Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

19 მაისი, 2015 წელი

№ას-211-198-2015 ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

მოსამართლე: პაატა ქათამაძე

საქმის განხილვის ფორმა _ ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორები – ფ.ფ.-ი, ა.ფ.ფ.-ი

მოწინააღმდეგე მხარე – დ.ა.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 24 დეკემბრის განჩინება

კასატორების მოთხოვნა _ გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი _ თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილებით ა.ფ.ფ.-ის და ფ.ფ.-ის სარჩელი მოპასუხე დ.ა.-ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ არ დაკმაყოფილდა.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ა.ფ.ფ.-იიმ და ფ.ფ.-იმ და მოითხოვეს გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალტის 2014 წლის 24 დეკემბრის გადაწყვეტილებით ა.ფ.ფ.-ის და ფ.ფ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 23 იანვრის გადაწყვეტილება.

აღნიშნული განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრეს ფ.ფ.-იმ და ა.ფ.ფ.-იმ და მოითხოვეს გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და მათი მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილება.

უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე და დაევალათ განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

ამავე სასამართლოს 2015 წლის 2 აპრილის განჩინებით კასატორებს, მათივე განცხადების საფუძველზე, გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2015 წლის 22 აპრილს საკასაციო პალატას განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და კვლავ მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება.

2015 წლის 1 მაისის განჩინებით კასატორებს გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა განჩინების ჩაბარებიდან 5 დღით.

2015 წლის 13 მაისს საკასაციო სასამართლოს განცხადებით მომართა კასატორების წარმომადგენელმა და მოითხოვა ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელება, განცხადებაში ასევე მითითებულია, რომ 15 მაისამდე სრულად იქნებოდა კასატორების მიერ დადგენილი ხარვეზი შევსებული.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის შედეგად მიიჩნევს, რომ ფ.ფ.-ის და ა.ფ.ფ.-ის საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც უნიშნავს მას ვადას. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, საკასაციო საჩივარი განუხილველი დარჩება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისთვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა საკასაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია.

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით კასატორებს დაუდგინდათ ხარვეზი საკასაციო საჩივარზე, კერძოდ, დაევალათ აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 5 დღის ვადაში საკასაციო სასამართლოში საკასაციო საჩივრის წარმოდგენა გასაჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და 6000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბაჟის გადახდა. დადგენილია ასევე, რომ კასატორებს, მათივე თხოვნის საფუძველზე, ორჯერ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა.

საქმეში წარმოდგენილი სასამართლო მოხელის მიერ შედგენილი აქტით დასტურდება, რომ ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ 2015 წლის 1 მაისის განჩინება, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, 2015 წლის 5 მაისს სატელეფონო შეტყობინებით ეცნობა კასატორების წარმომადგენელ ე. პ.-ძეს (იხ. მინდობილობა, ტ.1, ს.ფ. 8-10), რაც, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70.1 მუხლის მიხედვით, ითვლება სასამართლო შეტყობინების კასატორებისათვის ჩაბარებად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, კასატორებისათვის ხარვეზის შევსების 5-დღიანი ვადის დენა დაიწყო განჩინების გადაცემის მომდევნო დღიდან, ე.ი. 2015 წლის 6 მაისს და ამოიწურა ამავე წლის 11 მაისს (10 მაისი იყო უქმე დღე). ამდენად, კასატორებს ხარვეზი უნდა შეევსოთ 2015 წლის 11 მაისის ჩათვლით. საქმის მასალებით ირკვევა, რომ სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის განმავლობაში კასატორებს ხარვეზი არ გამოუსწორებიათ, ამასთან, წარმოადგინეს განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორების განცხადება ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან, როგორც აღინიშნა, კასატორებს არაერთხელ გაუგრძელდათ ხარვეზის შევსების ვადა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ კასატორებს დღემდე არ წარმოუდგენიათ საკასაციო საჩივარი გასჩივრების საფუძვლების (კასაციის მიზეზების) მითითებით და ასევე არ გადაუხდიათ სახელმწიფო ბაჟის ნაწილიც კი. გარდა ამისა, წარმოდგენილ განცხადებაში კასატორების წარმომადგენელი ასევე მიუთითებდა, რომ მიმდინარე წლის 15 მაისისთვის კასატორები სრულად შეავსებდნენ ხარვეზს. აღნიშნულის მიუხედავად, კასატორებს ხარვეზი დღემდე არ შეუვსიათ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედება სრულდება კანონით დადგენილ ან სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ, განუხილველი დარჩება.

ზემოაღნიშნული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ მხარე ვალდებულია სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში შეასრულოს მისთვის დავალებული საპროცესო მოქმედება, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი კარგავს შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულების უფლებას.

მოცემულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კასატორებმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსეს ხარვეზი, ამიტომ მათი საკასაციო საჩივარი განუხილველად უნდა დარჩეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლის მესამე ნაწილით, 401-ე მუხლით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. ფ.ფ.-ისა და ა.ფ.ფ.-ის შუამდგომლობა საკასაციო საჩივარზე ხარვეზის შევსების ვადის გაგრძელების შესახებ არ დაკმაყოფილდეს;

2. ფ.ფ.-ისა და ა.ფ.ფ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

მოსამართლე პაატა ქათამაძე