Facebook Twitter

საქმე №ას-334-319-2015 25 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური(თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კერძო საჩივრის ავტორი – ე. ნ-ე, კ. ჭ-ა, თ. ჩ-ი (მოპასუხეები)

მოწინააღმდეგე მხარე – სს „მ. ო. ჯ. კ-ი“ (მოსარჩელე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინება

კერძო საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

სს „მ.ო. ჯ.კ-მა“ სარჩელი აღძრა სასამართლოში ე. ნ-ის, კ. ჭ-ასა და თ. ჩ-ის მიმართ და მოითხოვა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება.

მოპასუხე ე. ნ-ემ სარჩელი არ ცნო.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებით სს „მ.ო.ჯ.კ-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრეს ე. ნ-ემ, კ. ჭ-ამ და თ. ჩ-მა.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინებით კ. ჭ-ას განცხადება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, დარჩა განუხილველი; ე. ნ-ის და თ. ჩ-ის განცხადება, ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე არ დაკმაყოფილდა; ე. ნ-ის, კ. ჭ-ასა და თ. ჩ-ის სააპელაციო საჩივარი, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 27 ნოემბრის გადაწყვეტილებაზე ხარვეზის შეუვსებლობის გამო, დარჩა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 6 იანვრის განჩინებით ე. ნ-ეს, კ. ჭ-ას და თ. ჩ-ს სააპელაციო საჩივარს დაუდგინდა ხარვეზი, აპელანტებს განესაზღვრათ 10 დღის ვადა და დაევალათ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 150 ლარის ოდენობით, ასევე მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს.

სააპელაციო საჩივარზე ხარვეზის დადგენის შესახებ განჩინება აპელანტებს გაეგზავნათ კანონით დადგენილი წესით. საქმეში წარმოდგენილი უკუგზავნილის შესაბამისად სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება კ. ჭ-ას ჩაბარდა 2015 წლის 13 იანვარს, შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 14 იანვარს და ამოიწურა 2015 წლის 23 იანვარს, თუმცა სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში კ. ჭ-ას ხარვეზი არ გამოუსწორებია. პალატამ დადგენილად მიიჩნია, რომ მან აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 2 თებერვალს მიმართა სააპელაციო სასამართლოს საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით. შესაბამისად, სასამართლომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლზე დაყრდნობით მიიჩნია, რომ უსაფუძვლო იყო კ. ჭ-ას განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე და კ. ჭ-ას განცხადება ხარვეზის შევსებისათვის დაწესებული ვადის გაგრძელების შესახებ დატოვა განუხილველი.

სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ე. ნ-ეს ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა 2015 წლის 21 იანვარს. რაც შეეხება თ. ჩ-ს, სასამართლომ აღნიშნა, რომ ხარვეზის შესახებ განჩინება მას ვერ ჩაბარდა, თუმცა 2015 წლის 02 თებერვალს წარმოდგენილ განცხადებას, საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე, ეს უკანასკნელი აწერდა ხელს. ამდენად, პალატამ დადგენილად მიიჩნია ის ფაქტი, რომ თ. ჩ-ისათვის ცნობილი იყო ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 368-ე მუხლის მე-7 ნაწილზე და განმარტა, რომ აღნიშნული ნორმა არ ავალდებულებს სასამართლოს ყველა შემთხვევაში მხარის მოთხოვნის საფუძველზე გააგრძელოს საპროცესო ვადა. შესაბამისად, ამ საკითხის დადებითად გადაწყვეტა დამოკიდებულია შუამდგომლობის დასაბუთებაზე.

პალატამ, კონკრეტულ შემთხვევაში, დასაბუთებულად არ მიიჩნია ე. ნ-ისა და თ. ჩ-ისათვის საპროცესო ვადის გაგრძელება, ვინაიდან სააპელაციო საჩივარს სასამართლოს მიერ დაუდგინდა ხარვეზი. კერძოდ, აპელანტებს უნდა მიეთითებინათ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. ასევე უნდა გადაეხადათ სახელმწიფო ბაჟი 150 ლარის ოდენობით.

სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ ხარვეზის შესავსებად დაწესებული ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებაში აპელანტები მიუთითებდნენ მხოლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის შეუძლებლობაზე. მათ არ მიუთითებიათ, რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს. შესაბამისად, პალატის მოსაზრებით, ასეთ ვითარებაში მხოლოდ იმ გარემოებაზე მითითება, რომ ფინანსური პრობლემების გამო ითხოვდნენ ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელებას, ვერ განიხილებოდა სასამართლოს მიერ დადგენილი რამდენიმე ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელების დასაბუთებულ მოთხოვნად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ ე. ნ-ისა და თ. ჩ-ის განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე იყო უსაფუძვლო და მათი სააპელაციო საჩივარი დატოვა განუხილველი. პალატამ ასევე განუხილველად დატოვა კ. ჭ-ას განცხადება საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინებაზე ე. ნ-ემ, კ. ჭ-ამ და თ. ჩ-მა შეიტანეს კერძო საჩივარი და მოითხოვეს მისი გაუქმება შემდეგი დასაბუთებით:

კერძო საჩივრის ავტორების აზრით, გასაჩივრებული განჩინება ხარვეზის შეუვსებლობის მოტივით უკანონოა, რადგან სააპელაციო საჩივარში მითითებული იყო გასაჩივრებული გადაწყვეტილების უსწორობის შესახებ და ასევე იმ გარემოებაზე, რაც ადასტურებდა აღნიშნულ უსწორობას.

სააპელაციო სასამართლომ წარდგენილი განცხადება არ მიიჩნია ხარვეზის ვადის გაგრძელების საფუძვლად, რაც არასწორია. სასამართლომ საერთოდ არ იმსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე. საჩივრის ავტორების აზრით, მათ მიერ წარდგენილი განცხადება ბაჟის გადახდის გადავადებაზე ითვლება ხარვეზის ნაწილობრივ შევსებად და ასეთ შემთხვევაში სააპელაციო პალატა ვალდებული იყო ემსჯელა მხოლოდ ბაჟის ნაწილზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში არ მომხდარა და მითითებული გარემოება ადასტურებს მიღებული განჩინების უკანონობას.

სამოტივაციო ნაწილი

საკასაციო სასამართლო კერძო საჩივრის საფუძვლების ანალიზის, საქმის მასალების შესწავლისა და გასაჩივრებული განჩინების იურიდიული დასაბუთების შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ ე. ნ-ის, კ. ჭ-ასა და თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, კერძო საჩივრების განხილვა ზემდგომ სასამართლოებში წარმოებს შესაბამისად ამ სასამართლოებისათვის გათვალისწინებული წესების დაცვით. ამავე კოდექსის 410-ე მუხლის თანახმად კი, საკასაციო სასამართლო არ დააკმაყოფილებს საკასაციო საჩივარს, თუ: ა) კანონის მითითებულ დარღვევას არა აქვს ადგილი; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას საფუძვლად არ უდევს კანონის დარღვევა; გ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება არსებითად სწორია, მიუხედავად იმისა, რომ გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილი არ შეიცავს შესაბამის დასაბუთებას.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივრის ავტორებს ე. ნ-ეს, კ. ჭ-ას და თ. ჩ-ს დაუდგინდათ ხარვეზი და დაევალათ 10 დღის ვადში 150 ლარის გადახდის დამადასტურებელი ქვითრის დედნის წარმოდგენა. აპელანტებს ამავე განჩინებით დაევალათ მითითება, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებები, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს და მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ამ გარემოებებს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 2-4).

საქმის მასალებით დასტურდება და კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ ე. ნ-ეს ხარვეზის შესახებ განჩინება პირადად ჩაბარდა 2015 წლის 21 იანვარს, ხოლო თ. ჩ-ისათვის აღნიშნული განჩინების ჩაბარების დამადასტურებელი დოკუმენტი საქმეში არ მოიპოვება, თუმცა ხარვეზის შესავსებად სასამართლოს მიერ დაწესებულ ვადაში მათ განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს ხარვეზის შევსების მიზნით სასამართლოს მიერ დადგენილი ვადის 10 დღით გაგრძელება სახელმწიფო ბაჟის გადახდის მიზნით (იხ. ტ. II. ს.ფ. 12). ამდენად, საკასაციო სასამართლო თვლის, რომ სააპელაციო პალატამ მოცემულ შემთხვევაში მართებულად მიიჩნია დადგენილად ის ფაქტი, რომ თ. ჩ-ისთვის ცნობილი იყო ხარვეზის შესახებ განჩინების თაობაზე.

საკასაციო პალატა ვერ გაიზიარებს კერძო საჩივრის ავტორთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ სააპელაციო საჩივარზე დადგენილი ხარვეზის ვადის გაგრძელების თაობაზე მათ მიერ წარდგენილი განცხადების შესაბამისად სააპელაციო პალატა ვალდებული იყო ემსჯელა სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადებაზე და გაეგრძელებინა დადგენილი ვადა.

საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ საკითხს იმის შესახებ, თუ რა შემთხვევაშია შესაძლებელი სასამართლოს მიერ მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადება, განსაზღვრავს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 48-ე მუხლი. ამ ნორმის თანახმად, სასამართლოს, მხარეთა ქონებრივი მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია ერთ ან ორივე მხარეს გადაუვადოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდა ანდა შეამციროს მათი ოდენობა, თუ მხარე სასამართლოს წარუდგენს უტყუარ მტკიცებულებებს. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა არ განსაზღვრავს, თუ რომელი კონკრეტული მტკიცებულების წარდგენა შეიძლება გახდეს მხარისათვის სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძველი. სასამართლო ხარჯების გადახდის გადავადების თაობაზე შუამდგომლობის აღმძვრელმა პირმა, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, თავად უნდა უზრუნველყოს სასამართლოსათვის იმ უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა, რომლებიც მის გადახდისუუნარობას დაასაბუთებს. მხარის მიერ წარდგენილ მტკიცებულებებს, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებმა, მართალია, იშუამდგომლეს სასამართლოს წინაშე სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების მოთხოვნით, თუმცა გადახდისუუნარობის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება მათ სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ (იხ. ტ. 2. ს.ფ. 12). სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ აპელანტებმა ვერ დაასაბუთეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების საფუძვლების არსებობა. აღნიშნულს იზიარებს საკასაციო სასამართლოც, ვინაიდან აპელანტების მარტოოდენ სიტყვიერი მითითება, რომ იმყოფებიან მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში, ვერ ადასტურებს მათ გადახდისუუნარობას. პალატა მიიჩნევს, რომ აღნიშნული შუამდგომლობის განხილვა შესაძლებელია მხოლოდ მხარის ქონებრივი მდგომარეობის ამსახველ მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, რომლებიც სააპელაციო საჩივრის ავტორებს სასამართლოსთვის არ წარუდგენიათ.

ამდენად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ სააპელაციო სასამართლომ კანონშესაბამისად უთხრა უარი აპელანტებს ე. ნ-ეს და თ. ჩ-ს სახელმწიფო ბაჟის გადახდის გადავადების შესახებ შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე.

ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ხარვეზი, რომელიც შეეხებოდა სააპელაციო საჩივრის ფორმალურ მხარეს და ითვალისწინებდა საჩივრის ავტორთა მიერ მითითებას, თუ რაში მდგომარეობდა გადაწყვეტილების უსწორობა, გარემოებებისა და მტკიცებულებების წარდგენას, რომლებიც ასაბუთებდნენ სააპელაციო საჩივარს, აპელანტების მიერ არ გამოსწორებულა. აღნიშნული გარემოება მათ არც ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე განცხადებით გაუხდიათ სადავოდ (იხ. ტ. 2. ს. ფ. 12). შესაბამისად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ კერძო საჩივრის ავტორთა პრეტენზია აღნიშნულ ნაწილში სააპელაციო სასამართლოს განჩინების უკანონობის შესახებ უსაფუძვლოა.

რაც შეეხება აპლანტ კ. ჭ-ას, საკასაციო სასამართლო დადგენილად მიიჩნევს და თავად კერძო საჩივრის ავტორებიც არ ხდიან სადავოდ იმ გარემოებას, რომ კ. ჭ-ას თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 06 იანვრის განჩინება ხარვეზის დადგენის შესახებ კანონით დადგენილი წესით ჩაბარდა 2015 წლის 13 იანვარს (იხ. ტ. 2. ს.ფ. 8). შესაბამისად, მისთვის ხარვეზის შევსების 10 დღიანი საპროცესო ვადის ათვლა დაიწყო 2015 წლის 14 იანვარს და ამოიწურა 23 იანვარს. მან კი სააპელაციო სასამართლოს ხარვეზის შესავსებად დაწესებული საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით მიმართა აღნიშნული ვადის გასვლის შემდეგ, 2015 წლის 02 თებერვალს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ კ. ჭ-ას არც ხარვეზის გაგრძელების თაობაზე განცხადებაში და არც კერძო საჩივარში მიუთითებია საპროცესო მოქმედების შესრულებისთვის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ვადის გაშვების საპატიოობაზე. კერძოდ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად, მას არ წარმოუდგენია იმ გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ დადგენილი საპროცესო მოქმედების განხორციელება (ხარვეზის შევსება) სასამართლოს მიერ დანიშნულ ვადაში ვერ შეძლო ობიექტური მიზეზების გამო.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-60 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, წლებით, თვეებით ან დღეებით გამოსათვლელი საპროცესო ვადის დენა იწყება იმ კალენდარული თარიღის ან იმ მოვლენის დადგომის მომდევნო დღიდან, რომლითაც განსაზღვრულია მისი დასაწყისი. ამავე კოდექსის 63-ე მუხლის თანახმად, საპროცესო მოქმედების შესრულების უფლება გაქარწყლდება კანონით დადგენილი ან სასამართლოს მიერ დანიშნული ვადის გასვლის შემდეგ. საჩივარი ან საბუთები, რომლებიც შეტანილია საპროცესო ვადის გასვლის შემდეგ განუხილველი დარჩება.

ამრიგად, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან კ. ჭ-ამ კანონით დადგენილ ვადაში არ შეავსო ხარვეზი და საპროცესო ვადის გაგრძელების მოთხოვნით სააპელაციო პალატას მიმართა დაგვიანებით, დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ, სააპელაციო სასამართლომ მართებულად მიიჩნია, რომ არსებობდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 63-ე მუხლის შესაბამისად ხარვეზის შესავსებად დადგენილი საპროცესო ვადის გაგრძელების თაობაზე კ. ჭ-ას განცხადების განუხილველად დატოვების საფუძველი.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 410-ე მუხლის შესაბამისად, კერძო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.

სარეზოლუციო ნაწილი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 419-420-ე მუხლებით და

დაადგინა

1. ე. ნ-ის, კ. ჭ-ასა და თ. ჩ-ის კერძო საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 13 თებერვლის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე