი (წინა მოკაზმულობა). მართალია, მითითებული სამართალდარღვევის ოქმი არ შეიცავს დაზიანებული ავტონაწილების კონკრეტულ ჩამონათვალს და ასეთი არც შეიძლებოდა მითითებულიყო სამართალდარღვევის ოქმში, ამ დოკუმენტის დანიშნულებიდან და შინაარსიდან გამომდინარე, თუმცა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანის წინა მხრიდან დაზიანების ფაქტი ცალსახად დასტურდება.
სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ 2013 წლის 6 დეკემბრის №... დასკვნის შესაბამისად, დეფორმირებულია ძრავის სახურავი, წინა მარჯვენა ფრთა, წინა ბამპერის განივი ძელი, წინა ბამპერის განივი ძელის მარჯვენა სამაგრი (კრომშტეინი), ეკრანისა და განივი ძელის შემკვრელი. დაზიანებულია წინა ბამპერი, წინა ბამპერის აბსორბერი (ქაფი), ცხაური (აბლიცოვკა), წინა მარცხენა და მარჯვენა მაშუქის სამაგრები, წინა მარცხენა და მარჯვენა სანისლე მაშუქის სამაგრები, ძრავი ქვედა პლასტმასის დამცავი, კონდენციონერის რადიატორი, მარცხენა და მარჯვენა პლასტმასის დიფუზორი, წყლის რადიატორის ზედა მარჯვენა დამჭერი, წინა სანომრე ნიშანი. მნიშვნელოვანია, რომ მითითებული ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილის თანახმად, ყველა იმ ავტონაწილს, რომლის საბაზრო ღირებულებაც განსაზღვრა ექსპერტმა, აღენიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები.
აპელანტის მითითებით, რამდენადაც ავტოსაგზაო შემთხვევის დღესვე მოსარჩელის მანქანის დაზიანებების შესამოწმებლად ექსპერტიზა არ ჩატარდა, ვინაიდან ექპერტიზის კვლევა ჩატარდა რამდენიმე დღის შემდეგ, შესაძლოა, რომ წინა მოკაზმულობის დაზიანების გარდა ყველა სხვა დაზიანება (მაგ: წყლის რადიატორის ზედა მარჯვენა დამჭერი, კონდენციონერის რადიატორი, მარცხენა და მარჯვენა პლასტმასის დიფუზორი და ა.შ) ავტოსაგზაო შემთხვევამდე ავტომანქანას უკვე აღენიშნებოდა, ან შესაძლოა ეს დაზიანებები სულაც წარმოიქმნა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ.
სამოქალაქო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა, რა დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, მოხდა 2013 წლის 27 ნოემბერს. საქმეში წარმოდგენილი მოპასუხის განცხადებით დგინდება, რომ მოსარჩელემ ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ მიმართა 2013 წლის 2 დეკემბერს, ანუ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან რამდენიმე დღეში. პირველ რიგში პალატამ ყურადღება შეაჩერა იმ გარემოებაზე, რომ, მართალია, სასაქონლო ექსპერტიზა და, შესაბამისად, მითითებული დასკვნა შედგენილი არ ყოფილა შემთხვევის დადგომისთანავე, თუმცა როგორც ექსპერტიზის ჩატარების შესახებ განცხადებით (2.12.2013წ.), ასევე თავად ექსპერტიზის დასკვნის თარიღით (6.12.2013წ.) დგინდება, რომ აღნიშნული დასკვნა შედგენილია 2013 წლის 27 ნოემბრის ავტოსაგზაო შემთხვევიდან მოკლე – 8-დღიან პერიოდში. შესაბამისად, დროის ამ მონაკვეთის გათვალისწინებით არადამაჯერებელია აპელანტის ის მოსაზრება, რომ შესაძლოა, ეს დაზიანებები სულაც გამოწვეულ იქნა ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, იმ პირობებში, როდესაც უდავოდაა დადგენილი, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს ვ. ლ.-ის კუთვნილ ავტომანქანას წინა მხარეს შეეჯახა ი.გ.-ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა, შესაბამისად, გამართლებულია მართლზომიერი ვარაუდი, რომ ავტომანქანის ამ ნაწილში განთავსებული ავტონაწილები დაზიანდებოდა.
სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ დავას არ იწვევს დაჯახების შედეგად ვ. ლ.-ის ავტომობილის წინა მხარის, მაგალითად: წინა ბამპერის, ცხაურის დაზიანება, ამდენად, უფრო საფუძვლიანია ვარაუდი, რომ ამავე დარტყმის შედეგად შესაძლოა, დაზიანებულიყო ავტომობილის წინა მხარეს წინა მოკაზმულობასთან ახლო მანძილზე განთავსებული სხვა ნაწილებიც, როგორიცაა წყლის რადიატორის დამეჭრი, კონდიციონერის რადიატორი და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სხვა ნაწილები, ვიდრე იმ ვარაუდის დაშვება, რომ ამ დარტყმის შედეგად შეიძლებოდა, დაზიანებულიყო მხოლოდ წინა ბამპერი და ცხაური (წინა მოკაზმულობა). მით უმეტეს, რომ ექსპერტიზის დასკვნის კვლევითი ნაწილიდან ირკვევა წინა მოკაზმულობის ნაწილები. ამავდროულად, ყველა სხვა დანარჩენ დაზიანებულ ნაწილებს, რომელთა დაზიანებასაც აპელანტი (ავტოსაგზაო შემთხვევის გამო) სადავოდ ხდის, აღენიშნება ავარიული ხასიათის მექანიკური დაზიანებები, რაც კიდევ უფრო ამყარებს ვარაუდს, რომ სწორედ სადავო ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული ყველა ავტონაწილი.
აპელანტი თავისი არგუმენტის გასამყარებლად ასევე მიუთითებდა მოსარჩელის მიერ საპატრულო სამსახურისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაზე, სადაც მხოლოდ ავტომობილის წინა მოკაზმულობის დაზიანებაა დაფიქსირებული. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობა, რომ ვ. ლ.-ის მიერ მიცემული ახსნა-განმარტება არ შეიძლება, შეფასდეს, როგორც ავტომანქანის დაზიანების მოცულობის განმსაზღვრელი წინაპირობა. მსგავსი საკითხები ტექნიკური შინაარსისაა, რომლის შეფასება სპეციალური ცოდნის საჭიროებას მოითხოვს. 2013 წლის 27 ნოემბრის ახსნა-განმარტებაში მოსარჩელე აცხადებს, რომ მან შეამჩნია ავტომანქანის წინა მოკაზმულობის დაზიანება. ამდენად, მის მიერ გადმოცემული ინფორმაცია განპირობებულია იმწუთიერი და ვიზუალურად აღქმადი დაზიანებების მოცულობით, ხოლო ავტომანქანის დეტალური დათვალიერება მას არ განუხორციელებია. შესაბამისად, საპატრულო სამსახურისათვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში დაფიქსირებული მოსარჩელის ჩვენება დაზიანებულ ნაწილებთან დაკავშირებით არ შეიძლება, გამოყენებულ იქნეს იმ გარემოების სამტკიცებლად, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანდა მხოლოდ ავტომობილის წინა მოკაზმულობა.
სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა აპელანტის პრეტენზია იმის შესახებ, რომ მოსარჩელემ მას საშუალება არ მისცა, ჩაეტარებინა ალტერნატიული ექსპერტიზა, კერძოდ, ექსპერტს არ წარუდგინა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაზიანებული ავტომანქანა. აღნიშნულთან დაკავშირებით სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა 2013 წლის 27 ნოემბერს. მოპასუხის წარმომადგენელმა გიორგი კახიანმა მოსარჩელის წარმომადგენელ კობა კაკულიას ალტერნეტიული ექსპერტიზის ჩასატარებლად, დაზიანებული ავტომანქანის ექსპერტისათვის წარდგენის შესახებ მოთხოვნით მიმართა 2013 წლის 24 დეკემბერს.
ამდენად, იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან მოკლე პერიოდში არ უზრუნველყო ალტერნატიული ექსპერტიზის ჩატარების მოთხოვნის წარდგენა მოსარჩელისათვის, არამედ ასეთი მოთხოვნის არსებობის შესახებ მოსარჩელეს შეატყობინა ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან თითქმის ერთი თვის შემდეგ, აპელანტის აღნიშნული პრეტენზია მოკლებულია დამაჯერებლობას და არ წარმოშობს სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმისათვის საკმარის ფაქტობრივ საფუძველს.
სააპელაციო პალატის მოსაზრებით, მოპასუხის მიერ საქმეში წარმოდგენილ შპს „ლ.-ის“ ინვოისი არ შეიძლება, ჩაითვალოს იმ სახის ინფორმაციის ამსახველ დოკუმენტად, რომელიც განსაზღვრავს ავტომანქანის დაზიანებული დეტალების საბაზრო ღირებულებას. მასში მოცემულია კონკრეტულ პერიოდში გარკვეული მაღაზია რა ფასად ჰყიდდა განსახილველ დავაში სასამართლოს მიერ შესაფასებელი ავტომანქანის დაზიანებულ დეტალებს. ამდენად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხემ სასამართლოს ვერ წარუდგინა ავტომანქანის დაზიანებული დეტალების საბაზრო ღირებულების შესახებ საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 დეკემბრის №... დასკვნის საწინააღმდეგო მტკიცებულება. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად გაიზიარა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 დეკემბრის №... დასკვნა, რომელშიც დაზიანებული ავტონაწილების ღირებულების განსაზღვრისას, ასევე ავტომობილის აღდგენისათვის საჭირო თანხის ოდენობა გაანგარიშებულია მეორადი დეტალებისა და სარემონტო სამუშაოების დღევანდელი საბაზრო ფასების გათვალისწინებით.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასების შედეგად სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მოსაზრება, რომ მხარეთა შორის ურთიერთობა გამომდინარეობს ზიანის მიყენების შესახებ სამართლებრივი ურთიერთობიდან.
სამოქალაქო კოდექსის 992-ე, 412-ე მუხლების თანახმად, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ ზიანის ანაზღაურების სახით სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის წარმოშობისათვის აუცილებელია ერთდროულად შემდეგი წინაპირობების არსებობა: მართლსაწინააღმდეგო ქმედების არსებობა მოპასუხის მხრიდან, ამ ქმედების შედეგად გამოწვეული ზიანის არსებობა (ე.ი. ზიანი და მიზეზობრივი კავშირი) და ბრალეულობის არსებობა.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს, ქ.თბილისში, ბ.-ის ქუჩაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაში, რომლის დროსაც დაზიანდა მოსარჩელის კუთვნილი ავტომანქანა, თბილისის საპატრულო პოლიციის №გგ სამართალდარღვევის ოქმის ძალით ბრალეულად ცნობილ იქნა მოპასუხე ი.გ.-ე. ამასთან, აპელანტმა ვერ უზრუნველყო სასამართლოსათვის ისეთი მტკიცებულების წარმოდგენა, რომელიც დაადასტურებდა მითითებული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მოსარჩელის კუთვნილი ავტომობილის მხოლოდ წინა მოკაზმულობის დაზიანების შესახებ გარემოებას.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 დეკემბრის №... დასკვნის შედეგები და მიიჩნია, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის გამო მოსარჩელის ავტომობილის დაზიანების შედეგად მოსარჩელეს მიადგა 6305 ლარის ზიანი.
ამდენად, სააპელაციო პალატა დაეთანხმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასკვნას, რომ ვ. ლ.-ი უფლებამოსილია, მოითხოვოს ი.გ.-ისაგან მიყენებული ზიანის – 6 305 ლარის ანაზღაურება, რადგან არსებობს ზიანის ანაზღაურების შესახებ სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების კანონით გათვალისწინებული აუცილებელი წინაპირობები და სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის კვალიფიკაციისათვის აუცილებელი სამართლებრივი საფუძველი.
საბოლოოდ სააპელაციო პალატამ დაასკვნა, რომ აპელანტმა ვერ უზრუნველყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების საპირისპიროდ, შესაბამისი მტკიცებულებებით გამყარებული დასაბუთებული პრეტენზიის წარმოდგენა, რის გამოც გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები არ არსებობს.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება ი.გ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ, მოპასუხის შესაგებლით ცნობილი მოცულობით დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტები და ვერ დაასაბუთა მიზეზობრივი კავშირის არსებობა კასატორის მიერ ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული დაზიანებული დეტალების უმრავლეს ჩამონათვალს შორის, ვინაიდან გარე ფაქტორების ზემოქმედებისაგან დაუცველ ავტომანქანაზე ექსპერტიზის ჩატარების თარიღსა და მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის თარიღებს შორის სხვაობა შეადგენს 6 დღეს, რაც ბუნებრივად გამორიცხავს მათ შორის კავშირს. სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მესამე ნაწილისა და 244-ე მუხლის მოთხოვნები, ვინაიდან სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია წარდგენილი ექსპერტიზის დასკვნა დამდგარი შედეგის უტყუარ დამადასტურებელ მტკიცებულებად მაშინ, როდესაც სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი იმპერატიულად განსაზღვრავს მიზეზობრივი კავშირის აუცილებელ არსებობაზე.
მხარის მითითებით, სააპელაციო პალატამ გადაწყვეტილებაში ყოველგვარი დასაბუთების გარეშე გაიზიარა ავტოსაგზაო შემთხვევიდან 6 დღის გასვლის შემდეგ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული დაზიანებების შესახებ და უსაფუძვლოდ არ დაეთანხმა საწინააღმდეგო მოსაზრებას, რომ ავტომანქანაზე არსებული სხვა დაზიანებები, გარდა წინა მოკაზმულობისა (წინა ფარები, ცხაური და წინა ბამპერი კომპლექტში, რასაც თვით მოსარჩელეც კი აღიარებს შემთხვევის დროს პატრულისთვის მიცემულ ახსნა-განმარტებაში), ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კასატორს არ მიუყენებია.
კასატორის აზრით, დაუსაბუთებელია სააპელაციო სასამართლოს არგუმენტი, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომიდან 8-დღიან მონაკვეთში შეუძლებელი იყო, ავტომანქანას სხვა ავტოსაგზაო შემთხვევა მოეხდინა და მითითებული დაზიანებები მიეღო. ამასთან, სააპელაციო პალატას არ უმსჯელია, აღნიშნული დაზიანებები შეიძლება თუ არა არსებულიყო სადავო შემთხვევამდეც, ან შემთხვევის შემდეგ სულაც შეცვლილიყო მოსარჩელის მიერ. ამ ეჭვის საფუძველს იძლევა ის, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს არ მომხდარა კომპეტენტური სპეციალისტების მიერ ავტომანქანისათვის მიყენებული დაზიანებების დეტალური ფიქსაცია, როგორც ეს დაზღვეული ავტომანქანების შემთხვევაში ხდება, ასევე დაზიანებული ავტომანქანა არ გადაყვანილა საჯარიმო სადგომზე და არ დალუქულა, რათა არ წაშლილიყო ან არ შეცვლილიყო ავტომანქანაზე არსებული დაზიანებების კვალი. საქმის მასალებით დადგენილია და ამას მოსარჩელეც არ უარყოფს, რომ ავარიის შედეგად წინა მოკაზმულობით დაზიანებული ავტომანქანა ექსპერტიზის ჩატარებამდე იყო მის განკარგულებაში. უდავოდ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, პრაქტიკულად გამოირიცხება მიზეზობრივი კავშირის არსებობა ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ექსპერტიზის დასკვნაში ჩამოთვლილ დაზიანებებს შორის, რასაც სასამართლო ვერ აბათილებს. გადაწყვეტილება ძირითადად ეხება სამართლის ნორმების განვრცობას, ხოლო დასაბუთების მხრივ, სააპელაციო პალატამ სრულად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს დასაბუთება.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო პალატამ ფაქტობრივ დასაბუთებაში ასევე არასწორად მიუთითა ი.გ.-ის პრეტენზიის არადამაჯერებლობაზეც იმასთან დაკავშირებით, რომ მოსარჩელემ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 162-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ მისცა საშუალება, 2014 წლის 24 დეკემბერს მის კუთვნილ ავტომანქანას ჩატარებოდა ალტერნატიული ექსპერტიზა. ექსპერტს მისი წერილობითი მოთხოვნის ჩაბარებიდან განსაზღვრული ორი დღის ვადაში არ წარუდგინა შესამოწმებლად დაზიანებული ავტომანქანა, არ შეასრულა ექსპერტის მოთხოვნა და ხელი შეუშალა ექსპერტიზის ჩატარებას, რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად, კასატორის პოზიციის დადასტურებულად ჩათვლის საფუძველია.
მხარემ აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს მსჯელობის მიხედვით, მოსარჩელისათვის საპატიო და კანონიერია ერთი კვირის დაგვიანებით ავტომანქანისათვის ექსპერტიზის ჩატარება, ხოლო კასატორისათვის ერთი თვით საპატიო მიზეზით დაგვიანება სააპელაციო პალატამ არასაპატიოდ ჩათვალა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 17 მარტის განჩინებით ი.გ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ი.გ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 27 ნოემბერს ქ.თბილისში, ბ.-ის ქუჩაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს მოსარჩელე ვ. ლ.-ის კუთვნილ ავტომანქანას შეეჯახა საპირისპირო მიმართულების მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალება, რომელსაც მართავდა მოპასუხე ი.გ.-ე. თბილისის საპატრულო პოლიციის №გგ სამართალდარღვევის ოქმით ი.გ.-ე ცნობილ იქნა ბრალეულად და დაჯარიმდა 250 ლარით.
საქმეში წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2013 წლის 6 დეკემბრის №5005083813 სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარდგენილი, 2007 წელს დამზადებული მსუბუქი მაღალი გამავლობის ავტომობილ „MERCEDES-BENZ ...-ზე“ სახელმწიფო ნომრით „...“ მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა საბაზრო ფასებისა და გაუთვალისწინებელი ხარჯების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 6 305,25 ლარს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 28.03.2011წ. №ას-304-288-2011).
საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგოდ, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, დელიქტით გამოწვეული ზიანის შემთხვევაში, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების მოპასუხისათვის დასაკისრებლად საჭიროა, არსებობდეს „სამართალდარღვევის“ შემადგენლობა, რომლის შემადგენელ ელემენტს წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ზიანი და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ი.გ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 16 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 316 ლარის 70% – 221,2 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ი.გ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ ი.გ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 16 მარტს №1 საგადახდო დავალებით გადახდილი 316 ლარის 70% – 221,2 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური