Facebook Twitter

საქმე №ას-208-195-2015 7 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ბ.გ. (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ბ. (მოსარჩელე)

მესამე პირი - სსიპ ს.მ.ს.

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება

დავის საგანი – შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ბ.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ბ.გ.ის მიმართ შვილის _ ლ.გ.ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებლის განსაზღვრის მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2013 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ბ.ის სარჩელი დაკმაყოფილდა და 2005 წლის 26 დეკემბერს დაბადებული ლ.გ.ის საცხოვრებლად განისაზღვრა დედის _ მ.ბ.ის საცხოვრებელი ადგილი.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მოპასუხემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 11 დეკემბრის განჩინებით ბ.გ.ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად ცნო, რომ ბ.გ.სა და მ.ბ.ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ შვილი _ 2005 წლის 26 ნოემბერს დაბადებული ლ.გ.ი. ამჟამად, მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ხოლო არასრულწლოვანი ლ.გ.ი ცხოვრობს მამასთან, ქ.თბილისში, ..... მ.ბ. კი ცხოვრობს ქ.რუსთავში, ......

2014 წლის ზაფხულში მ.ბ.მ ლ.გ. საცხოვრებლად მამის სახლიდან წაიყვანა თავისთან, ქ.რუსთავში და სექტემბერში სწავლის გასაგრძელებლად მიიყვანა ქ.რუსთავის ... საჯარო სკოლაში, თუმცა რამდენიმე დღეში ბ.გ.მა ბავშვი სკოლიდან წაიყვანა, და მას მერე ბავშვი ცხოვრობს კვლავ მამის სახლში;

ლ.გ. ამჟამად რეგისტრირებულია ქ.რუსთავის ...საჯარო სკოლაში, მე-3 კლასის მოსწავლედ, თუმცა ბ.გ. არ უზრუნველყოფს შვილის სკოლაში სიარულს იმაზე მითითებით, რომ მისთვის ძნელია ბავშვის ყოველდღიურად სხვა ქალაქში ტარება. აპელანტის განმარტებით, მას სურს ბავშვის თბილისის სკოლაში გადაყვანა, მაგრამ სკოლის დირექტორი არ აძლევს საბუთების გატანის საშუალებას;

გლდანი-ნაძალადევის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის _ მ.ჭ.ის 2012 წლის 26 დეკემბრის №.... დასკვნის მიხედვით, ბ.გ.ის ოჯახში ვიზიტის დროს გაირკვა, რომ საცხოვრებელი, სადაც ლ.გ. მამასთან და ბებიასთან ერთად ცხოვრობს არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობაშია. სახლი შედგება ორი ოთახისგან, რომელიც არის არაჰიგიენური, მოუწესრიგებელი, არადამაკმაყოფილებელია გათბობა, მოწესრიგებული არ არის სველი წერტილები, რის გამოც, მეზობლების თქმით, ბავშვის პირადი ჰიგიენის დაცვის მიზნით იყენებენ უახლოესი მეზობლის აბაზანას. ბ.გ. არ ერიდება ლ.ს თანდასწრებით ყვირილს, უცენზურო სიტყვების გამოყენებას, ბავშვის დედის ლანძღვასა და ზოგ შემთხვევაში მუქარასაც კი, რაც ბავშვს აყენებს სერიოზულ ემოციურ ტრავმას და ხელისშემშლელია მისი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის. შესაძლოა, ბავშვის ჩაკეტილობა და უფროსებთან კონტაქტის სურვილის არქონაც სწორედ ამით იყოს განპირობებული. სოც.მუშაკის განმარტებით, ის ორჯერ შეხვდა ბ.გ.ს და ორივე შეხვედრისას ეს უკანასკნელი იყო ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ. ორივე ვიზიტისას ბ.გ. ყვიროდა, იყენებდა უცენზურო სიტყვებს და ლ.ს თანდასწრებით ულანძღავდა ბავშვს დედას;

რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის _ მ. ო-ის 2013 წლის 15 იანვრის №.. დასკვნის მიხედვით, საცხოვრებელი სახლი, სადაც მ.ბ. ცხოვრობს შვილებთან: მ. და ლ. ყ.თან ერთად, არის გასარემონტებელი, თუმცა დგას აუცილებელი მოხმარებისათვის საჭირო ყველა ნივთი, სახლში არ არის ნესტი, ვარგისია საცხოვრებლად. ბავშვებს აქვთ საკუთარი ოთახი. სოც.მუშაკის დაკვირვებით, მ. მზრუნველი დედაა, ის ცდილობს ბავშვებს მიაღებინოს სწავლა-განათლება, უზრუნველყოს ისინი ფინანსურად;

სპეციალისტის სახით მოწვეულ იქნა ფსიქოლოგი ნ.ჩ., რომელიც შეხვდა მ.ბ.ესა და ბ.გ.ს რვა წლის შვილთან, ლ.თან ერთად. მშობლებთან საუბარის, ტესტური გამოკვლევების, ლ.ს ქცევაზე დაკვირვების და ბავშვის მიერ შესრულებული ნახატის ანალიზის საფუძველზე, ფსიქოლოგმა დაასკვნა, რომ სასურველია ბავშვისა და დედის უფრო მჭიდრო ურთიერთობა; დედა-შვილის ერთ საცხოვრებელ ველში მოქცევა; მამასთან ხშირი ურთიერთობა და მამის მხრიდან ბავშვის ქცევაზე ზედმეტი კონტროლის მოხსნა, კონტროლსა და სითბოს შორის ბალანსის აღდგენის მიზნით;

ფსიქოლოგის მიერ სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტების მიხედვით, აუცილებელია, რომ ბავშვმა იაროს სკოლაში, ბავშვის სკოლაში უტარებლობა იწვევს მის ასოციალიზაციას. სკოლაში ბავშვი სწავლობს ურთიერთობას, მეგობრობას, თანატოლებში თავის დამკვიდრებას. კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ბავშვმა არ იაროს სკოლაში;

სასამართლო, სხდომაზე, ფსიქოლოგის თანდასწრებით შეეცადა არასრულწლოვან ლ.გ.თან გასაუბრებას, თუმცა ბავშვი ეკვროდა მამას, გამოიყურებოდა შეშინებულად და არ შემოდიოდა კონტაქტში. ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვი ჩაკეტილი და გაუცხოვებულია, იქმნება ასოციალიზაციის მძიმე პრობლემა, ბავშვს მამასთან აქვს უმაღლესი ხარისხის მიჯაჭვულობა, რაც არის საგანგაშო.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1197-ე მულებით, 1198-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სასამართლოს გააჩნია პრეროგატივა, გადაწყვიტოს ცალ-ცალკე მცხოვრებ მშობელთა შორის დავა არასრულწლოვანი შვილის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრასთან დაკავშირებით, რა დროსაც უთუოდ მოქმედებს ორივე მშობლის თანასწორობის პრინციპი, თუმცა სასამართლოსათვის უპირველესად გასათვალისწინებელი და გადამწყვეტია თავად ბავშვის უპირატესი ინტერესები.

სოც.მუშაკის დასკვნით დადგენილია, რომ ბ.გ. არ ერიდება არასრულწლოვანი შვილის ლ.გ.ის თანდასწრებით ყვირილს, უცენზურო სიტყვების გამოყენებას, ბავშვის დედის ლანძღვასა და ზოგ შემთხვევაში, მუქარასაც კი, რაც ბავშვს აყენებს სერიოზულ ემოციურ ტრავმას და ხელისშემშლელია მისი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის. გარდა ამისა, ბ.გ. ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია. ფსიქოლოგის განმარტებით დასტურდება, რომ ლ.გ. ჩაკეტილი და გაუცხოებულია, იქმნება ბავშვის ასოციალიზაციის ძალიან მძიმე პრობლემა, ლ.ს მამასთან აქვს უმაღლესი ხარისხის მიჯაჭვულობა, რაც, ფსიქოლოგის მოსაზრებით, ძალიან საგანგაშოა.

ლ.გ.ი ირიცხება ქ.რუსთავის ... საჯარო სკოლის მე-3 კლასის მოსწავლედ, თუმცა მამა არ უზრუნველყოფს ბავშვის სკოლაში სიარულს.

ფსიქოლოგის განმარტებით, ბავშვის სკოლაში უტარებლობა იწვევს მის ასოციალიზაციას. სკოლაში ბავშვი სწავლობს ურთიერთობას, მეგობრობას, თანატოლებში თავის დამკვიდრებას, შესაბამისად, კატეგორიულად დაუშვებელია, რომ ბავშვმა არ იაროს სკოლაში, რადგან ეს შემდგომში ძალიან მძიმე შედეგებს გამოიღებს.

რუსთავის სოციალური მომსახურების ცენტრის სოციალური მუშაკის დაკვირვებით, მ.ბ. არის მზრუნველი დედა, ის ცდილობს ბავშვებს მიაღებინოს სწავლა-განათლება, უზრუნველყოს ისინი ფინანსურად.

გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ მ.ბ. უზრუნველყოფილია დამაკმაყოფილებელი საცხოვრებელი პირობებით, ხოლო ბ.გ.ის საცხოვრებელ მისამართზე ბავშვისათვის არადამაკმაყოფილებელი პირობებია შექმნილი.

ამდენად, პალატამ გაიზიარა ფსიქოლოგის დასკვნა, რომ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო ლ.გ.ისა და მ.ბ.ის ერთ საცხოვრებელ ველში მოქცევა, შესაბამისად, არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა ბ.გ.მა, მოითხოვა მისი გაუქმება და საქმის იმავე სასამართლოსათვის ხელახლა განსახილველად დაბრუნება შემდეგი დასაბუთებით:

გასაჩივრებული განჩინებით სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთხოვნები და მხოლოდ ფსიქოლოგის დასკვნაზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ ბავშვის უპირატესი ინტერესებიდან გამომდინარე, იგი უნდა იზრდებოდეს დედასთან. სასამართლოს არ გამოუკვლევია თუ რატომ აქვს ბავშვს ამგვარი მიჯაჭვულობა მამასთან და ეს ხომ არ გამომდინარეობს დედის მხრიდან მშობლის უფლების ბოროტად გამოყენებით. გარდა აღნიშნულისა, სასამართლოს ერთობლიობაში არ მიუცია მტკიცებულებებისათვის შეფასება და არ გაუთვალისწინებია ის გარემოება, რომ ბ.გ.ის საცხოვრებელი პირობები გაუმჯობესებულია, პალატა დაეყრდნო ერთი წლით ადრე შედგენილ დასკვნას. სასამართლომ არ გამოიკვლია სკოლაში არასრულწლოვანის უტარებლობის ფაქტი, არ გაითვალისწინა ის, რომ დედა თავად უშლის ხელს შვილს სკოლაში სიარულში, რადგანაც არ აძლევს კასატორს შესაძლებლობას, ბავშვი გადაიყვანოს თბილისის სკოლაში.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 თებერვლის განჩინებით „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ.გ. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლდა, ხოლო მისი საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ბ.გ.ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და მიიჩნევს, რომ იგი დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით. ამასთან, საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს შემდეგს:

გასაჩივრებული განჩინების დასაბუთება ემყარება არასრულწლოვნის ინტერესების გათვალისწინებას და ამ გზით მისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრას. სასამართლომ სპეციალისტების: სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგის დასკვნების საფუძველზე შეფასება მისცა როგორც მშობელთა საცხოვრებელ პირობებს, ისე მათ დამოკიდებულებას არასრულწლოვნის აღზრდასთან მიმართებით და ამ გზით მივიდა დასკვნამდე, რომ ლ.გ.ის მორალურ-ზნეობრივი განვითარებისათვის უმჯობესი იყო საცხოვრებლად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება.

პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), მას სადავოდაც არ გაუხდია სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოება, რომ ბ.გ. არ ერიდება არასრულწლოვანი შვილის ლ.გ.ის თანდასწრებით ყვირილს, უცენზურო სიტყვების გამოყენებას, ბავშვის დედის ლანძღვასა და ზოგ შემთხვევაში მუქარასაც კი, რაც ბავშვს აყენებს სერიოზულ ემოციურ ტრამვას და ხელისშემშლელია მისი ფსიქო-ემოციური განვითარებისათვის. გარდა ამისა, ბ.გ. ალკოჰოლის ხშირი მომხმარებელია.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილებით პალატამ არსებითად სწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 1201-ე, 1197-ე და 1198-ე მუხლები, ამასთანავე სასამართლოს მსჯელობა ამ კუთხით არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკისაგან.

დამკვიდრებული პრაქტიკის თანახმად, ზემოაღნიშნული ნორმები არ მოიცავს ისეთი ფაქტობრივი გარემოებების ნორმატიულ აღწერილობას, რაც მოგვცემდა კანონით ზუსტად განსაზღვრული წინაპირობების კვლევას. ამდენად, ამ შემთხვევაში საკმაოდ დიდი მნიშვნელობა ენიჭება „ბავშვის ინტერესების“ განსაზღვრას, სასამართლო პრაქტიკისა და საერთაშორისო სამართლებრივი პრაქტიკის გათვალისწინებით.

ერთ-ერთ საქმეზე საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტა შემდეგი: გაერთიანებული ერების „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მე-9 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს ფსიქო-პედაგოგიური ექსპერტიზის მიხედვით, თუ რომელი მშობლის მიმართ განიცდის უფრო მეტ სიმპათიას ბავშვი და რომელთან დარჩენა უფრო სასარგებლო იქნება მისი ფსიქიკური განვითარებისათვის. რა თქმა უნდა, ბავშვის მშობელთან დამოკიდებულებას არ გააჩნია გადამწყვეტი მნიშვნელობა, მაგრამ აღნიშნული კრიტერიუმი სხვა კრიტერიუმებთან ერთად მოითხოვს შესაბამის კვლევას (იხ. სუსგ №ას-1062-996-2012, 22 იანვარი, 2013 წელი).

გარდა ზემოაღნიშნულისა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორები მიუთითებენ რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით.

„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „მ1“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ბ.გ. სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ბ.გ.ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური