Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2015 წელი

№ას-221-208-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – დ.გ.-ა

მოწინააღმდეგე მხარე – ნ.ჭ.-ი, ვ.გ.-ა

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება

კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანამესაკუთრედ ცნობა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა დ.გ.-ას სარჩელი მოპასუხეების – ნ.ჭ.-ისა და ვ.გ.-ას მიმართ ქ.სენაკში, პ.-ის ქ.№...-ში მდებარე უძრავი ქონების ნახევარზე (50%-ზე) ნ.ჭ.-ის საკუთრების უფლების გაუქმებისა და ამავე ქონების ნახევრის მესაკუთრედ (თანამესაკუთრედ) ცნობის თაობაზე.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა დ.გ.-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინებით:

1. დ.გ.-ას შუამდგომლობა გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და ვადის აღდგენის შესახებ არ დაკმაყოფილდა;

2. დ.გ.-ას სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის მიხედვითაც, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სააპელაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259¹-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების დანაწესიდან გამომდინარე, მიიჩნია, რომ დ.გ.-ა გადაწყვეტილების ასლის ჩასაბარებლად სენაკის რაიონულ სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო არა უგვიანეს 2014 წლის 12 ნოემბრისა, ხოლო ვინაიდან არ გამოცხადდა, გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრებისთვის დადგენილი 14-დღიანი ვადის ათვლა დაიწყო სწორედ 2014 წლის 12 ნოემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 25 ნოემბრის 24:00 საათზე.

სააპელაციო სასამართლომ, აპელანტის შუამდგომლობა ვადის გაშვების საპატიოდ მიჩნევისა და ვადის აღდგენის შესახებ არ დააკმაყოფილა, ვინაიდან გადაწყვეტილების სააპელაციო წესით გასაჩივრების ვადის აღდგენას საპროცესო კანონმდებლობა არ ითვალისწინებს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა დ.გ.-ამ.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

მოცემულ შემთხვევაში, კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო საჩივრის წარუდგენლობა გამოწვეული იყო სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული საპატიო მიზეზით, კერძოდ, დ.გ.-ას ავადმყოფობით. კერძო საჩივრის ავტორის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით ირკვეოდა, რომ დ.გ.-ა სტაციონარში მოათავსეს 2014 წლის 19 ნოემბერს, ხოლო სტაციონარიდან გაწერეს 2014 წლის 23 ნოემბერს. სამკურნალო რეკომენდაციების თანახმად, სასურველი არ იყო ავადმყოფის ფიზიკური დატვირთვა ოპერაციიდან ერთი თვის განმავლობაში;

სასამართლოს გადაწყვეტილება ჩაიბარა დ.გ.-ას რძალმა, ამ უკანასკნელმა კი იგი გადასცა დ.გ.-ას წარმომადგენელს. წარმომადგენელი ცდილობდა ტელეფონის საშუალებით დაკავშირებოდა დ.გ.-ას, თუმცა, ვერ მოახერხა მასთან სატელეფონო საუბარი. შესაბამისად, წარმომადგენელმა არ იცოდა, თავისი მარწმუნებელი ასაჩივრებდა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას, თავის მხრივ, წარმომადგენელს არ ჰქონდა არც სათანადო სახსრები და არც შესაბამისი უფლება, საკუთარი ინიციატივით წარედგინა სააპელაციო საჩივარი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ დ.გ.-ას კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადა არის 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია, და იგი იწყება მხარისთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან. დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისთვის ჩაბარება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების, ან ამავე კოდექსის 2591 მუხლის შესაბამისად, ასევე, 2591-ე მუხლით დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისთვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოტანის თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ სენაკის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 ოქტომბრის სხდომაზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას ესწრებოდა დ.გ.-ას წარმომადგენელი, ლევან ხელაია, რომელსაც გააჩნდა მარწმუნებლის სახელით გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლებამოსილება (იხ. მინდობილობა, ს.ფ. 30-31). შესაბამისად, მოსარჩელე (ან მისი წარმომადგენელი) ვალდებული იყო, გადაწყვეტილების გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადებულიყო სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაებარებინა დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლი. საქმის მასალებით ირკვევა, რომ კანონით დადგენილ ვადაში მოსარჩელეს გადაწყვეტილების ასლის მისაღებად სასამართლოსათვის არ მიუმართავს.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 259¹-ე მუხლის პირველი ნაწილის, ამავე კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების მიხედვით, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 13 ნოემბრიდან და ამოიწურა ამავე წლის 26 ნოემბერს. საქმის მასალებით ირკვევა, რომ მოსარჩელემ სააპელაციო საჩივარი სენაკის რაიონულ სასამართლოში შეიტანა 2014 წლის 28 ნოემბერს, ე.ი. კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინებით მართებულად დარჩა განუხილველად დ.გ.-ას სააპელაციო საჩივარი, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 374-ე მუხლის შესაბამისად, თუ სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის ესა თუ ის პირობა არ არსებობს, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ დაუსაბუთებელია კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენის თაობაზე, ვინაიდან სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი საპროცესო ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილი იმპერატიულად ადგენს, რომ სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადის აღდგენა დაუშვებელია, მიუხედავად იმისა, ვადის გაშვება საპატიო მიზეზით მოხდა თუ არა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. დ.გ.-ას კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 19 დეკემბრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე