Facebook Twitter

საქმე №ას-254-241-2015 06 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზ. ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – სს „ქ. ლ. კ.-ა“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „პ. დ.-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

შპს „პ. დ.-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მოპასუხე სს „ქ. ლ. კ.-ის“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 11,242.50 ლარისა და მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის - 2248.5 ლარის გადახდის დაკისრება.

სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ მხარეთა შორის არსებობდა შეთანხმება 11,242.50 ლარიანი ბიუჯეტის ფარგლებში სარეკლამო მომსახურების გაწევის თაობაზე, მოპასუხე შპს ,,ქ. ლ. კ.-ის” მიერ დამტკიცებული პროექტის ფარგლებში. 2012 წლის 02 და 03 ივნისს შპს ,,პ. დ.-მა” სს ,,ქ. ლ. კ.-ის” დაკვეთით და მის მიერ დამტკიცებული პროექტისა და ბიუჯეტის ფარგლებში დაგეგმა და განახორციელა სარეკლამო ,,ბი თი ელ” აქტივობა, რომელიც ჩატარდა ქ. თბილისში, Tbilisi Open Air-ის როკ ფესტივალის ფარგლებში. გაწეული მომსახურების საფასურმა შეადგინა 11,242.5 ლარი, მოპასუხეს გაეგზავნა გაფრთხილება დავალიანების არსებობის თაობაზე და მიეცა ვალდებულების შესრულების დამატებითი ვადა, რაც მოპასუხის მიერ დღემდე არ შესრულებულა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილ შესაგებელში განმარტა, რომ 2012 წლის Tbilisi Open Air-ის ფესტივალზე, რომლის ოფიციალური სპონსორიც იყო სს ,,ქ. ლ. კ.-ა”, სარეკლამო ეფექტის მაქსიმიზაციის მიზნებისთვის ,,ს. & ს.-სგან’’ მიიღო შეთავაზება BTL აქტივობის ორგანიზების შესახებ. სს ,,ქ. ლ. კ.-ას” ხელი არ მოუწერია კონტრაქტისათვის. მიუხედავად ამისა, მოსარჩელემ თვითნებურად გადაწყვიტა გაეწია გარკვეული ხარჯები შეთავაზებული აქტივობების განსახორციელებლად. ვინაიდან, დაეყრდნო არაუფლებამოსილი პირის - ზ. შ.-ის ოპტიმიზმს პროექტს საბოლოო ეფექტთან მიმართებით. მოსარჩელის მიერ შედგენილია ხელშეკრულების ფორმა, რომელზეც სს „ქ. ლ. კ.-ის” მიერ ხელი არ არის მოწერილი. ხელშეკრულება უნდა დადებულიყო წერილობით ფორმით და ეს ხელშეკრულება ორივე მხარის მიერ უნდა ყოფილიყო ხელმოწერილი, რაც რეალურად არ განხორციელებულა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 მაისის გადაწყვეტილებით შპს „პ. დ.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა. მოპასუხე სს „ქ. ლ. კ.-ას“ მოსარჩელე შპს „პ. დ.-ის“ სასარგებლოდ დაეკისრა ძირითადი დავალიანების თანხის - 11242.50 ლარის და ზიანის - 2248.50 ლარის გადახდა.

გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა სს „ქ. ლ. კ.-ის“ მიერ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინებით სს „ქ. ლ. კ.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 05 მაისის გადაწყვეტილება.

31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-მა” სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის მენეჯერ ზ. შ.-ეს ელექტრონული წერილით აცნობა, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის კ.-ას ესაჭიროებოდა ხელმოწერილი კონტრაქტი. ამასთან, განუმარტა, რომ თუ კონტრაქტის ხელმოწერა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა, კ.-ის ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა დაედასტურებინა თანხმობა გადმოგზავნილi შეთავაზებისa და ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე. ელექტრონული წერილით შპს ,,პ. დ.-მა” მოითხოვა კონტრაქტზე ხელმოწერა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2012 წლის 05 ივნისისა და ამასთან, მოპასუხე კ.-ას უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ელექტრონულ მიმოწერას გააჩნდა მოქმედი იურიდიული ძალა.

უდავო გარემოებაა, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-ის“ ელექტრონული წერილის პასუხად ზ. შ.-ემ, როგორც სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დაადასტურა თანხმობა შპს ,,პ. დ.-ის” მიერ მიწოდებული აქტივობების განხორციელებაზე, მანვე მიაწოდა შპს ,,პ. დ.-ს” კ.-ის ლ. ეტიკეტის ვექტორი, რაც საჭირო იყო საბეჭდი მასალის შეფუთვისათვის.

დადგენილია, რომ შპს ,,პ. დ.-მა” 2012 წლის 02 და 03 ივნისს გამართული სარეკლამო აქტივობის ჩასატარებლად გააფორმა მთელი რიგი ხელშეკრულებები, ითანამშრომლა სხვადასხვა პირთან, კერძოდ:

- 31.05.2012წ.-ს სს ,,გ. ც.-ს” და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც სს ,,გ. ც.-მა“ აიღო ვალდებულება უზრუნველყო შპს ,,პ. დ.-ის” მიერ 2012 წლის 02 და 03 ივნისს Tbilisi Open-Air-ის ფარგლებში ორგანიზებული ,,ზ.-ი” -ის BTL ღონისძიების უზრუნველყოფა: ა) ტენტით ბ) მონტაჟით და დემონტაჟით გ) ტრანსპორტირებით. მომსახურების ფასი შეადგენდა 1114.39 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 04.06.2012წ.-ს სს ,,გ. ც.-ს” და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე.

- 01.06.2012წ.-ს შპს ,,ზ. გ.-ს” და შპს ,,პ. დ.-ს” შორის, გაფორმდა ხელშეკრულება რომლითაც შპს ,,ზ. გ.-მა” აიღო ვალდებულება უზრუნველყო შპს ,,პ. დ.-ის” სარეკლამო პროდუქციის გავრცელება (ლუდი ,,ზ.-ის’’ ფლაერი 10 000 ც. 2012 წლის 02 და 03 ივნისს Tbilisi Open Air ფარგლებში. გასაწევი მომსახურების ღირებულება შეადგენდა 550 ლარს დღგ-ს ჩათვლით. 04.06.2012წ.-ს ,,ზ. გ.-მა” და შპს ,,პ. დ.-ს” (დირექტორი რ. გ.-ი) შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე.

- 01.06.2012წ.-ს ა. შ.-თან (მენარდე) გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც ა. შ.-მა აიღო ვალდებულება შესრულებინა შემდეგი სამუშაო: მიმებით მომსახურება (თეატრალიზებული შოუს ორგანიზება) აქციაზე Tbilisi Open Air. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1625.00 ლარით. ხელშეკრულებას დამკვეთის სახით ხელს აწერს შპს „პ. დ.-ის“ დირექტორი რ. გ.-ი და ხელშეკრულებაზე დასმულია შპს „პ. დ.-ის“ ბეჭედი. 04.06.2012წ.-ს ა. შ.-სა და შპს „პ. დ.-ის“ დირექტორ რ. გ.-ს შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე.

- 01.06.2012წ. მ. კ.-ეს (მენარდე) და შპს ,,პ. დ.-ს” (დამკვეთს) შორის გაფორმდა ნარდობის ხელშეკრულება, რომლითაც მ. კ.-ემ აიღო ვალდებულება 2012 წლის 02 და 03 ივნისს შეესრულებინა შემდეგი სამუშაო: პრომო გოგონა ზ.-ის აქციაზე. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 500 ლარით. 04.06.2012წ. მ. კ.-ეს და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე.

- 01.06.2012წ. შპს ,,შ.-ს” და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,შ.-მა” აიღო ვალდებულება უზრუნველყო 2012 წლის 02 და 03 ივნისს მსახიობ-ანიმატორით მომსახურება. მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 550 ლარით დღგ-ს ჩათვლით. 04.06.2012წ.-ს შპს ,,შ.-ს” და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე. 01.06.2012წ.-ს ბ. ა.-ს (მენარდე) და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა ხელშეკრულება, რომლითაც ბ. ა.-მა აიღო ვალდებულება 2012 წლის 02 და 03 ივნისს უზრუნველეყო სატრანსპორტო მომსახურება აქციაზე ზ.-ი თბილისი Open Air მომსახურების ღირებულება განისაზღვრა 1025 ლარით. 04.06.2012წ.-ს ბ. ა.-ს და შპს ,,პ. დ.-ს” შორის გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების ჯეროვნად შესრულების თაობაზე.

მთლიანობაში შპს ,,პ. დ.-ის” მიერ ჩატარებული სარეკლამო აქტივობის ღირებულებამ შეადგინა 11 242.50 ლარი.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ მოსარჩელე მოლაპარაკებას ხელშეკრულების პირობებზე აწარმოებდა ელექტრონულ ფოსტით სააქციო საზოგადოების მარკეტინგის სამსახურის უფროსთან ანუ, პირთან, ვინც თანამდებობრივად კურირებს საქონლის რეალიზაციის პროცესს საწარმოში. ის გარემოება, რომ მარკეტინგის მენეჯერი ზ. შ.-ე არ წარმოადგენდა კ.-ის წარმომადგენლობაზე მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიულ პირთა რეესტრში რეგისტრირებულ პირს, სადავო არ იყო. ხელშეკრულების არსებით პირობებზე მოლაპარაკება ძირითადად წარმოებდა 31.05.2012წ.-ს, სარეკლამო ღონიძიებების დაგეგმვა და განხორციელება კი, უნდა მოსწრებულიყო 02 და 03 ივნისისათვის ანუ, დრო იყო მეტად შემჭიდროვებული. შესაბამისად, მოსარჩელე, რომელსაც კომუნიკაცია ჰქონდა და რომელმაც გარკვეული მოქმედებების განხორციელებაზე დავალება მიიღო კარგი საქმიანი რეპუტაციის საწარმოს მარკეტინგის სამსახურის უფროსისაგან, კეთილსინდისიერების ფარგლებში სარწმუნოდ მიიჩნევდა მოპასუხე კორპორაციის ნებას მარკეტინგული და სარეკლამო მომსახურების დაკვეთა-მიღების თაობაზე ანუ, მარკეტინგის მენეჯერმა ზ. შ.-ემ თავისი პასუხით შექმნა ისეთი გარემოებები, როცა მოსარჩელეს შეიძლებოდა კეთილსინდისიერად ჰქონებოდა, რომ ზ.შ.-ეს დირექტორისაგან დელეგირებული ჰქონდა უფლებამოსილება ნების გამოვლენაზე. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამასთან, მართებულია გასაჩივრებულ გადაწყვეტილებაში მოცემული მსჯელობა მასზედ, რომ ზ.შ.-ის მიერ გამოვლენილი ნების ნაკლიანად მიჩნევის შემთხვევაშიც არსებობს მოპასუხეზე მოთხოვნილი თანხის დაკისრების საფუძველი. კერძოდ, მხარეთა შორის სადავო არაა გარემოება მასზედ, რომ 2012 წლის ფესტივალ Tbilisi Open Air-ის ოფიციალური სპონსორი იყო მოპასუხე სს ,,ქ. ლ. კ.-ა“ საქმის მასალებით დადგენილია და სს ,,ქ. ლ. კ.-ა“ სადავოდ არ ხდის იმ გარემოებას, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს შპს ,,პ. დ.-მა” განახორციელა სარეკლამო BTL აქტივობა, რომელიც ჩატარდა Tbilisi Open Air-ის ფარგლებში (იხ.: თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 02.12.2014წ. სხდომის ოქმი CD დისკზე 16:28:47-16:29:42). საქმეში წარმოდგენილია შპს ,,პ. დ.-ის“ მიერ განხორციელებული აქტივობების ამსახველი ფოტო და ვიდეო მასალა, მასალაში ასახულია მიმის მსახიობები და პრომო გოგონები ლუდი ზ.-ის მაისურებით, რომლებიც რეკლამირებას უწევენ აღნიშნულ ბრენდს, ასევე ინვენტარი და ტექნიკა ზ.-ის ატრიბუტიკით, ტენტი ლუდი ზ.-ის ბანერით და ა.შ. როგორც თავშიც აღინიშნა (4.1. პუნქტი), მოპასუხის მარკეტინგის სამსახურის უფროსისაგან ჰქონდა მოსარჩელეს მიღებული მოპასუხის ლ. ეტიკეტის ვექტორი.

უდავოა, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს განახორციელებული სარეკლამო ,,ბი თი ელ” აქტივობა Tbilisi Open Air-ის 2012-ის ფარგლებში ჩატარდა სპეციალურად შპს ,,პ. დ.-ის” მიერ დაქირავებულ ტერიტორიაზე. რაც შეეხება აქტივობის ჩასატარებლად შპს ,,ქ. ლ. კ.-ის” (ორგანიზებით) შპს ,,პ. დ.-ისათვის” ლ., გასაციებელი მაცივრების და ბანერების მიწოდებას, აპელანტი განმარტავს, რომ შპს ,,ქ. ლ. კ.-ას“ შპს ,,პ. დ.-ისათვის“ არ მიუწოდებია აღნიშნული პროდუქცია, თუმცა აქვე ადასტურებს, რომ Tbilsi Open Air 2012-ის ფარგლებში ნამდვილად ხდებოდა ლუდი ზ.-ის რეალიზაცია. ამასთან, სასამართლოს კითხვაზე, განაცხადა თუ არა რაიმე პროტესტი შპს ,,პ. დ.-ის“ მიერ განხორციელებული აქტივობებთან დაკავშირებით, აპელანტმა განმარტა, რომ ასეთი პროტესტი ადგილზე გაცხადებული არ ყოფილა.

პალატამ მიიჩნია, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ორგანიზებით სარეკლამო აქტივობების ჩატარებაზე პროტესტის არგამოცხადება 2 დღის მანძილზე შინაარსობრივად გულისხმობს თანხმობას აღნიშნულზე და შესრულების მიღებას, რაც თავის მხრივ, წარმოშობდა ამ მიღებულ სარეკლამო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულებას.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით, სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, რომლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 111-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი წარმომადგენლობითი უფლებამოსილების გარეშე სხვისი სახელით დებს ხელშეკრულებას, ამ ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია წარმოდგენილი პირის თანხმობაზე.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ იქნა, რომ მოპასუხის მხრიდან მოსარჩელის ორგანიზებით სარეკლამო აქტივობების ჩატარებაზე პროტესტის არგამოცხადება 2 დღის მანძილზე შინაარსობრივად გულისხმობდა თანხმობას აღნიშნულზე და შესრულების მიღებას, რაც თავის მხრივ, წარმოშობდა ამ მიღებულ სარეკლამო მომსახურებაზე გაწეული ხარჯის ანაზღაურების ვალდებულებას. ასევე ირკვეოდა, რომ მოსარჩელე, რომელიც კომერციული იურიდიული პირს წარმოადგენდა, ითხოვდა არა მის მიერ განხორციელებული სარეკლამო საორგანიზაციო მომსახურების ჰონორარს, არამედ, ღონისძიებების ორგანიზაციის ფარგლებში გაწეულ ხარჯებს.

სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილზე, რომლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას და სარჩელი გაწეული სარეკლამო მომსახურების ღირებულების - 11 242.50 ლარის დაკისრების თაობაზესაფუძვლიანად მიიჩნია.

სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება. 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისათვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისათვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. 412-ე მუხლით, ვალდებულების წარმოშობისა და ზიანის ანაზღაურების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ზიანის რეალურად არსებობა, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მისი დადგენისათვის აუცილებელია გათვალისწინებულ იქნეს, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. იმის გათვალისწინებით, რომ საბაზრო ეკონომიკის პირობებში ფული განიხილება როგორც ყველაზე ბრუნვაუნარიანი საგანი, მისი ფლობა უპირობოდ იძლევა შემოსავლის მიღების პრეზუმფციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ მართებულად მიიჩნია მოვალისათვის სავარაუდო ზიანის სახით, გადაუხდელი თანხის წლიური 12%, რაც 2012 წლის 04 ივნისიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდზე შეადგენდა 2248.5 ლარს.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 30 დეკემბრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა სს „ქ. ლ. კ.-ამ“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

კასატორი თავის საკასაციო პრეტენზიას აფუძნებს შემდეგ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ მხარეებს შორის საერთოდ არ არსებობდა სადავო სახელშეკრულებო ურთიერთობა, შესაბამისად მოპასუხეს არ წარმოშობია მოსარჩელის მიმართ რაიმე სახის ვალდებულება. კასატორის განმარტებით, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით სტიმულს აძლევს ყველა არაკეთილსინდისიერ საწარმოს/მოქალაქეს მხარესთან შეუთანხმებლად გაწიოს გარკვეული ხარჯები, რათა საკუთარი საქმიანობის რეკლამირება მოახდინოს და ამის შემდგომ მოითხოვოს ხარჯების ანაზღაურება ფაქტობრივად დაზარალებული კ.-ისაგან. კასატორის განმარტებით, მოსარჩელემ მიიღო სარგებელი ასეთი მოქმედებით და მოპასუხეს ზიანი მოუტანა, თუმცა სასამართლომ არასწორი შეფასება მისცა ფაქტობრივ გარემოებებს. კასატორის განმარტებით, სასამართლო საქმის გარემოებების შეფასებისას მხოლოდ მოსარჩელის ახსნა-განმარტებებს ითვალისწინებს და არ ახდენს მტკიცებულებების სრულ/ობიექტურ გამოკვლევას. კასატორის მითითებით, სს „ქ. ლ. კ.-ასა“ და შპს „პ. დ.-ს“ შორის არ დადებულა სარეკლამო მომსახურების შესახებ, რადგან ხელშეკრულებაზე, რომელიც მოსარჩელის მიერ იქნა წარმოდგენილი სასამართლოსთვის, არ არის უფლებამოსილი პირის ხელმოწერა. სს „ქ. ლ. კ.-ის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსის, ზ. შ.-ის მიერ გაგზავნილ ელექტრონულ წერილსა და მასზე დატანილ ხელმოწერასთან დაკავშირებით, კასატორი განმარტავს, რომ დასახელებული პიროვნება არ იყო უფლებამოსილი ხელშეკრულება დაედო სს-ის სახელით და ასევე, სადავოა, ნამდვილად ეკუთვნის თუ არა ეს ხელმოწერა ზ. შ.-ეს.

კასატორი დაუსაბუთებლად მიიჩნევს საქალაქო და სააპელაციო სასამართლოების მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მოპასუხის მხრიდან 2 დღის განმავლობაში პროტესტის განუცხადებლობით, მან მოიწონა შესრულება, მიიღო ის და შესაბამისად წარმოეშვა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის ანაზღაურების ვალდებულება. ასევე, კასატორისათვის მიუღებელია და ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, მოსარჩელის მოთხოვნა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან დაკავშირებით და არა მოთხოვნა - ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჰონორარის მიღების თაობაზე. კასატორის განმარტებით, სასამართლომ ყურადღების მიღმა დატოვა ის ფაქტი, რომ სს „ქ. ლ. კ.-ის“ სახელით ხელშეკრულების დადების უფლებამოსილება ჰქონდა მის დირექტორს ან დირექტორის მიერ უფლებამოსილებამინიჭებულ პირს, როგორიც არ იყო ზ. შ.-ე, სწორედ ამიტომ ზ. შ.-ის მიერ ხელმოწერილი ხელშეკრულება არ შეიძლება ჩაითვალოს სს-ს მიერ დადებულ ხელშეკრულებად.

კასატორის განმარტებით, საქმეში წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება, რომ მოპასუხემ მოსარჩელეს მიაწოდა ესა თუ ის პროდუქცია/ინვენტარი. ასევე, კასატორი არ იზიარებს სასამართლოს მიერ უდავოდ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას, თითქოს მისი მხრიდან სადავო არ გამხდარა, რომ ეს არ იყო შემოსაზღვრული ტერიტორია, არამედ ეს იყო ტერიტორია ღია ცის ქვეშ, სადაც შესვლის უფლება ყველას ჰქონდა.

კასატორის განმარტებით, სასამართლოს მიერ უმართებულოდ იქნა დადგენილი სარეკლამო ხელშეკრულების დადების ფაქტი. აქედან გამომდინარე, არ არსებობდა არც ძირითადი ვალდებულების შესრულებისა და არც პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები. კასატორის განმარტებით, ყოველივე ზემოთ აღნიშნული კი საკასაციო საჩივრის დაკმაყოფილებისა და სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:

წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის მასსა და მოსარჩელეს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობისა და მისგან გამომდინარე ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და საკასაციო საჩივრის ძირითად პოზიციას იმ გარემოებას აფუძნებს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ასა“ და შპს „პ. დ.-ს“ შორის ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ არ გაფორმებულა.

კასატორის ზემოთ მითითებულ პოზიციას საკასაციო პალატა არ იზიარებს და მიუთითებს მოცემულ საქმეზე დადგენილ იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-მა” სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის მენეჯერ ზ. შ.-ეს ელექტრონული წერილით აცნობა, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს დაგეგმილი აქტივობების განხორციელებისათვის კ.-ას ესაჭიროებოდა ხელმოწერილი კონტრაქტი. ამასთან, განუმარტა, რომ თუ კონტრაქტის ხელმოწერა ფიზიკურად ვერ ხერხდებოდა, კ.-ის ოფიციალურ წარმომადგენელს უნდა დაედასტურებინა თანხმობა გადმოგზავნილi შეთავაზებისa და ბიუჯეტის დამტკიცების თაობაზე. ელექტრონული წერილით შპს ,,პ. დ.-მა” მოითხოვა კონტრაქტზე ხელმოწერა განხორციელებულიყო არაუგვიანეს 2012 წლის 05 ივნისისა და ამასთან, მოპასუხე კ.-ას უნდა დაედასტურებინა ის ფაქტი, რომ ელექტრონულ მიმოწერას გააჩნდა მოქმედი იურიდიული ძალა.

უდავო გარემოებაა, რომ 31.05.2012წ.-ს შპს ,,პ. დ.-ის“ ელექტრონული წერილის პასუხად ზ. შ.-ემ, როგორც სს ,,ქ. ლ. კ.-ის” მარკეტინგის სამსახურის უფროსმა დაადასტურა თანხმობა შპს ,,პ. დ.-ის” მიერ მიწოდებული აქტივობების განხორციელებაზე, მანვე მიაწოდა შპს ,,პ. დ.-ს” კ.-ის ლ. ეტიკეტის ვექტორი, რაც საჭირო იყო საბეჭდი მასალის შეფუთვისათვის.

საქმის მასალებში წარმოდგენილია შპს ,,პ. დ.-ის” მიერ სხვადასხვა იურიდიულ თუ ფიზიკურ პირებთან გაფორმებული მთელი რიგი ხელშეკრულებები და ამ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული შესრულების მიღების დამადასტურებელი მიღება-ჩაბარების აქტები, რომლითაც დადასტურებულია, რომ 2012 წლის 02 და 03 ივნისს Tbilisi Open-Air-ის ფარგლებში ორგანიზებული ,,ზ.-ის” BTL ღონისძიების უზრუნველსაყოფად სს ,,გ. ც.-თან”, შპს ,,ზ. გ.-თან”, შპს ,,შ.-თან”, ა. შ.-თან, მ. კ.-ესთან შპს ,,პ. დ.-მა” გააფორმა ხელშეკრულებები ტრანსპორტირების, სარეკლამო პროდუქციის გავრცელების, მიმებითა და მსახიობ-ანიმატორითა და სხვა სახის მომსახურების უზრუნველსაყოფად.

ასევე დადგენილია, რომ შპს ,,პ. დ.-ის” მიერ ჩატარებული სარეკლამო აქტივობის ღირებულებამ მთლიანობაში შეადგინა 11 242.50 ლარი.

იმ პირობებში, როდესაც დადასტურებულია ზემოთ დასახელებული მომსახურების რეალურად მიღების ფაქტი, კასატორი სადავოდ ხდის აღნიშნული მომსახურების გაწევაზე მხარეთა ორმხრივი შეთანხმების არსებობას და განმარტავს, რომ სს „ქ. ლ. კ.-ას“ მომსახურების მიღებაზე ნება არ გამოუვლენია, ხოლო ზ.შ.-ის მიერ გაგზავნილი ელექტრონული წერილით კი, სადავო გარემოება არ შეიძლება დადასტურებულიყო, რამდენადაც იგი არ იყო სათანადოდ უფლებამოსილი პირი საზოგადოების სახელით გამოსულიყო მესამე პირებთან ურთიერთობაში.

როგორც ზემოთ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით ირკვევა შპს „პ. დ.-ი“ მომსახურების გაწევაზე მოლაპარაკებას აწარმოებდა ელექტრონულ ფოსტის მეშვეობით სს „ქ. ლ. კ.-ის“ მარკეტინგის სამსახურის უფროსთან.

დადგენილია, ისიც, რომ მომსახურების მიზანს წარმოადგენდა 2012 წლის 02 და 03 ივნისს დაგეგემილი ღონისძიების უზრუნველყოფა, ხოლო უშუალოდ ელექტრონული კომუნიკაცია მხარეებს შორის შედგა 31.05.2012წ.-ს ანუ, ზუსტად ერთი კალენდარული დღით ადრე.

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მართალია კ.-ის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირებს სამეწარმეო ურთიერთობის მიზნებისათვის წარმოადგენენ დირექტორები, თუმცა, მოცემულ საქმეზე დადგენილი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით მეწარმეთა შესახებ კანონის ეს ჩანაწერი არ შეიძლება იმგვარად იქნეს განმარტებული, რომ ზიანი მიადგეს ხელშეკრულების მონაწილე მეორე მხარის კანონიერ უფლებებსა და ინტერესს და არაკეთილსიდისიერად წახალისდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის ნამდვილი მონაწილე, საზოგადოების დირექტორის სახელით გარიგების დადების ნების არარსებობაზე მანიპულირებით. საკასაციო პალატის განმარტებით, ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრიციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. კეთილსინდისიერების ინსტიტუტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სამოქალაქო სამართლისათვის და იგი მთლიანად კერძო სამართლის უმთავრეს პრინციპს წარმოადგენს. სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის დანაწესის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებული არიან, კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობები. გარდა აღნიშნულისა, კერძო სამართლებრივ ურთიერთობათა კეთილსინდისიერად წარმართვის ვალდებულებას, სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა ზოგჯერ პირდაპირ ადგენს, ხოლო ნორმათა უმრავლესობა, მართალია, პირდაპირ არ უთითებს მასზე, მაგრამ მაინც მას ეფუძნება. კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სატაბილურობასა და სიმყარეს.

მოცემულ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მოპასუხეს წარმოეშვა სარეკლამო მომსახურების ღირებულების - 11 242.50 ლარის გადახდის მოვალეობა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე 361-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.

ასევე, დასაბუთებულია სარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის სახით დამდგარი ზიანის ანაზღაურების ნაწილშიც, სახელდობრ, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 411-ე და 412-ე მუხლების შესაბამისად, ზიანის მიყენების ფაქტისა და ზიანის ოდენობის შეფასება განსაკუთრებული თავისებურებებით ხასიათდება, როცა საქმე ეხება ფულად ვალდებულებას. ამგვარი დამოკიდებულება განპირობებულია ფულის განსაკუთრებული თვისებებით, კერძოდ, სყიდვაუნარიანობის მაღალი ხარისხი ყველა შემთხვევაში ანიჭებს ფულს სარგებლის მოტანის უნარს. ფული ყოველთვის წარმოადგენს შემოსავლის წყაროს, ვინაიდან შეუძლია, შესძინოს მესაკუთრეს არა მხოლოდ მისთვის სასურველი ქონება, არამედ გარკვეული პერიოდული შემოსავალი საბანკო პროცენტის სახით. ამგვარად, ფულადი ვალდებულების არაჯეროვანი შესრულება კრედიტორს ყოველთვის აყენებს ზიანს და სხვაგვარი ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეული ზიანისგან განსხვავებით, განსაკუთრებული მტკიცება არ სჭირდება არც ზიანის მიყენების ფაქტის და არც მისი ოდენობის დადგენას.

საქმის განმხილველმა მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურდეს თანხა, რასაც იგი მიიღებდა გასესხებული თანხის საბანკო ანაბარზე განთავსების შემთხვევაში, დარიცხული სარგებლის სახით და იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მოპასუხეს მოსარჩელისთვის უნდა დაებრუნებინა 11 242.50 ლარი, ამ თანხის წლიური 12% 2012 წლის 04 ივნისიდან სარჩელის წარდგენამდე პერიოდზე შეადგენდა 2248.5 ლარს.

ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.

როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან ამ კატეგორიის საქმეებზე უკვე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა, რომელიც შეეხება ნარდობის ხელშეკრულების ფარგლებში გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესსა და პირობებს (იხ., სუს 24.01.2014წ.-ის საქმე Nას-797-756-2013 განჩინება) და მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების მავალდებულებელ გარემოებებსა და მისი ოდენობის სამართლიანი განსაზღვრის კრიტერიუმებს (იხ. სუს 04.03.2014წ.-ის №ას-992-950-2013 განჩინება).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივარი და მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, სს „ქ. ლ. კ.-ას“ უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (674.55 ლარი) 70%, რაც შეადგენს 472.18 ლარს.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. სს „ქ. ლ. კ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;

2. კასატორს - სს „ქ. ლ. კ.-ას“ (ს/კ: ...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 18 თებერვალს №0 საგასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (674.55 ლარის) 70% – 472.18 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300 773 150;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ნ. ბაქაქური

ბ. ალავიძე