Facebook Twitter

საქმე №240210014607160

საქმე №ას-311-298-2015 20 მაისი, 2015 წელი

№ას-311-298-2015 ძ.-ი ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ნ. ძ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ნ. ძ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ მიმართ სახელფასო დავალიანების – 600 ლარისა და დაყოვნების ყოველი დღისათვის დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურების შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, 2004 წელს იგი მუშაობდა შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ ექიმ-ალერგოლოგად. სადაზღვევო კომპანიისაგან მოსარჩელეს უნდა მიეღო სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ხელფასი, თვეში – 100 ლარი. სულ მიუღებელი აქვს 2004 წლის იანვრის, თებერვლის, მარტის, აპრილის, მაისისა და ივნისის ანაზღაურება, რაც შეადგენს 600 ლარს.

მხარის მითითებით, მოპასუხემ დაარღვია შრომის ანაზღაურების კანონით დადგენილი ვადები, ამდენად, იგი ვალდებულია, მოსარჩელეს აუნაზღაუროს დაყოვნებული ხელფასის 0.07%, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ალერგოლოგის დაფინანსება გათვალისწინებული არ იყო, შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებას“ შორის დადებული ხელშეკრულება ალერგოლოგის დაფინანსებას არ ითვალისწინებდა. ამასთან, მოთხოვნა ხანდაზმულიცაა, ვინაიდან გასულია მოთხოვნის ხანდაზმულობის სამწლიანი ვადა.

ს.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით ნ. ძ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 30 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო პალატამ გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებები და დამატებით მიუთითა, რომ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის მიერ 2014 წლის 4 აპრილს განხილულ იქნა ნ. ძ.-ის სააპელაციო საჩივარი, შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ მიმართ ს.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილებაზე, სადაც დავის საგანს წარმოადგენდა მიუღებელი ხელფასისა და დაყოვნებული თანხის 0.07 %-ის ანაზღაურება.

2014 წლის 4 აპრილს სააპელაციო სასამართლოს განხილვის საგანი იყო ნ. ძ.-ის მოთხოვნა 2003 წლის არსებული სახელფასო დავალიანების ანაზღაურების შესახებ, ხოლო განსახილველ შემთხვევაში ნ. ძ.-ი ითხოვს 2004 წლის მიუღებელი ხელფასისა და, ამ თანხის დაყოვნების გამო, 0.07%-ის მოპასუხისათვის დაკისრებას, შესაბამისად, სააპელაციო პალატა მიიჩნევს, რომ საქმის წარმოების შეწყვეტის საფუძვლები არ არსებობს, რადგან დავა ერთსა და იმავე მხარეთა შორის, იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით (ანუ დავის საგანი არის სხვა პერიოდი).

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1995 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 29 დეკემბრამდე ნ. ძ.-ი მუშაობდა შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ ექიმ-ალერგოლოგის თანამდებობაზე. 2006 წლის 29 დეკემბერს ნ. ძ.-ი შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანების“ დირექტორის №151/კ ბრძანებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან.

2004 წელს მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” დირექტორს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლით, მხარეთა (შემსყიდველი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, მიმწოდებელი – შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“) სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად განისაზღვრა მათი ვალდებულება – პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცებული „პროგრამის“ ფარგლებში.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორს შორის 2004 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არ მოიცავდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას. აღნიშნული ცალსახად ირკვევა როგორც შესაბამის დანართში, ასევე მითითებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროს რ. რ.-ის 2011 წლის 2 მარტის №..., საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ი. გ.-ის 2010 წლის 21 ივნისის №..., 2007 წლის 29 მაისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვისა და საგანგებო სიტუაციების მართვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის თეა გიორგაძის №..., 2010 წლის 14 იანვრის №... და 2010 წლის 16 მარტის №... საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის დეპარტამენტის უფროსის სოფიო ლებანიძის, 2010 წლის 23 დეკემბრის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე მიხეილ დოლიძის №..., 2010 წლის 21 ივნისის საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ი. გ.-ის №... წერილობით მიმართვებში.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, 2012 წლის 7 დეკემბრის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის წერილით დადგენილია, რომ ნ. ძ.-ის განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ კომისიური წესით შესწავლილ იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანების“ მედპერსონალის ჩართულობის საკითხი და დადგინდა, რომ შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ მოსახლეობის ამბულატორიული დახმარება 2003-2006 წლებში ხორციელდებოდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამითა და ხელშეკრულებებით (მათზე თანდართული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი) გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მიმართვა მხოლოდ ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ოფთალმოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდა მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურება (ექიმის მიმართვით). ხელშეკრულების თანახმად, ექიმის მიმართვის გარეშე სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე, სხვა სპეციალისტებთან ვიზიტის ხარჯები ანაზღაურდებოდა პაციენტის მიერ.

ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ძ.-ს 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ ეკუთვნის.

სააპელაციო პალატამ მთლიანად გაიზიარა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დავის შეფასების სამართლებრივი არგუმენტაცია და დამატებით მიუთითა სარჩელის ხანდაზმულობაზეც.

ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გასაწევი სამედიცინო მომსახურების ფარგლებს და გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესს განსაზღვრავდა არა მხოლოდ ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული სახელმწიფო პროგრამები, არამედ, ამ პროგრამის აღსრულების მიზნით, ბრძანებით განსაზღვრულ უფლებამოსილ პირთა შორის დადებული ხელშეკრულებებიც.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №71/ნ ბრძანებით სააპელაციო სასამართლომ დადგინდა, რომ პროგრამის რეალიზაციაში მონაწილე ორგანიზაციების შერჩევა განხორციელდებოდა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

ჯანდაცვის მინისტრის ზემოთ მითითებული ბრძანების აღსრულების ფარგლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში – ფონდი) და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ (შემდეგში – დაწესებულება) დირექტორს შორის 2003 წელს დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ.

ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულებით განისაზღვრა მხარეთა ვალდებულებები, კერძოდ, „დაწესებულება“ ვალდებული იყო, ამბულატორიული სამედიცინო მომსახურება გაეწია მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამით გათვალისწინებული კომპონენტების მიხედვით, ხოლო „ფონდს“ უნდა უზრუნველეყო, მოსახლეობის ამბულატორიული სამედიცინო დახმარების პროგრამის კომპონენტის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ანაზღაურება „დაწესებულებისათვის“, ამ ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული ფინანსური პარამეტრებისა და ხელშეკრულების თანმხლები „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესის“ შესაბამისად.

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2003 წლის 26 მარტის №71/ნ ბრძანებითა და ამ ბრძანებით დამტკიცებული ჯანდაცვის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში გაფორმებული ხელშეკრულებით „სახელმწიფო შესყიდვის შესახებ“ მკაცრად განისაზღვრა მოპასუხე შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” ვალდებულება, სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურება გაეწია ზემოთ მითითებული ხელშეკრულების დანართებით განსაზღვრულ ფარგლებში. შესაბამისად, განისაზღვრა შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” უფლებამოსილება – გაწეული სამედიცინო მომსახურებისათვის ანაზღაურება მიეღო იმავე დანართების შესაბამისად შესრულებული სამუშაოსათვის.

პირველი ინსტანციის სასამართლომ სწორად შეაფასა, რომ სახელმწიფო შესყიდვის შესახებ საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდსა (შემდეგში – ფონდი) და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანების“ (შემდეგში – დაწესებულება) დირექტორს შორის 2003 წელს დადებული ხელშეკრულების თანხმლები „ხელშეკრულებით განსაზღვრულ სამუშაოთა შესრულების, შესრულებულ სამუშაოთა აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესით“ და ხელშეკრულების №1 დანართით გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და საჭიროების შემთხვევაში პაციენტის მიმართვის შესაძლებლობა მხოლოდ ოფთალმოლოგთან, ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან. შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული იყო მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურების დაფინანსება (ექიმის მიმართვით) საბიუჯეტო სახსრებით. იგივე აქტები კატეგორიულად განსაზღვრავდა ფინანსურ პარამეტრებს თითოეული ზემოთ მითითებული სამედიცინო მომსახურებისათვის.

წარმოდგენილი ხელშეკრულებისა და მისი დანართების შეფასებით სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ საბიუჯეტო სახსრებით სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სპეციალისტ-ალერგოლოგის კონსულტაციის დაფინანსებას არ ითვალისწინებდა. შესაბამისად, მოპასუხე შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება” უფლებამოსილი არ იყო, დაეფინანსებინა სპეციალისტ-ალერგოლოგის მომსახურება, მით უფრო სხვა მიზნობრივი დანიშნულებით გამოყოფილი სახსრებიდან.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სააპელაციო სასამართლომ ჩათვალა, რომ მოსარჩელემ ვერ უზრუნველყო მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, რომ მას ეკუთვნოდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შრომის ანაზღაურება. ნ. ძ.-ის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი არ არის არც ერთი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მხრიდან სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული ბენეფიციარებისადმი (პაციენტებისადმი) უფასოდ მომსახურების ფაქტს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ამავე პროგრამით დადგენილი წესით (კონსულტაციის გაწევა საჭიროების შემთხვევაში, ზოგადი პროფილის ექიმის მიმართვის საფუძველზე).

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით, შრომის კოდექსის 31-ე მუხლით და მიიჩნია, რომ საქმის მასალებით დადგენილი ვერ იქნა მოპასუხის ვალდებულება დასაქმებულთან ანგარიშსწორების უზრუნველყოფის თაობაზე, რის გამოც ნ. ძ.-ის სარჩელი უსაფუძვლოა.

სააპელაციო პალატის მოსაზრებით, სარჩელი უსაფუძვლობასთან ერთად სამოქალაქო კოდექსის 128-ე, 129-ე, 130-ე, 131-ე მუხლების საფუძველზე ხანდაზმულიცაა, რადგან დადგენილია, რომ ნ. ძ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს 2004 წლის შრომის ანაზღაურება. დასახელებული სარჩელით ნ. ძ.-მა ს.-ის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 30 სექტემბერს, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ, რის გამოც მისი სარჩელი ხანდაზმულია.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ნ. ძ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ საქმე განიხილა ტენდენციურად და მიკერძოებულად, რა დროსაც არ გაითვალისწინა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანება და სადაზღვევო პროგრამა. აღნიშნული პროგრამის თანახმად, ექიმთან ვიზიტი უფასოა ყველა მოქალაქისათვის, ხოლო გასაჩივრებული განჩინების მიხედვით, მოქალაქეებისათვის ფასიანია მხოლოდ ექიმ-ალერგოლოგის კონსულტაცია.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 26 მარტის განჩინებით ნ. ძ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ნ. ძ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 1995 წლის 1 ოქტომბრიდან 2006 წლის 29 დეკემბრამდე ნ. ძ.-ი მუშაობდა შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ ექიმ-ალერგოლოგის თანამდებობაზე. 2006 წლის 29 დეკემბერს ნ. ძ.-ი შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანების“ დირექტორის №151/კ ბრძანებით, ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო, გათავისუფლდა სამსახურიდან.

2004 წელს მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების” დირექტორს შორის დაიდო ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ, რომლითაც ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამით გათვალისწინებული სამედიცინო მომსახურების შესყიდვა. ამ ხელშეკრულების მე-17 მუხლით, მხარეთა (შემსყიდველი – საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდი, მიმწოდებელი – შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანება“) სხვა უფლება-მოვალეობებთან ერთად განისაზღვრა მათი ვალდებულება – პაციენტებისათვის სამედიცინო მომსახურების გაწევა მხოლოდ ნორმატიული აქტით დამტკიცებული „პროგრამის“ ფარგლებში.

საქმის მასალებით უტყუარად დასტურდება, რომ 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალსა და შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების“ დირექტორს შორის 2004 წლის ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ არ მოიცავდა ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას.

მოსარჩელის მიერ წარდგენილი მტკიცებულებით, კერძოდ, 2012 წლის 7 დეკემბრის სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს კონტროლის დეპარტამენტის უფროსის წერილით დადგენილია, რომ ნ. ძ.-ის განცხადების საფუძველზე სააგენტოს მიერ კომისიური წესით შესწავლილ იქნა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანების“ მედპერსონალის ჩართულობის საკითხი და დადგინდა, რომ შპს „ს.-ის ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში“ მოსახლეობის ამბულატორიული დახმარება 2003-2006 წლებში ხორციელდებოდა მოსახლეობის ამბულატორიული დახმარების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს სოციალური დაზღვევის ერთიანი სახელმწიფო ფონდის სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ფილიალთან დადებული ხელშეკრულების საფუძველზე. აღნიშნული პროგრამითა და ხელშეკრულებებით (მათზე თანდართული მომსახურების შესრულების, აღრიცხვის, ანგარიშგებისა და ანაზღაურების წესი) გათვალისწინებული იყო ზოგადი პროფილის ექიმის კონსულტაცია, ლაბორატორიული გამოკვლევები და, საჭიროების შემთხვევაში, პაციენტის მიმართვა მხოლოდ ნევროლოგთან, ენდოკრინოლოგთან, ქირურგთან, ონკოლოგთან, ოტორინოლარინგოლოგთან, ოფთალმოლოგთან, ფთიზიატრთან და რენტგენოლოგთან, შესაბამისად, პროგრამის ფარგლებში ფინანსდებოდა მხოლოდ ზოგადი პროფილის ექიმის და ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის, ქირურგის, ონკოლოგის, ოტორინოლარინგოლოგის, ოფთალმოლოგის, ფთიზიატრის და რენტგენოლოგის მომსახურება (ექიმის მიმართვით). ხელშეკრულების თანახმად, ექიმის მიმართვის გარეშე სპეციალისტების კონსულტაცია, ასევე, სხვა სპეციალისტებთან ვიზიტის ხარჯები ანაზღაურდებოდა პაციენტის მიერ.

ექიმ-ალერგოლოგის მომსახურებას სახელმწიფო პროგრამა არ ითვალისწინებდა, შესაბამისად, სააპელაციო პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ ნ. ძ.-ს 2004 წლის მოსახლეობის ამბულატორიულ-სამედიცინო დახმარების პროგრამის ფარგლებში ანაზღაურება არ ეკუთვნის.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ნ. ძ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს 2004 წლის შრომის ანაზღაურება. დასახელებული სარჩელით ნ. ძ.-მა ს.-ის რაიონულ სასამართლოს მიმართა 2014 წლის 30 სექტემბერს, მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან დაახლოებით ათი წლის შემდეგ.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

(სუს 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება, სუს 2011 წლის 14 აპრილის №ას-211-198-2011 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-868-830-2014 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნ. ძ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური