Facebook Twitter

საქმე № ას-268-256-2015 4 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი განხილვის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – თ. ქ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – თ. თ-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

თ. ქ-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში თ. თ-ის მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებით, თ. ქ-ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე თ. თ-ეს მოსარჩელე თ. ქ-ის სასარგებლოდ დაეკისრა ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიყენებული ზიანი 1500 (ათას ხუტასი) აშშ დოლარის ოდენობით, ასევე საჯარიმო ავტოსადგომზე 10 დღის საფასური - 40 (ორმოცდაათი) ლარი; მოსარჩელის მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების დარჩენილ 10 190 (ათი ათას ასოთხმოცდაათი) ლარის ნაწილში - არ დაკმაყოფილდა.

რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა თ. ქ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 თებერვლის განჩინებით თ. ქ-ის სააპელაციო საჩივარი გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 04 დეკემბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი დაუშვებლობის გამო.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტისათვის ცნობილი იყო გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების თარიღი, რომელსაც ესწრებოდა მოსარჩელე თ. ქ-ი. სსსკ-ის 2591 მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მას სასამართლოსთვის უნდა მიემართა 2014 წლის 24 დეკემბრიდან (მე-20 დღე) 2015 წლის 2 იანვრის ჩათვლით (30-ე დღე). საქმეში წარმოდგენილი ხელწერილით პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ აპელანტმა გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 9 დეკემბერს, შესაბამისად, გადაწყვეტილების გასაჩივრების 14 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2014 წლის 10 დეკემბრიდან და ამოიწურა 2014 წლის 23 დეკემბერს. მან კი სააპელაციო საჩივარი ფოსტას ჩააბარა 8 იანვარს, კანონით დადგენილი 14 დღიანი ვადის გასვლის შემდგომ, რაც სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი გახდა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე თ. ქ-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილება მას 2014 წლის 9 დეკემბერს არ ჩაბარებია. ამ დღეს მისმა წარმომადგენელმა ჩაიბარა სარჩელის უზრუნველყოფის თაობაზე გამოტანილი განჩინება და 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი, ხოლო დასაბუთებული გადაწყვეტილება ჩაიბარა 2014 წლის 29 დეკემბერს, რისი დამადასტურებელი მტკიცებულებაც საქმეში წარმოდგენილია. საჩივრის ავტორი მიუთითებს, რომ სადავო გადაწყვეტილება მან გაასაჩივრა გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მე-10 დღეს, 2015 წლის 9 იანვარს, შესაბამისად, გასაჩივრების კანონით დადგენილი ვადა არ დაურღვევია და არ არსებობდა მისი სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ თ. ქ-ის კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით, რომ სააპელაციო საჩივრის ავტორისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 4 დეკემბერს დანიშნული სასამართლო სხდომის თაობაზე, როდესაც გამოცხადდა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილი. შესაბამისად, პალატა მიიჩნევს, რომ დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარე სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2014 წლის 24 დეკემბრიდან (მე-20 დღე) 2015 წლის 2 იანვრის (30-ე დღე) ჩათვლით. საქმის მასალებით კი სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თ. ქ-ს გადაწყვეტილება ჩაბარდა 2014 წლის 9 დეკემბერს და, შესაბამისად, მისთვის გასაჩივრების 14 დღიანი ვადის დენა დაიწყო 2014 წლის 10 დეკემბერს და ამოიწურა ამავე წლის 23 დეკემბერს.

აღნიშნულის სამართლებრივ დასაბუთებას სააპელაციო სასამართლო ახდენს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 59-ე, 63.3-ე და 2591-ე მუხლების საფუძველზე.

საკასაციო პალატა დადგენილად მიიჩნევს, რომ აპელანტი მხარისათვის ცნობილი იყო 2014 წლის 4 დეკემბრის სასამართლო სხდომაზე გამოცხადებული განჩინების სარეზოლუციო ნაწილის შინაარსის თაობაზე, თუმცა ვერ გაიზირებს სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინების დასაბუთებას სააპელაციო საჩივრის შეტანის კანონით დადგენილი ვადის დენის დაწყებასთან დაკავშირებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 369-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სააპელაციო საჩივრის შეტანის ვადაა 14 დღე. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია და იგი იწყება მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ გადაწყვეტილების გამოცხადებას ესწრება გადაწყვეტილების გასაჩივრების უფლების მქონე პირი, ან თუ ასეთი პირისათვის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცნობილი იყო გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე (მისი წარმომადგენელი) ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა გამოცხადდეს სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

საქმეში წარმოდგენილია თ. ქ-ის რწმუნებულის, ფ. კ-ის მიერ შედგენილი მსგავსი შინაარსის მქონე ორი ხელწერილი: პირველი ხელწერილით ირკვევა, რომ 2014 წლის 9 დეკემბერს ფ. კ-მა ჩაიბარა გადაწყვეტილება #2-912-14 საქმეზე (იხ. ტ. 1. ს.ფ. 113). მეორე ხელწერილით კი დასტურდება, რომ მანვე 2014 წლის 29 დეკემბერს მიმართა გორის რაიონულ სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით და იმავე დღეს ჩაიბარა იგი (იხ. ტ. 1. ს.ფ. 125).

პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა, კერძოდ, მისი 2591-ე მუხლი ერთის მხრივ, ადგენს მხარის ვალდებულებას, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა სასამართლოში გამოცხადდეს გადაწყვეტილების მისაღებად, ხოლო, მეორეს მხრივ, ითვალისწინებს სასამართლოს ვალდებულებას, იმავე ვადაში მზად ჰქონდეს დასაბუთებული გადაწყვეტილება მხარისათვის გადასაცემად.

მოცემულ შემთხვევაში თავად სააპელაციო სასამართლომ სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების განჩინებაში მიუთითა, რომ ვინაიდან გასაჩივრების უფლების მქონე მხარისთვის (თ. ქ-ისთვის) ცნობილი იყო 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის თაობაზე, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარე სასამართლოში უნდა გამოცხადებულიყო 2014 წლის 24 დეკემბრიდან (მე-20 დღე) 2015 წლის 2 იანვრის (30-ე დღე) ჩათვლით.

საქმეში არსებული პირველი ხელწერილით (რომლის შესაბამისად, 2014 წლის 9 დეკემბერს თ. ქ-ის წარმომადგენელმა ჩაიბარა გადაწყვეტილება) ირკვევა, რომ გორის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადებიდან გასულია 5 დღე, ანუ გასაჩივრების უფლების მქონე მხარისათვის სასამართლოსთვის დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების მოთხოვნის ვალდებულება (სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა) ჯერ არ დამდგარა. საქმეში არსებული მეორე ხელწერილის შესაბამისად კი დასტურდება (იხ. ტ. 1. ს.ფ. 125), რომ გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის დასაბუთებული გადაწყვეტილების მოთხოვნით სასამართლოს თ. ქ-ის წარმომადგენელმა მიმართა გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან 25-ე დღეს (2014 წლის 29 დეკემბერს), ანუ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 2591-ე მუხლით დადგენილ ვადაში.

გამომდინარე იქიდან, რომ:

1. 2014 წლის 9 დეკემბრის ხელწერილი შეიცავს მხოლოდ ზოგად მითითებას გადაწყვეტილების ჩაბარების თაობაზე;

2. ნაკლებად სავარაუდოა 2014 წლის 9 დეკემბერს, ანუ საქმის ზეპირი მოსმენის დასრულებიდან და გადაწყვეტილების გამოტანიდან 5 დღეში სასამართლოს მზად ჰქონდა დასაბუთებული გადაწყვეტილება, მაშინ, როცა მხარეს მისი მოთხოვნის ვალდებულება წარმოეშობა გადაწყვეტილების გამოტანიდან მე-20 დღეს (არა უადრეს 20 დღისა);

3. 2014 წლის 29 დეკემბრის ხელწერილით დასტურდება კანონით დადგენილ ვადაში მხარის მიერ სასამართლოსადმი დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების მოთხოვნით მიმართვის ფაქტი;

4. მხარე უთითებს 2014 წლის 9 დეკემბერს სასამართლოს გადაწყვეტილების მხოლოდ სარეზოლუციო ნაწილის ჩაბარების თაობაზე და საქმეში წარმოდგენილია გორის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 დეკემბრის გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის ასლი, რომელიც იმავე სასამართლოს კანცელარიის ბეჭდით დამოწმებულია სწორედ 2014 წლის 9 დეკემბერს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 14-15);

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სასამართლოს ხელმისაწვდომობის პრინციპის გათვალისწინებით (საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლი), მზემოაღნიშნული გარემოებები უნდა განიმარტოს მხარის სასარგებლოდ. კერძოდ, იმგვარად, რომ დაცული იქნას გასაჩივრების უფლების მქონე მხარის უფლებები და კანონით გათვალისწინებული ინტერესები. მითუმეტეს მაშინ, როდესაც სასამართლოს, საქმეში არსებული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, ექმნება გონივრული ვარაუდი იმისა, რომ აპელანტს არ დაურღვევია სააპელაციო საჩივრის შეტანისათვის კანონით დადგენილი ვადა. ამასთან, საქმის მასალებში არ მოიპოვება რაიმე სახის მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა მეორე ხელწერილზე დაფიქსირებული მხარის მიერ გადაწყვეტილების ჩაბარების ან/და სასამართლოსთვის მიმართვის თარიღის უსწორობას. შესაბამისად, ყოველგვარი ეჭვი, რომელიც საწინააღმდეგოთი არ დასტურდება, უნდა გადაწყდეს მხარის სასარგებლოდ და დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღედ მიჩნეულ იქნას 2014 წლის 29 დეკემბერი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ გასაჩივრებული განჩინება იურიდიულად დაუსაბუთებელია, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით, ამ განჩინების გაუქმების და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველია.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. თ. ქ-ის კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს;;

2. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 09 თებერვლის განჩინება და საქმე თ. ქ-ის სააპელაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე