საქმე №ას-238-225-2015 06 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა - ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – რ. თ.-ი (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს “W“ , შპს “A“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
რ. თ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხეების: შპს “W“-ისა და შპს “A“-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა: 1. შპს “A"-ისათვის რ. თ.-ის სასარგებლოდ 2013 წლის 07 მარტს შპს “W"-სა და რ. თ.-ს შორის საშუამავლო მომსახურების ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანის შესაძენად გადარიცხული თანხის - 14 450 აშშ დოლარის დაკისრება. 2. შპს “A" - სათვის რ. თ.-ის სასარგებლოდ გაწეული ხარჯების - 3645 ლარის გადახდის დაკისრება. 3. შპს “W"-სათვის რ. თ.-ის სასარგებლოდ 500 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ რ. თ.-მა შპს “W“ შეუკვეთა ავტომანქანის მოძიება და შეძენა 300 აშშ დოლარის გადახდის სანაცვლოდ. შპს “W“-ის დირექტორის ლ.ჯ.-ის მითითებით 14450 აშშ დოლარი გადარიცხა შპს “A“-ის ანგარიშზე, რის სანაცვლოდაც მას ჩამოუყვანეს 2006 წლის ავტომობილი ლენდროვერი LR3 SE, რომელიც გაუმართავ მდგომარეობაში იყო, სახელდობრ, დაზიანებული ჰქონდა შემდეგი ნაწილები: სიგნალიზაცია, რომელიც მოსარჩელემ შეაკეთა, რაშიც გადაიხადა 60 ლარი; უკანა ხიდის რედუქტორი, რომლის ღირებულებაა 4025 ლარი; წინა ხიდის რედუქტორი, რომლის ღირებულებაა 3933 ლარი; წინა საქარე მინა, რომლის ღირებულებაა 2035 ლარი და სხვ. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის თანახმად, გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომობილის წინა და უკანა ხიდის დაზიანება არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელეს გადაეცა ნაკლიანი ნივთი. მოსარჩელემ განმარტა, რომ სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით ავტომანქანის გამოსაცვლელი ნაწილების ღირებულება შეადგენდა 13359 ლარს, ხოლო ხელობის თანხა 1350 ლარს. მოსარჩელის განმარტებით, იმ ნაკლზე რომელიც აღმოაჩნდა ავტომანქანას, შპს “W" -მა ხელშეკრულებით თავად აიღო პასუხისმგებლობა, ვინაიდან ძრავი, გადაცემათა კოლოფი და უკანა ხიდები განეკუთვნება ძალურ აგრეგატებს. მოსარჩელის განმარტებით, მასსა და მოპასუხე შპს ,,A"-ს შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება და მოპასუხეს, როგორც გამყიდველს, წარმოეშვა მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. ჩატარებული სატრანსპორტო ტექნიკურ-ტრასოლოგიური ექსპერტიზის N00303101013-ის თანახმად, მანქანაზე არსებული დაზიანებები არ მომხდარა საქართველოს ტერიტორიაზე. ნივთის გადმოცემის მომენტისათვის ავტომანქანას გააჩნდა დამალული ნაკლი, რომელიც მოსარჩელესთან არ იყო შეთანხმებული. რ. თ.-მა შპს “W"-ის დირქტორს ლ. ჯ.-ს გაუგზავნა შეტყობინებები, სადაც მითითებული იყო ის დარღვევები, რაც მანქანას აღმოაჩნდა. მოსარჩელემ კომპანიას აღნიშნული ნაკლის გამოსწორება სთხოვა, თუმცა კომპანიას არანაირი მოქმედებები ნაკლის გამოსწორების მიზნით არ განუხორციელებია.
მოსარჩელემ განმარტა, რომ მან მიყენებული ზიანის ოდენობის გათვალისწინებით, დაკარგა ავტომანქანისადმი ინტერესი და სურდა ხელშეკრულების მოშლა და პირვანდელი მდგომარეობის აღდგენა.
მოპასუხე შპს “W“-მა სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ კომპანიამ პასუხისმგებელობა აიღო ავტომანქანის იმ მონაცემებზე, რომლებიც მოცემული იყო ინტერნეტში, კერძოდ, ვიზუალურ მონაცემებზე, ტექნიკურ მხარეზე, სახელდობრ, ძარაზე, ძრავზე და სიჩქარეთა კოლოფზე. მოპასუხემ უარყო მოსარჩელის მტკიცება იმ გარემოებაზე თითქოს მოპასუხემ პასუხისმგებლობა აიღო ავტომანქანის უკანა ხიდებზე (ან ხიდებზე საერთოდ). მოპასუხემ განმარტა, რომ შესაძლოა ხიდები, ისევე როგორც ძრავა და გადაცემათა კოლოფი, იყოს ავტომანქანის ძალური აგრეგატების სისტემის ნაწილი, მაგრამ თავისთავად, ხიდი არ არის არც ძარის, არც ძრავის და არც სიჩქარეთა კოლოფის შემადგენელი და განუყოფელი ნაწილი. მოპასუხემ სადავო გახადა მოსარჩელის მიერ წარდგენილი ექპერტიზის დასკვნის სარწმუნოობაც, იმ საფუძვლით, რომ როგორც ეს წარმოდგენილი დასკვნით ირკვეოდა ექსპერტიზა ჩაუტარდა თავად რ. თ.-ის მიერ წარდგენილ მასალას, ხოლო რომელი კონკრეტული მასალა მიეწოდა ექსპერტს საქმის მასალებით არ დგინდებოდა. ავტომანქანის ნაკლთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ იგი არ უარყოფდა შესაძლო ნაკლის არსებობას და განმარტავდა, რომ შესაძლებელი იყო ავტომანქანას ჰქონოდა ფარული ნაკლი, თუმცა განმარტა, რომ ასეთ ფარულ ნაკლზე შუამავალს პასუხისმგებლობა არ აუღია და ვერც აიღებდა, ვინაიდან აღნიშნულის შესახებ ინფორმირებული არ იყო. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი არ წარმოადგენდა ზიანის ანაზღაურებაზე ვალდებულ პირს.
შპს “A“-მა სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარმოდგენილი შესაგებლით განმარტა, რომ მისთვის უცნობი იყო რ. თ.-სა და შპს “W“-ს შორის გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული მხარეთა ორმხრივი ვალდებულებების შინაარსი, შესაბამისად, ამ სახელშეკრულებო ურთიერთობიდან გამომდინარე პასუხისმგებლობაზე შედავება არ წარმოუდგენია. სარჩელის ერთ-ერთ ფაქტობრივ გარემოებასთან დაკავშირებით კი, აღნიშნა, რომ მართალია ხიდები მიეკუთვნება ავტომანქანის ძალურ აგრეგატებს, მაგრამ არა ძრავას ან სიჩქარეთა კოლოფს. რაც შეეხება ექსპერტის მითითებას, რომლის მიხედვით ავტომანქანაზე აღმოჩენილი დაზიანებანი მიყენებული იყო მისი საქართველოში ტრანსპორტირებამდე, მოპასუხემ განმარტა, რომ ავტომანქანა არ იყო მის მფლობელობაში და არც შემოწმებული ყოფილა მის მიერ, არამედ მისი შეძენა მოხდა აუქციონ “M“-ზე ფლორიდის შტატში ამავე აუქციონის მონაცემებზე დაყრდნობით. ყიდვის შემდეგ ავტომანქანა გადაყვანილ იქნა მზიდით, ისე რომ არავის არ მოუხდენია მისი ექსპლოატაცია. ის გარემოება, რომ ავტომანქანას აღმოაჩნდა დამალული ნაკლი მისი არსებობის შემთხვევაშიც კი, გამორიცხავდა მოპასუხის ინფორმირებულობას. მოპასუხემ არ უარყო ავტომანაქანის ნასყიდობის საფასურის მიღების ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ აღნიშნული თანხა მიიღო ავტომანქანის შესაძენად, რაც იმას ნიშნავდა, რომ მოპასუხე კომპანია არ იყო ავტომანქანის მფლობელი, მესაკუთრე და შესაბამისად, არც გამყიდველი. მოპასუხემ აგრეთვე მიუთითა, რომ ავტომანქანის აუქციონის წესით შეძენა რისკის მატარებელი იყო. მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ აუქციონზე იყიდებოდა ექსპლუატაციაში ნამყოფი ავტომანქანა, რომელსაც შესაძლოა ჰქონოდა გარკვეული სახის ნაკლი.
რ. თ.-ის სარჩელი შპს “W’’ -ისა და შპს “A"-ის მიმართ ხელშეკრულებიდან გასვლის, პირვანდელი მდგომარეობის აღდგენისა და გაწეული ხარჯის ანაზღაურების შესახებ არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა რ. თ.-ის მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით რ. თ.-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 02 მაისის გადაწყვეტილება.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 07.03.2013წ.-ს რ. თ.-ს (დამკვეთი) და შპს “W"-ს (შუამავალი) შორის გაფორმდა ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, რომლითაც შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ შუამავალმა აიღო ვალდებულება დამკვეთს დახმარებოდა ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტომანქანის მოძიებასა და შეძენაში. გამყიდველთან შეთანხმებით, უზრუნველეყო მისი ტრანსპორტირების ორგანიზება და დამკვეთისათვის მიწოდება. ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, დამკვეთმა შუამავალს დაუკვეთა ავტომანქანის მოძიება, შეძენა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რომლის დაახლოებითი მახასიათებლებია: LAND ROVER LR3 SE, გამოშვების წელი: 2006, გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა, ძრავის მოცულობა: 4,4. ფერი ნაცრისფერი, ვინ კოდი: .......
ხელშეკრულების 2.1 მუხლით შუამავალმა აიღო პასუხისმგებლობა ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებზე იმ ოდენობით, რაც მოცემული იყო ყიდვისას ინტერნეტში, სურათებზე და თანდართულ აღწერილობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზღვავო ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) მოხდა ავტომანქანის დაზიანება ან დაღუპვა. ავტომანქანის ტექნიკურ მხარეზე შუამავალი პასუხისმგებელია: ძარა, ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფზე.
ავტომანქანის ღირებულება ხელშეკრულების 4.4 მუხლის შესაბამისად, შეადგენდა 14450 აშშ დოლარს, რაც მოიცავდა ავტომანქანის ღირებულებას, აშშ-ში შიდა ტრანსპორტირების და აშშ-დან საქართველომდე ტრანსპორტირების ყველა ხარჯს, გარდა საზღვაო ტრანპორტირების დაზღვევის ხარჯისა.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის მიხედვით, საშუამავლო მომსახურების თანხა შეადგენს 300 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადაიხადოს დამკვეთმა აშშ-ს ტერიტორიაზე ავტომანქანის ყიდვიდან 2 დღის ვადაში.
რ. თ.-მა ავტომანქანის ღირებულება - 14 450 აშშ დოლარი გადაიხადა 2013 წლის 07 მარტს, ხოლო შუამავლის მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური 500 ლარი გადაიხადა 2013 წლის 05 მარტს, ანუ ხელშეკრულების წერილობითი სახით გაფორმებამდე. მულტიმოდალური გადაზიდვების კონოსამენტის (საზღვაო ) შესაბამისად, ავტომანქანის გამოგზავნა მოხდა ჩიკაგო, 8801 S,78 გზატკ. ბრიჯვიუ, ილ 60455-დან. ტვირთვის გამომგზავნი საოკეანო ტრანსპორტი: მაერსკი/M. გადმოტვირთვის პორტი: ფოთი, საქართველო. ATLANTIC Exspress Georgia - ს წერილის მიხედვით, რ. თ.-ის კუთვნილი ავტომანქანა 2006, LAND ROVER LR3, (SALAE254X6A374091) აშშ-ს მაიამის შტატის პორტში მიყვანილ იქნა 2013 წლის 13 მარტს, მანქანის ტექ.პასპორტი კომპანიამ მიიღო 2013 წლის 18 მარტს, ხოლო მანქანა კონტეინერში ჩაიტვირთა 2013 წლის 25 მარტს. საზღვაო გადამზიდი ხაზის ,,M L" დოკუმენტზე დაყრდნობით (Arrival Notice შეტყობინება კონტეინერის ჩამოსვლის შესახებ) კონტეინერი მაიამის პორტიდან გამოვიდა 2013 წლის 4 აპრილს.
საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის ისტორიის ამონაწერით, რომელიც დადასტურებულია “M" -ის აუქციონის მიერ, მითითებულია ის დაზიანებები, რაც ავტომანქანას გააჩნდა “M" -ის ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად. სადავო არ არის ის გარემოება, რომ დაზიანებები, რომლებიც ტრანსპორტირების შემდეგ ავტომანქანას აღმოაჩნდა, არ იყო მითითებული აღნიშნულ ამონაწერში.
მოცემულ დოკუმენტში მითითებული ავტომანქანის საიდენტიფიკაციო მონაცემები მხარეებს შორის გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანის მონაცემების იდენტურია.
სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 15.07.2013წ.-ის დასკვნის მიხედვით, „გამოსაკვლევად წარმოდგენილი ავტომანქანის წინა და უკანა ხიდის დაზიანება ტექნიკური თვალსაზრისით, საქართველოში ტრანსპორტირების დროს გამორიცხულია. აღნიშნული დასკვნის მიხედვით, ავტომანქანა გამოკვლევის დღისათვის ტექნიკურად გაუმართავ მდგომარეობაშია, შესაბამისად, უვარგისია ექსპლოატაციისათვის. ავტომობილზე დასკვნის სამოტივაციო ნაწილში აღნიშნული უწესივრობების აღმოფხვრა გარანტია იქნება ავტომობილის შემდგომი ექსპლუატაციისა ყოველგვარი დეფექტების გარეშე“.
სსიპ ლ. სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 25.10.2013წ. დასკვნის შესაბამისად, 2006 წელს დამზადებული, ავტომობილის LAND ROVER LR3 SE, საიდენტიფიკაციო კოდით …, ახალი დეტალების ღირებულება დ.ღ.გ - ს ჩათვლით არის: წინა ხიდის რედუქტორი - 3933 ლარი, უკანა ხიდის რედუქტორი - 4025 ლარი, წინა საქარე მინა - 2035 ლარი, მძღოლის უსაფრთხოების ბალიში - 1720 ლარი, მგზავრის უსაფრთხოების ბალიში - 1586 ლარი. ექსპერტიზაზე გამოსაკვლევად წარმოდგენილი, 2006 წელს დამზადებული განუბაჟებელი ავტომობილის ,,LAND ROVER LR3 SE, საიდენტიფიკაციო კოდით …, საბაზრო ღირებულება მის შესახებ არსებული ინფორმაციის, მასზე განვითარებული დაზიანებებისა და დღევანდელი თავისუფალი საბაზრო ფასების გათვალისწინებით, საორიენტაციოდ შეადგენს 13 000 ლარს.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ჯი თი მოტორსი"-ს ხარჯთაღრიცხვა, რომლის შესაბამისად, ავტომობილის ,,LAND ROVER LR3 SE, საიდენტიფიკაციო კოდით ...1, დაზიანებული ნაწილების საერთო ღირებულება შეადგენს 6271 ლარს - ხელობის, ნაწილების ფასისა და დღგ-ს ჩათვლით (ტ. I, ს.ფ. 33).
სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია მოსარჩელის მტკიცება მასსა და მოპასუხე შპს “A" -ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობის თაობაზე.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა, რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. შესაბამისად, იმისათვის, რომ დადგინდეს მხარეთა შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობა, უნდა დასტურდებოდეს მხარეთა შორის კონსენსუსი ხელშეკრულების არსებით პირობებზე, მათ უფლება-მოვალეობებზე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, ის გარემოება, რომ რ. თ.-მა თანხა გადარიცხა შპს “A"-ის ანგარიშზე და გადარიცხვის დროისათვის ავტომობილი იყო ამ უკანასკნელი კომპანიის საკუთრებაში, არ შეიძლება ურთიერთობის ნასყიდობის ხელშეკრულებად კვალიფიცირების საფუძველი ყოფილიყო. რ. თ.-სა და შპს “W"-ს შორის დადებული საშუამავლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულების შესაბამისად, მოსარჩელისათვის ცნობილი იყო, რომ მის მიერ შერჩეული ავტომანქანის შესყიდვა უნდა მოეხდინა აშშ-ში რეგისტრირებულ სხვა კომპანიას, რომელიც უზრუნველყოფდა მის საქართველომდე ტრანსპორტირებას. როგორც გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაშიც მართებულადაა აღნიშნული, სამართლებრივი შეფასებისა და კვალიფიკაციის თვალსაზრისით, შპს “W"-მა შპს “A" გამოიყენა, როგორც დამხმარე მასსა და აუქციონს შორის, ვინაიდან ტექნიკური თვალსაზრისით “M"-ის აუქციონზე ვაჭრობა შესაძლებელი იყო ამერიკაში რეგისტრირებული პირებისათვის. ამასთან, მოსარჩელე სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ მის მიერ გადახდილი თანხა 14 450 აშშ დოლარი მოიცავდა, როგორც უშუალოდ ავტომანქანის ღირებულებას, ასევე, იმ საკურიერო მომსახურების ღირებულებასაც, რაც ამერიკის შეერთებულ შტატებში რეგისტრირებულ იურიდიულ პირს უნდა განეხორციელებინა.
რაც შეეხება აპელანტის მითითებას იმ გარემოებაზე, რომ რ. თ.-მა 14 450 აშშ დოლარი მოპასუხე შპს “A"-ის ანგარიშზე გადარიცხა 2013 წლის 07 მარტს, ხოლო შპს “A"-ს ავტომობილი საკუთრებაში გადაეცა 2013 წლის 05 მარტს, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ შეიძლება ურთიერთობის ნასყიდობის ხელშეკრულებად კვალიფიცირების საფუძველი ყოყილიყო. მხოლოდ ის ფაქტი, რომ თანხის გადარიცხვის დროისათვის ავტომანქანა მოპასუხის საკუთრებაში იყო, არ შეიძლება მიჩნეულ იქნეს ნასყიდობის წარმოშობის საფუძვლად, მით უფრო, იმგვარ ვითარებაში, როდესაც მოპასუხემ კონკრეტული ავტომანქანა სწორედ მოსარჩელის მითითებითა და სურვილით შეიძინა. ამ კუთხით, სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მართალია, რ. თავაურმა ავტომანქანის ღირებულება - 14 450 აშშ დოლარი გადაიხადა 07.03.2013წ.-ს და ამ თარიღშივე გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებაც, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, რ. თ.-მა შუამავლის მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური 500 ლარი გადაიხადა ჯერ კიდევ, 05.03.2013წ.-ს. ამდენად, დასაბუთებული იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საშუამავლო ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდეც არსებობდა გარკვეული სახის ურთიერთობა რ. თ.-სა და შპს “W" -ს შორის და 07.03.2013წ. შედგენილ ხელშეკრულებაში მითითებული იქნა უკვე მანამდე მოძიებული და შერჩეული კონკრეტული ავტომობილის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც შესაბამისი მითითების საფუძველზე აუქციონზე შეიძინა შპს “A"-მა.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმის მასალებით არ დასტურდებოდა შპს “W"-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების ფაქტი, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შუამავალი ვალდებულია დამკვეთს დაეხმაროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტომანქანის მოძიებასა და შეძენაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მიაწოდოს დამკვეთს მის მიერვე ავტოსადილეროში შეძენილი ავტომანქანა. აიღოს პასუხისმგებლობა ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებზე იმ ოდენობით, რაც მოცემული იყო ყიდვისას ინტერნეტში, სურათებზე და თანდართულ აღწერილობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზღვავო ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) მოხდა ავტომანქანის დაზიანება ან დაღუპვა. ავტომანქანის ტექნიკურ მხარეზე შუამავალი პასუხისმგებელია: ძარა, ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფზე.
ამდენად, ხელშეკრულებაში კონკრეტულად და ამომწურავად მიეთითა ავტომობილის იმ ტექნიკურ მახასიათებლებზე, რომელთა გაუმართაობაზეც პასუხს აგებდა შუამავალი. ამ მახასიათებლებში ავტომანქანის ხიდები არ იყო მითითებული. შესაბამისად, იმ მოსაზრებით, რომ ავტომანქანის ხიდები ძარასა და ძრავასთან ერთად წარმოადგენს ავტომანქანის ძალურ აგრეგატებს, შუამავლის პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლებოდა ყოფილიყო, რადგან მათ ტექნიკურ გაუმართაობაზეც შუამავლის პასუხისმგებლობა ვერ გავრცელდებოდა.
რ. თ.-ს შპს “W"-ის მიმართ დასაბუთებული შედავება არ წარმოუდგენია იმ კონკრეტული ვალდებულებების დარღვევაზე, რომლებიც ავტომანქანის ის ნაწილები (ძარა, ძრავა, სიჩქარეთა კოლოფი), რომლებზეც მოპასუხემ პასუხისმგებლობა იკისრა გამართულ მდგომარეობაში იყო და არ იყო დაზიანებული.
სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ იყო, შეთანხმებულად მიიჩნეოდა ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. ამავე კოდექსის 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა.
სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა საქმის ფაქტობრივ გარემოებებსა და მხარეთა შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობას.
07.03.2013წ.-ს საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, შუამავალს უნდა განეხორციელებინა ავტომანქანის მოძიება და შეძენა დამკვეთის (რ. თ.-ის) მითითებითა და ხარჯებით. ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა გასამრჯელო მომსახურებისათვის, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანის შეძენა მოხდებოდა შუამავლის მიერ. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიცავს შუამავლის ვალდებულებებს, სადაც მითითებულია, რომ იგი პასუხისმგებლობას იღებს ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებსა და ტექნიკურ გამართულობაზე, კერძოდ, ძარის, ძრავისა და სიჩქარეთა კოლოფის გამართულობაზე.
მოცემულ შემთხვევაში კლასიკური სახის საშუმავლო ხელშეკრულება მხარეებს შორის არ არსებობდა და აღნიშნული ხელშეკრულება შეიცავს დავალების ხელშეკრულებისათვის განკუთვნილ შინაარსს. კერძოდ, დავალების მიმცემმა პირმა, რ. თ.-მა, დავალების მიმღებს პირს, შპს “W"-ს, დავალება მისცა შეესრულებინა გარკვეული მოქმედებები მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
აღნიშნულ გარემოებას ადასტურებდა საქმეში წარმოდგენილი გადახდის ქვითრები, სადაც გადამხდელად ყველგან მითითებული იყო მოსარჩელე და ჩანაწერი ხელშეკრულებაში, რომლის მიხედვითაც შპს “W" სწორედ მოსარჩელის მიერ შერჩეულ ავტომანქანის შესყიდვასა და ტრანსპორტირებას აპელანტის მითითებით, თუ საუბარია, რომ საშუამავლო ხელშეკრულება სხვა ხელშეკრულების ნიშნებსაც მოიცავს, ეს არის ნასყიდობის ხელშეკრულების და არა დავალების ელემენტები. აპელანტის აღნიშნული მსჯელობა სააპელაციო პალატამ არ გაიზიარა და განმარტა, რომ საშუამავლო და სამაკლერო მომსახურეობა გულისხმობს სწორედ ხელშეკრულების დადების მსურველ სხვა პირებს შორის მონაწილეობას, ხელშეკრულების დასადებად შესაბამისი მოქმედებების განხორციელებას. შეუძლებელია შუამავალი და ნასყიდობის მხარე (მყიდველი ან გამყიდველი) ერთი და იგივე პირი იყოს. ამრიგად, სააპელაციო სასმართლომ გაიზიარა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მსჯელობა, რომ მხარეთა შორის დადებული იყო ხელშეკრულება, რომელიც მოიცავდა, როგორც საშუამავლო ხელშეკრულების, ასევე დავალების ხელშეკრულების ელემენტებს. დავალების ხელშეკრულება ორმხრივი კონსესუალური ხელშეკრულებაა, რომლის შესაბამისადაც დავალების განხორციელებისას უფლება-მოვალეობები წარმოეშობა არა რწმუნებულს, არამედ მარწმუნებელს. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნის შეუსრულებლობა იწვევს ვალდებულების დარღვევას.
დადგენილია, რომ შპს “W"-მა შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის შესაბამისად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს, საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამავე კოდექსის 487-ე მუხლის თანახმად, გამყიდველმა მყიდველს უნდა გადასცეს ნივთობრივი და უფლებრივი ნაკლისაგან თავისუფალი ნივთი.
სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის შესაბამისად, ნივთი ნივთობრივად უნაკლოა, თუ იგი შეთანხმებული ხარისხისაა. თუ ხარისხი არ არის წინასწარ შეთანხმებული, მაშინ ნივთი უნაკლოდ ჩაითვლება, თუკი იგი ვარგისია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ან ჩვეულებრივი სარგებლობისათვის.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადასტურებული არ იყო მოსარჩელესა და მოპასუხე შპს “A"-ს შორის ნასყიდობის ურთიერთობის დადების ფაქტი.
სადავო არ იყო ის გარემოება, რომ რ. თ.-ს ექსკლუზიური დავალება - საშუამავლო მომსახურეობა უშუალოდ მხოლოდ შპს “W"-ს გაუწია გაეწია, ამ უკანასკნელისათვის არ მიუცია. შპს “A"-ის განმარტებით, მან საშუამავლო და საკურიერო მომსახურება გაუწია შპს “W"-ს, ვინაიდან შპს “W"-ს, როგორც საქართველოში რეგისტრირებულ პირს, არ შეეძლო მონაწილეობა მიეღო აუქციონში. სამართლებრივი თვალსაზრისით, შუამავლობა ის ხელშეკრულება, რომლის საგანია საშუამავლო საქმიანობა და საშუამავლო საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა საქმიანობის განხორციელება. მართალია, შუამავლის ვალდებულებას არ წარმოადგენდა მის მიერ მოძიებულ კონტრაჰენტთან ხელშეკრულების დადება, თუმცა ხელშეკრულებით მას შეიძლებოდა ამგვარი ქმედების განხორციელებაც მინიჭებოდა და ამ შემთხვევაში, ვალდებული იყო დაკისრებული მოვალეობები სახელშეკრულებო კეთილსინდისიერების შესაბამისად შეესრულებინა.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეს დაევალა კონკრეტული ავტომანქანის აუქციონზე შესყიდვა და მისი საქართველომდე ტრანსპორტირების უზრუნველყოფა. როგორც სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას შპს “A''-ის წარმომადგენელმა განმარტა, მის მიერ ავტომობილის ადგილზე დათვალიერებაც არ განხორციელებულა და მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომანქანის შეძენასა და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ელექტრონულად განახორციელა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მოპასუხე შპს “A''-მა სწორედ ის ავტომანქანა შეიძინა, რომლის შეძენის ვალდებულებაც დაეკისრა და ასევე მოახდინა მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველომდე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორედ მოსარჩელის მიერ წინასწარ შერჩეული ავტომობილი შეისყიდა, ამიტომ მას საკუთრების უფლება იმ ნივთზე წარმოეშვა, რომელიც რ. თ.-მა წინასწარ მოიწონა და შეარჩია. შპს “A"-მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა იმ ნივთობრივი ნაკლის შესახებ, რაც ავტომანქანას გააჩნდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება რ. თ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მასსა და მოპასუხე შპს “A"-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არარსებობაზე სააპელაციო სასამართლოს მითითებას და განმარტავს, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორი კვალიფიკაცია არ მისცა მხარეთა შორის არსებულ ვალდებულებითსამართლებრივ ურთიერთობას.
კასატორმა მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 477-ე, 487-ე და 488-ე მუხლებზე და აღნიშნა, რომ მასსა და შპს “A"-ს შორის არსებული ურთიერთობა ატარებდა ნასყიდობის სამართალურთიერთობის მაკვალიფიცირებელ ყველა კომპონენტს, სახელდობრ, წარმოადგენდა ავტომანქანის მესაკუთრეს, რომელმაც გაუგზავნა რ. თ.-ს ინვოისი, ხოლო მოგვიანებით, თანხის გადახდის სანაცვლოდ, უზრუნველყო ავტომანქანის გაგზავნა და საკუთრებაში გადაცემა. კასატორი აგრეთვე მიუთითებს ხელშეკრულების 2.1 პუნქტზე, რომლის შინაარსით ირკვევა, რომ შუამავალი იღებდა ვალდებულებას დამკვეთისათვის მიეწოდებინა რ. თ.-ის მიერ ავტოსადილეროში შესყიდული ავტომანქანა. კასატორის მოსაზრებით, ხელშეკრულების მითითებული ჩანაწერი იძლეოდა იმ დასკვნის გაკეთების საფუძველს, რომ შპს “A"-ი წარმოადგენდა ავტოდილერს და მაშასადამე, ავტომანქანის გამყიდველს. გამყიდველს კი, ეკისრებოდა მყიდველისათვის უფლებრივად და ნივთობრივად უნაკლო ნივთის გადაცემის ვალდებულება. საქმის მასალებით კი, დადგენილია, რომ რ. თ.-ს საკუთრებაში გადაეცა ექსპლოატაციისათვის უვარგისი ნივთი. შესაბამისად, სასამართლოს უნდა გამოეყენებინა სამოქალაქო კოდექსის 491-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილი, რომლის თანახმად, მყიდველს შეუძლია ნივთის ნაკლის გამო მოითხოვოს ხელშეკრულების მოშლა (352-ე მუხ.). ასევე, უნდა გამოეყენებინა გამყიდველის მიერ მყიდველისათვის გაწეული დანახარჯების ანაზღაურების მავალდებულებელი სამართლებრივი ნორმა.
კასატორი არ ეთანხმება დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას იმის თაობაზე, 14450 აშშ დოლარი მოიცავდა როგორც ავტომანქანის ღირებულებას ისე, მომსახურებასაც. კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველ სასამართლოს ჯეროვნად და სრულყოფილად არ გამოუკველვია საქმეში წარმოდგენილი ინვოისის შინაარსი.
კასატორი აღნიშნავს, რომ 07.03.2013წ.-ს თანხის გადარიცხვის მომენტისათვის არ ყოფილა შეთანხმება ავტომანქანის ხარისხთან დაკავშირებით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 488-ე მუხლის (ნივთობრივად უნაკლო ნივთის) მიზნებისათვის სამართლებრივად არანაირი მნიშვნელობა არა აქვს ნაკლი დაფარული იქნებოდა თუ არა, ამის შესახებ ეცოდინებოდათ თუ არა მოპასუხეებს.
კასატორი არ ეთანხმება საქმის განხილველი სასამართლოს მიერ მოცემული დავის გადაწყვეტას დავალებისა (სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხ) და შუამავლობის (სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხ.) მარეგულირებელი ნორმებით.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 08 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია (კასაციის საფუძვლები) რ. თ.-სა და მოპასუხე შპს “A"-ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არარსებობაზე მითითებას შეეხება.
კასაციის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) კანონიერებისათვის პირველ რიგში, უნდა შემოწმდეს მხარეთა შორის რეალურად რა ურთიერთობას ჰქონდა ადგილი და მისი სამართლებრივი კვალიფიკაციის შედეგად, გაირკვეს მოსარჩელის მოთხოვნის მართებულობა.
მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ 07.03.2013წ.-ს ერთი მხრივ, რ. თ.-ს, როგორც „დამკვეთსა“ და მეორე მხრივ, შპს “W"-ს, როგორც „შუამავალს“ შორის გაფორმდა ხელშეკრულება საშუამავლო მომსახურების შესახებ, რომლითაც შეთანხმებული საზღაურის სანაცვლოდ შუამავალმა აიღო ვალდებულება დამკვეთს დახმარებოდა აშშ-ს ტერიტორიაზე ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტომანქანის მოძიებასა და შეძენაში. გამყიდველთან შეთანხმებით, უზრუნველეყო მისი ტრანსპორტირების ორგანიზება და დამკვეთისათვის მიწოდება.
ხელშეკრულების 1.2 მუხლის თანახმად, დამკვეთმა შუამავალს დაუკვეთა ავტომანქანის მოძიება, შეძენა და ტრანსპორტირების უზრუნველყოფა, რომლის დაახლოებითი მახასიათებლებია: LAND ROVER LR3 SE, გამოშვების წელი: 2006, გადაცემათა კოლოფი: ავტომატიკა, ძრავის მოცულობა: 4,4. ფერი ნაცრისფერი, ვინ კოდი: ....
ხელშეკრულების 2.1 მუხლით შუამავალმა აიღო პასუხისმგებლობა ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებზე იმ ოდენობით, რაც მოცემული იყო ყიდვისას ინტერნეტში, სურათებზე და თანდართულ აღწერილობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზღვაო ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) მოხდა ავტომანქანის დაზიანება ან დაღუპვა. ავტომანქანის ტექნიკურ მხარეზე შუამავალი პასუხისმგებელია: ძარა, ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფზე.
ავტომანქანის ღირებულება ხელშეკრულების 4.4 მუხლის შესაბამისად, შეადგენდა 14450 აშშ დოლარს, რაც მოიცავდა ავტომანქანის ღირებულებას, აშშ-ში შიდა ტრანსპორტირების და აშშ-დან საქართველომდე ტრანსპორტირების ყველა ხარჯებს, გარდა საზღვაო ტრანსპორტირების დაზღვევის ხარჯისა.
ხელშეკრულების მე-4 მუხლის 4.2 პუნქტის მიხედვით, საშუამავლო მომსახურების თანხა შეადგენს 300 აშშ დოლარს, რომელიც უნდა გადაიხადოს დამკვეთმა აშშ-ს ტერიტორიაზე ავტომანქანის ყიდვიდან 2 დღის ვადაში.
რ. თ.-მა ავტომანქანის ღირებულება - 14 450 აშშ დოლარი გადაიხადა 2013 წლის 07 მარტს, ხოლო შუამავლის მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური 500 ლარი გადაიხადა 2013 წლის 05 მარტს, ანუ ხელშეკრულების წერილობითი სახით გაფორმებამდე.
მულტიმოდალური გადაზიდვების კონოსამენტის (საზღვაო ზედდებული) შესაბამისად, ავტომანქანის გამოგზავნა მოხდა ჩიკაგო, 8801 S,78 გზატკ. ბრიჯვიუ, ილ 60455-დან. ტვირთვის გამომგზავნი საოკეანო ტრანსპორტი: მაერსკი/M. გადმოტვირთვის პორტი: ფოთი, საქართველო. ATLANTIC Exspress Georgia - ს წერილის მიხედვით, რ. თ.-ის კუთვნილი ავტომანქანა 2006, LAND ROVER LR3, (..) აშშ-ს მაიამის შტატის პორტში მიყვანილ იქნა 2013 წლის 13 მარტს, მანქანის ტექ.პასპორტი კომპანიამ მიიღო 2013 წლის 18 მარტს, ხოლო მანქანა კონტეინერში ჩაიტვირთა 2013 წლის 25 მარტს. საზღვაო გადამზიდი ხაზის ,,M L" დოკუმენტზე დაყრდნობით (Arrival Notice შეტყობინება კონტეინერის ჩამოსვლის შესახებ) კონტეინერი მაიამის პორტიდან გამოვიდა 2013 წლის 4 აპრილს.
საქმეში წარმოდგენილი ავტომანქანის ისტორიის ამონაწერში მითითებული მონაცემები მხარეებს შორის გაფორმებული საშუამავლო ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომანქანის მონაცემების იდენტურია. ასევე, დადასტურებულია, რომ “M"-ის აუქციონის მიერ, მითითებულია ის დაზიანებები, რომელიც ავტომანქანას გააჩნდა “M"-ის ოფიციალური ინფორმაციის შესაბამისად. ამასთან, სადავო არ არის ის გარემოება, რომ დაზიანებები, რომლებიც ტრანსპორტირების შემდეგ ავტომანქანას აღმოაჩნდა, არ იყო მითითებული აღნიშნულ ამონაწერში.
მოსარჩელის პრეტენზია რ. თ.-სა და შპს “A" -ს შორის ნასყიდობის ხელშეკრულების არსებობას ეფუძნება, რასაც საკასაციო პალატა არ იზიარებს და პირველ რიგში, განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 340-ე მუხლის თანახმად, შერეული ხელშეკრულებების განმარტებისას მხედველობაში მიიღება ნორმები იმ ხელშეკრულებათა შესახებ, რომლებიც შესრულების არსთან ყველაზე ახლოს დგანან და მას შეესაბამებიან. კერძო სამართალი ხელშეკრულების ამ სახის განმარტების ხერხს იმ შემთხვევაში მიმართავს, როდესაც შეთანხმებაში განსხვავებული შინაარსის მქონე დებულებების არსებობა განაპირობებს მხარეთა საერთო განზრახვის დადგენის საჭიროებას, რითიც ისინი ხელმძღვანელობდნენ ხელშეკრულების გაფორმებისას. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო მათ ნებას განმარტავს იმ დათქმებზე აპელირებით, რომლებიც თავისი შინაარსით უფრო ახლოს დგანან იმ მიზნებთან, რისი მიღწევაც მხარეებს სურდათ ამ ხელშეკრულების დადებისას. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული სახის განსაზღვრისას, უპირველეს ყოვლისა, გასათვალისწინებელია არა ზოგადი დათქმები, არამედ ის არსებითი უფლებები და მოვალეობები, რომლებსაც მხარეები იძენენ გარიგების გაფორმებისას. სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის მიხედვით, მყიდველმა გამყიდველს გადასცემს საკუთრების უფლებას, იმ ნივთზე, რაზეც თავად გააჩნია საკუთრების უფლება, ე.ი. ნასყიდობის ხელშეკრულების შინაარსი მდგომარეობს იმ ნივთზე საკუთრების უფლების დათმობაში, რაც უკვე მატერიალურად არსებობს. კონკრეტულ შემთხვევაში, მხოლოდ ის გარემოება, რომ რ. თ.-მა ავტომანქანის ღირებულება 14450 აშშ დოლარი გადარიცხა შპს “A" -ის ანგარიშზე და გადარიცხვის დროისათვის ავტომობილი იყო შპს “A" -ის საკუთრებაში, არ შეიძლება საფუძვლად დაედოს სადავო ურთიერთობის ნასყიდობად კვალიფიკაციას, რამდენადაც, როგორც რ. თ.-სა და შპს “W"-ს შორის დადებული საშუამავლო მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებით ირკვევა მოსარჩელისათვის თავიდანვე ცნობილი იყო, რომ მის მიერ შერჩეული ავტომანქანის შესყიდვა უნდა მოეხდინა აშშ-ში რეგისტრირებულ სხვა კომპანიას (ამ კონკრეტულ შემთხვევაში, შპს “W"-ს), რომელიც უზრუნველყოფდა მის საქართველომდე ტრანსპორტირებას. პრაქტიკულად, ამ ურთიერთობაში, შპს “W"-ი წარმოადგენდა დამხმარე სუბიექტს (მესამე პირს), რადგან ტექნიკური თვალსაზრისით, “M"-ის აუქციონზე ვაჭრობის უფლებამოსილება ჰქონდათ მხოლოდ აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტებს (პირებს). ამასთან, უდავო გარემოებაა, რომ გადახდილი 14450 აშშ დოლარი მოიცავდა, როგორც უშუალოდ ავტომანქანის ღირებულებას, ისე, იმ საკურიერო მომსახურების ღირებულებასაც, რაც აშშ-ში რეგისტრირებულ სუბიექტს (პირს) უნდა განეხორციელებინა.
ასევე დადგენილია, რომ რ. თ.-მა ავტომანქანის ღირებულება - 14450 აშშ დოლარი გადაიხადა 07.03.2013წ.-ს და ამ თარიღშივე გაფორმდა საშუამავლო მომსახურების შესახებ წერილობითი ხელშეკრულებაც, თუმცა, როგორც საქმის მასალებით დგინდებოდა, რ. თ.-მა შუამავლის მომსახურებისათვის გათვალისწინებული საზღაური 500 ლარი გადაიხადა ჯერ კიდევ, 05.03.2013წ.-ს. ამდენად, დასაბუთებული იყო მსჯელობა იმის თაობაზე, რომ საშუამავლო ხელშეკრულების წერილობით გაფორმებამდეც არსებობდა გარკვეული სახის ურთიერთობა რ. თ.-სა და შპს “W" -ს შორის და 07.03.2013წ.-ს შედგენილ ხელშეკრულებაში მითითებული იქნა უკვე მანამდე მოძიებული და შერჩეული კონკრეტული ავტომობილის საიდენტიფიკაციო მონაცემები, რომელიც შესაბამისი მითითების საფუძველზე აუქციონზე შეიძინა შპს “A"-მა.
ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები თავის მხრივ, გამორიცხავს რ. თ.-სა და შპს “W"-ს შორის ნასყიდობის სამართალურთიერთობისა და მისგან გამომდინარე მოთხოვნის უფლებასაც.
საკასაციო პალატა მიდის დასკვნამდე, რომ პრაქტიკულად მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მომსახურების გაწევა, რაც მდგომარეობდა ავტომანქანის მოძიებასა და შეძენაში დამკვეთის (რ. თ.-ის) მითითებითა და ხარჯებით. სახელდობრ, დადგენილია, რომ 07.03.2013წ.-ს საშუამავლო მომსახურების შესახებ ხელშეკრულების მიხედვით, შუამავალს უნდა მოეძია და ეყიდა ავტომანქანა დამკვეთის (რ. თ.-ის) მითითებითა და ხარჯებით.
ხელშეკრულებითვე შეთანხმდა გასამრჯელო მომსახურებისათვის, რომლის გადახდის ვალდებულებაც წარმოიშობოდა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მანქანის შეძენა მოხდებოდა შუამავლის მიერ. გარდა აღნიშნულისა, ხელშეკრულება შეიცავს შუამავლის ვალდებულებებს, სადაც მითითებულია, რომ იგი პასუხისმგებლობას იღებს ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებსა და ტექნიკურ გამართულობაზე, კერძოდ, ძარის, ძრავისა და სიჩქარეთა კოლოფის გამართულობაზე. აგრეთვე, დადგენილია, რომ დავალების მიმცემმა პირმა, რ. თ.-მა, დავალების მიმღებს პირს, შპს “W"-სი დავალება მისცა შეესრულებინა გარკვეული მოქმედებები მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
აღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულება შესრულების არსით ყველაზე ახლოს იდგა შუამავლობისა და დავალების ხელშეკრულებების შინაარსთან და უფლება-მოვალეობებიც შესაბამისად უნდა განაწილებულიყო.
სამოქალაქო კოდექსის 744-ე მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვას ჰპირდება გასამრჯელოს ხელშეკრულების დასადებად გაწეული შუამავლობისათვის, ვალდებულია გადაიხადოს ეს გასამრჯელო მხოლოდ მაშინ, თუ ხელშეკრულება ამ შუამავლობის შედეგად დაიდო. თუ ხელშეკრულება იდება გადადების პირობით, გასამრჯელო შეიძლება მოთხოვილ იქნეს მხოლოდ ამ პირობის დადგომის შემდეგ. თუ გასამრჯელოს ოდენობა განსაზღვრული არ იყო, შეთანხმებულად მიიჩნეოდა ჩვეულებრივ მოქმედი გასამრჯელო. შემკვეთის საზიანოდ ამ მუხლის პირველი და მე-2 წინადადებებისაგან განსხვავებულად დადებული შეთანხმება ბათილია.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად, დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე. 710-ე მუხლის თანახმად, მარწმუნებელი ვალდებულია გადაუხადოს რწმუნებულს გასამრჯელო მხოლოდ ხელშეკრულებით ან კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში.
სამოქალაქო კოდექსის 711-ე მუხლის შესაბამისად, რწმუნებულმა დავალება პირადად უნდა შეასრულოს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მას ნება დართეს გადაენდო იგი მესამე პირისათვის, ანდა იძულებულია ასე მოიქცეს შექმნილი გარემოებების გამო. დაშვებულია დამხმარე პირთა ჩართვა.
რაც შეეხება კასატორის მითითებას მხარეთა შორის არსებული დავალებისა და შუამავლობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების მოპასუხეთა მიერ შეუსრულებლობაზე, აღნიშნულს საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს, რომ მოცემული საქმის მასალებით შპს “W"-ის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ფაქტი არ დასტურდება, კერძოდ, ხელშეკრულების 2.1 მუხლის თანახმად, შუამავალი ვალდებულია დამკვეთს დაეხმაროს ხელშეკრულებით განსაზღვრული ავტომანქანის მოძიებასა და შეძენაში. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში, მიაწოდოს დამკვეთს მის მიერვე ავტოსადილეროში შეძენილი ავტომანქანა. აიღოს პასუხისმგებლობა ავტომანქანის ვიზუალურ მონაცემებზე იმ ოდენობით, რაც მოცემული იყო ყიდვისას ინტერნეტში, სურათებზე და თანდართულ აღწერილობაში, გარდა იმ შემთხვევისა, თუ საზღვავო ტრანსპორტირებისას (გადაზიდვისას) მოხდა ავტომანქანის დაზიანება ან დაღუპვა. ავტომანქანის ტექნიკურ მხარეზე შუამავალი პასუხისმგებელია: ძარა, ძრავასა და სიჩქარეთა კოლოფზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. 317-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში კონკრეტულად და ამომწურავადაა მითითებული ავტომობილის ის ტექნიკური მახასიათებლები, რომელთა გაუმართაობაზეც პასუხს აგებს შუამავალი. ამ მახასიათებლებში ავტომანქანის ხიდები არ იყო მითითებული. შესაბამისად, იმ მოსაზრებით, რომ ავტომანქანის ხიდები ძარასა და ძრავასთან ერთად წარმოადგენს ავტომანქანის ძალურ აგრეგატებს, შუამავლის პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლება იყოს, რადგან მათ ტექნიკურ გაუმართაობაზე შუამავალს პასუხისმგებლობა არ აუღია.
დადგენილია, რომ შპს “A''-ის მიერ ავტომობილის ადგილზე დათვალიერებაც არ განხორციელებულა და მოსარჩელის მიერ მითითებული ავტომანქანის შეძენასა და საკურიერო მომსახურებასთან დაკავშირებული ყველა პროცედურა ელექტრონულად განახორციელა. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების შესაბამისად, მოპასუხე შპს “A''-მა სწორედ ის ავტომანქანა შეიძინა, რომლის შეძენის ვალდებულებაც დაეკისრა და ასევე მოახდინა მისი ტრანსპორტირების უზრუნველყოფა საქართველომდე. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ სწორედ მოსარჩელის მიერ წინასწარ შერჩეული ავტომობილი შეისყიდა, რომელიც რ. თ.-მა წინასწარ მოიწონა და შეარჩია. შპს “A"-მა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა იმ ნივთობრივი ნაკლის შესახებ, რაც ავტომანქანას გააჩნდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ნივთის ნაკლის გამო ხელშეკრულებიდან გასვლასთან, ასევე, დავალებისა და შუამავლობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1829,35 ლარის) 70% – 1280,54 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ. თ.-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - რ. თ.-ს (პირადი ნომერი: ...) დაუბრუნდეს 2015 წლის 03 აპრილს №.. საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1829,35 ლარის) 70% – 1280,54 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე