საქმე № 010210014511477
საქმე №ას-270-258-2015 13 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – მ. და თ. ფ.-ეები (მოპასუხე)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – პირგასამტეხლოს გადახდა
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში მ. და თ. ფ.-ეების მიმართ, ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, მოპასუხეებისათვის სოლიდარულად პირგასამტეხლოს – 101 969,04 ლარის ანაზღაურების შესახებ.
მოსარჩელის განმარტებით, მოპასუხეებს დაეკისრათ სახელმწიფოსათვის ზიანის ანაზღაურება, რა ვალდებულებაც მათ სრულად არ შეუსრულებიათ. პირგასამტეხლოს ოდენობამ შეადგინა 101 969,04 ლარი, რაც უნდა დაეკისროს მ. და თ. ფ.-ეებს.
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს და მიუთითეს, რომ მ. და თ. ფ.-ეებმა სახელმწიფოს, ვალდებულების შესრულების სანაცვლოდ, გადასცეს ქონება, შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრება მართებული არ არის.
ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 22 სექტემბრის გადაწყვეტილებით სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მ. და თ. ფ.-ეებს სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სასარგებლოდ დაეკისრათ 10 196,9 ლარის გადახდა, რაც თ. ფ.-ემ და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ გაასაჩივრეს სააპელაციო წესით. ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 14 იანვრის გადაწყვეტილებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, თ. ფ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, გასაჩივრებული გადაწყვეტილება გაუქმდა და სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგ გარემოებათა გამო:
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თ. ფ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი), სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა და 80 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით მ. ფ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (9 ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (10 ეპიზოდი), სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და 130 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდა დაზარალებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს – თ. და მ. ფ.-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის – 688 980 ლარის ანაზღაურება.
2013 წლის 26 მარტს, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და, მეორე მხრივ, მ., თ. ფ.-ეებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს – თ. კ.-ესა და ზურაბ დუმბაძეს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის თაობაზე.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, მ. და თ. ფ.-ეების მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობის მიღებისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულებმა იკისრეს რიგი ვალდებულებები, მათ შორის, ვალდებულება, განეხორციელებინათ სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვება ხელვაჩაურში, მახვილაურის მეურნეობაში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 718 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ამავე შეთანხმებით ქონების ღირებულების პროპორციულად, ფ.-ეების მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა განისაზღვრა 608 980 ლარით, თუმცა მიტოვების თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტში, 2013 წლის 22 მარტს ქონებაზე რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვის – ყადაღის გამო, საჯარო რეესტრმა 2013 წლის 28 მარტს უარი უთხრა ლ. ჯ.-ის წარმომადგენელ თ. კ.-ეს მიტოვების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
2013 წლის 26 მარტის შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხეებმა ასევე სოლიდარულად იკისრეს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებით „იპოთეკარისათვის“ მიყენებული ზიანის გადახდის ვალდებულება 3 წლის განაწილვადებით, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველი თვის 10 რიცხვში 16 916.1 ლარის ოდენობით. ამასთანავე „შეთანხმების“ მე-5 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი 2 უძრავი ქონება: 1) ზურაბ დუმბაძის საკუთრებაში არსებული 1194.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბ.-მში, დასახლება მ.-ში (ს/კ №...) და 2) თ. კ.-ის საკუთრებაში არსებული 327.3 კვ.მ კომერციული ფართი ქალაქ თ.-სში, მ.-ის ქ. №...-ის №... კორპუსის მე-2 სართულზე (ს/კ №...).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სოლიდარულ მოვალეებს – თ. და მ. ფ.-ეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი ზიანის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შეთანხმების მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ასანაზღაურებელი ზიანისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მიზნით, იპოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადასვლა. ასეთ შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ზიანის თანხა ჩაითვლება სრულად გადახდილად და წინამდებარე შეთანხმება შეწყდება.“
მოპასუხეებმა, სოლიდარულმა მოვალეებმა – თ. ფ.-ემ და მ. ფ.-ემ დაარღვიეს შეთანხმების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადეს თანხა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ განაწილვადებით 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველი თვის 10 რიცხვში 16916,1 ლარის ოდენობით, რის გამოც სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს 2013 წლის 12 ნოემბერის №4/35215 წერილით „სოლიდარულ მოვალეებს“, შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრათ პირგასამტეხლო – ასანაზღაურებელი ზიანის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან, „შეთანხმების“ მე-3 პუნქტის შესაბამისად, ასანაზღაურებელი ზიანის თანხისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად მიეცათ დამატებითი ვადა, არა უგვიანეს სააგენტოს წერილის ჩაბარებიდან 2 თვისა.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მითითებული წერილი ჩაბარდათ 2013 წლის 16 ნოემბერს, შესაბამისად, „სოლიდარული მოვალეებისათვის“ განსაზღვრული დამატებითი ვადა გავიდა 2014 წლის 16 იანვარს, თუმცა აღნიშნულს მოპასუხეების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ასანაზღაურებელი ზიანის თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 7 მარტს განხორციელდა შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, რითაც ასანაზღაურებელი ზიანის თანხა ჩაითვალა სრულად გადახდილად 608 980 ლარის ოდენობით ზიანის ნაწილში.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 მარტს მხარეებს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის თაობაზე, რომლის საფუძველზეც მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 286-ე, 289-ე, 300-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია, რომ 2013 წლის 26 მარტს, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს და, მეორე მხრივ, მ. ფ.-ეს, თ. ფ.-ესა და უძრავი ქონების მესაკუთრეებს – თ. კ.-ესა და ზურაბ დუმბაძეს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის თაობაზე. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე ფ.-ეების მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ამავე შეთანხმებით განისაზღვრა 608 980 ლარით.
2013 წლის 26 მარტის შეთანხმების მე-5 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება.
შეთანხმებით ნაკისრი ასანაზღაურებელი ზიანის თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 7 მარტს განხორციელდა შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, რითაც ასანაზღაურებელი ზიანის თანხა ჩაითვალა სრულად გადახდილად 608 980 ლარის ოდენობით ზიანის ნაწილში.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ შეთანხმების მე-4 პუნქტის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონებების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციით ვალდებულება მხარეებს შორის აღარ არსებობს. ასევე უდავოა, რომ შეთანხმებით მოპასუხეებისათვის დასაკისრებელი ზიანის ოდენობა 608 980 ლარით განისაზღვრა, ამდენად, დაუსაბუთებელია აპელანტ სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ მითითება, რომ დამატებით ასანაზღაურებელია კიდევ 80 000 აშშ დოლარი.
სააპელაციო პალატამ გაიზიარა აპელანტ თ. ფ.-ის პოზიცია და ჩათვალა, რომ მას პირგასამტეხლოს თანხა არ უნდა დაეკისროს, რადგან მოთხოვნის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ორივე უძრავი ქონება გადავიდა სახელმწიფოს საკუთრებაში, რაც არც მოსარჩელეს სადავოდ არ გაუხდია. შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსის 300-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუნდაც ეს ქონება საკმარისი არ იყოს მოთხოვნის უზრუნველსაყოფად, მაინც ითვლება, რომ ვალდებულება შესრულდა, შესაბამისად, მოპასუხეებს აღარ უნდა დაკისრებოდათ პირგასამტეხლოს თანხა.
სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ „...პირგასამტეხლოს უფლება აქცესორული უფლებაა, მისი არსებობა მთლიანად არის დამოკიდებული იმ ძირითად ვალდებულებაზე, რომლის უზრუნველსაყოფადაც გაითვალისწინეს მხარეებმა პირგასამტეხლო. ძირითადი ვალდებულების ბათილობა ავტომატურად გამოიწვევს პირგასამტეხლოს ბათილობას....მოვალე უფლებამოსილია, უარი თქვას პირგასამტეხლოს გადახდაზე ძირითადი ხელშეკრულების ბათილობის გამო, ან იმის გამო, რომ ძირითადი ვალდებულება უკვე შეწყდა, რადგან პირგასამტეხლო აქცესორული უზრუნველყოფაა, ის შეიძლება მხოლოდ ძირითადი ვალდებულების არსებობისას იქნეს გამოყენებული...“ (ლადო ჭანტურია, კრედიტის უზრუნველყოფის სამართალი, გამომცემლობა „სამართალი“, თბილისი, 2012 გვ. 236-237; 247;).
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ მიიჩნია ის ფაქტი, რომ ძირითადი ვალი მხარეებს შორის აღარ არსებობს (იპოთეკის საგნების მოსარჩელის საკუთრებაში გადასვლით), შესაბამისად, არ არსებობს საფუძველი პირგასამტეხლოს დაკისრებისათვისაც, რომელიც ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარეობს და მისი უზრუნველყოფის საშუალებაა.
სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილით, 115-ე მუხლით, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლებით და მიიჩნია, რომ აპელანტმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ უსაფუძვლოდ მოითხოვა მოპასუხეთაგან პირგასამტეხლოს დაკისრება მაშინ, როცა მან იპოთეკის საგნების მის საკუთრებად რეგისტრაციით დაიკმაყოფილა მოთხოვნა (შეთანხმების მე-4 პუნქტი). შესაბამისად, საფუძვლიანია თ. ფ.-ის სააპელაციო მოთხოვნა, რომ მას უსაფუძვლოდ დაეკისრა იპოთეკის საგნების მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემით, ანუ, შესრულებული ვალდებულების გამო, პირგასამტეხლოს გადახდა.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ“ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:
კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკმარისად დასაბუთებული არ არის, რამაც განაპირობა საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება და მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება.
მხარის მითითებით, 2013 წლის 26 მარტის შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ამავე შეთანხმების მე-3 პუნქტით განისაზღვრა თ. და მ. ფ.-ეების ვალდებულება პირგასამტეხლოს გადახდის თაობაზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ასანაზღაურებელი თანხის – 688 980 ლარის 0,1%-ის ოდენობით. მხარეებს შორის სადავო არ არის, რომ მ. და თ. ფ.-ეებმა დაარღვიეს შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულება და დადგენილ ვადაში თანხა არ გადაიხადეს. ამდენად, სასამართლოს უნდა დაეკმაყოფილებინა სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს, სულ – 101 969,04 ლარის გადახდის შესახებ სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის საფუძველზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 მარტის განჩინებით სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2010 წლის 19 აგვისტოს განაჩენით თ. ფ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (4 ეპიზოდი), სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 26 წლით თავისუფლების აღკვეთა და 80 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. მასვე დამატებით სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 20000 ლარის ოდენობით.
ამავე განაჩენით მ. ფ.-ე ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (9 ეპიზოდი), სსკ-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით (10 ეპიზოდი), სსკ-ის 24-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (8 ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 30 წლით თავისუფლების აღკვეთა და 130 000 ლარის გადახდა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, მასვე დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით.
ზემოაღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე დაკმაყოფილდა დაზარალებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს სამოქალაქო სარჩელი და მსჯავრდებულებს – თ. და მ. ფ.-ეებს სოლიდარულად დაეკისრათ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის – 688 980 ლარის ანაზღაურება.
2013 წლის 26 მარტს, ერთი მხრივ, სსიპ სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსა და, მეორე მხრივ, მ., თ. ფ.-ეებს, უძრავი ქონების მესაკუთრეებს – თ. კ.-ესა და ზურაბ დუმბაძეს შორის გაფორმდა შეთანხმება სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებისა და იპოთეკის თაობაზე.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე მ. და თ. ფ.-ეების მიმართ 2012 წლის 28 დეკემბრის ამნისტიის გავრცელებაზე თანხმობის მიღებისა და სახელმწიფოსათვის მიყენებული მატერიალური ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურების მიზნით, მსჯავრდებულებმა იკისრეს რიგი ვალდებულებები, მათ შორის, ვალდებულება, განეხორციელებინათ სახელმწიფოს სასარგებლოდ საკუთრების უფლების მიტოვება ხელვაჩაურში, მახვილაურის მეურნეობაში მდებარე №... საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ 718 კვ.მ მიწის ნაკვეთზე. ქონების ღირებულების პროპორციულად, ფ.-ეების მიერ სახელმწიფოსათვის მიყენებული ზიანის ოდენობა ამავე შეთანხმებით განისაზღვრა 608 980 ლარით, თუმცა, მიუხედავად შეთანხმებისა, მიტოვების თაობაზე განცხადების წარდგენის მომენტში, 2013 წლის 22 მარტს ქონებაზე რეგისტრირებული სამართლებრივი შეზღუდვის – ყადაღის გამო, საჯარო რეესტრმა 2013 წლის 28 მარტს უარი უთხრა ლ. ჯ.-ის წარმომადგენელ თ. კ.-ეს მიტოვების შესახებ განცხადების დაკმაყოფილებაზე.
2013 წლის 26 მარტის შეთანხმების პირველი პუნქტის თანახმად, მოპასუხეებმა ასევე სოლიდარულად იკისრეს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედებებით „იპოთეკარისათვის“ მიყენებული ზიანის გადახდის ვალდებულება 3 წლის განაწილვადებით, 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველი თვის 10 რიცხვში 16 916.1 ლარის ოდენობით. ამასთანავე, „შეთანხმების“ მე-5 პუნქტის თანახმად, პირველი პუნქტით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა შემდეგი ორი უძრავი ქონება: 1) ზურაბ დუმბაძის საკუთრებაში არსებული 1194.00 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი ქ. ბათუმში, დასახლება მ.-ში (ს/კ №...) და 2) თ. კ.-ის საკუთრებაში არსებული 327.3 კვ.მ კომერციული ფართი ქ.თბილისში, მ.-ის ქ. №...-ის №... კორპუსის მე-2 სართულზე (ს/კ №...).
სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ შეთანხმების მე-3 პუნქტის თანახმად, შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში სოლიდარულ მოვალეებს – თ. და მ. ფ.-ეებს დაეკისრებოდათ პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი ზიანის 0,1%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შეთანხმების მე-4 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ, რომ „წინამდებარე შეთანხმების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ასანაზღაურებელი ზიანისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს ანაზღაურების მიზნით, იპოთეკარს უფლება აქვს, მოითხოვოს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მის საკუთრებაში გადასვლა. ასეთ შემთხვევაში, ასანაზღაურებელი ზიანის თანხა ჩაითვლება სრულად გადახდილად და წინამდებარე შეთანხმება შეწყდება.“
მოპასუხეებმა, სოლიდარულმა მოვალეებმა – თ. ფ.-ემ და მ. ფ.-ემ დაარღვიეს შეთანხმების პირველ პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულება და არ გადაიხადეს თანხა, რომელიც მათ უნდა გადაეხადათ განაწილვადებით 2013 წლის 1 ოქტომბრიდან ყოველი თვის 10 რიცხვში 16916,1 ლარის ოდენობით, რის გამოც სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ 2013 წლის 12 ნოემბერის №... წერილით „სოლიდარულ მოვალეებს“ შეთანხმების პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობისათვის, შეთანხმების მე-3 პუნქტის შესაბამისად, დაეკისრათ პირგასამტეხლო ასანაზღაურებელი ზიანის 0.1%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, ამასთან, „შეთანხმების“ მე-3 პუნქტის მიხედვით, ასანაზღაურებელი ზიანის თანხისა და დაკისრებული პირგასამტეხლოს გადასახდელად მიეცათ დამატებითი ვადა, არაუგვიანეს სააგენტოს წერილის ჩაბარებიდან 2 თვისა.
მხარეებს შორის სადავო არ არის ის გარემოება, რომ მოპასუხეებს მითითებული წერილი ჩაბარდათ 2013 წლის 16 ნოემბერს, შესაბამისად, „სოლიდარული მოვალეებისათვის“ განსაზღვრული დამატებითი ვადა გავიდა 2014 წლის 16 იანვარს, თუმცა აღნიშნულს მოპასუხეების მხრიდან რეაგირება არ მოჰყოლია.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დაადგინა, რომ შეთანხმებით ნაკისრი ასანაზღაურებელი ზიანის თანხის გადახდის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, 2014 წლის 7 მარტს განხორციელდა შეთანხმების მე-5 პუნქტის საფუძველზე იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაცია, რითაც ასანაზღაურებელი ზიანის თანხა ჩაითვალა სრულად გადახდილად 608 980 ლარის ოდენობით ზიანის ნაწილში.
ამდენად, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების სახელმწიფო საკუთრებად რეგისტრაციის შედეგად ვალდებულება მხარეებს შორის აღარ არსებობს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან ძირითადი ვალდებულების არარსებობის პირობებში აქცესორული უფლების განხორციელების დაუშვებლობის შესახებ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2014 წლის 1 დეკემბერი, საქმე №ას-632-599-2014).
საკასაციო სასამართლოს განმარტებით, სამოქალაქო კოდექსის 153-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პირგასამტეხლო წარმოადგენს აქცესორულ უფლებას, რომელიც დამოკიდებულია ძირითად უფლებაზე. პირგასამტეხლო, როგორც დამატებითი ვალდებულებითი მოქმედება, შესაძლებელია, წარმოიშვას მხოლოდ ძირითადი, რეალური ვალდებულების საფუძველზე და ძირითადი უფლების არარსებობის შემთხვევაში არ იარსებებს ასევე პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. სსიპ „სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს“ საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ბ. ალავიძე
ნ. ბაქაქური