საქმე №ას-300-287-2015 7 მაისი, 2015 წელი
ქ.თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ბესარიონ ალავიძე (თავმჯდომარე, მომხსენებელი)
მოსამართლეები:
ზურაბ ძლიერიშვილი, ნინო ბაქაქური
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – ვ.მ.ს. (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს სადაზღვევო კომპანია „ა.ჯ.“ (მოპასუხე)
თავდაპირველი მოპასუხე - ინდ.მეწარმე მ.ყ.
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების უცვლელად დატოვება
დავის საგანი – საბანკო გარანტიით გათვალისწინებული თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
ვ.მ.ს.მ სარჩელი აღძრა სასამართლოში ინდ.მეწარმე მ.ყ.ისა და შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ მიმართ მოსარჩელესა და ინდ.მეწარმე მ.ყ.ის შორის დადებული #70 ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო მუნიციპალიტეტის მიერ გადახდილი თანხის _ 43 000 ლარის შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.სათვის“ დაკისრების, ასევე #87 ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევისათვის ინდ.მეწარე მ.ყ.ისათვის პირგასამტეხლოს _ 1 480,74 ლარის დაკისრების მოთხოვნით.
შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.მა“ სარჩელი არ ცნო და მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა მოითხოვა.
სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილებით ვ.მ.ს.ს სარჩელი დაკმაყოფილდა, შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრა 43 000 ლარის გადახდა.
რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.მა“.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებით შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა, სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 10 ივნისის გადაწყვეტილების შეცვლით მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ვ.მ.ს.ს სარჩელი არ დაკმაყოფილდა შემდეგი დასაბუთებით:
პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ვ.მ.ს.სა (შემსყიდველი) და ინდ.მეწარმე მ.ყ.ს (მიმწოდებელი) შორის 2013 წლის 30 აგვისტოს დაიდო (№70) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც მიმწოდებელმა იკისრა ვალდებულება, ხელშეკრულების გაფორმებიდან 45 კალენდარული დღის ვადაში, 89 000 ლარის გადახდის პირობით, შემსყიდველისათვის საკუთრებაში გადაეცა სახანძრო-სამაშველო ავტომანქანა. დადგინდა, რომ საავანსო ანგარიშსწორება მოხდებოდა მხოლოდ იმ ოდენობით, რა თანხაზეც მიმწოდებელი წარადგენდა საბანკო გარანტიას. მხარეები შეთანხმდნენ, რომ შემსყიდველისათვის წერილობითი ფორმით შეტყობინების შემთხვევაში დაიშვებოდა მიწოდების განხორციელება სუბკონტრაქტორის მეშვეობით;
აღნიშნული ვალდებულების უზრუნველსაყოფად, ინდ.მეწარმე მ.ყ.მ ვ.მ.ს.ს წარუდგინა შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ (გარანტი) მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს გაცემული #FRI/... საბანკო გარანტია, შემდეგი პირობებით: ბენეფიციარის მოთხოვნის საფუძველზე, გარანტი კისრულობდა ვალდებულებას, დაებრუნებინა ბენეფიციარისათვის საავანსო ანგარიშსწორების სახით პრინციპალისათვის ფაქტობრივად გადახდილი თანხა, ოღონდ, არა უმეტეს 43 000 ლარისა, პრინციპალის მიერ საავანსო ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში. ამასთან, ბენეფიციარს დასაბუთებული მოთხოვნა გარანტისათვის უნდა წარედგინა მხოლოდ წერილობითი (ხელმოწერილი) ფორმით, გარანტიის მოქმედების ვადაში. არა უგვიანეს 2013 წლის 15 დეკემბრისა;
გამოირიცხა მოთხოვნის წარდგენა ელექტრონულად, ფაქსით ან სხვა საშუალებით;
საბანკო გარანტიის წარდგენის შემდგომ, ინდ.მეწარმე მ.ყ.ის თხოვნით, ვ.მ.ს.მ ავანსის სახით 43 000 ლარი გადაურიცხა მიმწოდებლის სუბკონტრაქტორს _ ინდ.მეწარმე ე.ა-ს;
ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, ვ.მ.ს.სა და ინდ.მეწარმე მ.ყ.ს შორის სახელშეკრულებო ურთიერთობა შეწყდა, რის გამოც ბენეფიციარმა, 2014 წლის 6 იანვარს წერილობით მოსთხოვა გარანტს, დაებრუნებინა 43 000 ლარი, რომელიც გადახდილი იყო პრინციპალის სუბკონტრაქტორისათვის.
დადგენილი გარემოებების სამართლებრივად შეფასებისას პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 879-ე, 885-ე მუხლებით, 887-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ საბანკო გარანტია არის ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალება, რომელიც გაიცემა მხოლოდ წერილობითი ფორმით. ბენეფიციარმა გარანტს გადახდის შესახებ მოთხოვნა უნდა წარუდგინოს ასევე წერილობითი ფორმით, თუ მხარეები სპეციალურად არ შეთანხმდნენ კომუნიკაციის ელექტრონულ ფორმაზე.
გარანტის ვალდებულება ბენეფიციარის წინაშე ქარწყლდება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე და, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ბენეფიციარის მოთხოვნა დასაბუთებული, გარანტს აქვს შეუზღუდავი უფლება, უარი თქვას მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლოს შეფასებით, მოცემულ შემთხვევაში, ბენეფიციარი ამტკიცებდა, რომ საბანკო გარანტიის თავდაპირველი ვადა გაგრძელდა 2014 წლის 16 იანვრამდე და მიუთითებდა საქმეში არსებულ დოკუმენტზე, რომელიც, მართალია, დაბეჭდილი იყო შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ ტიტულოვან ფურცელზე, თუმცა, იგი არ იყო ხელმოწერილი ან/და ბეჭედდასმული, განსხვავებით საქმეში არსებული საბანკო გარანტიისაგან, რომელიც ხელმოწერილი იყო შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ გენერალური დირექტორის მიერ და იყო ასევე ბეჭედდასმული.
პალატამ ასევე მიუთითა სამოქალაქო კოდექსის 50-ე მუხლზე, 59-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 316-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 317-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 327-ე მუხლის პირველ ნაწილზე, 328-ე მუხლის მე-2 ნაწილზე და აღნიშნა, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული დოკუმენტი მხოლოდ მაშინ ჩაითვლებოდა გარიგებად და წარმოშობდა შესაბამის სამართლებრივ შედეგებს, თუ შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირი ხელმოწერით დაადასტურებდა ამ საწარმოს მიერ ნების გამოვლენასა და დოკუმენტში მითითებულ პირობებზე თანხმობას განაცხადებდა, რადგან, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, სუბიექტის მიერ ნების გამოვლენას ადასტურებს სწორედ ამ სუბიექტის (მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის) ხელმოწერა წერილობით დოკუმენტზე და არა მხოლოდ მის ტიტულოვან ფურცელზე შედგენილი გარიგების ტექსტი, ამდენად, პალატამ ჩათვალა, რომ შპს „სადაზღვევო კომპანია ა.ჯ.ს“ მიერ 2013 წლის 6 სექტემბერს გაცემული საბანკო გარანტიის ვადა ამოიწურა 2013 წლის 15 დეკემბერს და 2014 წლის 6 იანვარს ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა იყო დაგვიანებული, შესაბამისად, გარანტს ჰქონდა უფლება, უარი ეთქვა მის შესრულებაზე. ერთმანეთთან კომუნიკაციის სხვა ფორმაზე, გარდა წერილობითი მიმოწერისა, საბანკო გარანტიის მხარეები არ შეთანხმებულან.
ამდანად, პალატამ ჩათვალა, რომ არსებობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებისათვის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 385-386-ე მუხლებითა და 394-ე მუხლის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წინაპირობები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება საკასაციო წესით გაასაჩივრა ვ.მ.ს.მ, მოითხოვა მისი გაუქმება და რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალაში დატოვება შემდეგი საფუძვლებით:
სასამართლომ არაობიექტურად შეაფასა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადების განმსაზღვრელი მტკიცებულება და არასწორად მიიჩნია, რომ ბენეფიციარის მიერ წარდგენილი მოთხოვნა იყო დაგვიანებული, შესაბამისად, გარანტს უფლება ჰქონდა უარი ეთქვა მის შესრულებაზე.
სასამართლომ ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ #FRI/..... ხელშეკრულებას ყურადღება არ მიაქცია, რომელშიც მკაფიოდ, ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი ფორმით არის ჩამოყალიბებული მხარეთა შეთანხმება და თავად ამ ხელშეკრულებაში არ არის მითითებული ხელმოწერის ადგილი. აღნიშნული დოკუმენტის გამორიცხვა სასამართლოს მხრიდან იურიდიულად დაუსაბუთებელია. ფინანსური რისკის დაზღვევის შესახებ ხელშეკრულება არის ისეთივე იურიდიული ძალის მქონე, როგორიც „სადაზღვეო კომპანია ა.ჯ.ს“ მიერ გაცემული საბანკო გარანტია, რადგან იგი შედგენილია ხელშეკრულებისათვის დამახასიათებელი რეკვიზიტების დაცვით.
მოგვიანებით კასატორმა განცხადებთ მომართა სასამართლოს და განმარტა, რომ სააპელაციო სასამართლომ სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძვლად მიიჩნია საბანკო გარანტიის ვადის ამოწურვა, ამ ვადის გაგრძელების დამადასტურებელი დოკუმენტი კასატორმა აღმოაჩინა მუნიციპალიტეტის გამგეობის კანცელარიაში და დოკუმენტით დასტურდება, რომ მუნიციპალიტეტმა გარანტს თანხის დაბრუნების თაობაზე მიმართა გარანტიის მოქმედების ვადაში. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, კასატორმა იშუამდგომლა სახელმწიფო შესყიდვების საავანსო ანგარიშსწორების #FRI/.... 22.11.2013 საბანკო გარანტიისა და 06.11.2014 წლის #1-1/16 წერილის საქმისათვის დართვის თაობაზე.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 23 მარტის განჩინებით ვ.მ.ს.ს საკასაციოს საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ვ.მ.ს.ს საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნას მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.
საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.
გასაჩივრებული გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარი ძირითადად დასაბუთებულია იმით, რომ ბენეფიციარმა გარანტს საბანკო გარანტიით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მოთხოვნით მიმართა საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გასვლის შემდეგ. ამასთან, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელის მტკიცება საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების შესახებ, რადგანაც ამ გარემოების დასადასტურებლად საქმეში არ იყო წარმოდგენილი საბანკო გარანტიის მოქმედების ვადის გაგრძელების დამადასტურებელი იმგვარი მტკიცებულება, რომელიც წერილობითი შეთანხმების ნამდვილობას დაადასტურებდა, არამედ წარმოდგენილი იყო მხოლოდ გარანტის ტიტულოვან ფურცელზე ნაბეჭდი გარიგება, რომელიც მხარის ხელმოწერას არ შეიცავდა, რაც სავსებით სამართლიანად იქნა მიჩნეული სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლით განსაზღვრულ ფორმის დაუცველად დადებულ გარიგებად.
საკასაციო პალატა განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს მიერ დამტკიცებულად ცნობილი ფაქტობრივი გარემოებები სავალდებულოა საკასაციო სასამართლოსათვის, თუ წამოყენებული არ არის დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება). დასაბუთებულ პრეტენზიაში იგულისხმება მითითება იმ პროცესუალურ დარღვევებზე, რომლებიც დაშვებული იყო სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმის განხილვის დროს და რამაც განაპირობა ფაქტობრივი გარემოებების არასწორად შეფასება-დადგენა, მატერიალურ-სამართლებრივი ნორმის არასწორად გამოყენება ან/და განმარტება. საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კასატორს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან მიმართებაში არ წარმოუდგენია დასაშვები და დასაბუთებული პრეტენზია (შედავება), რამდენადაც მან სადავოდ გახადა სასამართლოს მსჯელობა ხელმოწერის აუცილებლობის თაობაზე და მიუთითა ფინანსური რისკების დაზღვევის ხელშეკრულებაზე, სადაც, კასატორის განმარტებით, ჩამოყალიბებულია მხარეთა შორის მიღწეული შეთანხმება და იგი ხელმოწერის ადგილს არ შეიცავს.
ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო პალტის მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვთ წარმატების პერსპექტივა.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან საბანკო გარანტიის თაობაზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დამკვიდრებული ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკა, რაც ასახულია სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში (იხ. სუსგ-ებები №ას-781-996-08 17, მარტი, 2009 წელი; №ას-562-871-09, 20 ოქტომბერი, 2009 წელი).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას ვანის მუნიციაპალიტეტის საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
რაც შეეხება კასატორის შუამდგომლობას სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 215-ე მუხლის შესაბამისად, მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე, პალატა ვერ გაიზიარებს აღნიშნულს და მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა დაუბრუნდეს კასატორს, რადგანაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. საკასაციო სამართალწარმოების თავისებურების გათვალისწინებით, ამ ინსტანციის სასამართლოში მტკიცებულებათა წარდგენა საპატიო მიზეზის არსებობისასაც კი დაუშვებელია, კანონი ადგენს საკასაციო სასამართლოს მიერ ფაქტობრივი გარემოებების შეფასების პროცესუალურ ფარგლებს და მსჯელობის საგნად აქცევს მხოლოდ საქმეში უკვე არსებულ მტკიცებულებებს და ამ მტკიცებულებათა გამოკვლევის თაობაზე გადაწყვეტილებებსა და სხდომის ომებში ასახულ შეფასებებს.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 104-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლო არ მიიღებს, არ გამოითხოვს ან საქმიდან ამოიღებს მტკიცებულებებს, რომლებსაც საქმისათვის მნიშვნელობა არ აქვთ. ამდენად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ ვ.მ.ს.ს უარი უნდა ეთქვას შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე, შესაბამისად, უნდა დაუბრუნდეს #ა-1333-15 განცხადებაზე, ასევე საკასაციო საჩივარზე დართული ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2015 წლის 29 იანვრის გადაწყვეტილებისა და სასამართლო გზავნილის ასლი.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის 5.1 მუხლის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ვ.მ.ს.ს საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.
2. კასატორის შუამდგომლობა მტკიცებულებათა საქმისათვის დართვის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
3. ვ.მ.ს.ს დაუბრუნდეს #ა-1333-15 განცხადებაზე დართული მტკიცებულებები 5 (ხუთი) ფურცლად, ასევე საკასაციო საჩვარზე დართული სასამართლო გადაწყვეტილებისა და გზავნილის ასლი 5 (ხუთი) ფურცლად.
4. კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ბ. ალავიძე
მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი
ნ. ბაქაქური