საქართველოს უზენაესი სასამართლო
განჩინება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2015 წელი
№ას-289-277-2015 თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
პაატა ქათამაძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ვასილ როინიშვილი, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ჩ.რ.-ი“
მოწინააღმდეგე მხარე – ბ.ჭ.
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინება
კერძო საჩივრის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება
დავის საგანი – სახელფასო დავალიანებისა და კომპენსაციის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი :
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 18 ნოემბრის გადაწყვეტილებით:
1. ბ.ჭ.-ს სარჩელი დაკმაყოფილდა;
2. მოპასუხე შპს „ჩ.რ.-ს“ ბ.ჭ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა სახელფასო დავალიანების გადახდა 8000 ლარის ოდენობით;
3. შპს „ჩ.რ.-ს“ ბ.ჭ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა საბოლოო ანგარიშწორების დაყოვნებისათვის პირგადამტეხლოს გადახდა 1079.60 ლარის ოდენობით;
4. შპს „ჩ.რ.-ს“ ბ.ჭ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა კომპენსაციის გადახდა 2000 ლარის ოდენობით.
პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ჩ.რ.-მა“.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით:
1. შპს „ჩ.რ.-ის“ განცხადება საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე არ დაკმაყოფილდა;
2. შპს „ჩ.რ.-ის“ სააპელაციო საჩივარი განუხილველად დარჩა, ამ უკანასკნელის მიერ ხარვეზის დადგენილ ვადაში შეუვსებლობის გამო;
3. შპს „ჩ.რ.-ს“ დაუბრუნდა სააპელაციო საჩივარზე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 2015 წლის 24 იანვარს, სს „თ.ბ.-ში“ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 150 ლარი.
სააპელაციო სასამართლოს ზემოაღნიშნული განჩინება კერძო საჩივრით გაასაჩივრა შპს „ჩ.რ.-მა“.
კერძო საჩივრის საფუძვლები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული საპროცესო ვადის აღდგენის ინსტიტუტი მიმართულია სასამართლოს მიერ კონკრეტული საპროცესო მოქმედებისათვის დანიშნული ვადის გახანგრძლივებისკენ, რაც იმავდროულად გამოხატავს მოდავე მხარის იურიდიული ინტერესის დაცვის (რეალიზების) საპროცესო გარანტიებს.
მოცემულ შემთხვევაში, საქმე შეეხება სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის დაგვიანებით, საპროცესო ვადის გასვლის შემდგომ აღმოფხვრასა და ამ მიზეზით სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებას. ის გარემოება, რომ აპელანტს შენარჩუნებული ჰქონდა იურიდიული ინტერესი, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად დაცვის მთავარ სიკეთეს წარმოადგენს, ვლინდება, როგორც სააპელაციო საჩივრის ინიცირებაში, აგრეთვე, სადავო განჩინების გამოტანამდე ხარვეზის ფაქტობრივად აღმოფხვრაში. ამდენად, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების მომენტისათვის სახეზე არ იყო სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელი წინაპირობები, გარდა დაგვიანებული შესრულებისა.
სასამართლო ვერ აკონკრეტებს მიზეზებს, თუ რატომ არ შეიძლება უცხო ქვეყნის კომპანიისათვის ენობრივი კომუნიკაციის სირთულე იმ განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად იქნეს განხილული, რამაც შესრულების დროში მარტოოდენ შეფერხება გამოიწვია, მით უმეტეს, სასამართლოს უშუალოდ მხარის ქართულენოვანი წარმომადგენლისათვის ხარვეზის შესახებ ინფორმაციის მიწოდება არ განუხორციელებია.
განსახილველი შემთხვევა, ფორმალური თვალსაზრისით აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ პირობებს და ცალსახად იძლევა საშუალებას, დაგვიანებული შესრულება არ ჩაითვალოს სააპელაციო საჩივრის წარმოებაში მიღების დამაბრკოლებელ გარემოებად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლის, კერძო საჩივრის საფუძვლების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ჩ.რ.-ის“ კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:
საქმის მასალებით ირკვევა, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 12 იანვრის განჩინებით აპელანტ შპს „ჩ.რ.-ს“ სააპელაციო საჩივარზე დაუდგინდა ხარვეზი, კერძოდ, მას დაევალა აღნიშნული განჩინების ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში სახელმწიფო ბაჟის სახით 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის სააპელაციო სასამართლოში წარდგენა; მასვე დაევალა, იმავე ვადაში მიეთითებინა, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ამავდროულად, აპელანტს განემარტა, რომ სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის შეუვსებლობის შემთხვევაში, მისი სააპელაციო საჩივარი დარჩებოდა განუხილველად (ტომი 1, ს.ფ. 2-4).
სააპელაცო სასამართლოს დასახელებული განჩინება 2015 წლის 16 იანვარს გაეგზავნა შპს „ჩ.რ.-ს“ და ამავე წლის 20 იანვარს ჩაბარდა ხსენებული ორგანიზაციის ოფის-მენეჯერს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 5-6).
აღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 და 61-ე მუხლების შესაბამისად, სააპელაციო საჩივარში ხარვეზის შევსების ვადის ათვლა კონკრეტულ შემთხვევაში დაიწყო 2015 წლის 21 იანვარს და ამოიწურა ამავე წლის 30 იანვარს, რომელიც იყო სამუშაო დღე – პარასკევი. მიუხედავად ამისა, აპელანტს ხარვეზი არ შეუვსია და არც რაიმე შუამდგომლობით მიუმართავს სააპელაციო სასამართლოსათვის. საპროცესო ვადის აღდგენის თაობაზე შუამდგომლობა, აპელანტის წარმომადგენელმა, სააპელაციო სასამართლოში წარადგინა 2015 წლის 3 თებერვალს (იხ. ტომი 2, ს.ფ. 7-17).
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ განსახილველ შემთხვევაში სწორად გამოიყენა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-5 ნაწილი, რომლის თანახმად, თუ სააპელაცო საჩივარი არ უპასუხებს ამ მუხლში ჩამოთვლილ მოთხოვნებს, ან სახელმწიფო ბაჟი არ არის გადახდილი, სასამართლო ავალებს საჩივრის შემტან პირს, შეავსოს ხარვეზი, რისთვისაც მას ვადას უნიშნავს. თუ ამ ვადაში ხარვეზი არ იქნება შევსებული, სააპელაციო საჩივარი აღარ მიიღება. მითითებული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ სააპელაციო საჩივრის ხარვეზის არსებობისას სასამართლო საჩივრის ავტორს განუსაზღვრავს ვადას და დაუდგენს იმ საპროცესო მოქმედებებს, რომლებიც აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის უნდა შესრულდეს. სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ხარვეზის გამოუსწორებლობა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველია. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან აპელანტმა სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში არ შეავსო ხარვეზი, ამიტომ მისი სააპელაციო საჩივარი მართებულად იქნა დატოვებული განუხილველად.
კერძო საჩივრის ავტორი ითხოვს ხარვეზის შევსების ვადის აღდგენას იმ საფუძვლით, რომ ვადის გაშვება მოხდა საპატიო მიზეზით, კერძოდ, ხარვეზის განჩინებით დავალებული საპროცესო მოქმედების შესრულების შეფერხების მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ აპელანტს, როგორც უცხო ქვეყნის კომპანიას, ენობრივი კომუნიკაციის სირთულე შეექმნა, მით უფრო, რომ სასამართლოს არ მოუხდენია აპელანტის ქართულენოვანი წარმომადგენლის ინფორმირება.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ საპროცესო მოქმედების შერულებისათვის განსაზღვრული ვადის აღდგენის შესაძლებლობას ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 65-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულებისათვის განსაზღვრული ვადა, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სასამართლომ შეიძლება აღადგინოს, თუ ცნობს, რომ საპროცესო მოქმედება საპატიო მიზეზით არ შესრულდა. საპატიო მიზეზად ჩაითვლება ამ კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილში მითითებული გარემოებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ამ კანონის მიზნებისათვის, საპატიო მიზეზად ჩაითვლება მხარის მიერ შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენის შეუძლებლობა, რაც გამოწვეულია ავადმყოფობით, ახლო ნათესავის გარდაცვალებით ან სხვა განსაკუთრებული ობიექტური გარემოებით, რომელიც მისგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის სასამართლო პროცესზე გამოცხადებას ან/და შუამდგომლობისა და განცხადების წარდგენას. ავადმყოფობა დადასტურებული უნდა იყოს სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტით, რომელიც პირდაპირ მიუთითებს სასამართლო პროცესზე გამოცხადების შეუძლებლობაზე.
დასახელებული საპროცესო ნორმის დანაწესიდან გამომდინარე, განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებად შეიძლება მივიჩნიოთ მხოლოდ ისეთი გარემოება, რომელიც მხარისაგან დამოუკიდებელი მიზეზით შეუძლებელს ხდის ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულებას.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ არარეზიდენტი იურიდიული პირი, რომელიც საქართველოში ეწევა საქმიანობას, უნდა ითვალისწინებდეს იმ მოსალოდნელ სირთულეებს, რაც უცხო ქვეყნის სახელმწიფო ენის არცოდნამ შეიძლება გამოიწვიოს, შესაბამისად, თავისი საქმიანობაც ისე უნდა წარმართოს, რომ ამ მიმართებით არ შეექმნას დაბრკოლებები. ცხადია, იურიდიული პირის საქმიანობა ყოველდღიურად არაერთი კორესპონდენციის მიღება-დამუშავებასაც გულისხმობს, შესაბამისად, თუ იგი უცხო ქვეყანაში ეწევა საქმიანობას, უნდა გაითვალისწინოს, რომ შემოსული კორესპონდენციის ნაწილი უცხო ქვეყნის სახელმწიფო ენაზეც იქნება. აქედან გამომდინარე, არარეზიდენტმა იურიდიულმა პირმა უცხო ქვეყნის სახელმწიფო ენაზე შემოსული კორესპონდენციის დასამუშავებლად ამ ენის მცოდნე თანამშრომელი (თანამშრომლები) უნდა დაიქირაოს. თუ იგი ასეთ წინდახედულებას არ გამოიჩენს, ცხადია, ვეღარ მიუთითებს უცხო ქვეყნის სახელმწიფო ენის არცოდნით გამოწვეულ სირთულეებზე, როგორც განსაკუთრებულ ობიექტურ გარემოებაზე, რომელიც მას გაანთავისუფლებდა, ვთქვათ, სასამართლოს მიერ დავალებული ამა თუ იმ საპროცესო მოქმედების დროულად შესრულების ვალდებულებისაგან. აქვე გასათვალისწინებელია, რომ საქართველოს საპროცესო კანონმდებლობა სასამართლოს არ ავალდებულებს, სახელმწიფო ენის არმცოდნე პირს შეტყობინება (ინფორმაცია) არასახელმწიფო ენაზე გაუგზავნოს (იხ. სუსგ - 07.05.2013წ., საქმე №ას-102-97-2013, სუსგ - 10.03.2015წ., საქმე #ას-682-648-2013).
კერძო საჩივრის ავტორის ერთ-ერთ პრეტენზიას წარმოადგენს ასევე ის, რომ სასამართლომ არ უზრუნველყო აპელანტის ქართულენოვანი წარმომადგენლის ინფორმირება.
საკასაციო პალატა აღნიშნულ პრეტენზიას არ იზიარებს და, უპირველესად, ყურადღებას მიაქცევს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომელიც სასამართლოს ანიჭებს უფლებას შეტყობინება გაუგზავნოს მხარეს ან მის წარმომადგენელს, ამასთან, ერთ-ერთი მათგანისათვის ჩაბარება ითვლება ჩაბარებად როგორც მხარის, ასევე წარმომადგენლისათვის. მოცემულ შემთხვევაში, დამატებით გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სააპელაციო საჩივარში, მხარის/წარმომადგენლის მისამართის შესაბამის გრაფებში, როგორც მხარის, ასევე მისი წარმომადგენლის ერთი და იგივე მისამართია მითითებული - ქ.თბილისი, ბ.-ის ქ. N... სწორედ ამ მისამართზე გააგზავნა სასამართლომ ხარვეზის განჩინება, რომელიც ჩაბარდა უფლებამოსილ პირს - შპს „ჩ.რ.-ის“ ოფის-მენეჯერს.
კერძო საჩივრის ავტორი გასაჩივრებული განჩინების გაუქმების ერთ-ერთ საფუძვლად მიუთითებს ასევე იმ გარემოებაზე, რომ აპელანტმა ხარვეზი აღმოფხვრა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ განჩინების მიღებამდე.
საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვერც ზემოაღნიშნული გარემოება გახდება გასაჩივრებული განჩინების გაუქმების საფუძველი, ვინაიდან განსახილველ შემთხვევაში გადამწყვეტია ის ფაქტი, რომ აპელანტმა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი. საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ შეტანილი საჩივარი ან საბუთები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის მიხედვით, განუხილველი დარჩება.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა. კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ. სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკასაციო სასამართლო არ აკმაყოფილებს კერძო საჩივარს, ვინაიდან სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებულ განჩინებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე და 420-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. შპს „ჩ.რ.-ის“ კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;
2. უცვლელად დარჩეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინება;
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.
თავმჯდომარე პ. ქათამაძე
მოსამართლეები: ვ. როინიშვილი
ბ. ალავიძე