Facebook Twitter

საქმე №ას-218-205-2015 21 მაისი, 2015 წელი

ქ.თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ქ.ა. (შეგებებული სარჩელის ავტორი)

მოწინააღმდეგე მხარე – მ.ს. (მოსარჩელე)

გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივ გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – განქორწინება, ალიმენტის დაკისრება, თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ.ს.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ქ.ა.ის მიმართ განქორწინების, ქ.ბათუმში, ... მდებარე მოსარჩელის კუთვნილი N44 ბინიდან თანმხლებ პირებთან ერთად ქ.ა.ის გამოსახლების, უძრავი ქონების მოსარჩელისათვის გადაცემის, ასევე, მეუღლეთა დანაზოგიდან თანხის ნახევრის _ 3 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნით.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ, განქორწინების ნაწილში ცნო, ამასთან, შეგებებული სარჩელით მიმართა სასამართლოს მ.ს.ის მიმართ და მოითხოვა არასრულწლოვანი შვილების: გ. და ხ.ს.ძის სასარგებლოდ თითოეულისათვის ალიმენტის _ ყოველთვიურად 200–200 ლარის დაკისრება, ქ.ბათუმი, ... მდებარე N44 ბინის 1/2-ის თანამესაკუთრედ ცნობა და თაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანა „OPEL ASTRA G QARAVAN–ის“ ღირებულების ნახევრის _ 3 000 ლარის მოპასუხისათვის დაკისრება.

მოპასუხემ შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ, არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ ალიმენტის სახით 100-100 ლარის დაკისრების მოთხოვნის ნაწილში ცნო.

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილებით მ.ს.ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ს.სა და ქ.ა.ეს შორის 2006 წლის 11 აპრილს სრს-ის ხელვაჩაურის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით, ქ.ა.ს მ.ს.ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 აშშ დოლარის გადახდა, მ.ს.ს უარი ეთქვა ქ.ა.ისა და მისი ოჯახის წევრების სადავო ბინიდან გამოსახლებასა და ბინის თავისუფალ მდგომარეობაში ჩაბარებაზე, ქ.ა.ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ.ს.ეს თავისი არასრულწლოვანი შვილების: გ.ს.სა და ხ.ს.ის სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის გადახდა ყოველთვიურად 100–100 ლარი მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, ალიმენტის გადახდა დაწესდა სარჩელის აღძვრის მომენტიდან _ 2014 წლის 6 მაისიდან, ქ.ა. ცნობილ იქნა ქ.ბათუმში, .... მდებარე N44 ბინის 1/3-ის თანამესაკუთრედ, მ.ს.ს ქ.ა.ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა. სხვა ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს მხარეებმა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილებით მ.ს.ისა და ქ.ა.ის სააპელაციო საჩივრები ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გაუქმდა ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილება იმ ნაწილში, რომლითაც მ.ს.ს ქ.ა.ის სასარგებლოდ დაეკისრა 3 000 ლარის გადახდა და ამ ნაწილში მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ქ.ა.ის სარჩელი ავტომანქანა „OPEL ASTRA G QARAVAN-ის“ ღირებულების ½-ის მ.ს.თვის გადახდევინების თაობაზე არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილებში გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგი დასაბუთებით:

პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ქ.ა. და მ.ს.ედაქორწინდნენ 1994 წელს, ხოლო მათი ქორწინება რეგისტრირებულ იქნა 2006 წლის 11 აპრილს. მათ ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: გ.ს., დაბადებული 2001 წლის 23 ნოემბერს და გ.ს., დაბადებული 2005 წლის 22 დეკემბერს;

ქორწინების რეგისტრაციამდე, 2004 წლის 19 თებერვალს, მ.ს.მ ლ. ლ.გან 8 000 ლარად შეიძინა ქალაქ ბათუმში, .... მდებარე №44 ბინა, უძრავი ქონება საჯარო რეესტრში საკუთრების უფლებით რეგისტრირებული არ არის, არამედ აღრიცხულია ტექნიკური აღრიცხვის ბიუროში;

2013 წლიდან მ.ს.ის საკუთრებად რეგისტრირებულია ავტომანქანა „OPEL ASTRA G QARAVAN“;

მ.ს. მუშაობს შპს „ბ.ნ.-ში“ ჩამომსხმელად და მისი ხელფასი შეადგენს 820 ლარს;

ქალაქ ბათუმში, .. მდებარე №44 ბინა შეძენის მომენტში იყო ავარიული. შეძენის შემდეგ აუცილებელი იყო მისი საცხოვრებელ პირობებში მოყვანა, რისთვისაც ბინას ჩაუტარდა კაპიტალური რემონტი. რემონტის პროცესში მ.ს. და ქ.ა. ერთად ცხოვრობდნენ, ჰქონდათ საერთო საოჯახო მეურნეობა. ამავე პერიოდში რეგისტრირებულ იქნა მათი ქორწინება. ბინაში შეიცვალა ფანჯრები და კარები (შესასვლელში ჩასვეს რკინის კარი), შეიღება კედლები, მოწესრიგდა პარკეტი, გაკეთდა წყალგაყვანილობა და მოწესრიგდა აბაზანა. ამ მოქმედებებით ბინის მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა და მასზე დაიხარჯა როგორც მ.ს.ის, ისე ქ.ა.ის თანხა. საბოლოოდ, 2014 წლის 30 აპრილის მდგომარეობით, ბინა შეფასდა 50 000 ლარად;

6 000 აშშ დოლარი, რომელიც ქ.ა.მ 2013 წლის 7 მარტს ასესხა გ.ხ.ს, მეუღლეთა თანასაკუთრება იყო. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, საქალაქო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის შესაბამისად, საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლივი, ობიექტური ანალიზის შედეგად შექმნილი შინაგანი რწმენით, საქმისათვის მნიშვნელოვანი ამ ფაქტობრივი გარემოების დადგენისას, სწორად მიანიჭა უპირატესობა წერილობით და ნეიტრალურ მტკიცებულებას _ სესხისა და იპოთეკის 2013 წლის 7 მარტის ხელშეკრულებას, დაინტერესებული პირის - დ.ა.ის (ქ.ა.ის ძმა) ჩვენებასთან მიმართებით. რაც შეეხება ქ.ა.ის მიერ წარმოდგენილ 2014 წლის 16 აპრილს გ.ხ.სა და დ.ა.ს შორის დადებულ ხელშეკრულებას უძრავი ქონების ნასყიდობის (გამოსყიდვის უფლებით) შესახებ, ამ ხელშეკრულების შინაარსით არ დგინდებოდა კავშირი 2013 წლის 17 მარტს ქ.ა.სა და გ.ხ.ს შორის გაფორმებულ სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებასთან, რის გამოც, სასამართლოს შეფასებით, ეს მტკიცებულება ვერ გამოდგებოდა იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ 2013 წლის 17 მარტს გ.ხ.ზე სესხად გაცემული 6 000 აშშ დოლარი იყო არა მეუღლეთა თანასაკუთრება, არამედ დ.ა.ის კუთვნილი თანხა.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1202-ე, 1212-ე, 1214-ე, 1230-ე მუხლებით, 1234-ე მუხლის მე-2 ნაწილით და განმარტა, რომ მშობლებს გააჩნიათ თანაბარი ვალდებულება, იზრუნონ თავიანთი შვილების ღირსეულ და სრულყოფილ პიროვნებად აღზრდისა და რჩენისათვის, მიუხედავად იმისა, ცხოვრობენ თუ არა ისინი შვილებთან ერთად. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური აუცილებელი საჭიროებების გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის. იმის გათვალისწინებით, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მ.ს.ის მიერ სხვა შემოსავლის მიღების გარემოება, გარდა 820 ლარის ოდენობით ხელფასისა, არ დამტკიცებულა, საქალაქო სასამართლომ გონივრულად და სამართლიანად განსაზღვრა მისი საალიმენტო ვალდებულების მოცულობა, თითოეულ ბავშვზე ყოველთვიურად 100 ლარის ოდენობით. ასევე სწორად განსაზღვრა ალიმენტის გადახდევინების საწყისი მომენტი - 2014 წლის 6 მაისი, ქ.ა.ის მიერ სარჩელის აღძვრის დღე.

ქონებაზე მეუღლეთა თანასაკუთრების უფლების აღიარების საფუძვლებთან მიმართებით, პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 1158-ე, 1161-ე, 1163-ე, 1164-ე, 1165-ე მუხლებით და განმარტა, რომ კანონი მეუღლეთა თანასაკუთრებად მიიჩნევს ნებისმიერ ქონებას, რომელიც ქორწინების პერიოდშია შეძენილი. ამასთან, შესაძლებელია მეუღლის ინდივიდუალური საკუთრება ტრანსფორმირდეს მეუღლეთა თანასაკუთრებად, თუ ქორწინების განმავლობაში მასზე გაწეული ხარჯების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ქონების ღირებულება. საქმის განხილვით დადგენილია, რომ მ.ს. და ქ.ა. რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2006 წლიდან. მათ შორის საქორწინო ხელშეკრულება არ დადებულა. ქორწინების განმავლობაში ორივე მხარეს რიგ შემთხვევებში გააჩნდათ დამოუკიდებელი შემოსავალი, რასაც მოიხმარდენ ოჯახის საჭიროებისათვის. სადავო უძრავი ქონება 2004 წლის თებერვლისათვის იყო ავარიულ მდგომარეობაში და მისი საცხოვრებლად გამოყენებისათვის ჩაუტარდა სარემონტო სამუშაოები, გაიხარჯა მეუღლეთა საერთო თანხები, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა უძრავი ქონების მდგომარეობა და მნიშვნელოვნად გაზარდა მისი ღირებულება, რის გამოც საქალაქო სასამართლომ სწორად ჩათვალა მ.ს.ის კუთვნილი სადავო ბინა მეუღლეთა თანასაკუთრებად. პალატამ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლზე და აღნიშნა, რომ ვერ იმსჯელებდა ამ ქონებაში ქ.ა.ის 1/3 წილის 1/2-მდე გაზრდის თაობაზე, რადგან მას სააპელაციო საჩივარი, ამ მოთხოვნით, არ წარმოუდგენია.

გ.ხ.ზე სესხად გაცემული 6 000 აშშ დოლარი მოდავე მხარეთა თანასაკუთრებას წარმოადგენდა, ამდენად, ამ თანხის ნახევრის _ 3 000 აშშ დოლარის მიკუთვნება მ.ს.თვის ასევე კანონიერად იქნა მიჩნეული.

პალატამ არ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების დასკვნა თანასაკუთრებაში არსებული ავტომანქანის ღირებულების ნახევრის გადახდევინების თაობაზე. სააპელაციო პალატის განმარტებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აკრძალვას, ავტოსატრანსპორტო საშუალება იყოს რამდენიმე პირის, მათ შორის - მეუღლეთა საკუთრებაში. ამდენად, სამართლებრივად დასაშვები იყო სარჩელის აღძვრა ამ მოძრავ ნივთზე თანასაკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რის გამოც ქ.ა.ის სარჩელი ამ მოძრავი ნივთის ღირებულების ნახევრის მ.ს.ისათვის გადახდევინების თაობაზე დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილებულიყო.

ვინაიდან სადავო უძრავი ქონება წარმოადგენდა ქ.ა.ისა და მ.ს.ის თანასაკუთრებას იდეალური წილებით, საკუთრების ობიექტის რეალური გამოყოფის გარეშე, გაზიარებულ იქნა საქალაქო სასამართლოს დასკვნა, რომ ორივე მოდავე მხარე სარგებლობდა სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლით გათვალისწინებული მესაკუთრის უფლებამოსილებით, რაც გულისხმობს კუთვნილი ნივთით შეუზღუდავად სარგებლობის უფლებასაც, რის გამოც ერთი მესაკუთრე მეორეს ვერ წარუდგენდა იმავე კოდექსის 172-ე მუხლით გათვალისწინებულ სავინდიკაციო ან ნეგატორულ სარჩელს ქონებაზე ხელშეშლის აღკვეთის თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ქ.ა.მ, მოითხოვა ალიმენტის განსაზღვრის, ასევე, ავტომობილის ღირებულების 1/2-ის დაკისრებაზე უარის თქმის ნაწილში მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით ალიმენტის თითოეული შვილის სასარგებლოდ 200-200 ლარით განსაზღვრა, ასევე, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომობილის ღირებულების ნახევრის _ 3 000 ლარის მ.ს.თვის დაკისრება შემდეგი საფუძვლებით:

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო სასამართლომ დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 384-ე მუხლი მოთხოვნა. სააპელაციო საჩივრით მ.ს. მოითხოვდა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული, თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომაქანის ღირებულების შემცირებას, რის თაობაზეც წარადგინა აუდიტორული დასკვნა და ამტკიცებდა, რომ ნივთის ღირებულება 4 500 ლარს შეადგენდა. იგი თანახმა იყო, გადაეხადა ამ თანხის ნახევარი, რაც პირველი ინსტანციის სასამართლოშიც აღნიშნა. სააპელაციო პალატა გასცდა მოთხოვნის ფარგლებს და ქ.ა.ს უსაფუძვლოდ უთხრა უარი ნივთის ღრებულების 1/2-ის დაკისრებაზე.

სააპელაციო პალატამ ასევე უსაფუძვლოდ არ გაიზიარა ქ.ა.ის მოსაზრება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში. ორივე ინსტანციის სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 1230-ე მუხლის პირველ ნაწილზე, თუმცა მხარეთა მატერიალური და ოჯახური მდგომაროების გაუთვალისწინებლად, სამართლიან ოდენობად მიიჩნია ალიმენტის 100 ლარით განსაზღვრა. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ ქ.ა.ის ხელფასი შეადგენს 200 ლარს, რომლითაც უნდა არჩინოს სამი შვილი, ხოლო მ.ს.ის ყოველთვიური შემოსავლიდან _ 820 ლარიდან 200 ლარის დაკისრება სასამართლომ არასწორად ჩათვალა კანონიერად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ შეისწავლა საქმის მასალები, გასაჩივრებული გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთებულობა, საკასაციო საჩივრის საფუძლები და მიიჩნევს, რომ ქ.ა.ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგი გარემოებების გამო:

განსახილველი დავის საგანს წარმოადგენს განქოწინება, მეუღლეთა თანასაკუთრების გაყოფა და არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტის დაკისრება. საქმის მასალებით კი, დასტურდება, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით მ.ს.ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მ.ს.სა და ქ.ა.ს შორის 2006 წლის 11 აპრილს სრს ხელვაჩაურის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება შეწყდა განქორწინებით; ქ.ა.ს მ.ს.ის სასარგებლოდ დაეკისრა თანაცხოვრების პერიოდში წარმოქმნილი დანაზოგის ნახევრის _ 3000 აშშ დოლარის გადახდა; მ.ს.ს უარი ეთქვა ქ.ბათუმში, ... ბინა N44–დან ქ.ა.ისა და მისი ოჯახის წევრების გამოსახლებაზე, ვინაიდან ამავე გადაწყვეტილებით ქ.ა.ის შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და მ.ს.ს არასრულწლოვანი შვილების: გ.ს.ის (დაბადებული 2001 წლის 23 ნოემბერს) და ხ.ს.ის (დაბადებული 2005 წლის 22 დეკემბერს) სასარგებლოდ დაეკისრა ალიმენტის ყოველთვიურად გადახდა თითოეული შვილის სასარგებლოდ 100–100 ლარის ოდენობით მათ სრულწლოვანებამდე ან მდგომარეობის სხვაგვარად შეცვლამდე, ხოლო ქ.ა. ცნობილ იქნა ქ.ბათუმში .... მდებარე N44 ბინის 1/3-ის თანამესაკუთრედ, ასევე დაეკისრა მ.ს.ს ქ.ა.ის სასარგებლოდ თანაცხოვრების პერიოდში შეძენილი ავტომანქანის საბაზრო ღირებულების ნახევრის _ 3 000 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. მ.ს.მ ითხოვა გადაწყვეტილების გაუქმება ავტომანქანის ღირებულების ნახევრის _ 3 000 ლარის დაკისრების, ასევე, უძრავი ქონების 1/3-ის თანამესაკუთრედ ქ.ა.ის ცნობის ნაწილში და ახალი გადაწყვეტილებით _ მოძრავი ნივთის ღირებულების 4 500 ლარით განსაზღვრა, ამ თანხის 1/2-ის დაკისრება, ასევე მოწინააღმდეგე მხარის უკანონო მფლობელობიდან (თანმხლებ პირებთან ერთად) უძრავი ქონების გამოთხოვა. რაც შეეხება ქ.ა.ის პრეტენზიას, იგი შეეხებოდა ფულადი სახსრების მეუღლეთა თანასაკუთრებად არასწორად მიჩნევის ფაქტს, ასევე, დაკისრებული ალიმენტის ოდენობას, აპელანტი ითხოვდა ახალი გადაწყვეტილებით 3 000 აშშ დოლარის გადახდისაგან გათავისუფლებას, ხოლო ალიმენტის 200-200 ლარით განსაზღვრას.

სააპელაციო სასამართლომ, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით წარდგენილი სააპელაციო საჩვრები ნაწილობრივ დააკმაყოფილა, კერძოდ, მ.ს.თვის ავტომობილის ღირებულების ნახევრის დაკისრების ნაწილში გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და ამ ნაწილში შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, დანარჩენ ნაწილში გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად.

კასატორი არ ეთანხმება სააპელაციო პალატის დასკვნებს თანასაკუთრების პერიოდში შეძენილი ქონების ღირებულების ანაზღაურებაზე უარის თქმის, ასევე ალიმენტის სახით არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ 100-100 ლარის დაკისრების ნაწილში და მიუთითებს, როგორც მატერიალური, ისე საპროცესო სამართლის ნორმის დარღვევაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის თანახმად, საკასაციო საჩივარი შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ იმას, რომ გადაწყვეტილება კანონის დარღვევითაა გამოტანილი. კანონის დარღვევად განიხილება, როგორც მატერიალური სამართლის ნორმის არასწორი გამოყენება, ისე მისი არასწორი განმარტება, ხოლო საპროცესო სამართლის ნორმების დარღვევა მხოლოდ მაშინ შეიძლება გახდეს გადაწყვეტილების გაუქმების საფუძველი, თუ ამ დარღვევის შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი.

კასატორის პრეტენზიების საფუძვლიანობის შემოწმებამდე, საკასაციო სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე: სამართალწარმოების მიზნის მისაღწევად სავალდებულოა, სასამართლომ საქმის განხილვის მარეგულირებელი პროცესუალური წესების დაცვით მხარეების მიერ მითითებული ფაქტებისა და გარემოებების სწორი სამართლებრივი ანალიზის გზით დაადგინოს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა. საფუძვლიანია თუ არა სარჩელი, დამოკიდებულია რამდენიმე პირობის არსებობაზე, მათ შორის: უპირველესად უნდა მოიძებნოს სამართლის ნორმა, რომელიც მიესადაგება განსახილველ შემთხვევას; მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის დადგენის შემდეგ უნდა მოხდეს იმის შემოწმება, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები პასუხობს თუ არა გამოსაყენებელი ნორმის აბსტრაქტულ ელემენტებს (შემადგენლობას).

მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის განსაზღვრა სასამართლოს პრეროგატივაა, მატერიალური სამართლის ნორმიდან გამომდინარე კი, სასამართლომ თავადვე უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტების (მტკიცების საგანში შემავალი ფაქტების) ამომწურავი წრე, რათა მას არ მოუწიოს იმ გარემოებათა დადგენა, რომლებსაც საქმისათვის არანაირი მნიშვნელობა არ აქვთ, და პირიქით, რათა მთელი სამართალწარმოება საძიებელ ფაქტებზე იქნეს ორიენტირებული.

საკასაციო პრეტენზიის ფარგლების გათვალისწინებით, სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს მეუღლის უფლება, ქონების გაყოფისას მოითხოვოს თანასაკუთრებიდან კუთვნილი წილის კომპენსაცია, ასევე შესაფასებელია დაკისრებული თანხა წარმოადგენს თუ არა იმ გონივრული ოდენობის სარჩოს, რომელიც, ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ალიმენტის სოციალურ ფუნქციას, ხოლო, მეორე მხრივ, არსებობს თუ არა ალიმენტვალდებული პირის მხრიდან ამ თანხის ანაზღაურების რეალური საშუალება.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი გარემოებები:

ქ.ა. და მ.ს. დაქორწინდნენ 1994 წელს და ქორწინება რეგისტრირებულ იქნა 2006 წლის 11 აპრილს;

მეუღლეებს ჰყავთ ორი არასრულწლოვანი შვილი: გ.ს., დაბადებული 2001 წლის 23 ნოემბერს და გ.ს., დაბადებული 2005 წლის 22 დეკემბერს;

2013 წლიდან მ.ს.ის საკუთრებად რეგისტრირებულია ავტომანქანა „OPEL ASTRA G QARAVAN“;

მ.ს. მუშაობს შპს „ბ. ნ.ში“ ჩამომსხმელად და მისი ხელფასი შეადგენს 820 ლარს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება).

დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება და განმარტება. ამგვარი დასაშვები შედავებისას, კანონით იმპერატიულადაა დადგენილი საკასაციო სასამართლოს ვალდებულება, შეამოწმოს სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შესაბამისობა საქმეში არსებულ მტკიცებულებებთან, ანუ შეამოწმოს, გადაწყვეტილების გამოტანისას დაცულია თუ არა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე და 249-ე მუხლების მოთხოვნები.

მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება თანასაკუთრებაში არსებული ავტომანქანის ღირებულების ნახევრის გადახდევინების თაობაზე უსაფუძლოდ მიიჩნია და განმარტა, რომ საქართველოს მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს აკრძალვას, ავტოსატრანსპორტო საშუალება იყოს რამდენიმე პირის, მათ შორის, მეუღლეთა საკუთრებაში. პალატის განმარტებით, სამართლებრივად დასაშვები იყო სარჩელის აღძვრა ამ მოძრავ ნივთზე თანასაკუთრების უფლების აღიარების მოთხოვნით, რის გამოც ქ.ა.ის სარჩელი ამ მოძრავი ნივთის ღირებულების ნახევრის მ.ს.თვის გადახდევინების თაობაზე დაუსაბუთებლად იქნა მიჩნეული.

რაც შეეხება ალიმენტის ოდენობის განსაზღვრას, სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ საქმის განხილვის მომენტისათვის მ.ს.ის მიერ 820 ლარის ოდენობით ხელფასის გარდა სხვა შემოსავლის მიღება არ დასტურდებოდა, რის გამოც საალიმენტო ვალდებულების გონივრულ და სამართლიან ოდენობად თითოეული ბავშვის სასარგებლოდ ყოველთვიურად 100-100 ლარის გადახდა მიიჩნეოდა.

საკასაციო პალატა სრულად იზიარებს კასატორის პრეტენზიას მეუღლეთა საერთო ქონებიდან წილის კომპენსაციის ნაწილში სააპელაციო სასამართლოს მიერ აპელანტ მ.ს.ის მოთხოვნის ფარგლების დარღვევის თაობაზე და ყურადღებას გაამახვილებს შემდეგ გარემოებებზე:

სადავოს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ ავტომანქანა „OPEL ASTRA G QARAVAN“ მ.ს.მ შეიძინა რეგისტრირებული ქორწინების განმავლობაში, რის გამოც, სამოქალაქო კოდექსის 1158-ე მუხლის თანახმად, მოძრავ ნივთზე მეუღლეთა თანასაკუთრების კანონისმიერი რეჟიმი გავრცელდა. ეს გარემოება სავსებით მართებულად დაადგინა საქალაქო სასამართლომ. საგულისხმოა, რომ მ.ს. სააპელაციო წესით სადავოდ ხდიდა არა იმ გარემოებას, რომ ნივთი თანასაკუთრების ობიექტს წარმოადგენდა, არამედ, არ ეთანხმებოდა ამ ნივთის ღირებულებას, რადგანაც მოსარჩელის მიერ წარდგენილი ქონების შეფასების დამადასტურებელი მტკიცებულებით ირკვეოდა, რომ შემფასებელს ავტომობილის საბაზრო ფასის განსაზღვრისას ნივთი ვიზუალურად არ დაუთვალიერებია.

საქალაქო სასამართლომ მ.ს.ის ეს პრეტენზია არ გაიზიარა იმ საფუძვლით, რომ ქ.ა.ის მიერ საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულების გაქარწყლებას მ.ს. მხოლოდ ზეპირი განმარტებით შეეცადა.

საქმეში წარმოდგენილ მ.ს.ის სააპელაციო საჩივარს ერთვის შპს „ე.-ის“ დასკვნა, სადაც სადავო ნივთის ღრებულება 4 500 ლარითაა განსაზღვრული და აპელანტი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკისრებული კომპენსაციის _ 3 000 ლარის შემცირებას მოითხოვდა მის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით განსაზღვრული ღირებულების 1/2-ით.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დააკმაყოფილა რა მ.ს.ის სააპელაციო საჩივარი, სააპელაციო მოთოხვნის ფარგლების მიუხედავად, შეგებებული სარჩელის ავტორს უარი განუცხადა ქონების ღირებულების ანაზღაურებაზე, რითაც დაარღვია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 248-ე მუხლის მოთხოვნა, რომლის თანახმადაც სასამართლოს უფლება არა აქვს მიაკუთვნოს თავისი გადაწყვეტილებით მხარეს ის, რაც მას არ უთხოვია, ან იმაზე მეტი, ვიდრე ის მოითხოვდა. ამავე კოდექსის 377-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სააპელაციო სასამართლო ამოწმებს გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის ფარგლებში ფაქტობრივი და სამართლებრივი თვალსაზრისით.

გარდა საპროცესო ნორმის დარღვევისა, საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 1164-ე მუხლზე, რომელიც ადგენს მეუღლეთა საერთო ქონების გაყოფის წესს, როგორც ქორწინების, ისე მისი შეწყვეტის შემდეგ, ამავე კოდექსის 1166-ე მუხლით განსაზღვრულია საკუთრების გაყოფისას წილის კომპენსაციის მარეგულირებელი წესი, რომლის თანახმადაც, თუ საერთო ქონების გაყოფისას ერთ-ერთ მეუღლეს გადაეცემა ისეთი ნივთები, რომელთა ღირებულებაც მის კუთვნილ წილს აღემატება, მაშინ მეორე მეუღლეს მიეცემა შესაბამისი ფულადი ან სხვაგვარი კომპენსაცია.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სააპელაციო პრეტენზიის ფარგლებში სააპელაციო სასამართლოს შეფასების საგანი უნდა გამხდარიყო ქ.ა.ის შეგებებული სარჩელის საფუძლიანობა, რომლითაც მხარემ ბინიდან წილის ნატურით მიკუთვნება, ხოლო მოძრავი ნივთის შემთხვევაში _ კომპენსაციის ანაზღაურება მოითხოვა.

ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ამ ნაწილში არსებობს გასაჩვრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლისა და 394-ე მუხლის „ე1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საფუძველი, ამასთანავე, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მ.ს.მ სააპელაციო საჩივარს დაურთო ახალი მტკიცებულება _ შპს „ე.-ის“ დასკვნა, გასაჩივრებული გადაწყვეტილებით კი, არ ირკვევა, სააპელაციო პალატამ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 380-ე მუხლის შესაბამისად, იგი მიიჩნია თუ არა დასაშვება მტკიცებულებად.

რაც შეეხება ალიმენტის ოდენობის ნაწილში წარმოდგენილ პრეტენზიას, საკასაციო პალატა ასევე იზიარებს მას და მიიჩნევს, რომ სასამართლომ ამ ნაწილში დაარღვია, როგორც მტკიცებულებათა გამოკვლევის მარეგულირებელი ნორმის _ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მოთოხვნები, ისე საოჯახო სამართლებრივი დავიდან გამომდინარე საქმეთა განხილვის თავისებურება, შესაბამისად, ამ ნაწილში მიღებული გადაწყვეტილება არ ემყარება მტკიცებულებების ობიექტურ განხილვა-შეფასებას, ხოლო საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების სწორი სამართლებრივი შეფასების გზით დასადგენ ფაქტებს ასახვა არ მოჰყოლია გადაწყვეტილებაში.

დამკვიდრებული სასამართლო პრაქტიკის თანახმად, კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა (იხ. სუსგ №ას-58-49-2011, 27 ივნისი, 2011 წელი).

საკასაციო პალატა მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 352-ე მუხლზე, რომლის თანახმად, საქორწინო და საოჯახო საქმეების მიმართ გამოიყენება ამ კოდექსით დადგენილი წესები იმ დამატებებით, რაც ამ თავშია დადგენილი. ამავე კოდექსის 354-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სასამართლოს შეუძლია თავისი ინიციატივით განსაზღვროს დასადგენ გარემოებათა წრე და მხარეთა ახსნა-განმარტების შემდეგ თვითონ გამოითხოვოს მტკიცებულებები, რომლებზედაც მხარეებს არ მიუთითებიათ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს ერთმნიშვნელოვანი დასკვნა, რომ საოჯახო საქმეთა განხილვისას სასამართლოს როლი მეტად აქტიურია და კანონმდებელი გარემოებათა სწორად დადგენისა და მატერიალური სამართლით მოწესრიგებული საოჯახო ურთიერთობის სწორი ანალიზისათვის ითვალისწინებს სასამართლოს შესაძლებლობას, დაადგინოს როგორც სადავო გარემოებათა წრე, ისე მიმართოს კანონით გათვალისწინებულ ყველა ღონისძიებას, მათ შორის მტკიცებულებათა მოპოვების თვალსაზრისით, რა თქმა უნდა ასეთ დროს მტკიცებულებათა ცალმხრივი გამოკვლევა საპროცესო სამართლის მიზნებიდან არ გამომდინაროებს და საქმის განხმხილველი სასამართლოს უპირველესი ამოცანაა XLIII თავით განსაზღვრული საპროცესო წესები შეუსაბამოს მატერიალური სამართლის ნორმებს.

ამ კუთხით საკასაციო პალატა მოიხმობს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლს, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1202-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. არასრულწლოვანი შვილების რჩენის მოვალეობა განსაზღვრულია ასევე სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლით.

როგორც წესი, არასრულწლოვანი შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტების ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით, თუმცა, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში, ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავს სასამართლო. სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას (იხ. სუსგ №ას-204-191-2014, 20 ოქტომბერი, 2014 წელი).

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. დასახელებული ნორმით დადგენილია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების სამართლებრივი თვალსაზრისით შეფასება-გამოკვლევის სტანდარტი, რომლის შესაბამისად გამოკვლეულ და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე დამყარებით უნდა მიიღოს სასამართლომ გადაწყვეტილება მხარის მოთხოვნის საფუძვლიანობის თაობაზე, თავის მხრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ სასამართლო გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, ანალოგიური მოთხოვნებია დადგენილი სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ საპროცესო კოდექსის 389-ე მუხლით. კანონის ეს დათქმა ორიენტირებულია მართლმსაჯულების მიზნის მიღწევაზე - ერთი მხრივ, გადაწყვეტილება იყოს ზუსტი და ამომწურავი პასუხი მოსარჩელის მოთხოვნაზე და, მეორე მხრივ, ის უნდა შეიცავდეს იმ გონივრული განსჯის პროცესის ზუსტ ასახვას, რაც საფუძვლად უდევს უფლების დამდგენ მართლმსაჯულების აქტს - გადაწყვეტილებას, რადგან მისი ერთ-ერთი დანიშნულებაა, დაარწმუნოს მხარე მოთხოვნის საფუძვლიანობასა თუ უსაფუძვლობაში.

გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სააპელაციო პალატამ დაადგინა ის გარემოება, რომ მ.ს.ის შემოსავალი შეადგენდა თვეში 820 ლარს და მხოლოდ ამ ფაქტის გამოკვლევაზე დამყარებით გაიზიარა საქალაქო სასამართლო მსჯელობა არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ მ.ს.თვის 100-100 ლარის დაკისრების გონივრულ და სამართლიან ანაზღაურებად მიჩნევის თაობაზე.

საკასაციო სასამართლო მტკიცებულებათა არასაკმარისი შეფასების გამო, ვერ გაიზიარებს სააპელაციო პალატის ზემოაღნიშნულ მსჯელობას და მიიჩნევს, რომ გადაწყვეტილება ამ ნაწილში იურიდიული თვალსაზრისით დაუსაბუთებელია, ამასთანავე, საჭიროა მათი დამატებითი და ობიექტური შეფასება, რამდენადაც სააპელაციო პალატას არ გამოუკვლევია დავის სწორად გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე იმგვარი გარეოებები, როგორიცაა მ.ს.ის კმაყოფაზე მყოფი პირების არსებობა, დადებით შემთხვევაში, მათი რაოდენობა და ნორმალური სოციალური ყოფისათვის საჭირო ხარჯი, არ შეუფასებია შეგებებული სარჩელის ავტორის მატერიალური მდგომაროება, არასრულწლოვანი შვილების ასაკი, ასევე არ დაუდგენია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, შპს „ბ. ნ.ის“ მიერ გაცემულ ცნობაში ასახული ხელფასი წარმოადგენდა მ.ს.ის დარიცხულ თუ ხელზე ასაღებ ყოველთვიურ სარგოს. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ სწორედ ამ გარემოებათა ყოველმხრივი შეფასების შედეგადაა შესაძლებელი დასაკისრებელი ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობის განსაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ:

ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა;

ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

ამდენად, სააპელაციო სასამართლომ საქმის ხელახლა განხილვისას მტკიცებულებათა ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად უნდა დაადგინოს დავის გადაწყვეტისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები და ამ გარემოებების სწორი სამართლებრივი შეფასების გზით უნდა გადაწყვიტოს დავა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ სააპელაციო ან საკასაციო სასამართლო დააბრუნებს საქმეს ხელახლა განსახილველად, მთელი სასამართლო ხარჯები, რაც გაწეულია ამ საქმის განხილვასთან დაკავშირებით, სარჩელის აღძვრიდან დაწყებული, უნდა შეჯამდეს და შემდეგ განაწილდეს მხარეთა შორის ამ მუხლის მიხედვით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის ხელახლა განხილვისას სასამართლო ხარჯების განაწილების საკითხი უნდა გადაწყდეს შემაჯამებელი გადაწყვეტილების გამოტანისას.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412-ე, 53-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ქ.ა.ის საკასაციო საჩივარი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთ აპალატის 2014 წლის 26 დეკემბრის გადაწყვეტილება ავტომანქანის ღირებულების 1/2-ის დაკისრებაზე უარის თქმის, ასევე ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის ნაწილში და საქმე ხელახლა განსახილველად დაუნრუნდეს იმავე სასამართლოს.

3. საკასაციო საჩვარზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ბ. ალავიძე

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ნ. ბაქაქური