ბს-849-435(კ-05) 3 ნოემბერი, 2005 წ., ქ. თბილისი
საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ და სხვა კატეგორიის საქმეთა პალატა
შემადგენლობა: ნ. სხირტლაძე (თავმჯდომარე),
ნ. კლარჯეიშვილი (მომხსენებელი),
გ. ქაჯაია
დავის საგანი: სახელმწიფო ქონების პრივატიზება.
აღწერილობითი ნაწილი:
2004წ. 4 მარტს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს ¹5 ბრძანებით დამტკიცდა სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2004წ. 21 მარტის სხდომის ოქმი ¹1 და კონკურსის შედეგები, სადაც ზესტაფონში, ....... მდებარე ავტოტექმომსახურების ორ შენობაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა კასატორი მ. ბ-ე.
2004წ. 14 მაისს ს. ქ-ემ და ბ. ა-მა სარჩელით მიმართეს ზეტაფონის რაიონულ სასამართლოს და მოითხოვეს ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2004წ. 4 მარტის ¹5 ბრძანების სახელმიწფო ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის სხდომის ¹1 ოქმის და ¹10 და ¹29 დადგენილებების ბათილად ცნობა შემდეგ გარემოებათა გამო:
მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ უკვე ათი წელია მუშაობენ ქ. ქუთაისში, ..... მდებარე ავტოტექმომსახურების ობიექტზე განთავსებულ 2 საამქროში ავტოშემკეთებლებად. მათ სურვილი ჰქონდათ შეესყიდათ ორივე ობიექტი და მიეღოთ კომერციულ კონკურსში მონაწილეობა, როცა იგი საჯაროდ გამოცხადდებოდა. 2004წ. 2 თებერვალს გაზეთ “ ......-ში” გამოცხადებული იყო კომერციული კონკურსი 26 ობიექტზე, ხოლო გაზეთის ¹10 და ¹23 გრაფაში გამოცხადებული იყო კონკურსში ავტოშემკეთებელ სახელოსნოებზე _ შენობებზე მისამართით ...... ქუჩა, ხოლო ზუსტი მისამართი და ნომერი არ იყო მითითებული, ამიტომ მოსარჩელეებს ეჭვიც არ შეჰპარვიათ, რომ კონკურსი სწორედ იმ ობიექტებზე იყო გამოცხადებული, რომლებშიც ისინი იყვნენ დასაქმებული და რომლის შესყიდვის სურვილიც ჰქონდათ, ვინაიდან ...... ქუჩაზე მრავალი ავტოშემკეთებელი სახელოსნოა. 2004წ. 5 მარტს მოსარჩელეებმა გაიგეს, რომ კომერციული კონკურსის შედეგად გაიყიდა ...... ქუჩაზე მდებარე სწორედ ის ობიექტები, რომლებშიც მოსარჩელეები მუშაობდნენ და რომელზეც, მათი აზრით, ადმინისტრაციულმა ორგანომ სწორი ინფორმაცია არ წარმოადგინა საჯაროდ გასაყიდი ქონების შესახებ. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეებმა განაცხადეს, რომ მათ შეეზღუდათ კომერციულ კონკურსში მონაწილეობის მიღების უფლება და ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს მიერ დაირღვა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის და საპრივატიზებო ქონების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის მოთხოვნები, რომლებიც ითვალისწინებდნენ, რომ გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტების მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განლაგებულ ნაგებობათა დასახელება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები, რაც არ იქნა გამოქვეყნებული “ .......-ში” ...... ქუჩაზე მდებარე ავტოშემკეთებელ სახელოსნოებზე კონკურსის გამოცხადების დროს. ...... ქუჩაზე 15 ასეთი ავტოშემკეთებელი სახელოსნოა. მოსარჩელეების აზრით, მოპასუხემ შეუზღუდა კანონით დადგენილი უფლება, ასევე, სახელმწიფოს მიერ გამოცხადებული პრივატიზაციის საყოველთაობის პრინციპი. ობიექტი გაიყიდა ფარულად და მისი მყიდველი გახდა ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს თანამშრომელი, იურისტი მ. ბ-ე.
მოპასუხემ, ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველომ, არ ცნო სარჩელი და მოითხოვა მოსარჩელეების ცნობა ამ დავაში არასათანადო მხარედ და მათთვის უარის თქმა სარჩელის დაკმაყოფილებაზე, უსაფუძვლობის გამო.
2004წ. 1 ივნისს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს განჩინებით ადმინისტრაციულ საქმეში ს. ქ-ისა და ბ. ა-ის სარჩელისა გამო ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოსთან მესამე პირად ჩაება მოქალაქე მ. ბ-ე.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 იანვრის გადაწყვეტილებით სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა, ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2004წ. 4 მარტის ¹5 ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო ქონების პრივატიზების მიზნით შექმნილი საკონკურსო კომისიის 2004წ. 4 მარტის სხდომის (ოქმი ¹1) ¹10 და ¹23 დადგენილები, სარჩელის საფუძვლიანობის გამო.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 იანვრის გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა მ. ბ-ემ და მოითხოვა ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების გაუქმება და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა შემდეგ გარემოებათა გამო:
აპელანტმა აღნიშნა, რომ პრივატიზაციის პროცესში არანაირი დარღვევა არ ყოფილა, რადგან საჯარო განცხადებაში გარკვევით იყო მითითებული ობიექტის მისამართი, ...... ქუჩა, რაც, რეალურად, მათ გააჩნიათ. მოსარჩელეების მოთხოვნა უსაფუძვლოა, ვინაიდან ობიექტების გაყიდვა მოხდა საჯაროობის პრინციპისა და კომერციული კონკურსის წესების ზუსტი დაცვით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ კანონმდებლობის ზუსტი დაცვა შესაბამისობაში ვერ მოვიდა რაიონის ხელმძღვანელ საჯარო მოხელეთა პირად ინტერესებთან და გადაწყვიტეს სასამართლოს მოშველიება თავიანთი კერძო ინტერესების განსახორციელებლად. სასამართლოს მეშვეობით მოინდომეს მათ მიერ გამოცემული ადმინისტრაციული აქტის 2004წ. 4 მარტის საკონკურსო კომისიის სხდომის ოქმის ¹10 და ¹23-ის ბათილობა, ე.ი. იმ აქტებისა, რომლის ბათილობაზეც თვითონვე ხელი მიუწვდებოდათ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განჩინებით არ დაკმაყოფილდა მ. ბ-ის სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2005წ. 26 იანვრის გადაწყვეტილება შემდეგ გარემოებათა გამო:
საოლქო სასამართლომ აღნიშნა, ვინაიდან დავის საგანია სახელმწიფო ქონების პრივატიზება და სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში მ. ბ-ის მიერ შეძენილი ქონება სახელმწიფო საკუთრებაში დაბრუნდება, ამიტომ მ. ბ-ე წარმოადგენს მოპასუხე მხარეს და არა მესამე პირს.
სააპელაციო პალატამ დადგენილად ცნო, რომ გაზეთ “ .......-ში” გამოქვეყნდა ინფორმაცია ზესტაფონის რაიონში მდებარე სხვადასხვა ობიექტის პრივატიზაციის შესახებ, მათ შორის მითითებული იყო სადავო ობიექტები ¹10 და ¹23 ავტოტექმომსახურების სახელოსნოები ... აღნიშნული ობიექტები შეისყიდა მ. ბ-ემ.
სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მიხედვით, კონკურსის ფორმით საპრივატიზებო სახელმწიფო ქონების შესახებ ინფორმაციაში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები. მოცემულ შემთხვევაში, სადავო ობიექტებზე მითითებული იყო მხოლოდ ქუჩა და არ იყო მითითებული თუ რომელ ნომერში მდებარეობდნენ ისინი. ზესტაფონის რაიონის მთავარი არქიტექტორის ცნობით კი, ....... მდებარეობს 12 ავტოტექმომსახურების საამქრო. ამდენად, სასამართლოს აზრით, მხოლოდ ქუჩის მითითება არ იძლევა იმის შესაძლებლობას, თუ კონკრეტულად, რომელი ობიექტების გაყიდვა გამოცხადდა, ე.ი. შეუძლებელი ხდება მათი იდენტიფიკაცია.
მოსარჩელეები არიან ინდმეწარმეები, იხდიან გადასახადებს ....... ¹12-სა და ...... ¹15-ში. ამიტომ სასამართლომ ვერ გაიზიარა აპელანტის მოსაზრება, რომ ამ ობიექტებს ნომერი არ აქვს მიკუთვნებული. ეს რომ ასეც იყოს, როგორც ზემოთ აღინიშნა, გამოქვეყნებულ ინფორმაციაში არაა მითითებული ობიექტების დახასიათება, რის გამოც შეუძლებელია გავიგოთ, თუ რომელი ობიექტები გაიყიდა. ზესტაფონის რაიონის გამგეობის 1998წ. 6 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცდა მუნიციპალური საკუთრების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხა, მათში შეტანილ იქნა ავტოტექმომსახურების შენობა ... მდებარე 54 კვ.მ. ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2001წ. 25 მაისის დადგენილების მე-2 პუნქტით დამტკიცდა ზესტაფონის რაიონში მდებარე სახელმწიფო მუნიციპალური დაქვემდებარების ობიექტების ნუსხა. მათში შეტანილი იქნა ავტოშემკეთებელი სახელოსნო .......
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ზესტაფონის რაიონის გამგეობის 2004წ. 30 აპრილის დადგენილებით ბათილად იქნა ცნობილი ზესტაფონის რაიონის გამგეობის 1998წ. 6 ნოემბრის დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საპრივატიზაციო ობიექტის ნუსხის ¹9 ობიექტი ავტოტექმომსახურების შენობა ... 54 კვ.მ და 2001წ. 25 მაისის დადგენილებით დამტკიცებული თანდართული საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის ¹32 ობიექტი, ავტოშემკეთებელი სახელოსნო ... ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს დაევალა დაზუსტებული ფორმით წარმოადგინოს გამგეობის სხდომაზე აღნიშნული ობიექტები, ამ დადგენილებიდან გამომდინარე, გამგეობამ აღიარა დაშვებული შეცდომა. ამდენად, სააპელაციო სასამართლომ გაიზიარა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სარჩელის საფუძვლიანობის შესახებ.
ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინება საკასაციო წესით გასაჩივრდა მ. ბ-ის მიერ, რომელმაც მოითხოვა აღნიშნული განჩინების გაუქმება და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნება იმავე სასამართლოს სხვა შემადგენლობისათვის შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორმა მიუთითა, რომ სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის განჩინება დაუსაბუთებელია როგორც ფაქტობრივი, ისე _ იურიდიული თვალსაზრისით, ასევე, უხეშადაა დრღვეული საპროცესო სამართლის ნორმები, რაც, სსკ-ის 393-ე და 394-ე მუხლების შესაბამისად, განჩინების გაუქმების აბსოლუტური საფუძველია, კერძოდ, კასატორმა აღნიშნა, რომ სააპელაციო სასამართლოს განჩინებით მას მესამე პირის სტატუსი მოულოდნელად შეეცვალა მოპასუხის სტატუსით, რის შესახებაც არც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის დროს ყოფილა მსჯელობა, რითაც დაირღვა სსკ-ის 85-ე მუხლის მოთხოვნები. გარდა სააპელაციო საჩივარში მთითებული მოტივებისა, კასატორმა ასევე მიუთითა სააპელაციო სასამართლოს მიერ აღნიშნული გადაწყვეტილების გამოტანისას სამოქალაქო საპოცესო კოდექსის 389-ე და 249-ე მუხლების დარღვევაზე, ვინაიდან სასამართლო პროცესზე საერთოდ არ ჩაუტარებიათ ფაქტობრივი გარემოებებისა და მტკიცებულებების გამოკვლევა. კასატორის აზრით, სასამართლომ დაარღვია სასამართლო სხდომის ჩატარების წესები, კერძოდ: ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლისა და სსკ-ის მე-4 მუხლის მოთხოვნები მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის შესახებ. კასატორის განცხადებით, სასამართლომ მას შეუზღუდა ამ მუხლებით მინიჭებული უფლებები, ვინაიდან არ მისცა საშუალება პროცესზე სრულად გამოეხატა მისი პოზიცია. სასამართლო სხდომის ამ ოქმთან დაკავშირებით შეტანილ იქნა შენიშვნები, რაზეც კასატორმა საკასაციო პალატას მოსთხოვა საკასაციო საჩივრის განხილვის დროს იმსჯელოს და მისცეს შესაბამისი შეფასება.
მოწინააღმდეგე მხარეთა წარმომადგენლებმა საკასაციო საჩივარი არ ცნეს უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის გამო, მოითხოვეს მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და სააპელაციო სასამართლოს განჩინების უცვლელად დატოვება.
სამოტივაციო ნაწილი:
საკასაციო პალატა საქმის მასალების გაცნობის, მხარეთა განმარტებების მოსმენის, საკასაციო საჩივრის საფუძვლიანობის შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების კანონიერება-დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი, უსაფუძვლობისა და დაუსაბუთებლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინება შემდეგ გარემოებათა გამო:
სსკ-ის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლოსათვის სავალდებულოა წარმოდგენილ წერილობით მტკიცებულებებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატის მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოება, რომ ზესტაფონის სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების სამმართველოს 2004წ. 4 მარტის ¹5 ბრძანებით დამტკიცდა საპრივატიზებო, საკონკურსო კომისიის სხდომის შედეგები და ზესტაფონში, ...... მდებარე ავტოტექმომსახურების ორი შენობა 60 აშშ დოლარად, მიწის ღირებულება _ 213 ლარი, შეიძინა კასატორმა მ. ბ-ემ. სახელმწიფო ქონების სადავო პრივატიზების შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნებული იყო გაზეთ “ .......-ის” 2004წ. 2 თებერვლის მე-2 ნომერში, კერძოდ, გაზეთში მითითებული იყო ინფორმაცია ...... მდებარე ავტოტექმომსახურების ორი შენობის პრივატიზებაზე _ ობიექტები ¹10 და ¹23, მითითებული იყო საპრივატიზებო ობიექტის საწყისი ფასი, დამაგრებული მიწის ფართობი და ფასი.
“სახელმწიფო ქონების პრივატიზების” შესახებ კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ინფორმაცია სახელმწიფო ქონების პრივატიზების თაობაზე საჯაროა და იგი უნდა გამოქვეყნდეს პრესაში. ამასთან, ამ მუხლის მე-3 პუნქტი ადგენს: “გამოქვეყნებულ ცნობებში შეიტანება საპრივატიზებო ობიექტის მიერ დაკავებული მიწის ფართობი, მასზე განთავსებულ ნაგებობათა დახასიათება, მისამართი და ობიექტის გაყიდვის პირობები”. განსახილველ შემთხვევაში ავტოტექმომსახურების შენობების პრივატიზების შესახებ გაზეთ “ .......-ში” გამოქვეყნებული ინფორმაცია არ შეესაბამება “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ინფორმაცია არ იყო სრულყოფილი, ობიექტის მისამართი არ იყო სრული, მითითებული იყო მხოლოდ ქუჩა ნომრის გარეშე და არ იყო მოცემული საპრივატიზებო ობიექტის დახასიათება (მოცულობა), რაც არსებით დარღვევას წარმოადგენს და პრივატიზების ბათილობის საფუძველია.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია არის საჯარო, საყოველთაო პროცესი, მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა დაინტერესებულ პირს. ამიტომ პრივატიზების შესახებ ინფორმაციაც საჯაროა და ქვეყნდება პრესაში, რათა ყველა დაინტერესებული პირისათვის ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, პრესაში გამოქვეყნებული ინფორმაცია უნდა შეესაბამებოდეს “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის მოთხოვნებს, ინფორმაცია უნდა იყოს სრულყოფილი და დაინტერესებული პირისათვის შესაძლებელი უნდა იყოს საპრივატიზებო ობიექტის იდენტიფიკაცია. კონკრეტულ შემთხვევაში, როგორც აღინიშნა, გაზეთ “ .......-ში” გამოქვეყნებული არ იყო საპრივატიზებო ობიექტების აღწერა (მოცულობა) და არ იყო სრულყოფილად მითითებული მისამართი, აღნიშნული იყო მხოლოდ ......, ნომრის გარეშე, რასაც განსახილველ შემთხვევაში არსებითი მნიშვნელობა აქვს, რადგან ზესტაფონის რაიონის მთავარი არქიტექტორის 2004წ. 23 მარტის ¹17 ცნობით ირკვევა, რომ ქ. ზესტაფონში, ....... განთავსებულია ავტოტექმომსახურების 12 ობიექტი. ზესტაფონის რაიონის მთ. არქიტეტორის მიერ გაცემული ცნობის საწინააღმდეგო მტკიცებულება კასატორს არც სააპელაციო და არც საკასაციო ინსტანციის სასამართლოებში არ წარმოუდგენია. ასეთ ვითარებაში, ვინაიდან ზესტაფონში, ...... მდებარეობს ავტოტექმომსახურების 12 საამქრო და რადგან გაზეთ “ .......-ში” გამოქვეყნებულ ინფორმაციაში მითითებული იყო მხოლოდ ქუჩა, ნომრის გარეშე, ასევე არ იყო მითითებული საპრივატიზებო ობიექტების მოცულობა, საკასაციო პალატა სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას პრივატიზაციის ბათილად ცნობის შესახებ, რადგან პრივატიზაცია ჩატარდა და პრივატიზაციის შესახებ ინფორმაცია გამოქვეყნდა “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტის დარღვევით, საპრივატიზებო ობიექტების თაობაზე ინფორმაცია იყო არასრულყოფილი, დაინტერესებული პირებისათვის (მოსარჩელეებისათვის) შეუძლებელი იქნებოდა მათთვის საინტერესო ობიექტების იდენტიფიკაცია (ამოცნობა), რის გამოც მათ შეეზღუდათ პრივატიზაციაში მონაწილეობის მიღების უფლება.
ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის დარღვევის გამო, სააპელაციო პალატამ მართებულად ცნო სადავო პრივატიზება ბათილად, სააპელაციო სასამართლოს განჩინება კანონიერია და საკასაციო საჩივარი უსაფუძვლობის მოტივით არ უნდა დაკმაყოფილდეს.
კასატორი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების დამატებით მოტივად მიუთითებს საპროცესო დარღვევაზე, რომ რაიონული სასამართლოს მიერ იგი პროცესში ჩაბმულ იქნა მესამე პირის სტატუსით, სააპელაციო სასამართლოშიც ამ სტატუსით მონაწილეობდა და მოპასუხედ მისი გარდაქმნის შესახებ შეიტყო მხოლოდ სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაცნობის შემდეგ, რასაც საკასაციო პალატა ვერ დაეთანხმება.
პალატა განმარტავს, რადგან დავის საგანია სახელმწიფო ქონების პრივატიზაცია და სადავო პრივატიზაციის კონტრაჰენტია მ. ბ-ე, რომელმაც შეიძინა სახელმწიფო ქონება და სარჩელის დაკმაყოფილების, პრივატიზაციის ბათილად ცნობის შემთხვევაში კასატორი კარგავს სადავო ობიექტებზე საკუთრების უფლებას, პროცესუალურად იგი წარმოადგენს მოპასუხე მხარეს და არა მესამე პირს. ამიტომ სააპელაციო სასამართლომ სწორად განსაზღვრა მისი, როგორც სადავო პრივატიზაციის მხარის, სამართლებრივი სტატუსი. საქმეში არსებული სააპელაციო სასამართლოს 2005წ. 26 აპრილის სხდომის ოქმიდან ირკვევა, რომ მოსარჩელეების წარმომადგენელმა საქმეში მესამე პირად ჩაბმული მ. ბ-ე, როგორც სადავო ობიექტების შემძენი, დაასახელა მოპასუხედ, რასაც დაეთანხმა მოპასუხე სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზაციის სამმართველოს წარმომადგენელიც. მ. ბ-ემ სააპელაციო სასამართლოს სხდომის ოქმზე წარადგინა შენიშვნები, მაგრამ ოქმის ამ ნაწილზე შენიშვნა არ გამოუთქვამს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საქმეში მესამე პირად ჩაბმული მ. ბ-ის სათანადო მოპასუხედ ჩართვის, ანუ კასატორისათვის პროცესუალური სტატუსის შეცვლის შესახებ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსკ-ის 284-ე მუხლის შესაბამისად უნდა მიეღო სასამართლო სხდომაზე ცალკე განჩინების ან საოქმო განჩინებით სახით, მაგრამ სააპელაციო პალატამ აღნიშნულ საკითხზე იმსჯელა არსებით გადაწყვეტილებაში, რაც, საკასაციო პალატის აზრით, არ არის მნიშვნელოვანი პროცესუალური დარღვევა და მას არ გამოუწვევია საქმეზე არსებითად არასწორი გადაწყვეტილების გამოტანა. ამიტომ კასატორის აღნიშნული მოტივი სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების საფუძველი ვერ გახდება, თანახმად სსკ-ის 393-ე მუხლის მე-3 ნაწილისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა თვლის, რომ მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს და უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინება, რადგან სასამართლომ ფაქტობრივ გარემოებათა და წარმოდგენილ მტკიცებულებათა სწორი შეფასება-დადგენით და “სახელმწიფო ქონების პრივატიზების შესახებ” კანონის მე-9 მუხლის მართებული გამოყენება-განმარტებით გამოიტანა კანონიერი განჩინება.
სარეზოლუციო ნაწილი:
საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, სსკ-ის 410-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. მ. ბ-ის საკასაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის საოლქო სასამართლოს ადმინისტრაციული სამართლისა და საგადასახადო საქმეთა სააპელაციო პალატის 2005წ. 26 აპრილის განჩინება;
3. მ. ბ-ეს საკასაციო საჩივარზე დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 30 ლარის გადახდა;
4. საქართველოს უზენაესი სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.