Facebook Twitter

საქართველოს უზენაესი სასამართლო

განჩინება

საქართველოს სახელით

25 მაისი, 2015 წელი

№ას-237-224-2015 თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – გ.პ.-ძე

მოწინააღმდეგე მხარე – ა.მ.-ი

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა, ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 აპრილის დაუსწრებელი გადაწყვეტილებით:

1. ა.მ.-ის სარჩელი მოპასუხე გ.პ.-ძის მიმართ დაკმაყოფილდა;

2. ქ.თბილისში, ჭ.-ის ქ.№...-ში მდებარე ქონება გამოთხოვილ იქნა გ.პ.-ძის უკანონო მფლობელობიდან და უძრავი ქონება თავისუფალ მდგომარეობაში გადაეცა მესაკუთრე ა.მ.-ს;

3. გ.პ.-ძეს ა.მ.-ის სასარგებლოდ დაეკისრა 4000 ლარის გადახდა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილებაზე საჩივარი შეიტანა გ.პ.-ძემ.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 16 ივნისის განჩინებით:

1. გ.პ.-ძის საჩივარი არ დაკმაყოფილდა;

2. გასაჩივრებული დაუსწრებელი გადაწყვეტილება უცვლელად დარჩა.

დაუსწრებელი გადაწყვეტილება და მისი უცვლელად დატოვების შესახებ განჩინება სააპელაციო წესით გაასაჩივრა გ.პ.-ძემ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით:

1. გ.პ.-ძის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე არ დაკმაყოფილდა;

2. გ.პ.-ძის სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ 2015 წლის 15 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა გ.პ.-ძემ, სადაც აღნიშნა, რომ იგი ვერ შეძლებს მისი უფლებების დაცვას ადვოკატის დახმარების გარეშე. აქედან გამომდინარე, აპელანტმა მოითხოვა გონივრული ვადის მიცემა, რათა მას ჰქონოდა შესაძლებლობა, აეყვანა ადვოკატი.

ხსენებულ შუამდგომლობასთან მიმართებით სააპელაციო სასამართლომ პირველ რიგში მიუთითა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-216-ე მუხლების დანაწესზე და განმარტა, რომ ნებისმიერი შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული, სხდომის გადადებისთვის უნდა არსებობდეს პროცესუალური საფუძველი. სხდომის გადადების პროცესუალურ საფუძვლად კანონი განსაზღვრავს ავადმყოფობას და აკეთებს ჩამონათვალს, რა შემთხვევაში უნდა განხორციელდეს სხდომის გადადება.

სააპელაციო სასამართლოს შეფასებით, ის დასაბუთება და იმ გარემოებებზე მითითება, რასაც შუამდგომლობის ავტორი წარდგენილ განცხადებაში ახდენდა, არ წარმოშობდა სხდომის გადადების პროცესუალურ საფუძველს. შუამდგომლობაში მითითებული მოტივაცია გასაგები და გასაზიარებელი იმ შეთხვევაში იქნებოდა, თუ მისთვის უწყების ჩაბარება სხდომამდე ძალიან მოკლე პერიოდში მოხდებოდა. საქმის მასალებით დადასტურდა, რომ აპელანტ გ.პ.-ძეს 2015 წლის 16 იანვრის სხდომის შესახებ უწყება 2014 წლის 4 დეკემბერს ჩაბარდა. ამდენად, მხარეს გონივრულზე მეტი ვადა ჰქონდა იმისათვის, რომ თუკი სხდომაზე თავისი პოზიციის დაფიქსირებას თავად ვერ შეძლებდა, ადვოკატთან შესაბამისი ხელშეკრულება გაეფორმებინა. აქვე სააპელაციო სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ გარემოებაზე, რომ, როგორც საქმის მასალებიდან ჩანდა, გ.პ.-ძე მანამდეც არც ერთ სხდომაზე არ გამოცხადდა. სააპელაციო სასამართლომ, აღნიშნული გარემოებები საკმარის საფუძვლად მიიჩნია ვარაუდისათვის, რომ აპელანტი სხდომის გაჭიანრურებას ცდილობდა.

სააპელაციო სასამართლომ საქმეზე დაადგინა, რომ:

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომაზე, რომელიც 12.00 საათზე იყო დანიშნული, არ გამოცხადდა აპელანტი – გ.პ.-ძე;

მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენელმა, როლანდ თვარაძემ, აპელანტის გამოუცხადებლობის გამო მოითხოვა გ.პ.-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვება;

აპელანტს 2015 წლის 16 იანვარს დანიშნული სხდომის შესახებ ეცნობა სატელეფონო შეტყობინებით, 2014 წლის 4 დეკემბერს.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არსებულ ფაქტობრივ ვითარებაში არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების, აგრეთვე, ამავე კოდექსის 229-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები, შესაბამისად, სააპელაციო საჩივარი განუხილველად დატოვებას ექვემდებარებოდა.

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია და აღნიშნა, რომ ამავე თარიღის საოქმო განჩინებით სხდომის გადადების შესახებ შუამდგომლობა მისი არასაპატიო მიზეზით დაყენების გამო არ დაკმაყოფილდა, ხოლო სხვა რაიმე საპატიო მიზეზზე (რაზეც სააპელაციო სასამართლომ შუამდგომლობის ფარგლებში უკვე იმსჯელა) მხარეს არ მიუთითებია.

ზემოაღნიშნულ განჩინებაზე კერძო საჩივარი შეიტანა გ.პ.-ძემ.

კერძო საჩივრის საფუძვლები:

სააპელაციო სასამართლომ აპელანტის (კერძო საჩივრის ავტორის) გამოუცხადებლობა საპატიოდ არ მიიჩნია, თუმცა გაუგებარია, თუ რა მოიაზრა არასაპატიო მიზეზში. გ.პ.-ძის შუამდგომლობა ნამდვილად არ ემსახურება პროცესის გაჭიანურებას. სასამართლომ უგულებელყო აპელანტის კონსტიტუციური უფლება, მან ვერ შეძლო თავისი კანონიერი ინტერესების დაცვა.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ გ.პ.-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, უცვლელად უნდა დარჩეს გასაჩივრებული განჩინება, შემდეგ გარემოებათა გამო:

გასაჩივრებული განჩინებით გ.პ.-ძის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას საფუძვლად დაედო სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 16 იანვრის სხდომაზე აპელანტის გამოუცხადებლობა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 387-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილების თანახმად, თუ სააპელაციო საჩივრის აღმძვრელი პირი არ გამოცხადდება საქმის ზეპირ განხილვაზე, მოწინააღმდეგე მხარის თხოვნით სააპელაციო სასამართლო გამოიტანს დაუსწრებელ გადაწყვეტილებას სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ. ყველა სხვა შემთხვევაში გამოიყენება ამ კოდექსში ჩამოყალიბებული ნორმები პირველი ინსტანციის სასამართლოში დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანის შესახებ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 229-ე მუხლის მე-2 ნაწილის პირველი წინადადების მიხედვით, თუ მოპასუხე არ მოითხოვს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანას, სასამართლოს გამოაქვს განჩინება სარჩელის განუხილველად დატოვების შესახებ. ამავე კოდექსის 275-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლო, მხარეთა განცხადებით ან თავისი ინიციატივით, განუხილველად დატოვებს სარჩელს, თუ სასამართლო სხდომაზე მოსარჩელე არ გამოცხადებულა, ხოლო მოპასუხე თანხმაა, სარჩელი განუხილველად იქნეს დატოვებული.

ზემოაღნიშნული ნორმების მიხედვით, სააპელაციო სასამართლოში საქმის ზეპირი განხილვისას აპელანტის გამოუცხადებლობის შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლო უფლებამოსილია მოწინააღმდეგე მხარის შუამდგომლობის საფუძველზე განუხილველად დატოვოს სააპელაციო საჩივარი, თუ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მოწვეული იყო საქმის განხილვაზე და არ გამოცხადდა არასაპატიო მიზეზით.

მოცემულ შემთხვევაში, სადავო არაა ის გარემოება, რომ აპელანტი კანონით დადგენილი წესით მიწვეული იყო საქმის განხილვაზე. კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმებას მოითხოვს იმ საფუძვლით, რომ 2015 წლის 15 იანვარს მან სასამართლოს მიმართა შუამდგომლობით, რათა მისცემოდა გონივრული ვადა ადვოკატის ასაყვანად, ვინაიდან თავისი ინტერესების დაცვას დამოუკიდებლად ვერ შეძლებდა. კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებით, სასამართლოს არ დაუსაბუთებია, თუ რატომ მიიჩნია მისი გამოუცხადებლობა არასაპატიოდ და რატომ არ გადადო საქმის განხილვა.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ საკითხის სწორად გადაწყვეტისათვის, უნდა შემოწმდეს, მოცემულ შემთხვევაში, არსებობდა თუ არა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 216-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საქმის განხილვის გადადება დასაშვებია მხოლოდ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში, გონივრული ვადით.

საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ, თუ არსებობს სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზი, რის თაობაზეც წინასწარ ეცნობა სასამართლოს, მაშინ საქმის განხილვა უნდა გადაიდოს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოში საქმის განხილვისას შუამდგომლობა სასამართლოს წარედგინება წერილობითი ფორმით, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მხარე ახალი არსებითი გარემოების საფუძველზე შუამდგომლობას დააყენებს სასამართლო სხდომამდე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული; მასში კონკრეტულად უნდა მიეთითოს მოთხოვნა და მისი არგუმენტაცია, რომელიც უნდა შეეხებოდეს მხოლოდ იმ გარემოებებს, რომლებსაც უშუალო კავშირი აქვს შუამდგომლობაში დასმულ მოთხოვნასთან. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ შუამდგომლობის დაყენება ემსახურება პროცესის გაჭიანურებას, იგი ხსნის ამ შუამდგომლობას. თუ მოსამართლე მიიჩნევს, რომ მხარე პროცესის გაჭიანურების მიზნით აყენებს შუამდგომლობებს, იგი მხარეებს ართმევს შუამდგომლობების დაყენების უფლებას და გადადის საქმის განხილვის შემდეგ სტადიაზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილი შეიცავს იმ გარემოებათა ჩამონათვალს, რომლებიც შესაძლებელია მივიჩნიოთ სასამართლო სხდომაზე მხარის გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად.

საკასაციო პალატის მოსაზრებით, კერძო საჩივრის ავტორის მიერ მითითებული გარემოება შესაძლებელია მიგვეჩნია გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად, თუკი სასამართლო პროცესის თაობაზე შეტყობინების მიღების მომენტიდან მას არ ექნებოდა საკმარისი დრო ადვოკატის ასაყვანად. ამასთან, გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის გადადების მოთხოვნა საქმის განხილვის გაჭიანურებას არ უნდა ისახავდეს მიზნად.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, სააპელაციო სასამართლომ გ.პ.-ძის შუამდგომლობა საქმის განხილვის გადადების თაობაზე სწორად არ დააკმაყოფილა. აღნიშნული საკითხის შეფასებისას სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიღო მხედველობაში ის გარემოება, რომ გ.პ.-ძეს 2015 წლის 16 იანვრის სასამართლო სხდომის თაობაზე ტელეფონით ეცნობა 2014 წლის 4 დეკემბერს, ანუ თითქმის თვენახევრით ადრე. ეს ფაქტი იმაზე მიუთითებს, რომ მოპასუხეს საკმარისი დრო ჰქონდა, აეყავანა ადვოკატი და ესარგებლა მისი დახმარებით, შესაბამისად, მოპასუხეს შეეძლო თავიდან აეცილებინა მისთვის არასასურველი პროცესუალური შედეგის დადგომა. საკასაციო სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ასევე იმ გარემოებას, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვისას მოპასუხე რამდენჯერმე არ გამოცხადდა სასამართლო პროცესზე, ხოლო 2014 წლის 28 აპრილის სხდომაზე გამოუცხადებლობას შედეგად მოჰყვა მის წინააღმდეგ დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანა (ტომი 2, ს.ფ. 52-55, 88-90, 94). მოპასუხე არ გამოცხადებულა ასევე მის მიერ დაუსწრებელ გადაწყვეტილებაზე შეტანილი საჩივრის განხილვისას (ტომი 1, ს.ფ. 113-114). მითითებული გარემოებები, საკასაციო პალატის მოსაზრებით, იძლევა საფუძველს ვარაუდისათვის, რომ მოპასუხე საქმის განხილვის გაჭიანურებას ცდილობს და მისი გამოუცხადებლობა საპატიოდ ვერ იქნება მიჩნეული.

ამდენად, კონკრეტულ შემთხვევაში, არ არსებობდა სასამართლო სხდომის გადადების კანონით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც სააპელაციო სასამართლომ მოპასუხის სააპელაციო საჩივარი კანონშესაბამისად დატოვა განუხილველად.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა. განსახილველ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა, ამიტომ გ.პ.-ძის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

საკასაციო პალატამ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. გ.პ.-ძის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. უცვლელად დარჩეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე პ. ქათამაძე

მოსამართლეები: ვ. როინიშვილი

ბ. ალავიძე