Facebook Twitter

საქმე №130210014449937

საქმე №ას-325-310-2015 20 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ლ. ნ.-ე (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ი. ტ.-ე (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება

დავის საგანი – ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება, საჩუქრის დაბრუნება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ლ. ნ.-ემ სარჩელი აღძრა სასამართლოში ი. ტ.-ის მიმართ უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულების გაუქმებისა და საჩუქრის დაბრუნების შესახებ.

მოსარჩელემ განმარტა, რომ მხარეები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, რა დროსაც ლ. ნ.-ემ მოპასუხეს აჩუქა კუთვნილი ფართის ნაწილი და ი. ტ.-ე აღირიცხა უძრავი ქონების თანამესაკუთრედ. ამჟამად მეუღლეები განქორწინებული არიან. მოპასუხე კონფლიქტურ სიტუაციას ქმნის სადავო ფართში, რითაც ხელს უშლის მოსარჩელის მიერ გახსნილი კლინიკის ფუნქციონირებას.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ იგი უსაფუძვლოა. სადავო ფართი მეუღლეებმა შეიძინეს ერთობლივად საერთო მიზნებისათვის. 2013 წლის 26 ივლისს მოსარჩელემ საკუთარი ნებით გაუფორმა ი. ტ.-ეს ჩუქების ხელშეკრულება და მისი გაუქმების წინაპირობა არ არსებობს.

ხ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 13 მაისის გადაწყვეტილებით სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 27 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 ივლისს ლ. ნ.-ესა და ი. ტ.-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ. ნ.-ემ (მჩუქებელი) ი. ტ.-ეს (დასაჩუქრებული) აჩუქა ქ.ხ.-ში, ლ.-ის ქ.№...-ში, პირველ სართულზე მდებარე 86.4 კვ.მ-დან 42.3 კვ.მ ფართი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადებით ლ. ნ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 26 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: 1. სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოდავე მხარეები მოაწესრიგებდნენ მათ ოჯახურ მდგომარეობას, ი. ტ.-ემ კი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ ცოტა ხანში მოსარჩელესთან ქორწინება შეწყვიტა; 2. ი. ტ.-ემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მჩუქებელ ლ. ნ.-ეს და გამოავლინა დიდი უმადურობა, კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ: ა) ი. ტ.-ემ ლ. ნ.-ის მიმართ პოლიციაში წარადგინა საჩივარი; ბ) ი. ტ.-ემ ლ. ნ.-ის მიმართ სასამართლოში წარადგინა სარჩელი; გ) ი. ტ.-ე ნაჩუქარ ფართში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; დ) ი. ტ.-ე ლ. ნ.-ეს უკრძალავს სასამართლოს დადგენილი ვადის გარეშე ბავშვებთან ურთიერთობას; 3. ქონების გაჩუქებამ გამჩუქებელს მოუსპო საარსებო წყარო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ნ.-ის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო დასაჩუქრებულის მხრიდან რაიმე პირობის შესრულებით, კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ მოდავე მხარეები მოაწესრიგებდნენ მათ ოჯახურ მდგომარეობას და, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა თავისი პირობა, აღნიშნული წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ ჩუქების ხელშეკრულების ძირითად თავისებურებას მისი უსასყიდლო ხასიათი წარმოადგენს, რაც ნიშნავს იმას, რომ მჩუქებელს არა აქვს უფლება, მოითხოვოს დასაჩუქრებულისაგან შემხვედრი დაკმაყოფილება. ჩუქების მოტივს, რომელიც ზოგჯერ შეიძლება ანგარებითაც იყოს განპირობებული, იურიდიული თვალსაზრისით, გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს.

სამოქალაქო კოდექსის 528-ე მუხლზე მითითებით სააპელაციო სასამართლომ განმარტა, რომ, მართალია, აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულების უსასყიდლობა არ ნიშნავს ჩუქებისას რაიმე პირობის საერთოდ გაუთვალისწინებლობას, თუმცა აქ მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ პირობა შეიძლება ეხებოდეს საჩუქრად მიღებული ქონების სარგებლობის ან მართვის წესს, მაგალითად, მჩუქებელმა დასაჩუქრებული დაავალდებულოს, რომ ნაჩუქარი სახლის ერთი ოთახი დატოვოს კონკრეტული პირის სარგებლობაში. დასაჩუქრებულის მხრიდან სწორედ ამ პირობის შეუსრულებლობა შეიძლება გახდეს ჩუქების ხელშეკრულების ბათილად ცნობის საფუძველი.

ამდენად, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმება ისეთი პირობის დათქმით, რაზედაც აპელანტი მიუთითებს (მოდავე მხარეთა შორის ოჯახური მდგომარეობის მოწესრიგება), ეწინააღმდეგება ზემოაღნიშნულ ნორმებს და ჩუქების ხელშეკრულების დამახასიათებელ თვისებებს, რის გამოც მითითებული საფუძვლით – დასაჩუქრებულის მხრიდან პირობის შეუსრულებლობის გამო, ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ი. ტ.-ის სარჩელისა და ლ. ნ.-ის შეგებებული სარჩელის გამო, ხ.-ის რაიონულ სასამართლოში მიმდინარეობდა სამოქალაქო დავა, რომელზეც მხარეთა შორის მიღწეულ იქნა მორიგება და ხ.-ის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 22 ოქტომბრის საოქმო განჩინებით შეწყდა 2012 წლის 18 აპრილს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ხ.-ის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება ი. ტ.-ესა და ლ. ნ.-ეს შორის. ამასთან, ლ. ნ.-ეს დაეკისრა საალიმენტო ვალდებულებები არასრულწლოვანი შვილების რჩენა-აღზრდისათვის.

ი. ტ.-ის 2014 წლის 28 თებერვლის განცხადების საფუძველზე, შსს ხ.-ის რაიონულ სამმართველოს წარმოებაში იყო საქმე ლ. ნ.-ის მიერ მისი ყოფილი მეუღლე ი. ტ.-ის მიმართ განხორციელებული ოჯახური ძალადობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლოს კოდექსის 111-1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით

ხ.-ის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 23 ნოემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ხ.-ის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებლის მიერ 2014 წლის 21 ნოემბერს გამოცემული №... შემაკავებელი ორდერი ლ. ნ.-ის მიმართ არ დამტკიცდა.

2013 წლის 4 ნოემბერს ი. ტ.-ემ განცხადებით მიმართა ხ.-ის რაიონულ სამმართველოს ლ. ნ.-ის მიერ მათ საერთო სტომატოლოგიურ კლინიკაში ფარული აუდიოჩამწერი აპარატის დამონტაჟების თაობაზე. ამ განცხადების საფუძველზე სამმართველოში გამოძიება, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნების არ არსებობის გამო, არ დაწყებულა.

ხ.-ის რაიონულ პროკურატურაში მიმდინარეობდა გამოძიება ი. ტ.-ის განცხადების საფუძველზე ლ. ნ.-ის მიერ ცემის ფაქტზე. საქმის მასალებში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნა, რომლის თანახმად დგინდება, რომ ლ. ნ.-ე ბრალად შერაცხული მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის დროს იმყოფებოდა ფიზიოლოგიური აფექტის მდგომარეობაში.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის პირველი ნაწილი უფლებას ანიჭებს გამჩუქებელს, ჩუქების გაუქმება მოითხოვოს, თუ არსებობს კანონით გათვალისწინებული საფუძვლები. ჩუქების გაუქმება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დასაჩუქრებული მძიმე შეურაცხყოფას მიაყენებს გამჩუქებელს ან დიდ უმადურობას გამოიჩენს მის მიმართ.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ მოსარჩელემ თავად უნდა განსაზღვროს, რომელი ქმედება მიიჩნიოს უმადურობად ან შეურაცხყოფად, თუმცა კონკრეტული ფაქტი წარმოადგენს თუ არა ისეთი სახის შეურაცხყოფას ან უმადურობას, რაც ჩუქების გაუქმებას შეიძლება, დაედოს საფუძვლად, სასამართლოს და არა თავად მოსარჩელის შეფასების საგანია. სასამართლომ მხარეთა ურთიერთდამოკიდებულების, მათი შეხედულებების, თავად ქმედების შეფასების, ასევე, კონკრეტულ საზოგადოებაში არსებული წეს-ჩვეულებებისა და დამკვიდრებული მოსაზრებების გათვალისწინებით უნდა განსაზღვროს, იჩენს თუ არა დასაჩუქრებული უმადურობას გამჩუქებლის მიმართ, ან – არის თუ არა მისი ქმედება შეურაცხმყოფელი. ბუნებრივია, ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია თავად მხარის სუბიექტური დამოკიდებულება კონკრეტული ქმედების მიმართ, მაგრამ გადამწყვეტია ამ ქმედების შეფასება იმ თვალსაზრისით, ობიექტურად შეიძლება თუ არა, უმადურობად ან შეურაცხყოფად იქნეს მიჩნეული, მით უფრო, რომ სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლიდან გამომდინარე, დასაჩუქრებულის არა ყოველგვარი გასაკიცხი ქმედება იძლევა ჩუქების გაუქმების საფუძველს, არამედ მხოლოდ მძიმე შეურაცხყოფა და დიდი უმადურობა.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ აპელანტის (მოსარჩელის) მიერ ჩუქების გაუქმების საფუძვლად მითითებული არც ერთი ფაქტობრივი გარემოება არ უნდა დაკვალიფიცირდეს მის მიმართ განხორციელებულ უმადურობად ან/და შეურაცხყოფად, ვინაიდან მოპასუხის ქმედებები, რაც გამოიხატა სასამართლოსა და სამართალდამცავ ორგანოებში სარჩელითა და საჩივრით მიმართვაში, ასევე, სადავო ფართში თავისუფალი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება წარმოადგენს მოსარჩელის იმ უფლებებს, რაც დაცულია საქართველოს კონსტიტუციითა და საქართველოს კანონმდებლობით.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 529-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ არსებობს არც ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების და, შესაბამისად, არც ნაჩუქარი ნივთის გამოთხოვის საფუძველი.

ლ. ნ.-ე ასევე აპელირებს იმ გარემოებაზე, რომ ქონების გაჩუქებამ მას საარსებო წყარო მოუსპო, კერძოდ, ტექნიკური ნახაზის მიხედვით დგინდება, რომ უძრავ ქონებას აქვს ერთი შესასვლელი, ი. ტ.-ე არის ექიმი-სტომატოლოგი, თავად – ტექნიკოსი. მათ შორის უთანხმოებამ გამოიწვია კლინიკაში პაციენტთა დინების შემცირება, ყოველივე აღნიშნულმა კი – შემოსავლის შემცირება.

სამოქალაქო კოდექსის 526-ე მუხლის თანახმად, ჩუქების აკრძალვის საფუძველს წარმოადგენს მჩუქებლის ოჯახის მძიმე მატერიალური მდგომარეობა. თუ მჩუქებელს ან მის კმაყოფაზე მყოფ პირს საარსებო წყარო მოესპობა თავისი ქონების გაჩუქებით, ჩუქების ხელშეკრულება არ შეიძლება დაიდოს, ხოლო, უკვე დადებული ხელშეკრულება უნდა გაბათილდეს.

მოცემულ შემთხვევაში ის გარემოება, რომ, მოდავე მხარეთა შორის უთანხმოების გამო, კლინიკის პაციენტთა რაოდენობა შემცირდა, რამაც, თავის მხრივ, გამოიწვია შემოსავლის შემცირება, არ წარმოადგენს გამჩუქებლის საარსებო წყარო მოსპობას.

სააპელაციო პალატამ აღნიშნა, რომ შემოსავლის წყაროს მოსპობის საფუძველს არ წარმოადგენს ის გარემოება, რომ, შემოსავლის შემცირების გამო, ლ. ნ.-ე ვერ გადაიხდის კრედიტს და აღსრულება მიექცევა მის ქონებაზე. საქმის მასალებით დასტურდება, რომ სადავო ფართის შესაძენად ლ. ნ.-ის მიერ „საქართველოს ბანკიდან“ აღებული კრედიტის უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთულია ი. ტ.-ის დედის – ნ. ა.-ას საცხოვრებელი სახლი. ამასთან, მოვალის სოლიდარული თავდებია ი. ტ.-ე, რომელმაც, ჩუქების შემდეგ, სესხის დასაფარად, რამოდენიმეჯერ, თანხაც კი შეიტანა ბანკში. ამასთან, პალატა ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა ახსნა-განმარტებით დღეის მდგომარეობით ი. ტ.-ე სადავო ფართში აღარ ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას. შესაბამისად, პაციენტების რაოდენობის შემცირება გამოწვეული ვეღარ იქნება მოდავე მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობის გამო.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ლ. ნ.-ემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ გასაჩივრებულ განჩინებაში არ არის მითითებული, რომელი კანონით იხელმძღვანელა სასამართლომ, რითაც მხარეს არ მიეცა შესაძლებლობა, სადავოდ გაეხადა კანონის გამოყენების სისწორე.

ლ.ნ.-ის მოსაზრებით, სააპელაციო პალატას არ შეუფასებია მოწმეთა ჩვენებები, რომელთა თანახმად დასტურდება მოპასუხის მიერ გამოვლენილი უმადურობა. ასევე, სასამართლომ არ შეაფასა ის ფაქტი, რომ ჩუქების შედეგად კასატორთან დარჩენილი ქონება არ აკმაყოფილებს სამედიცინო დაწესებულებისათვის დადგენილ სტანდარტებს, რის გამოც მოსარჩელის სტომატოლოგიურ კლინიკას დახურვა ემუქრება.

კასატორმა ჩათვალა, რომ სააპელაციო სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოებანი, არ გაითვალისწინა მხარეთა შორის შექმნილი დაძაბული კონფლიქტური სიტუაცია. ი. ტ.-ის მიერ სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადებიდან რამდენიმე დღეში განქორწინების მოთხოვნა ადასტურებს, რომ მოწინააღმდეგე მხარის მიზანს სწორედ ქონების მიღება წარმოადგენდა და იგი ოჯახის შენარჩუნებას არ აპირებდა. ამასთან, ყოფილ მეუღლესთან შექმნილი რთული მდგომარეობის შედეგად გარდაიცვალა კასატორის დედა. ამჟამად ლ.ნ.-ეს უხდება სადავო ფართის შესაძენად აღებული კრედიტის დაფარვაც, რაშიც ი.ტ.-ე არ მონაწილეობს.

ლ. ნ.-ემ 2015 წლის 14 აპრილის №ა-1251-15 განცხადებით მიმართა საკასაციო სასამართლოს, რომელსაც დაურთო წერილობითი მტკიცებულებები 173 ფურცლად.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 20 აპრილის განჩინებით ლ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ლ. ნ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ 2013 წლის 26 ივლისს ლ. ნ.-ესა და ი. ტ.-ეს შორის გაფორმდა უძრავი ქონების ჩუქების ხელშეკრულება, რომლის თანახმად ლ. ნ.-ემ (მჩუქებელი) ი. ტ.-ეს (დასაჩუქრებული) აჩუქა ქ.ხ.-ში, ლ.-ის ქ.№...-ში, პირველ სართულზე მდებარე 86.4 კვ.მ-დან 42.3 კვ.მ ფართი.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სასარჩელო განცხადებით ლ. ნ.-ის მოთხოვნას წარმოადგენს 2013 წლის 26 ივლისის ჩუქების ხელშეკრულების გაუქმება და გაჩუქებული ქონების უკან დაბრუნება შემდეგი საფუძვლებით: 1. სადავო ჩუქების ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო იმ გარემოებით, რომ მოდავე მხარეები მოაწესრიგებდნენ მათ ოჯახურ მდგომარეობას, ი. ტ.-ემ კი ჩუქების ხელშეკრულების გაფორმებიდან სულ ცოტა ხანში მოსარჩელესთან ქორწინება შეწყვიტა; 2. ი. ტ.-ემ მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა მჩუქებელ ლ. ნ.-ეს და გამოავლინა დიდი უმადურობა, კერძოდ, ჩუქების ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ: ა) ი. ტ.-ემ ლ. ნ.-ის მიმართ პოლიციაში წარადგინა საჩივარი; ბ) ი. ტ.-ემ ლ. ნ.-ის მიმართ სასამართლოში წარადგინა სარჩელი; გ) ი. ტ.-ე ნაჩუქარ ფართში ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას; დ) ი. ტ.-ე ლ. ნ.-ეს უკრძალავს სასამართლოს დადგენილი ვადის გარეშე ბავშვებთან ურთიერთობას; 3. ქონების გაჩუქებამ გამჩუქებელს მოუსპო საარსებო წყარო.

სააპელაციო სასამართლომ არ გაიზიარა ლ. ნ.-ის მიერ სააპელაციო საჩივრის საფუძვლად მითითებული ის გარემოება, რომ ჩუქების ხელშეკრულების დადება განპირობებული იყო დასაჩუქრებულის მხრიდან რაიმე პირობის შესრულებით, კერძოდ კი, იმ გარემოებით, რომ მოდავე მხარეები მოაწესრიგებდნენ მათ ოჯახურ მდგომარეობას და, ვინაიდან მოპასუხემ არ შეასრულა თავისი პირობა, აღნიშნული წარმოადგენდა ჩუქების ხელშეკრულების გაუქმების საფუძველს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან მოცემული ტიპის დავებზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუსგ 2013 წლის 5 ნოემბერი, საქმე №ას-62-59-2012).

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. ამდენად, საკასაციო პალატა თვლის, რომ კასატორ ლ. ნ.-ეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 14 აპრილს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 1345,95 ლარის 70% – 942,165 ლარი.

ამავდროულად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ. ნ.-ეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 14 აპრილის №ა-1251-15 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულება 173 ფურცლად, ვინაიდან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, საკასაციო სასამართლო იმსჯელებს მხარის მხოლოდ იმ ახსნა-განმარტებაზე, რომელიც ასახულია სასამართლოთა გადაწყვეტილებებში ან სხდომათა ოქმებში. აღნიშნული ნორმის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ საკასაციო სასამართლოში ახალ ფაქტებზე მითითება და ახალი მტკიცებულებების წარმოდგენა არ დაიშვება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ლ. ნ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. კასატორ ლ. ნ.-ეს (პირადი №...) სახელმწიფო ბიუჯეტიდან (ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“, ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 300773150) დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით მის მიერ 2015 წლის 14 აპრილს №12 საგადახდო დავალებით გადახდილი 1345,95 ლარის 70% – 942,165 ლარი.

3. ლ. ნ.-ეს დაუბრუნდეს მის მიერ 2015 წლის 14 აპრილის №ა-1251-15 განცხადებაზე დართული წერილობითი მტკიცებულება 173 ფურცლად.

4. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური