Facebook Twitter

საქმე № 020210014474299

საქმე №ას-299-286-2015 20 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – მ. მ.-ე (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – ფ. ს.-ა (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ზიანის ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

მ. მ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ფ. ს.-ას მიმართ ზიანის – 15 000 000 ევროს ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ ფ. ს.-ამ ცრუ ჩვენების მიცემითა და სხვა უკანონო ქმედებებით მ.მ.-ეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილებით მ. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ რაიონულმა სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 106-ე მუხლის „ბ“ ქვეპუნქტსა და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2012 წლის 4 მაისის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (რომლითაც არ დაკმაყოფილდა მ. მ.-ის სარჩელი ფ. ს.-ასაგან ზიანის ანაზღაურების თაობაზე, კერძოდ, მოპასუხის კუთვნილი ბინის მოსარჩელის საკუთრებაში გადაცემისა და რეგისტრაციის, ბინის გასხვისების აკრძალვის, ბინით სარგებლობის უფლების დაუყოვნებლივ მინიჭების თაობაზე) საფუძველზე სწორად დაადგინა, რომ მ. მ.-ე ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან (პატიმრობაში იმყოფებოდა 2007 წლის 12 აპრილიდან 2007 წლის 17 მაისამდე). ამავე განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი მ. მ.-ის მიმართ.

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის, 317-ე მუხლის მეორე ნაწილის, 992-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, სარჩელის დაკმაყოფილებისათვის მ. მ.-ეს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლებით დადგენილი წესით – სათანადო მტკიცებულებების (მათ შორის ცრუ ჩვენების მიცემისათვის ფ. ს.-ას მიმართ არსებული გამამტყუნებელი განაჩენის) წარდგენის გზით, უნდა დაემტკიცებინა, რომ ფ. ს.-ას მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებით მას მიადგა ზიანი, რაც მოსარჩელემ (აპელანტმა) ვერ შეძლო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 393-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტის პრეტენზიები სახაზინო ადვოკატის გამოყოფაზე უარის თქმისა და გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების გადადებასთან დაკავშირებით არაარსებითია (მით უფრო იმ პირობებში, როცა სახაზინო წესით ადვოკატის გამოყოფაზე აპელანტს უარი ეთქვა სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 23 იანვრის საოქმო განჩინებითაც), რადგან საქმეზე არსებითად სწორი გადაწყვეტილებაა გამოტანილი. ამასთან, ზუგდიდის რაიონული სასამართლოს სხდომის ოქმებით ირკვევა, რომ მ. მ.-ეს ნახევარ წუთზე გაცილებით მეტი და საკმარისი დრო მიეცა ახსნა-განმარტების (მოსაზრებების) ჩამოყალიბებისათვის.

ყოველი აღნიშნული გარემოების გათვალისწინებით, სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება კანონიერია და მისი გაუქმების საფუძველი არ არსებობს, რის გამოც სააპელაციო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება მ. მ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ მ.მ.-ის მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი იმ საქმეზე, რომელზეც ფ.ს.-ამ მისცა ცრუ ჩვენება. სწორედ აღნიშნულმა ჩვენებამ გამოიწვია მანამდე გამამტყუნებელი განაჩენის მიღება.

ისეთი გადაწყვეტილების არსებობის შემთხვევაში, რომლითაც სასამართლომ უკვე იმსჯელა მ.მ.-ის წარმოდგენილი მოთხოვნის შესახებ, სააპელაციო პალატას უნდა შეეწყვიტა საქმის წარმოება და, კასატორის მოსაზრებით, აღნიშნული სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველი ვერ გახდებოდა.

მხარის მითითებით, განსახილველი სასარჩელო მოთხოვნა ზიანის ანაზღაურების შესახებ გამომდინარეობს იმ მოთხოვნებიდან, რომლებიც სასამართლომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი წესით განსჯადად ჩათვალა. შესაბამისად, სასამართლოს დავა მთლიანად უნდა გადაეცა ადმინისტრაციული სასამართლოსათვის, რაც არ განხორციელებულა და კანონის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად მიუთითა მ. მ.-ის პატიმრობაში ყოფნის ვადა – 2007 წლის 12 აპრილიდან ამავე წლის 17 მაისამდე მაშინ, როდესაც კასატორი პატიმრობაში რჩებოდა 2008 წლის 3 ოქტომბრამდე.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 მარტის განჩინებით მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა მ. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2008 წლის 3 ოქტომბრის განაჩენით მ. მ.-ე ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და დაუყოვნებლივ გათავისუფლდა პატიმრობიდან. ამავე განაჩენით გაუქმდა ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2007 წლის 17 მაისის გამამტყუნებელი განაჩენი მ. მ.-ის მიმართ.

სააპელაციო სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მ.მ.-ეს არ წარმოუდგენია კანონიერ ძალაში შესული განაჩენი, რომლითაც დადგინდებოდა ფ.ს.-ას მიერ ცრუ ჩვენების მიცემი ფაქტი.

მ. მ.-ის პრეტენზია ეფუძნება იმ გარემოებას, რომ მის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა მოცემულ საქმეში მოპასუხედ ჩართული ფ. ს.-ას მიერ ცრუ ჩვენების მიცემის საფუძველზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან დელიქტის საფუძველზე წარმოშობილი ზიანის, მათ შორის მორალური ზიანის ანაზღაურების წესსა და პირობებთან დაკავშირებულ დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა.

სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის განმარტებასთან დაკავშირებით საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ მითითებული ნორმის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მოხმობილი ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის, კერძოდ, უნდა დადგინდეს ზიანი, მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედება და მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ მოვალის ქმედება უნდა იყოს არა მარტო ბრალეული და მართლსაწინააღმდეგო, არამედ ზიანი უნდა იყოს ამ ქმედებით გამოწვეული უშუალო შედეგი.

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები უნდა შეესაბამებოდეს აღნიშნულ ნორმაში მითითებულ კონსტრუქციას. თუნდაც ერთ-ერთი ელემენტის არარსებობა გამორიცხავს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. მ. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური