Facebook Twitter

საქმე №ას-309-296-2015 18 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ზ. ა-ას უფლებამონაცვლე ა. გ-ა (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ლ. ლ-ა,ა. დ-ა (მოპასუხეები)

გასაჩივრებული განჩინება - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ზ. ა-ამ სარჩელი აღძრა სასამართლოში ლ. ლ-ასა და ა. დ-ას მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხე ლ. ლ-ამ სარჩელი ნაწილობრივ ცნო.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ას სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა: მოპასუხე ი.მ. ლ. ლ-ას დაეკისრა ზ. ა-ას სასარგებლოდ 7580.70 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტის ლარში გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება ნაწილობრივ სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ლ. ლ-ამ და ზ. ა-ას უფლებამონაცვლემ ა. გ-ამ.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინებით ზ. ა-ას სარჩელის გამო ლ. ლ-ას მიმართ 2013 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში, ზ. ა-ას მიერ ლ. ლ-ას ნაცვლად სს „ს. ბ-ში“ გადახდილი 7580.70 აშშ დოლარის ლ. ლ-ასთვის დაკისრების, ასევე აღნიშნული თანხიდან მიუღებელი შემოსავლის სახით 3411 აშშ დოლარის და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379.03 აშშ დოლარის ლ. ლ-ასთვის დაკისრების თაობაზე, ზ. ა-ას უფლებამონაცვლედ ცნობილ იქნა ა. გ-ა.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:

2014 წლის 15 ივლისს ზ. ა-ამ სარჩელით მიმართა ფოთის საქალაქო სასამართლოს ლ. ლ-ას მიმართ და მოითხოვა 2013 წლის ნოემბრის, დეკემბრის, 2014 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისის, ივნისისა და ივლისის თვეებში ზ. ა-ას მიერ, ლ. ლ-ას ნაცვლად სს „ს. ბ-ში“ გადახდილი 7580,70 აშშ დოლარის ლ. ლ-ასთვის დაკისრება, ასევე აღნიშნული თანხიდან მიუღებელი შემოსავლის სახით 3411 აშშ დოლარისა და გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 379,032 აშშ დოლარის ლ. ლ-ასთვის დაკისრება.

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ა-ას სარჩელი ი.მ. ლ. ლ-ასა და ა. დ-ას მიმართ თანხის დაკისრების შესახებ; ი.მ. ლ. ლ-ას დაეკისრა ზ. ა-ას სასარგებლოდ 7580.70 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის 397.98 ლარისა და საადვოკატო მომსახურეობის საფასურის 760 ლარის გადახდა.

სააპელაციო საჩივარზე დართული მოთხოვნის დათმობის შეთანხმებით სააპელციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველი სარჩელის ირგვლივ ლ. ლ-ას მიმართ არსებული მოთხოვნა ზ. ა-ამ დაუთმო ა. გ-ას.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე და 199-ე მუხლებზე დაყრდნობით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში უფლებამონაცვლეობა ნათელი იყო და ზ. ა-ას უფლებამონაცვლეს წარმოადგენდა ა. გ-ა.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ა. გ-ამ შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო პალატამ არ გაითვალისწინა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილის დათქმა, რომელიც ადგენს, რომ უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

ზ. ა-ამ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ნორმების დაცვით საქმის მთავარ სხდომაზე განხილვამდე 2014 წლის 06 ნოემბერს დააზუსტა თავისი ძირითადი სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა ძირითადი სარჩელით მოთხოვნილ თანხებთან ერთად განხილულიყო და მოპასუხე ლ. ლ-ას გადასახდელად დაკისრებოდა დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილი თანხებიც - ძირითადი ვალი 3368 აშშ დოლარი, ამ თანხის მიუღებელი შემოსავალი 673,6 აშშ დოლარი, გადაწყვეტილების აღსრულებამდე 168 აშშ დოლარი ყოველთვიურად.

პირველი ინსტანციის სასამართლომ დაზუსტებული სარჩელი არ განიხილა.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, ვინაიდან მოსარჩელე ზ. ა-ამ დაზუსტებული სარჩელი წარადგინა კანონით გათვალისწინებული ვადების სრული დაცვით, უფლებამონაცველეობის ეტაპზე სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილით და 2015 წლის 6 იანვრის შეთანხმებით სავალდებულოდ შესასრულებელი იყო 2014 წლის 6 ნოემბრის დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნა, რაც შეადგენდა განსახილველი საქმის განუყოფელ ნაწილს.

აღნიშნულიდან გამომდინარე კერძო საჩივრის ავტორმა მიიჩნია, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსარჩელე ზ. ა-ას უფლებამონაცვლედ ა. გ-ას ცნობის საკითხის განხილვისას უნდა ემსჯელა არა მარტო ძირითადი სარჩელით მოთხოვნილი თანხების გადახდევინების ნაწილში, არამედ განჩინებით უნდა დაედგინა მისი უფლებამონაცვლეობა დაზუსტებული სარჩელით მოთხოვნილ თანხებზე. კერძო საჩივრის ავტორი მიიჩნევს, რომ მისი უფლებამონაცვლეობა ცნობილი უნდა ყოფილიყო ასევე საადვოკატო დანახარჯების 1240 ლარის მოთხოვნის ნაწილშიც.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ზ. ა-ას უფლებამონაცვლე ა. გ-ას კერძო საჩივარი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა გამო:

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 412-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკასაციო სასამართლო აუქმებს გადაწყვეტილებას და საქმეს ხელახლა განსახილველად აბრუნებს სააპელაციო სასამართლოში, თუ: ა) საქმის გარემოებები საპროცესო ნორმების ისეთი დარღვევითაა დადგენილი, რომ ამ დარღვევების შედეგად საქმეზე არასწორი გადაწყვეტილება იქნა გამოტანილი და საჭიროა მტკიცებულებათა დამატებითი გამოკვლევა; ბ) არსებობს ამ კოდექსის 394-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები, გარდა აღნიშნული მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სადავო ან სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილი სამართლებრივი ურთიერთობიდან ერთ-ერთი მხარის გასვლის შემთხვევაში (მოქალაქის გარდაცვალება, იურიდიული პირის რეორგანიზაცია, მოთხოვნის დათმობა, ვალის გადაცემა და სხვა) სასამართლო დაუშვებს ამ მხარის შეცვლას მისი უფლებამონაცვლით. უფლებამონაცვლეობა შესაძლებელია პროცესის ყოველ სტადიაზე.

აღნიშნული ნორმიდან გამომდინარეობს, რომ საქმის განხილვისას, ისევე, როგორც მისი დასრულების შემდეგ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების ეტაპზეც დასაშვებია კანონით დადგენილ შემთხვევაში ერთ-ერთი მხარის შეცვლა სხვა პირით. მოდავე მხარის ნაცვლად მისი უფლებამონაცვლის ჩაბმა დაკავშირებულია ამა თუ იმ საფუძვლით მხარეთა შორის არსებული სამართლებრივი ურთიერთობიდან მის გასვლასთან, რა დროსაც მხარე კარგავს და სხვა პირს გადასცემს თავის საპროცესო სტატუსს. ამგვარი საპროცესო უფლებამონაცვლეობა მჭიდროდაა დაკავშირებული მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობებში შესაძლო უფლებამონაცვლეობასთან, კერძოდ, თუ უფლებამონაცვლეობა დასაშვებია მატერიალურ-სამართლებრივი კუთხით, იგი დასაშვებია პროცესუალურადაც. ამდენად, საპროცესო უფლემონაცვლეობა შეუზღუდავი არ არის და ხორციელდება კანონით დადგენილ ფარგლებში.

სხვა პირის უფლებამონაცვლედ დავაში ჩაბმულ მხარეს იგივე საპროცესო უფლებები და მოვალეობანი გააჩნია, რაც მის წინამორბედ პირს, რომლის მონაწილეობითაც მანამდე მიმდინარეობდა საქმის წარმოება. ამავდროულად, საქმის წარმოების პროცესში უფლებამონაცვლეობის დადგენამდე მხარედ ჩაბმული პირის მიერ განხორციელებული ყველა საპროცესო მოქმედება ძალაში რჩება უფლებამონაცვლის მიმართაც, ხოლო წინამორბედი მხარის მიერ შესრულებული მოქმედებები შესრულებულად ეთვლება უფლებამონაცვლესაც.

საკასაციო სასამართლო იზიარებს სააპელაციო პალატის მოსაზრებას, რომ განსახილველ შემთხვევაში საპროცესო უფლებამონაცვლეობა ზემოაღნიშნულ კანონის დანაწესს შეესაბამება და მატერიალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით დასაშვებია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მოცემულ განჩინებაში სააპელაციო სასამართლოს არ უმსჯელია, ზ. ა-ას უფლებამონაცვლედ ა. გ-ას ცნობის დროს ჰქონდა თუ არა მოთხოვნის დათმობას ადგილი დაზუსტებული სარჩელით მითითებული მოთხოვნების ნაწილშიც.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2014 წლის 15 აპრილს ზ. ა-ამ სარჩელით მიმართა სასამართლოს ი.მ. ლ. ლ-ასა და ა. დ-ას მიმართ ძირითადი ვალის 7 580.70 აშშ დოლარის, მიუღებელი სარგებლის 3 411.27 დოლარის, სულ 10 991.97 აშშ დოლარის მოსარჩელეებისთვის დაკისრების მოთხოვნით (იხ. ს.ფ. 2-11).

2014 წლის 6 ნოემბერს ზ. ა-ამ დაზუსტებული სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა მოპასუხეებისათვის ძირითადი ვალის 10 946 აშშ დოლარისა და მიუღებელი სარგებლის 7 114.90 აშშ დოლარის, სულ 18 060.90 აშშ დოლარის დაკისრება (იხ. ს.ფ. 97-105).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინებით ზ. ა-ას უარი ეთქვა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე (იხ. ს.ფ. 145-147).

ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 3 დეკემბრის გადაწყვეტილებით ზ. ა-ას სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ; ი.მ. ლ. ლ-ას დაეკისრა ზ. ა-ას სასარგებლოდ 7 580.70 აშშ დოლარის შესაბამისი ეკვივალენტი ლარის, სახელმწიფო ბაჟის 397.98 ლარისა და საადვოკატო მომსახურეობის საფასურის 760 ლარის გადახდა (იხ. ს.ფ. 175-181).

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ა. გ-ამ და სააპელაციო საჩივარზე თანდართული შეთანხმების საფუძველზე მოითხოვა ზ. ა-ას უფლებამონაცვლედ ცნობა. აპელანტმა ასევე სადავოდ გახადა ფოთის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 6 ნოემბრის განჩინება დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ (იხ. ს.ფ. 194-207).

საქმეში წარმოდგენილი მოთხოვნის დათმობის თაობაზე შეთანხმებით განსაზღვრულია, რომ ზ. ა-ამ სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრებულ ნაწილში მოთხოვნა დაუთმო ადვოკატ ა. გ-ას სააპელაციო და საკასაციო სასამართლოში გასაჩივრების უფლებით (იხ. ს.ფ. 207).

საკასაციო სასამართლო აღნიშნავს, რომ უფლებამონაცვლეობის ერთ-ერთი წინაპირობა არის მოთხოვნის დათმობა. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია, მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). ამრიგად, მოთხოვნის დათმობა შეიძლება მანამ, სანამ მოთხოვნა ჯერ კიდევ არსებობს და ვალდებულება არ არის შესრულებული მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი კი საპროცესო უფლებამონაცვლეობას ითვალისწინებს პროცესის ნებისმიერ სტადიაზე. ამასთან, აღნიშნული მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, უფლებამონაცვლისათვის პროცესში მის დაშვებამდე შესასრულებელი ყველა მოქმედება სავალდებულოა იმ ოდენობით, რაც სავალდებულო იქნებოდა იმ პირისათვის, რომელიც მან შეცვალა.

ზემოაღნიშნული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ განსახილველი დავის შემთხვევაში ვინაიდან აპელანტმა ძირითად გადაწყვეტილებასთან ერთად (რომლითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ზ. ა-ას სარჩელი) სადავოდ გახადა დაზუსტებული სარჩელის მიღებაზე უარის თქმის შესახებ განჩინებაც, სააპელაციო სასამართლოს ა. გ-ას უფლებამონაცვლეობის დადგენისას უნდა ემსჯელა, ჰქონდა თუ არა ადგილი მოთხოვნის დათმობას როგორც სარჩელში, ასევე დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნების ნაწილში.

რაც შეეხება მოთხოვნის დათმობის საადვოკატო მომსახურების ხარჯების ანაზღაურებას, აღნიშნულთან დაკავშირებით უფლებამონაცვლეობის შესახებ საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას ვერ გაიზიარებს, რადგან თანხის დათმობის თაობაზე სასამართლო ინსტანციებში გასაჩივრების უფლების შესახებ 2015 წლის 9 იანვრის შეთანხმებაში არ არის მითითება აღნიშნული მოთხოვნის თაობაზე.

ამრიგად, საკასაციო პალატა მიიჩნევს, რომ კერძო საჩივარი საფუძვლიანია და არსებობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 412.1 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის მიხედვით გასაჩივრებული განჩინების გაუქმებისა და საქმის ხელახლა განსახილველად დაბრუნების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ზ. ა-ას უფლებამონაცვლე ა. გ-ას კერძო საჩივარი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. გაუქმდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 5 თებერვლის განჩინება იმ ნაწილში, რომლითაც ა. გ-ას უარი ეთქვა ზ. ა-ას დაზუსტებულ სარჩელში მითითებული მოთხოვნების ნაწილში უფლებამონაცვლედ ცნობაზე და ამ ნაწილში საქმე უფლებამონაცვლეობის დადგენის სტადიიდან ხელახლა განსახილველად დაუბრუნდეს იმავე სასამართლოს;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე