საქმე №ას-262-249-2015 13 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ტ +“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ქ.-ე (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2014 წლის 10 მაისს შპს „ტ+“-მა სარჩელი აღძრა ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე ლ. ქ.-ის მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 4,451 ლარის გადახდის დაკისრება.
სარჩელის ფაქტობრივ გარემოებად მითითებულია, რომ 26.02.2013წ.-ს შპს „ტ+“-სა და შპს „ე“-ს შორის გაფორმდა შედარების აქტი, რომლის თანახმად, შპს „ე“-ის დავალიანებამ შპს „ტ+“-ის მიმართ შეადგინა 4,451 ლარი, რომელიც უნდა დაეფარა 365 დღის განმავლობაში. დავალიანების დაფარვაზე ვალდებულება პირადად აიღი შპს „ე“-ის დირექტორმა - ლ. ქ.-ემ. 22.11.2013წ.-ს შპს „ე“-ის რეგისტრაცია გაუქმებულია, ხოლო დავალიანება არ არის დაფარული.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სარჩელზე წარდგენილი შესაგებლით სადავო გახადა 26.02.2013წ.-ს შპს „ტ+“-სა და შპს „ე“-ს შორის გაფორმებულ შედარების აქტზე ლ. ქმადაძის სახელით განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობა. ამავდროულად, განმარტა, რომ შპს „ე“-ის რეგისტრაცია გაუქმებულია, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლის შესაბამისად, იურიდიული პირის ვალდებულება შეწყვეტილია.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილებით შპს „ტ+“-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა უსაფუძვლობის გამო.
გადაწყვეტილება ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ+“-მა, რომელმაც მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და სააპელაციო სასამართლოს მიერ ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით შპს „ტ+“-ის სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. უცვლელად დარჩა ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 სექტემბრის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 22.11.2013წ.-ის №... გადაწყვეტილებით, „მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონისა და ქუთაისის სამოქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინების (საქმე № 2-628/13) საფუძველზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება შპს „ე”-ის (ს/ნ: ...) რეგისტრაციის გაუქმების შესახებ.
დადგენილია, რომ სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 08.08.2014წ.-ის დასკვნით პასუხის გაცემა კითხვაზე: 26.02.2013წ-ის შედარების აქტზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ლ. ქ.-ის მიერ, შეუძლებელი აღმოჩნდა ხელმოწერების მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო.
ამასთან, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ შედარების აქტი არ არის შევსებული ყველა რეკვიზიტების მოთხოვნათა დაცვით. აქტზე არ არის დასმული შპს „ე”-ის ბეჭედი, აქტზე არ არის საწარმოთა ბუღალტრების ხელმოწერები, შედარების აქტი არ გატარებულა მოდავე მხარეთა კანცელარიაში და საბუღალტრო დოკუმენტაციაში, რაც ეჭვს ბადებდა აღნიშნული შედარების აქტის ნამდვილობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ.-ეს შპს „ტ +”-ის წინაშე დავალიანების - 4451,1 ლარის გადახდის შესახებ ვალდებულება არ აუღია.
დადგენილია, რომ ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 10.06.2013წ.-ის განჩინებით (საქმე №2-628/13) შპს „ე”-ის დირექტორ ლ. ქ.-ეს უარი ეთქვა გაკოტრების შესახებ განცხადების წარმოებაში მიღებაზე. მიეთითა, რომ მოვალე გაკოტრებულად გამოცხადდებოდა რეგისტაციის გაუქმების გზით, თუ განჩინების გამოქვეყნებიდან ერთ თვის ვადაში კრედიტორი იმავე მოვალის მიმართ არ შეიტანდა სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ განცხადებას. ამასთან განჩინებით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში”. ინფორმაციის გამოქვეყნებიდან ერთი თვის ვადაში კრედიტორს, რომელიც დაინტერესებული იყო თავისი მოთხოვნით ამავე კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული მოვალის ქონებიდან დაკმაყოფილებით, შეეძლო სასამართლოში კანონი დადგენილი წესით შეეტანა გადახდისუუნარობის შესახებ განცხადება. თუ დადგენილ ვადაში კრედიტორის მიერ არ მოხდებოდა განცხადების შეტანა სასამართლოში, სასამართლო მოვალეს გაკოტრებულად გამოცხადებდა, რაც მოვალის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი გახდებოდა.
დადგენილია, რომ შპს „ტ+”-ს ერთი თვის ვადაში არ შეუტანია განცხადება სასამართლოში გადახდისუუნარობის შესახებ. შემდგომში ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 21 აგვისტოს განჩინებით (საქმე №2-628/13, მოსამართლე გენადი მაკარაძე) დადგინდა, რომ : 1) სსიპ- შემოსავლების სამსახურს უარი ეთქვა შპს „ე”-ის (ს/კ:... მიმართ გადახდისუუნარობის საქმის წარმოების დაწყებაზე განცხადების წარმოებაში მიღებაზე; 2) შპს „ე”-ი გამოცხადდა გაკოტრებულად, შესაბამისად მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პრების რეესტრში გაუქმდა მისი რეგისტრაცია; 3) განჩინება გამოქვეყნდა „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს” ვებ-გვერდზე (02.09.2013წ.)
პალატამ გაიზიარა სასამართლოს მსჯელობას მასზედ, რომ მოსარჩელის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი 26.02.2013წ.-ის შედარების აქტიდან გამომდინარე ფიზიკურ პირის ლ. ქ.-ეს შპს „ტ +”-ის მიმართ რაიმე დავალიანება არ გააჩნდა. ამ დოკუმენტში მითითებული დავალიანება შეეხებოდა შპს „ტ +”-სა და შპს „ე”-ს შორის არსებულ ურთიერთობას. აღნიშნულიდან გამომდინარე, შედარების აქტი არ შეიძლებოდა მიჩნეულიყო ვალის აღიარების ხელშეკრულებად.
სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 454-ე მუხლზე, რომლის თანახმად, იურიდიული პირის ვალდებულება წყდება მისის ლიკვიდაციის დამთავრების რეგისტრაციის მომენტიდან და მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, შპს „ე”-ს ვალდებულება შპს „ტ +”-ის მიმართ შეწყდა 2013 წლის 22 ნოემბრიდან, ანუ, შპს „ე”-ის ლიკვიდაციის რეგისტრაციის მომენტიდან. სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, რომლის არსებობაც აღიარებული იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში, ლ. ქ.-ეს წერილობითი ფორმით არ აუღია შპს „ტ +”-ის წინაშე შპს „ე” ჯგუფის ვალის პირადად გადახდის ვალდებულება. ლ. ქ.-ე უარყოფს მის ხელისმოწერას მხარეთა შორის 26.02.2013წ. გაფორმებულ შედარების აქტზე. ლ. ქ.-ის მიერ აღნიშნულ შედარების აქტზე ამ უკანასკნელის ხელწერის ნამდვილობა ვერ იქნა ასევე დადასტურებული ექსპერტიზის დასკვნით. სააპელაციო სასამართლომ მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი შედარების აქტი არ პასუხობდა ამ მუხლის მოთხოვნებს. კერძოდ აქტში არ იყო ასახული ფიზიკური პირის მიერ იურიდიული პირის ნაცვლად ვალდებულების აღიარების ფაქტი, ასევე სხვა პირობები, რომლებიც კავშირშია ანგარიშსწორების დროს საგადასახადო კანონმდებლობის დაცვასთან.
სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. 465-ე მუხლის მიხედვით კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოთხოვოს ნებისმიერ მოვალეს, როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლომ სწორად არ გაიზიარა შპს „ტ +”-ის სარჩელის მოთხოვნა იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს 26.02.2013წ.-ის შედარების აქტი არის ვალის აღიარება ლ. ქ.-ის მხრიდან. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ლ. ქ.-ის, როგორც ფიზიკური პირის მხრიდან არ განხორციელებულა ვალის აღიარება. მას, როგორც ფიზიკურ პირს არ გააჩნდა შპს „ტ +”-ის ვალი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ სწორად ჩათვალა, რომ შპს „ტ +”-ის მხრიდან სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის თანახმად, ლ. ქ.-ეზე სოლიდარულად თანხის გადახდის მოთხოვნის დაკისრება იყო უსაფუძვლო.
სასამართლომ სწორად მიიჩნია უსაფუძვლოდ ასევე სარჩელის მოთხოვნა ლ. ქ.-ეზე თანხის დაკისრების შესახებ, რამდენადაც მხარემ ვერ წარმოადგინა სათანადო მტკიცებულებები მათი მოთხოვნების დასადასტურებლად. სასამართლომ 4,451.1 ლარის მოპასუხისათვის დაკისრების ნაწილში წარმოდგენილი შედარების აქტი სწორად მიიჩნია არასაკმარის მტკიცებულებად ამ ფაქტის დასადასტურებლად.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 12იანვრის განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ტ+“-მა და მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილება. კასატორმა ასევე მოითხოვა, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინების გაუქმება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა შუამდგომლობა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
კასატორის მოსაზრებით, შპს „ე-ის“ რეგისტრაციის გაუქმება სარჩელის დაკმაყოფილებისათვის არარელევანტურია. ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა დაფუძნებულია ფიზიკური პირის - ლ. ქ.-ის აღიარებაზე, ხოლო სასამართლოს მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ვალის აღიარება ლ. ქ.-ის მიერ არ განხორციელებულა საგადასახადო და სამოქალაქო კოდექსების შესაბამისად კასატორი არ ეთანხმება.
კასატორის მოსაზრებით, დავის გადაწყვეტისათვის მთავარია ლ. ქ.-ის ხელმოწერის ნამდვილობის დადასტურება, რომლის მტკიცების ტვირთი სასამართლომ არასწორად დააკისრა მოსარჩელეს. აღნიშნული მოსაზრების დასასაბუთებლად კასატორი მიუთითებს სუს 2012 წლის 30 დეკემბრის განჩინებაზე საქმე Nას-1065-999-2012. კასატორი აღნიშნავს, რომ სასამართლოს მიერ ჩატარებულმა ექსპერტიზამ ვერ დაადგინა შედარების აქტზე არსებული ხელმოწერა ეკუთვნოდა თუ არა ლ. ქ.-ეს, რის საფუძველზეც სასამართლომ დაასკვნა, რომ მოსარჩელის მიერ ვერ იქნა დადასტურებული ხელმომწერისა და ლ. ქ.-ის იდენტურობა. კასატორის მოსაზრებით, სასამართლომ არასწორად გადააკისრა ხელმოწერის ნამდვილობის მტკიცების ტვირთი მოსარჩელეს.
კასატორი აღნიშნავს, რომ მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნაზე. კასატორი უთითებს, რომ ხელვაჩაურის რაიონულმა სასამართლომ ექსპერტიზის დასკვნა, როგორც წერილობითი მტკიცებულება არ გადასცა მხარეს საქმის მსვლელობისას, რის გამოც, მან ვერ მოახერხა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ შუამდგომლობის დაყენება პირველი ინსტანციის სასამართლოში. აღნიშნულის გამო ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ კასატორს უარი უთხრა დამატებითი ექსპერტიზის დანიშვნის თაობაზე.
კასატორი, ასევე, ეჭვქვეშ აყენებს ექსპერტიზისათვის გადაცემული დოკუმენტების წარმოშობას და მათზე ხელმომწერის ვინაობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 მარტის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც მიჩნეულ უნდა იქნეს დაუშვებლად, შემდეგ გარემოებათა გამო:
კასატორი პრეტენზიას აცხადებს ლ. ქ.-ის, როგორც ფიზიკური პირის მიერ აღიარებული ფულადი ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლების კანონიერებაზე და განმარტავს, რომ მოთხოვნის საფუძვლად წარმოდგენილი დოკუმენტი, სახელდობრ, 26.02.2015წ.-ის შედარების აქტი შეიცავდა ვალის აღიარების ხელშეკრულებად კვალიფიკაციისათვის აუცილებელ ყველა კომპონენტს, ხოლო რაც შეეხება მასზე განხორციელებული ხელმოწერის ნამდვილობას, ამ გარემოების მტკიცების ტვირთი საქმის განმხილველმა სასამართლომ არასაწორად გადააკისრა მოსარჩელეს.
კასატორის ზემოთაღნიშნულ არგუმენტს საკასაციო ვერ გაიზიარებს და საკასაციო საჩივრის საფუძვლების (კასაციის მიზეზების) კანონიერების შემოწმების მიზნით, პირველ რიგში, მიუთითებს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომელითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ე.ი. მხარეს ეკისრება, როგორც ფაქტების მითითების, ასევე, მათი დამტკიცების ტვირთი, რაც სათანადო მტკიცებულებების წარდგენით უნდა განახორციელოს. კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე, რომელიც მოპასუხისაგან მოითხოვს ფულადი ვალდებულების შესრულებას და თავის სასარჩელო მოთხოვნის ფაქტობრივ საფუძვლად მიუთითებს 26.02.2013წ.-ის შედარების აქტზე, რომელსაც მიიჩნევს ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტად, ვალდებულია ადასტუროს მისი ნამდვილობა, სადავოობის შემთხვევაში.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოპასუხე ლ. ქ.-ემ სადავოდ გახადა მითითებულ დოკუმენტზე მისი ხელმოწერის ნამდვილობა. სადავო საკითხის გადასაწყვეტად საქმეზე დაინიშნა სასამართლოს გრაფიკული ექსპერტიზა, რომლის ჩატარება დაევალა სსიპ ლ.სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტიზის 08.08.2014წ.-ის დასკვნით პასუხის გაცემა კითხვაზე 26.02.2013წ-ის შედარების აქტზე ხელმოწერა შესრულებულია თუ არა ლ. ქ.-ის მიერ, შეუძლებელი აღმოჩნდა ხელმოწერების მოკლე და მარტივი აგებულებისა და გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნების სიმცირის გამო. აქვე განმარტებულია, რომ კვლევის შედეგად გამოვლენილი მცირედი თანადამთხვევები და განსხვავებები ხელის საერთო და კერძო ნიშნებში არ იყო საკმარისი რაიმე კატეგორიული დადებითი ან უარყოფითი დასკვნისათვის, ვინაიდან მათ გააჩნდათ დაბალი საიდენტიფიკაციო მნიშვნელობა და არ ქმნიდნენ პირისათვის დამახასიათებელ ნიშანთა ერთობლიობას.
ამასთან, საქმის განმხილველი სასამართლოს მიერ შეფასდა რა სადავო დოკუმენტი გაირკვა, რომ არც მისი შინაარსი იძლეოდა დოკუმენტის ნამდვილობის წინაპირობებს, სახელდობრ, დოკუმენტი შედგენილი იყო ორი იურიდიული პირის სახელით, თუმცა მასზე არ იყო იურიდიული პირის ბეჭედი, იგი არ იყო გატარებული სარეგისტრაციო ჟურნალში და მასში მითითებული ფულადი ვალდებულება შეეხებოდა შპს „ტ +”-სა და შპს „ე”-ს შორის არსებულ ურთიერთობას და ლ. ქ.-ის, როგორც ფიზიკურ პირის ვალდებულებას. შესაბამისად, წარმოდგენილი დოკუმენტის შინაარსის, ექსპერტიზის დასკვნისა და თავად მხარეთა პოზიციების ერთობლივი შეფასების შედეგად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განხილველი სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ ლ. ქ.-ეს შპს „ტ +”-ის წინაშე დავალიანების - 4451,1 ლარის გადახდის შესახებ ვალდებულება არ აუღია სწორი და დასაბუთებულია.
ამასთან, საკასაციო პალატა განმარტავს, რომ მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული ვალის არსებობა, მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში, სახეზე არ არის, რამდენადაც მოთხოვნის მთავარი კომპონენტი - წერილობითი დოკუმენტის ნამდვილობა, რომლის კონსტრუქციაც საკასაციო პალატას მისცემდა შესაძლებლობას ემსჯელა მოთხოვნის მართლზომიერებაზე, ეჭვს იწვევს.
რაც შეეხება კასატორის იმ პოზიციას, რომ ხელმოწერის ნადვილობის დასადასტურებლად მას უსაფუძვლოდ ეთქვა უარი განმეორებითი ექსპერტიზის დანიშნვაზე, რის გამოც იგი სადავოდ ხდის ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 12.01.2015წ.-ის საოქმო განჩინების კანონიერებას, ვერ იქნება გაზიარებული საკასაციო პალატის მიერ. საკასაციო პალატა განმარტავს, რომ როგორც ეს წინამდებარე საქმეზე ჩატარებული გრაფიკული ექსპერტიზის დასკვნითაა დადგენილი კატეგორიული დასკვნის გაკეთება შეუძლებელი იმის გამო აღმოჩნდა, რომ გამოსაკვლევად წარდგენილი ხელმოწერები მოკლე და მარტივი აგებულებით ხასიათდებოდა და მათზე გამოვლენილი ინფორმაციული ნიშნები მცირე იყო. ეს კი ნიშნავს სწორედ იმას, რომ დამატებითი ექსპერტიზის ჩატარება პრაქტიკულ მიზანს მოკლებულია და ამ შუამდგომლობას სწორად ეთქვა უარი.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძვლის არსებობა, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც, ვინაიდან არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს პრაქტიკა (სუს 08.11.2011წ.-ის საქმე N ას-839-890-2011), რომელშიც განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის დეფინიცია და ნორმით გათვალისწინებული აუცილებელი ფაქტობრივი შემადგენლობის არსებობის საკითხები.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას სს საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ტ +“-ის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „ტ +“-ს (ს/კ:...) დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 25 თებერვალს №... საგადასახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 210 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე