საქმე №ას-333-318-2015 27 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
პირველი კასატორი – საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირი (მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით)
მეორე კასატორი – შპს „ჯ. მ.-ი’’ (მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით)
გასაჩივრებული გადაწყვეტილება – ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილება
პირველი კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
მეორე კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება იმ ნაწილში, რომლითაც დაკმაყოფილდა თავდაპირველი სარჩელი შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 11.11.2013წ.-ის №389 ბრძანების გაუქმებისა და შპს „ჯ. მ.-ში” მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებისათვის დამატებით ანაზღაურებადი შვებულების წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით მიცემის ნაწილში და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა; ასევე, შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება
დავის საგანი – შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 29.01.2014წ.-ს N27 ბრძანების ბათილად ცნობა; 11.11.2013წ.-ის №... ბრძანების ბათილად ცნობა, მძიმე, მავნე ან საშიშროებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა წელიწადში 10 კალენდარული დღით; დასაქმებულისათვის უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურების დავალება; 2013-14წწ.-ის განმავლობაში ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე პერსონალისათვის დაკლებული საათობრივი ტარიფის ნახევრის ანაზღაურების დავალება და კანონით გათვალისწინებული დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტის დაკისრება; პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა და N... ბრძანებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სახლით სარჩელი აღიძრა ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში მოპასუხე შპს „ჯ. მ.-ის“ მიმართ, რომლითაც მოსარჩელეებმა მოითხოვეს:
1.1. შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 29.01.2014წ.-ის N..ბრძანების ბათილად ცნობა;
1.2. მძიმე, მავნე ან საშიშროებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა წელიწადში 10 კალენდარული დღით;
1.3. დასაქმებულისათვის უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ანაზღაურება, 2013-14წწ.-ის განმავლობაში ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე პერსონალისათვის დაკლებული საათობრივი ტარიფის ნახევრის ანაზღაურება და დაყოვნებული თანხის კანონით გათვალისწინებული 0,07%-ის ანაზღაურება;
1.4. პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა და 31.05.2013წ.-ის N... ბრძანებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება;
1.5. შპს „ჯ. მ.-ის’’ დირექტორის 11.11.2013წ.-ის N..ბრძანების ბათილად ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და თავდაპირველ სარჩელთან ერთად განსახილველად წარადგინა შეგებებული სარჩელი, რომლითაც მოითხოვა, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და შპს „ჯ. მ.-ს“ შორის გაფორმებული კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ბათილად ცნობა.
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 4 სექტემბრის გადაწყვეტილებით საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ბათილად იქნა ცნობილი 2014 წლის 29 იანვრის №27 ბრძანების 1, მე-2 და მე-9 პუნქტები. შპს „ჯ. მ.-ს“ დაევალა პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნა 2013 წლის 31 მაისის №.. ბრძანებაში გაცემული წესების შესაბამისად. ბათილად იქნა ცნობილი 2013 წლის 11 ნოემბრის №.. ბრძანება. სხვა ნაწილში მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.
შპს „ჯ. მ.-ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გასაჩივრდა ორივე მხარის მიერ. შპს „ჯ. მ.-მა“ მოითხოვა, გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმება თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილების ნაწილში და გაუქმებულ ნაწილში ახალი გადაწყვეტილების მიღებით, თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა და შეგებებული სარჩელის დაკმაყოფილება.
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულმა კავშირმა მოითხოვა გასაჩივრებული გადაწყვეტილების ნაწილობრივი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილება მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულისათვის დამატებით ანაზღაურებადი შვებულების - წელიწადში 10 კალენდარული დღით მიცემის, უქმე დღეებში ნამუშევარი საათების 1,5 ოდენობით ანაზღაურების, 2013-14წწ.-ში ცვლიანობის გრაფიკით მომუშავე პერსონალისათვის დაკლებული საათობრივი ტარიფის ნახევრის ანაზღაურებისა და კანონით გათვალისწინებული დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 04 თებერვლის გადაწყვეტილებით:
საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
1. შპს „ჯ. მ.-ის სააპელაციო საჩივარი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
2. გაუქმდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2014 წლსი 4 სექტემბრის გადაწყვეტილება და მიღებული იქნა ახალი გადაწყვეტილება;
3. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ;
4. გაუქმდა შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 2013 წლის 11 ნოემბრის №.. ბრძანება „შვებულების დღეების გაანგარიშების წესის შესახებ“.
5. შპს „ჯ. მ.-ში” მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებს მიეცა დამატებით ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10
კალენდარული დღის ოდენობით;
7. საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სარჩელი შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 2014 წლის 29 იანვრის №.. ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით, დასაქმებული პერსონალისათვის უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ერთნახევარი ოდენობის ანაზღაურებისა და ამ თანხის დაყოვნებისათვის 0.07%-ის ანაზღაურების მოთხოვნით - არ დაკმაყოფილდა;
8. არ დამაყოფილდა საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის სარჩელი პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ;
9. შპს „ჯ. მ.-ის” შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა.
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 31.05.2013წ.-ს ერთი მხრივ, შპს „ჯ. მ.-ს“ და მეორე მხრივ, საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება.
დადგენილია, რომ 29.01.2014წ.-ის შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორ ვ.ლ.-ს №... ბრძანებაში გაკეთებულია გარკვეული დათქმები იმის შესახებ, თუ როდის და რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიეცეს დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულება.
დადგენილია, რომ 31.05.2013წ.-ს შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა საწარმოო მაჩვენებლების შესრულების მიმართულებით მატერიალური დაინტერესების გაზრდისა და სტიმულირების მიზნით გამოსცა ბრძანება №..., რომლითაც დამტკიცდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა პრემირების დებულება თანდართული სახით. სხვა საკითხებთან ერთად ამ დებულებით განისაზღვრა საპრემიო სისტემისა და პრემიის გაანგარიშების პრინციპი, სპეციალური შემსწავლელი კომისიის შექმნის პირობები და წესები.
დადგენილია, რომ კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა საწარმოო სტრუქტურული ერთეულების დასაქმებულთათვის განისაზღვრა 30 სამუშაო დღის ოდენობით.
დადგენილია, რომ შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 11.11.2013წ.-ის №389 ბრძანებით შპს „ჯ. მ.-ში“ შემავალ სტრუქტურებში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის დადგინდა ყოველწლიური კუთვნილი შვებულების შემდეგი ოდენობა 24 სამუშაო დღე + 10 კალენდარული დღე.
სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა ზემოთ აღნიშნული ბრძანების ბათილობის მოთხოვნით დასაბუთებული იყო, რადგან საქართველოს ორგანული კანონი შრომის კოდექსი აწესრიგებდა საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, ხოლო კანონის V თავით კი, რეგულირებული იყო უშუალოდ შვებულებასთან დაკავშირებული ურთიერთობები, სახელდობრ, კანონის 21-ე მუხლის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით (12.06.2013წ.-ის რედაქცია). 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას.
31.05.2013წ.-ის კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა სტრუქტურული ერთეულების დასაქმებულთათვის განსაზღვრული იყო 30 სამუშაო დღის ოდენობით, რაც იმას ნიშნავდა, რომ ბრძანებით დადგენილმა საშვებულებო დღეების ოდენობამ გააუარესა დასაქმებულთა მდგომარეობა, რაც ეწინააღმდეგებოდა შრომის კოდექსის დებულებებს და ამდენად, წარმოადგენდა 11.11.2013წ.-ის N... ბრძანების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივ საფუძვლებს.
მართლზომიერად იქნა მიჩნეული თავდაპირველი სარჩელის ის მოთხოვნაც, რომელიც შეეხებოდა მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის დამატებით წელიწადში 10 კალენდარული დღით ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნას. ამ თვალსაზრისით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის 261 მუხლზე, რომლის თანახმად, „მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღე.
უდავო გარემოებად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ჯ. მ.-ში“ დასაქმებულებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს ეწეოდნენ. სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, გასაჩივრებული ბრძანების გამოცემით ადმინისტრაციამ დაარღვია როგორც შრომის კოდექსი, ასევე კოლექტიური ხელშეკრულების ზოგადი დებულებები, რომლის 1.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების მონაწილე არც ერთ მხარეს არ შეუძლია ცალმხრივი წესით შეწყვიტოს კოლექტიური ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება ხელშეკრულების მოქმედების ვადის გასვლამდე.
ცხადია მხარეთა შორის შედგენილი კოლექტიური ხელშეკრულების ერთ-ერთი პირობა და მხარეთა ვალდებულება იყო ცალმხრივად არ შეეწყვიტათ ურთიერთმიმართ ნაკისრი ვალდებულებები. რომელთაგან უპირველესი და არსებითი სწორედ 30 სამუშაო დღიან ანაზღაურებად შვებულებაზე შეთანხმება იყო.
შრომის კოდექსის მე-11 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შესაძლებელია მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით.
გასაჩივრებული 11.11.2013წ.-ის №... ბრძანებით დაირღვა მხარეთა შეთანხმება ანაზღაურებადი შვებულების 30 დღიანი სამუშაო დღით განსაზღვრის თაობაზე და დაწესდა ახალი რეგულაცია მხარესთან შეთანხმების გარეშე, რაც კანონშეუსაბამოა, ეწინააღმდეგებოდა, როგორც შრომის კოდექსს, ისე კოლექტიურ ხელშეკრულებას და რაც საბოლოო ჯამში, ამ ბრძანების ბათილობის საფუძველი იყო
რაც შეეხება 29.01.2014წ.-ის №... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნას, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ ამ ბრძანებით „საპატიო მიზეზის გამო დასაქმებულს პირადი განცხადების საფუძველზე და უშუალო ხელმძღვანელის ნებართვით შეიძლება მიეცეს მოკლევადიანი უხელფასო შვებულება წელიწადში არაუმეტეს 15 კალენდარული დღით“. მითითებულ ბრძანებაში ასევე გაკეთებულია გარკვეული დათქმები ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობასთან დაკავშირებით: 10 დღით ადრე დამსაქმებლის გაფრთხილება, განცხადების ვიზირება სტურუქტურული დანაყოფის ხელმძღვანელის მიერ, არყოფნის მიზეზების მითითება და ა.შ.
სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ზემოაღნიშნული ბრძანება არ ეწინააღმდეგებოდა ანაზღაურების გარეშე შვებულებასთან დაკავშირებულ შრომის კოდექსით დადგენილ რეგულაციებს, სახელდობრ, შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე 15 კალენდარული დღით. ეს საკითხი საშვებულებო დღეების ოდენობასთან დაკავშირებით (15 კალენდარული დღე) იგივენაირად იყო მოწესრიგებული გასაჩივრებულ ბრძანებაში, რომლის თანახმად, დასაქმებულებს შეუძლიათ ისარგებლონ 15 კალენდარული დღის ოდენობით არაანაზღაურებადი შვებულებით.
შრომის კანონთა კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად, „ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია ორი კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ...„
გასაჩივრებული ბრძანების მე-4 პუნქტით „ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნისას დასაქმებული ვალდებულია 10 სამუშაო დღით ადრე წერილობით გააფრთხილოს დამსაქმებელი.“
რაც შეეხება ბრძანებაში გაკეთებულ დათქმებს იმის თაობაზე, რომ: შვებულების მსურველებმა უნდა მიუთითოს არ ყოფნის მიზეზებზე; რომ ეს განცხადება ვიზირებული უნდა იყოს შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფის ხელძღვანელის მიერ; და რომ დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულების მოთხოვნის უფლება წარმოეშვბა მხოლოდ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების სრული გამოყენების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს მოსაზრებით, არ წარმოადგენდა უკანონო მოთხოვნებს ადმინისტრაციის მხრიდან, რადგან საწარმო არის დამოუკიდებელი, ცოცხალი ორგანიზმი და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე (საწარმოს უწყვეტობის ციკლი და ა.შ.). საწარმოს აქვს უფლება დააწესოს სხვადასხვა რეგულაციები ამა თუ იმ საკითის მოსაწესრიგებლად, მათ შორის, ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით.
სააპელაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ რიგ შემთხვევებში, შრომის კოდექსი დამსაქმებელს აძლევდა უფლებას დაედგინა დასაქმებულთათვის წლის განმავლობაში ანაზღაურებად შვებულებათა მიცემის რიგითობა (22-ე მუხლის მე-5 ნაწილი) და თუ კანონმდებელი ამგვარი რეგულაციის დაწესებას შესაძლებლად მიიჩნევდა (ანუ, რიგითობას შვებულების მიცემის დროს) ანაზღაურებადი შვებულების მიცემის განსაზღვრისას, სასამართლოს აზრით სრულად ლოგიკური და კანონშესაბამისი იყო საწარმოს მიერ გარკვეულ დათქმათა დაწესება ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით.
მით უფრო, გასაჩივრებული ბრძანების მე-6 პუნქტში ერთმნიშვნელოვნად იყო მითითებული, რომ მხოლოდ საწარმოს ინტერესებიდან ან ისეთი გარემოებებიდან გამომდინარე, როცა დასაქმებულის არყოფნამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანის გამოიწვიოს, საფრთხე შეუქმნას ადამიანის ჯანმრთელობას, შეიძლება მას უარი ეთქვას ანაზღაურების გარეშე შვებულებით სარგებლობაზე, ამასთან დამსაქმებელი ვალდებულიცაა დასაქმებულს აცნობოს უარის თქმის არგუმენტირებული მოსაზრებები.
თუმცა მოპასუხის განმარტებით, საწარმოში არ ყოფილა არც ერთი შემთხვევა, რომელიმე დასაქმებულისთვის უარი ეთქვათ ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემაზე, რაც სადავოდ არ გაუხდია მოსარჩელეს.
ამდენად, საქმის განმხილველმა სასამართლომ მიიჩნია, რომ 29.01.2014წ.-ის №... ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნა უსაფუძვლო იყო, რაც წარმოადგენდა მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის კანონისმიერ საფუძველს.
უქმე დღეებში ნამუშევარი საათების ერთნახევარ ოდენობასა და დაყოვნებული ასანაზღაურებელი თანხის 0,07%-ის დაკისრების თაობაზე თავდაპირველ სარჩელთან დაკავშირებით, სააპელაციო სასამართლომ მიუთითა შრომის კოდექსის მე-20 მუხლზე, რომელშიც ჩამოთვლილია უქმე დღეები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და მისი ანაზღაურების პირობები განისაზღვრებოდა ამავე კანონის მე-17 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტებით დადგენილი წესით. კერძოდ, მე-17 მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ზეგანაკვეთური სამუშაო ანაზღაურდება ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით. ამ ანაზღაურების ოდენობა განისაზღვრება მხარეთა შეთანხმებით. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურების სანაცვლოდ დასაქმებულისათვის დამატებითი დასვენების დროის მიცემაზე.
დადგენილია, რომ მხარეთა შეთანხმებაში ანუ, კოლექტიური ხელშეკრულების 8.4.1 პუნქტში დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას ზეგანაკვეთურ საათებში მუშაობა აანაზღაუროს საათობრივი ტარიფის ერთნახევარი ოდენობით. პალატამ მიიჩნია, რომ ანაზღაურების პრინციპი, რაზედაც მხარეები შეთანხმდნენ შესაბამისობაში იყო კანონთან.
რაც შეეხება მოსარჩელეთა მოთხოვნას 2013-14წწ.-ში მიუღებელი თანხის გადახდის, ასევე, მისი დაყოვნებისათვის 0,07%-ის გადახდის თაობაზე, სააპელაციო სასამართლომ უსაფუძვლოდ მიიჩნია, რადგან საქმის მასალებით არ დასტურდებოდა თუ ვის, და რა ოდენობით მიადგა ზიანი და რა თანხა ეკუთვნოდა უქმე დღეებში მუშაობისათვის. ხოლო სასარჩელო მოთხოვნა არ შეიძლება ყოფილიყო ზოგადი, აბსტრაქტულად პირთა წრეზე გათვლილი, მოთხოვნა უნდა ყოფილიყო კონკრეტული, რადგანაც მხოლოდ ამგვარად დაყენებული სარჩელის საფუძვლიანობაზე შეიძლებოდა ემსჯელა სასამართლოს.
პალატამ ასევე დაუსაბუთლად მიიჩნია მოსარჩელეთა მოთხოვნა პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის შესახებ და აღნიშნა, რომ მართალია შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 31.05.2013წ.-ის №182 ბრძანების საფუძველზე შექმნილ დასაქმებულთა პრემირების დებულების 2.8 პუნქტი ითვალისწინებდა საწარმოო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, სპეციალური კომისიის შექმნას, მაგრამ პალატამ მიუთითა, რომ სრულიად დაუსაბუთებელი იყო მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, რომ საწარმოო გეგმის შეუსრულებლობას ჰქონდა ადგილი და ეს გარემოება გამოწვეული იყო საწარმოს ბრალეული ქმედებით. პალატა მიიჩნია, რომ საწარმოს გეგმის შესრულება უპირველესად სწორედ საწარმოს მიზანი იყო და ამგვარი კომისიის შექმნის მოთხოვნა საწარმოს დამოუკიდებლობაში ჩარევას ნიშნავდა.
გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა საკასაციო წესით, საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს გასაჩივრებული გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-7 და მე-8 პუნქტების გაუქმება და ამ ნაწილში, ახალი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება. კასატორი სადავოდ ხდის ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის წინაპირობების განსაზღვრის მართლზომიერებას და მიაჩნია, რომ მისი გამოყენება არ უნდა იყოს დამოკიდებული რაიმე საპატიო მიზეზებზე და დამსაქმებლის ნებაზე, არამედ სშკ-ის 21-ე მუხლის მე-2 ნაწილი დასაქმებულს უფლებას აძლევს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით, სულ მცირე, წელიწადში 15 კალენდარული დღით და ამასთან, რაიმე წინაპირობებს ამისათვის არ აწესებს. აღნიშნულიდან გამომდინარე, კასატორებს მიაჩნიათ, რომ 29.01.2014წ.-ის N...ბრძანების პირველი პუნქტი უკანონოა და უნდა გაუქმდეს. კასატორი ასევე სადავოდ ხდის სპეციალური კომისიის შექმნის საკითხს და აღნიშნავს, რომ საწარმომ ვალდებულება აიღო მის შექმნაზე, ხოლო საქმის განმხილველმა სასამართლომ კი, ერთმანეთისაგან ვერ გამიჯნა საწარმოს ვალდებულება და მის საქმიანობის დამოუკიდებლობაში ჩარევა.
შპს „ჯ. მ.-ის“ საკასაციო საჩივრის ძირითადი პრეტენზია იმ გარემოებას ემყარება, რომ 31.05.2013წ.-ის კოლექტიური შრომის ხელშეკრულება უფრო ადრეა გაფორმებული, ვიდრე სშკ-ის 261 მუხლი, რომელის თანახმად, „მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღე“. კასატორის მოსაზრებით, საწარმო ორიენტირებულია მოგების მიღებაზე და ამდენად, დამატებითი ანაზღაურებადი შვებულების მიცემა დაკავშირებულია საწარმოს დამატებით ხარჯებთან.
კასატორი არ ეთანხმება საქმის განმხილველი სასამართლოს მსჯელობას იმის თაობაზე, რომ სადავო 11.11.2013წ.-ის N... ბრძანება პრაქტიკულად აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას და აღნიშნავს, რომ საქმე შეეხება კანონის იმგვარ რეგულაციას, რომელიც მხარეთა შორის კოლექტიური შრომის ხელშეკრულების გაფორმების მომენტისათვის არ არსებობდა, ხოლო საწარმომ ამ ცვლილების შემოღებამდე გამოიჩინა კეთილი ნება და დასაქმებულებს, რომლებიც საწარმოში ასრულებდნენ მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოს დამატებით მისცა 6 დღე ანაზღაურებადი შვებულება (ვრცლად იხ., საკასაციო საჩივრის საფუძვლები).
კასატორის მოსაზრებით, საქმის განმხილველმა სასამართლომ ასევე არ იმსჯელა შეგებებული სარჩელის მოთხოვნაზე, რომელიც შეეხებოდა კოლექტიური შრომის ხელშეკრულების 7.3 პუნქტის ბათილობას.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 აპრილის განჩინებით საქართველოს მეტალურგიული სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის, იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და შპს „ჯ. მ.-ის“ საკასაციო საჩივრები მიღებულ იქნა წარმოებაში სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივრები არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილია დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
- 31.05.2013წ.-ს ერთი მხრივ, შპს „ჯ. მ.-ს“ და მეორე მხრივ, საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს შორის გაფორმდა კოლექტიური ხელშეკრულება.
- 29.01.2014წ.-ის შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორ ვ.ლ.-ს №...ბრძანებაში გაკეთებულია გარკვეული დათქმები იმის შესახებ, თუ როდის და რა შემთხვევაშია შესაძლებელი მიეცეს დასაქმებულს ანაზღაურების გარეშე შვებულება.
- 31.05.2013წ.-ს შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორმა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა საწარმოო მაჩვენებლების შესრულების მიმართულებით მატერიალური დაინტერესების გაზრდისა და სტიმულირების მიზნით გამოსცა ბრძანება №..., რომლითაც დამტკიცდა ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში დასაქმებულთა პრემირების დებულება თანდართული სახით. სხვა საკითხებთან ერთად ამ დებულებით განისაზღვრა საპრემიო სისტემისა და პრემიის გაანგარიშების პრინციპი, სპეციალური შემსწავლელი კომისიის შექმნის პირობები და წესები.
- კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა საწარმოო სტრუქტურული ერთეულების დასაქმებულთათვის განისაზღვრა 30 სამუშაო დღის ოდენობით.
- შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 11.11.2013წ.-ის №... ბრძანებით შპს „ჯ. მ.-ში“ შემავალ სტრუქტურებში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის დადგინდა ყოველწლიური კუთვნილი შვებულების შემდეგი ოდენობა 24 სამუშაო დღე + 10 კალენდარული დღე.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის საკასაციო საჩივრის მოთხოვნას წარმოადგენს 29.01.2014წ.-ის N... ბრძანების ბათილად ცნობა იმ საფუძვლით, რომ მოცემული ბრძანება აწესებს ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის დამატებით პირობებს, რაც კასატორის მოსაზრებით, კანონშეუსაბამოა.
კასატორის ზემოაღნიშნულ პოზიციას, საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს და მიუთითებს საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტზე, რომლის თანახმად, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით. საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1 მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (სშკ-ის 1.2 მუხლი). ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, სადავოა ანაზღაურების გარეშე შვებულების მიცემის წინაპირობების კანონშესაბამისობა, საკასაციო პალატა მიუთითებს შრომის კოდექსის 21-ე მუხლზე, რომლის მე-2 ნაწილის თანახმად, დასაქმებულს უფლება აქვს ისარგებლოს ანაზღაურების გარეშე შვებულებით წელიწადში სულ მცირე, 15 კალენდარული დღით. საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სადავო ბრძანების პირველი პუნქტიც ანალოგიურად ადგენს საშვებულებო დღეების რაოდენობას, ხოლო რაც შეეხება „წინასწარი ვიზირების აუცილებლობას“, „შვებულების მოთხოვნის უფლების მხოლოდ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების სრული გამოყენების შემდეგ წარმოშობასა“ და „საპატიო მიზეზის არსებობას“, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ არც მითითებული დათქმები წარმოადგენს კანონშეუსაბამო დებულებებს, გამომდინარე იქიდან, რომ შრომის კოდექსის 23-ე მუხლი, რომელიც არეგულირებს ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დამსაქმებლის წინასწარი გაფრთხილების ვალდებულებას ადგენს ქცევის წესს, რომლის თანახმად, ანაზღაურების გარეშე შვებულების აღებისას დასაქმებული ვალდებულია 2 კვირით ადრე გააფრთხილოს დამსაქმებელი შვებულების აღების შესახებ, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გაფრთხილება შეუძლებელია გადაუდებელი სამედიცინო ან ოჯახური პირობების გამო. რაც შეეხება „შვებულების მოთხოვნის უფლების მხოლოდ კუთვნილი ანაზღაურებადი შვებულების სრული გამოყენების შემდეგ წარმოშობასა“ და „საპატიო მიზეზის“ არსებობას, აღნიშნულთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა იზიარებს საქმის განმხილველი სასამართლოს მითითებას იმის თაობაზე, რომ ვინაიდან საწარმო არის დამოუკიდებელი, ცოცხალი ორგანიზმი და სამუშაო სპეციფიკიდან გამომდინარე (საწარმოს უწყვეტობის ციკლი და ა.შ.). საწარმოს აქვს უფლება დააწესოს სხვადასხვა რეგულაციები ამა თუ იმ საკითხის მოსაწესრიგებლად, მათ შორის, ანაზღაურების გარეშე შვებულების გამოყენებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ 29.01.2014წ.-ის N27 ბრძანება არ ეწინააღმდეგება ანაზღაურების გარეშე შვებულებასთან დაკავშირებულ შრომის კოდექსით დადგენილ რეგულაციებს.
საკასაციო პალატას ასევე უსაფუძვლოდ მიაჩნია პრობლემური საკითხების შემსწავლელი კომისიის შექმნის თაობაზე კასატორის მოთხოვნა და აღნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამგვარი კომისიის შექმნის შესახებ გაკეთდა ჩანაწერი შპს „ჯ. მ.-ის“ დირექტორის 31.05.2013წ.-ის №.... ბრძანებით დამტკიცებულ „ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხნის დასაქმებულთა პრემირების დებულებაში“, ამგვარი კომისისს შექმნის საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს უშუალოდ ორგანიზაციის უფლებამოსილების სფეროს. კერძოდ, დებულების 2.8 პუნქტით დადგენილია კომისიის შექმნის შესაძლებლობა საწარმოო გეგმის შეუსრულებლობის შემთხვევაში, ხოლო საკითხი იმის შესახებ საჭიროა თუ არა ამგვარი კომისიის შექმნა და სახეზე არის თუ არა საწარმოო გეგმის შეუსრულებლობა, რაც ამ დებულების მიხედვით კომისიის შექმნის წინაპირობად არის მიჩნეული, უნდა გადაწყვიტოს საწარმოს ადმინისტრაციამ. შესაბამისად, ამ საკითხის გადაწყვეტა წარმოადგენს უშუალოდ საწარმოს და არა სასამართლოს კომპეტენციას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ თავდაპირველი სარჩელის მოთხოვნას წარმოადგენდა უქმე დღეებში ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურება და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრება (იხ., თავდაპირველი სარჩელი, წინმსწრები გადაწყვეტილებები). წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კი, მართალია კასატორები მოითხოვენ გასაჩივრებული გადაწყვეტილების გაუქმებას თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში და ამ ნაწილსი, ახალი გადაწყვეტილების მიღებით თავდაპირველი სარჩელის დაკმაყოფილებას, თუმცა უქმე დღეებში ნამუშევარი საათების გაზრდილი ოდენობით ანაზღაურებისა და დაყოვნებული თანხის 0,07%-ის დაკისრების ნაწილში, საკასაციო საჩივარი კასაციის საფუძვლებზე (კასაციის მიზეზებზე) რაიმე მითითებას არ შეიცავს და ამდენად, ამ ნაწილში, მოთხოვნის მართლზომიერებას საკასაციო პალატა ვერ შეამოწმებს.
რაც შეეხება შპს „ჯ. მ.-ის“ საკასაციო საჩივრის პრეტენზიას შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 11.11.2013წ.-ის №.... ბრძანების გაუქმებისა და შპს „ჯ. მ.-ში” მავნე, მძიმე ან საშიშ პირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულებისათვის დამატებით ანაზღაურებადი შვებულების წელიწადში 10 კალენდარული დღის ოდენობით მიცემის მართლზომიერებასთან დაკავშირებით, საკასაციო პალატა მიუთითებს შპს „ჯ. მ.-ის” დირექტორის 11.11.2013წ.-ის №... ბრძანებაზე, რომლითაც დადგენილ იქნა შვებულების დღეების გაანგარიშების წესები, კერძოდ, 3.1 პუნქტით შპს „ჯ. მ.-ში“ შემავალ სტრუქტურებში მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის დადგინდა ყოველწლიური კუთვნილი შვებულების შემდეგი ოდენობა 24 სამუშაო დღე + 10 კალენდარული დღე. შრომის კოდექსის 21-ე მუხლით კი, განისაზღვრა დასაქმებულის უფლება ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით (12.06.2013წ.-ისათვის მოქმედი რედაქცია). 21-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, შრომითი ხელშეკრულებით შეიძლება განისაზღვროს ამ მუხლით გათვალისწინებულისაგან განსხვავებული ვადები და პირობები, რომლებიც არ უნდა აუარესებდეს დასაქმებულის მდგომარეობას. 31.05.2013წ.-ის კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის თანახმად, ყოველწლიური ანაზღაურებადი შვებულების ხანგრძლივობა სტრუქტურული ერთეულების დასაქმებულთათვის განსაზღვრულია 30 სამუშაო დღით. შესაბამისად, სადავო 11.11.2013წ.-ის N... ბრძანება პრაქტიკულად აუარესებს დასაქმებულის სამართლებრივ მდგომარეობას და ამდენად, ეწინააღმდეგება შრომის კოდექსის 21-ე მუხლის მე-3 ნაწილს. აღნიშნული კი, 11.11.2013წ.-ის N.. ბრძანების გაუქმების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველია.
აქვე საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ მართლზომიერად იქნა მიჩნეული თავდაპირველი სარჩელის ის მოთხოვნაც, რომელიც შეეხებოდა მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულთათვის დამატებით წელიწადში 10 კალენდარული დღით ანაზღაურებადი შვებულების მოთხოვნას. უდავო გარემობად იქნა მიჩნეული, რომ შპს „ჯ. მ.-ში“ დასაქმებულებს მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოს, ხოლო შრომის კოდექსის 261 მუხლის თანახმად კი, „მძიმე, მავნე ან საშიშპირობებიან სამუშაოზე მომუშავე დასაქმებულს ეძლევა დამატებითი ანაზღაურებადი შვებულება წელიწადში 10 კალენდარული დღე 12.06.2013წ.-ისათვის მოქმედი რედაქცია).
საკასაციო პალატის ზემოთაღნიშნული მსჯელობიდან გამომდინარე კი, დაუსაბუთებელია კასატორის (შეგებებული სარჩელის ავტორის) მოთხოვნა 31.05.2013წ.-ის კოლექტიური ხელშეკრულების 7.3 პუნქტის, რომელიც აწესებს შვებულების დღეების ოდენობას, ბათილად ცნობის თაობაზე.
მოცემულ შემთხვევაში, საქართველოს უზენაესი სასამართლო იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას საკასაციო საჩივრები, რის გამოც მათ უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორებს: საქართველოს მეტალურგიულ, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს უნდა დაუბრუნდეთ საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (800 ლარი) 70%, რაც შეადგენს 560 ლარს;
ასევე, შპს „ჯ. მ.-ს“ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (900 ლარი) 70%, რაც შეადგენს 630 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. საქართველოს მეტალურგიული, სამთო, და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირისა და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორებს: საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირსა (ს/კ:..) და იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიულ კავშირს (ს/კ:...) დაუბრუნდეთ აიპ „იმერეთის მეტალურგიული და სამთო მრეწველობის მუშაკთა პროფესიული კავშირის“ მიერ 2015 წლის 08 აპრილს №140 საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (800 ლარი) 70% – 560 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. შპს „ჯ. მ.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
4. კასატორს - შპს „ჯ. მ.-ს“ (ს/კ:..) დაუბრუნდეს 2015 წლის 08 აპრილს №..საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟისა (600 ლარი) და 2015 წლის 25 მარტს №..საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (300 ლარი) 70% – 630 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
5. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე