Facebook Twitter

საქმე №ას-327-312-2015 22 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – შპს „ა. XXI“ (მოპასუხე)

მოწინააღმდეგე მხარე – სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიურო“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – თანხის დაკისრება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ“ სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს „ა. XXI“-ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებით სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სარჩელი დაკმაყოფილდა და შპს „ა. XXI“-ს სსიპ „ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს“ სასარგებლოდ დაეკისრა 19011.64 ლარის გადახდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა შპს „ა. XXI“-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 9 თებერვლის განჩინებით შპს „ა. XXI“-ის სააპელაციო საჩივარი თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 31 ოქტომბრის გადაწყვეტილებაზე დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში სახეზე არ იყო სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძვლები. აპელანტს არ წარმოუდგენია აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელი უტყუარი მტკიცებულებები, რის გამოც პალატამ მიიჩნია, რომ არსებობდა სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვების საფუძველი.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე შპს „ა. XXI“-მა შეიტანა კერძო საჩივარი და მოითხოვა მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორის განმარტებით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა, ვინაიდან სასამართლომ სათანადოდ არ შეაფასა აპელანტ შპს „ა. XXI“-ის მიერ წარდგენილ შუამდგომლობაში მითითებული გარემოებები სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებასთან დაკავშირებით. სასამართლომ არ გაითვალისწინა, რომ შპს „ა. XXI“-ის დირექტორი ე.ა-ი იყო დაპატიმრებული, რამაც მისი ფინანსური მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმა და სახელმწიფო ბაჟის გადახდა პრაქტიკულად შეუძლებელი გახადა.

საჩივრის ავტორის განმარტებით, შპს „ა. XXI“-ის წინაშე შეუსრულებელი ვალდებულება გააჩნია სახელმწიფოსაც. კერძოდ, ქ. თბილისის მერიას შპს „ა. XXI“-ის მიმართ პროექტის - „სადარბაზოების სარემონტო სამუშაოები“ ფარგლებში სამუშაოების შესრულების ანაზღაურება დღემდე არ განუხორციელებია, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა მას, როგორც მეწარმე სუბიექტს.

კერძო საჩივრის ავტორის აზრით, სააპელაციო საჩივრის განუხილველად დატოვებით მხარეს ეზღუდება კონსტიტუციით გარანტირებული სასამართლოსთვის მიმართვის უფლება.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ შპს „ა. XXI“-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2014 წლის 29 დეკემბრის განჩინებით არ დაკმაყოფილდა შპს „ა. XXI“-ის შუამდგომლობა სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან განთავისუფლების თაობაზე და აპელანტ შპს „ა. XXI“-ს დაევალა 7 დღის ვადაში წარედგინა სახელმწიფო ბაჟის 360.76 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედანი (იხ. ტ. 2. ს.ფ. 2-4).

ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში 2015 წლის 20 იანვარს შპს „ა. XXI“-ის წარმომადგენელმა რ. კ-მა განცხადებით მიმართა თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას და მოითხოვა დაკისრებული სახელმწიფო ბაჟის გონივრული ვადით გადავადება (იხ. ტ. 2. ს.ფ. 7,9), რაც სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 9 თებერვლის განჩინებით არ დაკმაყოფილდა (იხ. ტ. 2. ს.ფ. 11-12).

საკასაციო სასამართლო არ იზიარებს კერძო საჩივრის ავტორის მოსაზრებას, რომ სააპელაციო სასამართლოს უნდა გაეთვალისწინებინა შუამდგომლობაში მის მიერ მითითებული გარემოებები და გადაევადებინა სახელმწიფო ბაჟის გადახდა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარემ (აპელანტმა), მართალია, იშუამდგომლა სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით, თუმცა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მას სასამართლოსთვის არ წარუდგენია (იხ. ტ. 2. ს.ფ. 7-10). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტი ვერ ასაბუთებდა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობას. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტის მარტოოდენ სიტყვიერი მითითება, რომ კომპანია იმყოფება მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვერ ადასტურებს მის გადახდისუუნარობას. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორს სასამართლოსთვის არ წარუდგენია.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად უთხრა უარი აპელანტს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ მართებულად დატოვა განუხილველად სააპელაციო საჩივარი ხარვეზის შეუვსებლობის გამო. შესაბამისად, არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. შპს „ა. XXI“-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 9 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო პალატის განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე