№ ას-260-247-2014 4 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა
ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი - ქ. თბილისის მერია (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს. პ. ჯ-ა“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
ქ. თბილისის მერიამ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს. პ. ჯ-ას“ მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებით ქ თბილისის მერიის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: შპს „ს. პ. ჯ-ას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა აღნაგობის საზღაური 7 818.97 ლარი; შპს „ს. პ. ჯ-ას“ ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 5 555,8 ლარი; შპს „ს. პ. ჯ-ას“ მოპასუხე ქ. თბილისის მერიის სასარგებლოდ 2013 წლის 29 აპრილიდან ყოველდღიურად პირგასამტეხლოს სახით დაეკისრა 120 000 ლარის 0,05%-ის გადახდა აღნაგობის საბოლოო საზღაურის გადახდამდე.
საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს შპს „ს. პ. ჯ-ამ“ და ქ. თბილისის მერიამ.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინებით ქ. თბილისიs მერიის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დაუშვებლობის გამო დარჩა განუხილველი.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი გამოცხადდა 2014 წლის 2 დეკემბერს გამართულ სხდომაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიას ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს. შესაბამისად, პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 30 დეკემბრიდან და ამოიწურა 2015 წლის 13 იანვარს. სააპელაციო საჩივარი კი აპელანტმა სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 14 იანვარს, ანუ გასაჩივრების კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის დარღვევით, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.
სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ქ. თბილისის მერიამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:
კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად, სამსახურის შემადგენლობაში შემავალი ერთ-ერთი განყოფილება. კერძოდ, სასამართლოსთან ურთიერთობის განყოფილება კომპეტენციის ფარგლებში, სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის საფუძველზე ახორციელებს ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგერნლობას სასამართლოში. საქმის მასალებში დაცული, სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობის თანახმად, მთავარ სპეციალისტს, ქ. მ-ს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება შეასრულოს ყველა საპროცესო მოქმედება, მათ შორის, უფლება, გაასაჩივროს სასამართლო გადაწყვეტილებები და განჩინებები. განსხვავებით ფიზიკური პირებისაგან, ადმინისტრაციული ორგანო სხვა სახით, თუ არა უფლებამოსილი პირის განსაზღვრით, სასამართლოში წარმომადგენლობას ვერ განახორციელებს. შესაბამისად, კერძო საჩივრის ავტორის აზრით, წარმოდგენილი მინდობილობა სასამართლოს მიერ განხილული უნდა იქნaს როგორც სასამართლოს აქტების ჩაბარების განსხვავებულ, გონივრულ წესზე შეთანხმება, ვინაიდან გასაჩივრების უფლებამოსილება მინდობილობით წარმომადგენელზე პირდაპირაა განსაზღვრული.
ამრიგად, საჩივრის ავტორის აზრით, ადმინისტრაციული ორგანოს კანცელარიაში გადაწყვეტილების რეგისტრაციის თარიღი არ უნდა იქნას მიჩნეული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადის ათვლის თარიღად, რამდენადაც ფიზიკური პირისგან განსხვავებით, რომელსაც აქვს შესაძლებლობა გადაწყვეტილების გადაცემით გაეცნოს გადაწყვეტილების შინაარსს, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილების კანცელარიაში რეგისტრაციით ვერ გაეცნობა მის შინაარსს და შესაბამისად მისი ინტერესებისა და უფლებების დარღვევის ფაქტს, რა მომენტიდანაც წარმოეშoბა სასამართლოში გასაჩივრების სამართლებრივი საფუძველი.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.
ამავე კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
აღნიშნული ნორმიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი ვადის დენა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 30-ე დღეს მხოლოდ იმ შემთხვევაში დაიწყება, თუ მხარე ამავე მუხლით განსაზღვრულ ვადაში სასამართლოში არ გამოცხადდება და გადაწყვეტილებას არ ჩაიბარებს.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზემოთ აღნიშნული მუხლი, ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, მითითებულ ვადაში სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად (გარდა იმავე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად. იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ვერ უზრუნველყოფს დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებას ამ ვადაში, ეს გარემოება მხარის პასუხისმგებლობის საფუძველი ვერ გახდება და ვადის ათვლა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან დაიწყება.
მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორიც არ ხდის სადავოდ იმ გარემოებას, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებას მართალია არ ესწრებოდა მოსარჩელე ქ. თბილისის მერიის წარმომადგენელი ქ. მ-ი (რომლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება დასტურდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსის მიერ გაცემული მინდობილობით (იხ. ტომი 1, ს.ფ. 112)), თუმცა მისთვის ცნობილი იყო აღნიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე (იხ. ტ. 1, ს.ფ. 117-118; 104-111).
დადგენილია ასევე, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 2 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება ქ. თბილისის მერიას გაეგზავნა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან (2014 წლის 2 დეკემბერი) 27-ე დღეს, 2014 წლის 29 დეკემბერს და ჩაბარდა 28-ე დღეს, 2014 წლის 30 დეკემბერს (იხ. ტ. 1. ს.ფ. 128). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ მხარისათვის გადაწყვეტილების გასაჩივრებისათვის დადგენილი 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 31 დეკემბერს და ამოიწურა 2015 წლის 13 იანვარს, ხოლო აპელანტმა სააპელაციო საჩივრით სასამართლოს მიმართა 2015 წლის 14 იანვარს, ანუ სასამართლოსთვის მიმართვის კანონით დადგენილი ვადის დარღვევით.
საკასაციო სასამართლო ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ ქ. თბილისის მერიის კანცელარიისთვის გადაწყვეტილების ჩაბარება სასამართლოს არ უნდა მიეჩნია დოკუმენტის მხარისთვის ჩაბარებად.
აღნიშნული პრეტენზიის საფუძვლიანობის შემოწმებისას პალატა ყურადღებას მიაქცევს შემდეგს:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, ორგანიზაციისათვის გაგზავნილი უწყება უნდა ჩაბარდეს კანცელარიას ან ასეთივე დანიშნულების სტრუქტურულ ერთეულს ანდა პირს, ხოლო ასეთის არყოფნის შემთხვევაში – ორგანიზაციის შესაბამის უფლებამოსილ პირს, რომელიც უწყებას ადრესატს გადასცემს. ამ ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევებში უწყების ჩაბარება დასტურდება მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერით.
ამდენად, აღნიშნული ნორმა იმპერატიულად ადგენს ორგანიზაციის კანცელარიის ან მსგავსი სტრუქტურული ერთეულის მიერ სასამართლო შეტყობინების მიღების წესს და დოკუმენტის ჩაბარებად მიიჩნევს მის მეორე ეგზემპლარზე უწყების მიმღების ხელმოწერის არსებობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე გვაქვს. კერძოდ, საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 2 დეკემბრის გადაწყვეტილება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის უფლებამოსილ სტრუქტურულ ერთეულს ჩაბარდა 2014 წლის 30 დეკემბერს, რაც დასტურდება ბეჭდით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პაკეტებისთვის“ და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით (იხ. ტ. 2. ს.ფ. 128).
ამრიგად, უსაფუძვლოა კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრება ზემოაღნიშნული მოტივით (გადაწყვეტილების ჩაბარების წესის დარღვევის გამო) სააპელაციო სასამართლოს განჩინების გაუქმების თაობაზე. უფრო მეტიც, საქმის მასალებით დგინდება, რომ ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება აპელანტს (ქ. თბილისის მერიას) ჩაბარდა იმავე წესის შესაბამისად, როგორც პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაგზავნის შემთხვევაში (ორგანიზაციის ბეჭდით „ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერია პაკეტებისთვის“ და უფლებამოსილი პირის ხელმოწერით) (იხ. ტ. 2. ს.ფ. 20), რაც მხარეს სადავოდ არ გაუხდია და კანონით დადგენილ ვადაში წარადგინა კიდეც კერძო საჩივარი.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად ქ. თბილისის მერიის სააპელაციო საჩივარი გასაჩივრების ვადის გასვლის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა
1. ქ. თბილისის მერიის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 2 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;
3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ნ. ბაქაქური
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ბ. ალავიძე