საქმე № 330210014413685
საქმე №ას-230-217-2015 6 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ა“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ი. ლ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ფულადი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ამ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ლ.-ის მიმართ ნასყიდობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონლის ღირებულების – 3 840 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელემ განმარტა, რომ 2011 წლის 20 მაისს მხარეებს შორის დაიდო „Pioner Hi Bred-ის“ მიერ მოწოდებული, ხარისხობრივი მაჩვენებლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის „PR35P12“ სათესლე მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, კერძოდ, მოპასუხემ მოსარჩელისაგან, 3840 ლარის სანაცვლოდ, შეიძინა ზემოაღნიშნული სათესლე მასალა, რომლის ღირებულება დღემდე არ აუნაზღაურებია. შესაბამისად, მას უნდა დაეკისროს ნასყიდობის საფასურის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი – სიმინდის სათესლე მასალა არ იყო ნივთობრივად უნაკლო და შეთანხმებული ხარისხის, გვალვაგამძლე. ამგვარი პროდუქტის მიწოდება მოპასუხისათვის სადავო გარიგების დადების არსებით პირობას წარმოადგენდა და სხვა პირობებით ხელშეკრულება არ დაიდებოდა, შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, ვინაიდან მოპასუხემ უარი განაცხადა ხელშეკრულებაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 31 მარტის გადაწყვეტილებით სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ის“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ლ.-ის ინტერესს წარმოადგენდა გვალვაგამძლე ხარისხის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შეძენა.
2011 წლის 20 მაისს სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ას” და ი. ლ.-ეს შორის დაიდო „Pioner Hi Bred-ის“ მიერ მოწოდებული, ხარისხობრივი მაჩვენებლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის „PR35P12“ სათესლე მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისაგან 3840 ლარად შეიძინა ზემოაღნიშნული სათესლე მასალა.
სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ამ“ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი („Pioneer-ის“ ჰიბრიდული ჯიშის სათესლე მასალა) მიაწოდა 2011 წლის 21 მაისს.
სააპელაციო პალატის მითითებით, განსახილველ დავაში მხარეთა შორის სადავოა ნასყიდობის საგნის თვისება, კერძოდ, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო თუ არა სათესლე მასალის გვალვაგამძლეობა.
საქმეში წარმოდგენილი სარეკომენდაციო წერილის შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ საქართველოში შემოტანილი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საშუალო ვეგეტაციის მქონე სიმინდი – „PR35P12“. აღნიშნულ ჰიბრიდებს ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით სხვა თვისებებთან ერთად ახასიათებს უფრო მაღალი გვალვაგამძლეობა.
სააპელაციო სასამართლო არ დაეთანხმა აპელანტის განმარტებას, რომ სარეკომენდაციო წერილში არ არის პირდაპირი მითითება სიმინდის ერთ-ერთ თვისებაზე – გვალვაგამძლეობაზე. წერილში აღნიშნულია, რომ ზემოთ ჩამოთვლილი „ჰიბრიდები ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით არიან უფრო მაღალმოსავლიანი, გვალვაგამძლე, უფრო მედეგი დაავადებებისადმი, მედეგი ქარით გამოწვეული ჩაწოლისადმი და ახასიათებთ მაღალი ხარისხობრივი მაჩვენებლებისა და ენერგეტიკული მარაგის მქონე მარცვალი“. პალატის განმარტებით, აღნიშნული წინადადება იმთავითვე მიუთითებდა, რომ წერილში აღნიშნულ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდებს ახასიათებს ყველა ზემოთ ჩამოთვლილი თვისება და არ გამომდინარეობდა დასკვნა, რომ ამ თვისებებიდან ერთ-ერთი რომელიმე შეიძლება ახასიათებდეს ან არ ახასიათებდეს სიმინდს. კავშირი „და“ რომელიც გამოყენებულია ზემოთ მოცემულ წინადადებაში მიუთითებს სწორედ იმაზე, რომ ყველა თვისება არის დამახასიათებელი და არა მხოლოდ რომელიმე მათგანი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სარეკომენდაციო წერილით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ჰიბრიდული სიმინდის ჯიშს „PR35P12“, რომელიც წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს ახასიათებდა სწორედ ისეთი ერთ-ერთი განმასხვავებელი, სპეციფიკური თვისება, როგორიც არის გვალვაგამძლეობა.
მოწმე ვ. დ.-ას ჩვენებით სააპელაციო პალატამ ასევე დაადგინა, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობდა სათესლე მასალის შეძენისა და დათესვის პროცესში. სიმინდის შეძენისას მას და მოპასუხეს აჩვენეს სარეკლამო ბროშურები და განუმარტეს, რომ ჰიბრიდული სიმინდის ჯიშს ახასიათებდა გვალვაგამძლეობა და მოურწყველობის პირობებში აიღებდნენ მოსავალს ერთ ჰექტარზე დაახლოებით 50-10 ტონას, ხოლო თუ მორწყავდნენ – დამატებით დაახლოებით 2-3 ტონას ერთ ჰექტარზე. მოწმის განმარტებითვე დგინდება, რომ სიმინდის დასათესი ადგილის გათვალისწინებით, რომელიც მდებარეობს ვაზიანში და პრობლემურია მორწყვის კუთხით, მათ სწორედ გვალვაგამძლე სიმინდის ჯიშის შეძენის ინტერესი ჰქონდათ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საინფორმაციო ბროშურაზე, რომლის შესაბამისად „Pioner Hi Bred-ის“ „PR35P12“ სიმინდის ჯიშს ახასიათებს კარგი გვალვაგამძლეობა.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის საფუძველზე სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ფაქტობრივ გარემოებათა მტკიცების ვალდებულება ეკისრებათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და, შესაბამისად, თავადაც მიუთითებენ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი. ამასთან, არა მარტო მოსარჩელეა ვალდებული, ამტკიცოს სარჩელში მოყვანილი გარემოებები, არამედ მოპასუხესაც ეკისრება მის მიერ შესაგებელში მოყვანილი გარემოებების დამტკიცების მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში, მხარისათვის დაკისრებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში საქმეში წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებისა და მოწმის ჩვენების საფუძველზე მოპასუხემ შეძლო, დაედასტურებინა, რომ მის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ გვალვაგამძლე სიმინდის ჯიშის შეძენა, რის საპასუხოდაც მოსარჩელემ ვერ მიუთითა ვერც ერთ მტკიცებულებაზე, გარდა ზეპირი ახსნა-განმარტებისა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის ინტერესს წარმოადგენდა სწორედ გვალვაგამძლე ჰიბრიდული სიმინდის ჯიშის შეძენა. ი. ლ.-ის მიერ კ.-ისაგან შეძენილი სიმინდი არ აღმოჩნდა გვალვაგამძლე. მოპასუხემ აიღო მოსალოდნელზე გაცილებით ნაკლები მოსავალი. მოცემული ფაქტი დგინდება მოწმეთა ჩვენებებით და მოპასუხის მიერ გაგზავნილი წერილით.
მოწმე ვ. დ.-ას ჩვენებით, მიწოდებული ინფორმაციისა და ბროშურების საფუძველზე მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ერთ ჰექტარზე უნდა აეღოთ 5-10 ტონა, რეალურად კი ჯამში აიღეს მხოლოდ 28-31 ტონა 25 ჰექტარზე, ანუ საშუალოდ 1-1.5 ტონა ერთ ჰექტარზე.
მოწმე დ. კ.-ემ ასევე განმარტა, რომ ელოდებოდნენ ჰექტარზე დაახლოებით 10 ტონის აღებას, მაგრამ რეალურად გაცილებით ნაკლები მოსავალი აიღეს და დიდი ზარალი განიცადეს.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 10 იანვრის წერილის შესაბამისად, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას და შეატყობინა, რომ მის მიერ მიყიდული თესლით განიცადა ზარალი, რადგან მიიღო გაცილებით ნაკლები მოსავალი, რის გამოც მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა.
აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცებულებაზე მოსარჩელე მხარემ ვერ მიუთითა.
მოპასუხემ ჩაატარა ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც საჭირო იყო მოსავლის ასაღებად.
მოწმე ვ. დ.-ას განმარტებით, მათ შპს „მ.-ის“ დახმარებით დროულად ჩაატარეს სიმინდის დათესვისა და მოვლისათვის აუცილებელი ყველა პროცედურა, რაზეც მიუთითეს შეძენის დროს სპეციალისტებმა და შემდგომში მოწვეულმა აგრონომებმა. აღნიშნულის თაობაზე ასევე უთითებს მოპასუხეც მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც განმარტავს, რომ მათ მიერ შპს „მ.-ის“ საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხორციელდებოდა მოთხოვნების სრული დაცვით. მოსარჩელემ მხარემ ვერც აღნიშნული გარემოების საპირისპირო მტკიცებულებაზე მიუთითა და შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოსავლის აუღებლობა გამოწვეული იყო მოურწყველობით. იმისათვის, რომ სიმინდის მოსავალი ყოფილიყო იმ მოცულობის, რაც მითითებული იყო სასიმინდე მასალის შესახებ სერტიფიკატებსა და ინფორმაციაში, იგი აუცილებლად უნდა მორწყულიყო, რაც მოპასუხეს არ შეუსრულებია.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების ტვირთის ობიექტური და ლოგიკური განაწილების ფარგლებში, მოპასუხემ წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობით შეძლო დაედასტურებინა, რომ მის მიერ მოსარჩელისაგან შეძენილი სიმინდის თესლი არ აღმოჩნდა გვალვაგამძლე.
სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ სიმინდის თესლის გვალვაგამძლეობა წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 50-ე, 319-ე, 327-ე მუხლების საფუძველზე სააპელაციო პალატამ მიუთითა, რომ ხელშეკრულების არსებითი პირობების ჩამონათვალს კანონი არ განსაზღვრავს, ამ პირობებს თვითონ მხარეები განსაზღვრავენ და ასეთად ხელშეკრულების მხოლოდ ის პირობები ჩაითვლება, რომლებზეც მხარეები უნდა შეთანხმდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელშეკრულება არ დაიდება.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხის მიზანს სწორედ გვალვაგამძლე სიმინდის ჯიშის შეძენა წარმოადგენდა. შესაბამისად, დგინდება, რომ მოპასუხე მხარისათვის სათესლე მასალის გვალვაგამძლეობა იყო არსებითი პირობა, რომლის გარეშეც ხსენებულ სათესლე მასალას არ შეიძენდა. მოსარჩელემ საინფორმაციო ბროშურაშიც აღნიშნული პროდუქტის იმ მახასიათებელ ერთ-ერთ თვისებად, რაც გამოარჩევდა მას სხვა პროდუქტებისგან სწორედ გვალვაგამძლეობაზე მიუთითა.
„რეკლამის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი და მესამე ნაწილების თანახმად, მხარეთა ინტერესისა და საქმეში წარმოდგენილი მასალების საფუძველზე სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის თვისება – გვალვაგამძლეობა წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას. მოსარჩელის მიერ მიწოდებული სათესლე მასალა აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლის მქონე.
სამოქალაქო კოდექსის 361-ე, 487-ე, 488-ე მუხლის შესაბამისად, განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ შეძენილი ჰიბრიდული სიმინდის ჯიში არ აღმოჩნდა გვალვაგამძლე. ასევე დადგინდა, რომ სიმინდის ჯიშის გვალვაგამძლეობა წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების არსებით პირობას.
სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის შესაბამისად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო, მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა 352-ე მუხლის მიხედვით.
განსახილველ შემთხვევაში სააპელაციო სასამართლოს მითითებით, მოსავლის აღების შემდეგ გამოვლინდა, რომ სიმინდის თესლი არ აღმოჩნდა იმ თვისებების მატარებელი, რაც გათვალისწინებული იყო ნასყიდობის ხელშეკრულებით, ანუ ნასყიდობის საგანი აღმოჩნდა ნივთობრივად ნაკლიანი. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, მყიდველს უფლება აქვს, უარი თქვას ნასყიდობის საფასურის გადახდაზე, ანუ უარი თქვას ხელშეკრულების შესრულებაზე, რადგანაც გამყიდველმა მხარემ დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობები, რაც გამოვლინდა მოგვიანებით.
სააპელაციო სასამართლოს განჩინება სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ამ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად არ გაიზიარა ის გარემოება, რომ კასატორმა სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა მის მიერ ხელშეკრულებისა და სამოქალაქო კოდექსის იმპერატიული პირობები, კერძოდ, დათქმულ დროს, დათქმულ ადგილას მიაწოდა ნივთობრივად და უფლებრივად უნაკლო ნივთი. აღნიშნული დასტურდება როგორც საქმეში წარმოდგენილი ხელშეკრულების პირობებისა და მიღება-ჩაბარების აქტით, ასევე სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლით.
მხარემ მიიჩნია, რომ მოცემული საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის, რადგან დადგინდება, რამდენად შეიძლება ხელშეკრულების არსებითი პირობა იყოს გარემოება, რომელზეც მხარეები არ შეთანხმებულან.
კასატორის მითითებით, სააპელაციო პალატამ მართებულად გამოიყენა კანონი „რეკლამის შესახებ“, მაგრამ არასწორად და კასატორის საწინააღმდეგოდ განმარტა იგი. რეალურად მხარეს აღნიშნული კანონის მოთხოვნები არ დაურღვევია, რადგან მოწინააღმდეგე მხარე არ იყო დილეტანტი და კასატორს არ ჰქონია განზრახვა ან საჭიროება, რომელიმე გარემოება ბოროტად გამოეყენებინა. წინამდებარე საქმის განხილვასა და გადაწყვეტას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს სასამართლო პრაქტიკისათვის, რათა დადგინდეს, თუ როგორ შეიძლება, არაკეთილსინდისიერი რეკლამის ავტორად ჩაითვალოს მხარე, რომელმაც ბოროტად არ გამოიყენა ამ სფეროში საკმაოდ გამოცდილი მეორე მხარის ნდობა ან გარკვეული საკითხის ცოდნა.
სააპელაციო სასამართლომ არასწორად განმარტა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლი. გაურკვეველია სააპელაციო პალატის მითითება, რომ მსესხებელმა და თავდებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებები.
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 391-ე მუხლი 352-ე მუხლთან შესაბამისობაში, თუმცა არასწორად ჩათვალა, რომ მოწინააღმდეგე მხარეს უფლება ჰქონდა, მოეშალა ხელშეკრულება. იმისთვის, რომ მხარეს ფულადი ვალდებულება არ წარმოშობდა, მას უნდა დაემტკიცებინა, რომ სიმინდის სათესლე მასალა განეკუთვნებოდა იმ კატეგორიას, რომლის ნაკლის აღმოსაჩენად აუცილებელი იყო მისი გარდაქმნა ან გადამუშავება. აღნიშნული მისი მხრიდან არ განხორციელებულა. მხარემ წარადგინა მტკიცებულება, რომლის შინაარსიდან გამომდინარე, აღნიშნულის დადასტურება გარდაქმნამდეც შეიძლებოდა, თუმცა სააპელაციო სასამართლომ ამას ყურადღება აღარ მიაქცია, შესაბამისად, გაუგებარია, მოწინააღმდეგე მხარე ფულადი ვალდებულებისაგან რატომ გათავისუფლდა.
მხარის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიიჩნია უდავო ფაქტობრივ გარემოებად ის ფაქტი, რომ ხელშეკრულებით მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო სათესლე მასალის ერთ-ერთი თვისება – გვალვაგამძლეობა. ხელშეკრულებით მხარეთა შორის გათვალისწინებული იყო აღნიშნული ხელშეკრულებით დათქმული კონკრეტული ჯიშისა და ჰიბრიდის სიმინდი. სააპელაციო პალატამ არასწორად დაადგინა, რომ სიმინდის სათესლე მასალა არ იყო გვალვაგამძლე და ის საჭიროებდა მორწყვას. აღნიშნული საკითხი არის სპეციფიკური ხასიათის და სასამართლოს აღნიშნულთან დაკავშირებით სპეციალური ცოდნა არ გააჩნდა. აღნიშნული დასკვნის გასაკეთებლად საჭირო იყო სპეციალისტის მოწვევა, რაც არ განხორციელებულა. კასატორის მითითებით, სიმინდის სათესლე მასალა თავისი ბუნებით იყო გვალვაგამძლე, თუმცა აღნიშნული არ გამორიცხავს იმ ფაქტს, რომ ის საერთოდ არ საჭიროებდა მორწყვას, რადგან ზემოაღნიშნული სათესლე მასალა არის მარცვლეული და კაქტუსის ტიპის მცენარეთა რიგს არ განეკუთვნება. მოწინააღმდეგე მხარემ ვერ დაასაბუთა, რომ სათანადო მოსავლის მიუღებლობა გამოიწვია მოსავლის მოურწყველობამ. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მტკიცების ტვირთი მოწინააღმდეგე მხარეს ეკისრებოდა, თუმცა მას რაიმე მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
კასატორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მხარეთა შორის შედგა შეთანხმება, მოწინააღმდეგე მხარეს გადასცემოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონკრეტული ჯიშისა და ჰიბრიდის საქონელი. ხელშეკრულებაში არ არის საუბარი სხვა თვისებების შესახებ შეთანხმებაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 თებერვლის განჩინებით სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ის“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ის“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ლ.-ის ინტერესს წარმოადგენდა გვალვაგამძლე ხარისხის ჰიბრიდული ჯიშის სიმინდის შეძენა.
2011 წლის 20 მაისს სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ას” და ი. ლ.-ეს შორის დაიდო „Pioner Hi Bred-ის“ მიერ მოწოდებული, ხარისხობრივი მაჩვენებლის დამადასტურებელი სერტიფიკატის მქონე სიმინდის „PR35P12“ სათესლე მასალის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის თანახმად მოპასუხემ მოსარჩელისაგან 3840 ლარად შეიძინა ზემოაღნიშნული სათესლე მასალა.
სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ამ“ მოპასუხეს ხელშეკრულებით გათვალისწინებული საქონელი („Pioneer-ის“ ჰიბრიდული ჯიშის სათესლე მასალა) მიაწოდა 2011 წლის 21 მაისს.
საქართველოში შემოტანილი ჰიბრიდული ჯიშის სიმინდებს შორის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობდა საშუალო ვეგეტაციის მქონე სიმინდი – „PR35P12“. აღნიშნულ ჰიბრიდებს ადგილობრივ ჯიშებთან შედარებით სხვა თვისებებთან ერთად ახასიათებს უფრო მაღალი გვალვაგამძლეობა.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ სარეკომენდაციო წერილის თანახმად, ჰიბრიდული სიმინდის ჯიშს „PR35P12“, რომელიც წარმოადგენდა ნასყიდობის ხელშეკრულების საგანს, ახასიათებდა სწორედ ისეთი ერთ-ერთი განმასხვავებელი, სპეციფიური თვისება, როგორიც არის გვალვაგამძლეობა.
მოწმე ვ. დ.-ას ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ იგი უშუალოდ მონაწილეობდა სათესლე მასალის შეძენისა და დათესვის პროცესში. სიმინდის შეძენისას მას და მოპასუხეს აჩვენეს სარეკლამო ბროშურები და განუმარტეს, რომ ჰიბრიდული სიმინდის ჯიშს ახასიათებდა გვალვაგამძლეობა და მოურწყველობის პირობებში აიღებდნენ მოსავალს ერთ ჰექტარზე დაახლოებით 50-10 ტონას, ხოლო თუ მორწყავდნენ – დამატებით დაახლოებით 2-3 ტონას ერთ ჰექტარზე. მოწმის განმარტებითვე დგინდება, რომ სიმინდის დასათესი ადგილის გათვალისწინებით, რომელიც მდებარეობს ვაზიანში და პრობლემურია მორწყვის კუთხით, მათ სწორედ გვალვაგამძლე სიმინდის ჯიშის შეძენის ინტერესი ჰქონდათ.
სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა საქმეში წარმოდგენილ საინფორმაციო ბროშურაზე, რომლის შესაბამისად „Pioner Hi Bred-ის“ PR35P12 სიმინდის ჯიშს ახასიათებს კარგი გვალვაგამძლეობა.
მოპასუხე მხარისათვის სათესლე მასალის გვალვაგამძლეობა იყო არსებითი პირობა, რომლის გარეშეც ხსენებულ სათესლე მასალას არ შეიძენდა.
მოწმე ვ. დ.-ას ჩვენებით სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, მიწოდებული ინფორმაციისა და ბროშურების საფუძველზე მათ ჰქონდათ მოლოდინი, რომ ერთ ჰექტარზე უნდა აეღოთ 5-10 ტონა, რეალურად კი ჯამში აიღეს მხოლოდ 28-31 ტონა 25 ჰექტარზე, ანუ საშუალოდ 1-1.5 ტონა ერთ ჰექტარზე.
მოწმე დ. კ.-ემ ასევე განმარტა, რომ ელოდებოდნენ ჰექტარზე დაახლოებით 10 ტონის აღებას, მაგრამ რეალურად გაცილებით ნაკლები მოსავალი აიღეს და დიდი ზარალი განიცადეს.
საქმეში წარმოდგენილი 2014 წლის 10 იანვრის წერილის შესაბამისად, მოპასუხემ მიმართა მოსარჩელე ორგანიზაციას და შეატყობინა, რომ მის მიერ მიყიდული თესლით განიცადა ზარალი, რადგან მიიღო გაცილებით ნაკლები მოსავალი, რის გამოც მოითხოვა დავალიანების ჩამოწერა.
მოპასუხემ ჩაატარა ყველა აუცილებელი პროცედურა, რაც საჭირო იყო მოსავლის ასაღებად.
მოწმე ვ. დ.-ას განმარტებით, მათ შპს „მ.-ის“ დახმარებით დროულად ჩაატარეს სიმინდის დათესვისა და მოვლისათვის აუცილებელი ყველა პროცედურა, რაზეც მიუთითეს შეძენის დროს სპეციალისტებმა და ასევე შემდგომში მოწვეულმა აგრონომებმა. აღნიშნულის თაობაზე უთითებს მოპასუხეც მოსარჩელისადმი გაგზავნილ წერილში, სადაც განმარტავს, რომ მათ მიერ შპს „მ.-ის“ საშუალებით სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები ხორციელდებოდა მოთხოვნების სრული დაცვით.
სააპელაციო პალატამ ყურადღება გაამახვილა მოსარჩელის განმარტებაზე, რომ მოსავლის აუღებლობა გამოწვეული იყო მოურწყველობით. იმისათვის, რომ სიმინდის მოსავალი ყოფილიყო იმ მოცულობის, რაც მითითებული იყო სასიმინდე მასალის შესახებ სერტიფიკატებსა და ინფორმაციაში, იგი აუცილებლად უნდა მორწყულიყო, რაც მოპასუხის მიერ არ შესრულებულა.
განსახილველ შემთხვევაში დადგინდა, რომ მოპასუხის მიერ შეძენილი ჰიბრიდული სიმინდის ჯიში არ აღმოჩნდა გვალვაგამძლე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ას“ უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 11 თებერვლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ის“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორ სს “ს.-ოს ს.-ის მ.-ის კ.-ას“ (საიდენტიფიკაციო კოდი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 11 თებერვლის №... საგადახდო დავალებით გადახდილი 300 ლარის 70% – 210 ლარი.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური