.
საქმე Nას-341-326-2015 20 მაისი, 2015 წელი
ქ. თბილისი
სამოქალაქო საქმეთა პალატა
შემადგენლობა:
ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),
ნინო ბაქაქური, ბესარიონ ალავიძე
საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე
კასატორი – შპს „ი. & ტ. ი.-ი“ (მოსარჩელე)
მოწინააღმდეგე მხარე – შპს „ლ.“ (მოპასუხე)
გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება
კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ა.-ი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება
დავის საგანი – ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
2013 წლის 09 დეკემბერს შპს „ი. & ტ. ი.-მა“ სარჩელი აღძრა თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში მოპასუხე შპს „ლ.ს“ მიმართ, რომლითაც მოითხოვა მოპასუხისათვის 38,733 ლარის გადახდის დაკისრება და სს „პ.-ის“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 15,271.65 ლარის, შპს „ა.-ის“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 3,722.3 ლარისა და შპს „ი.-ს“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 16,650.85 ლარის მესაკუთრედ ცნობა.
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილებით შპს „ი. & ტ. ი.-ის“ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შპს „ლ.ს“ დაეკისრა შპს „ი. & ტ. ი.-ის“ სასარგებლოდ, სს „პ.-ის“ დავალიანების საფუძველზე გადმორიცხული თანხიდან 4,190.5 ლარის გადახდა. შპს „ი. & ტ. ი.-ი“ ცნობილ იქნა: სს „პ.-ის“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 15,271.65 ლარის მესაკუთრედ, შპს „ა.-ის“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 3,722.3 ლარის მესაკუთრედ, შპს „ი.-ს“ მიმართ შპს „ლ.ს“ მოთხოვნის უფლების - 16,650.85 ლარის მესაკუთრედ.
გადაწყვეტილება ორივე მხარემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით შპს „ი. & ტ. ი.-ის“ სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილდა. არ დაკმაყოფილდა შპს „ლ.ს“ სააპელაციო საჩივარი და უცვლელად დარჩა მოცემულ საქმეზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 07 აპრილის გადაწყვეტილება.
სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ 2012 წლის 01 ნოემბერს შპს „ლ.სა” და შპს „ი. & ტ. ი.-ს” შორის გაფორმდა შეთანხმება მოთხოვნათა დათმობისა და ვალდებულებების გაქვითვის შესახებ. აღნიშნული შეთანხმების პრეამბულაში, მითითებულია, რომ შპს „ლ.” ახორციელებდა შპს „ი. & ტ. ი.-ის” კუთვნილი პროდუქციის დისტრიბუციას და სავაჭრო ქსელში გატანილი ჰქონდა პროდუქცია სარეალიზაციოდ და მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები.
შეთანხმების 3.1.1 ქვეპუნქტის თანახმად დადგენილია, რომ მყიდველს ამ შეთანხმებაზე ხელმოწერამდე მიმწოდებლის მიმართ გააჩნდა შემდეგი სახის ვალდებულებები: ა) მიმწოდებლის მიერ მიწოდებული პროდუქცის რეალიზება და ბ) რეალიზებული პროდუქციის ღირებულების ამოღება სავაჭრო ობიექტებიდან და ანგარიშსწორება.
შეთანხმების 3.1.2 პუნქტის თანახმად, მიმწოდებელმა თანხმობა გამოთქვა გაექვითა მყიდველის ვალდებულება დანართი №1-ით განსაზღვრული ოდენობით და თავად ამოეღო თანხები. მხარეებს ერთმანეთის მიმართ არანაირი მოთხოვნის უფლება არ ექნებათ დანართი №1-ის ნაწილში, ხოლო დანართი №2-ის საფუძველზე მყიდველი ვალდებულია მხოლოდ მას შემდეგ, რაც მოხდება ამ ობიექტებიდან თანხების ჩარიცხვა მის ანგარიშზე 05 სამუშაო დღის ვადაში განახორციელოს მიმწოდებლის მიმართ ანგარიშსწორება (შეთანხმების 3.1.4. პუნქტი).
შეთანხმების 3.1.5 პუნქტის მიხედვით იმ შემთხვევაში, თუ დანართი №2-ში მითითებული ობიექტებიდან ერთი წლის მანძილზე ვერ მოხდება თანხების ამოღება მყიდველის მიერ, მხარეები თანხმდებიან რომ შპს „ლ.” სს „ა.-ს” დავალიანების სანაცვლოდ გადასცემს აღნიშნულ ობიექტებზე დავალიანების მოთხოვნის უფლებას. შეთანხმების 3.1.6 პუნქტის მიხედვით, დანართი №2-ში მითითებულ დებიტორების მიერ საერთო დავალიანების გადახდის, ან სხვა ფორმით ამოღების შემთხვევაში, შპს „ლ.” ამოღებულ თანხას შემდეგი პროპორციით გადასცემს შპს „ა.-ის”: შპს „პ.-ი” - 33%; შპს „ი.-”- 94.4%; შპს „ა.-ი” – 10.3%.
დადგენილია, რომ შპს „ა.-იმ” შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად, სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს შპს „ი. & ტ. ი.-ის” სახელწოდებით.
სააპელაციო სასამართლომ უდავოდ დადგენილად მიიჩნია, რომ 30.10.2013წ.-ს შპს „პ.-მა” შპს ”ლ.ს” გადაურიცხა 30 425.9 ლარი (ტ. I, ს.ფ. 74). ამ თანხის 33% შეადგენს 10 040.5 ლარს. 25.11.2013წ.-ს სს „ფ.-მა” შპს „ლ.ს” სს „პ.-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით გადაურიცხა 45 000 ლარი (ტ.I, ს.ფ. 73). ამ თანხის 33% შეადგენს 14 850 ლარს.
აღნიშნულ გარემოებასთან მიმართებით სასამართლომ ყურადღება გაამახვილა შემდეგ გარემოებებზე: თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.08.2013წ.-ის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შპს „ლ.სა“ და სს „პ.-ს“ შორის, რომლითაც სს „პ.-მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ლ.სათვის“ გადაეხადა დავალიანება ჯამში 121 703.65 ლარის ოდენობით. ამდენად, თანხის ამოღებაზე შეთანხმება მოხდა შპს „ლ.სა” და შპს „ი. & ტ. ი.-ს” შორის 01.11.2012წ.-ს გაფორმებული შეთანხმების მოქმედების ვადაში, ანუ იმ პერიოდში, როცა შპს „ლ.ს“ უნდა ეზრუნა სს „პ.-ის“ დავალიანების ამოღებაზე.
25.11.2013წ.-ის საგადახდო დავალებაში, რომლითაც სს „ფ.-მა” შპს „ლ.ს” ანგარიშზე გადარიცხა 45,000 ლარი, თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია „სასამართლო მორიგებით გათვალისწინებული დავალიანება“ და საიდენტიფიკაციო კოდი - ..., რომელიც ემთხვევა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ სს „პ.-ის“ საიდენტიფიკაციო კოდს (იხ., საგადახდო დავალება, ტ.I, ს.ფ.73, შეთანხმების დანართი N2, ტ.I, ს.ფ. 72).
საქმეში წარმოდგენილი ელექტრონული წერილით სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ლ.ს“, სს „პ.-სა“ და სს „ფ.-ს“ შორის წარმოებდა მოლაპარაკებები (ტ.I, ს.ფ.75-80). შპს „ლ.“ ზემოაღნიშნულ ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებით პრეტენზიას აცხადებდა იმ კუთხით, რომ ელექტრონული წერილი არ წარმოადგენდა გზავნილს შპს „ლ.სა“ და სს „ფ.-ს“ შორის, მიმოწერა განხორციელებული იყო სს „პ.-სა“ და შპს „ი. & ტ. ი.-ის“ პარტნიორ ზურაბ ჩიქოვანს შორის, მასში დამატებით ადრესატად მითითებული იყო შპს „ლ.ს“ წარმომადგენელი, ხოლო სს „ფ.-ი“ აღნიშნულ მიმოწერაში არ მონაწილეობდა (იხ.: სააპელაციო საჩივარი, ტ.II, ს.ფ.8). ამასთან, დადგენილი იყო, რომ სს „ფ.-მა” შპს „ლ.ს” სს „პ.-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით გადაურიცხა 45,000 ლარი. სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატამ ყურადღება გაამახვილა იმ გარემოებაზე, რომ სს „პ.-ის“ დავალიანებაზე საბოლოო კრედიტორს წარმოადგენდა შპს „ი. & ტ. ი.-ი“, რომელსაც მოპასუხის მიერ თანხის ერთი წლის მანძილზე ამოღების შემთხვევაში, უნდა მიეღო მისი 33%, თანხის ამოუღებლობის შემთხვევაში კი, მას უნდა გადასცემოდა თანხის მოთხოვნის უფლება.
მართალია, სს „პ.-ის“ დავალიანების ამოღება უნდა მომხდარიყო 01.11.2013წ.-მდე, 45 000 ლარი კი გადარიცხული იყო 25.11.2013წ.-ს თუმცა ეს გარემოება სააპელაციო სასამართლომ არ მიიჩნია ამ თანხის სათანადო ნაწილის მოთხოვნაზე უარის საფუძვლად, რადგან მისი ამოუღებლობის შემთხვევაში, შპს „ი. & ტ. ი.-ს“ უნდა დათმობოდა მისი მოთხოვნის უფლება. შესაბამისად, თუ თანხა ამოღებულია, მის მოთხოვნის უფლებას ცვლის ამოღებული თანხა (შესრულება).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სააპელაციო პალატა მივიდა დასკვნამდე, რომ სს „ფ.-ის” მიერ 25.11.2013წ.-ს გადარიცხული 45 000 ლარი ემსახურებოდა სს „პ.-ის” დავალიანების დაფარვას. საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომელსაც შესაძლებელია სასამართლოს შინაგანი რწმენის განსხვავებული შინაარსით ჩამოყალიბება გამოეწვია, შპს „ლ.ს” არ წარმოუდგენია და ასეთის არსებობაზე არც მიუთითებია. ისეთ პირობებში, როცა სს „ფ.-ის“ მიერ თანხის გადახდის დროს საგადახდო დავალებაში გადახდის მიზნობრიობის გრაფაში მითითებულია სს „პ.-ის“ საიდენტიფიკაციო კოდი და საუბარია დავალიანების დაფარვაზე, მოპასუხის მხრიდან მხოლოდ მითითება მასზედ, რომ „დღემდე გაურკვეველია სს „ფ.-ის“ მიერ ჩარიცხული თანხის დანიშნულება“ (ტ.I, ს.ფ.107), საკმარისი არ არის ამ თანხის მიზნობრიობის სხვაგვარად შეფასებისათვის. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ შპს „ლ.ს” მიერ შპს „ი. & ტ. ი.-ისათვის” 09.11.2012წ. გადარიცხული 10 000 ლარი და 27.11.2012წ. გადარიცხული 10 700 ლარი ემსახურებოდა მხარეთა შორის 01.11.2012წ.-ს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვას (ტ.I, ს.ფ.114, 115).
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების მიზნით სააპელაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით, 317-ე მუხლის პირველი ნაწილით და 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 01.11.2012წ.-ის შეთანხმებიდან მოთხოვნათა დათმობისა და ვალდებულებების გაქვითვის შესახებ, რომლითაც შპს „ლ.მ“ იკისრა ვალდებულება დანართი №2-ში მითითებულ დებიტორის - შპს „პ.-ის“ მიერ საერთო დავალიანების გადახდის, ან სხვა ფორმით ამოღების შემთხვევაში „შპს „ი. & ტ. ი.-ისათვის” გადაეცა თანხის 33 %.
იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ შპს „ლ.ს“ დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენდა 24,890.5 ლარს (30 425.9 + 45 000 = 75 425.9; 75 425.9-ის 33% = 24 890.5); ამ თანხიდან მოპასუხის მიერ ანაზღაურდა 20 700 ლარი. ამდენად, მოპასუხის დავალიანება შეადგენდა 4,190.5 ლარს.
სააპელაციო სასამართლომ შპს „ლ.ს“ უარი უთხრა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილებაზე, იმ საფუძვლით, რომ მოცემულ დავაში მოსარჩელეს წარმოადგენდა შპს „ი. & ტ. ი.-ი“, შესაბამისად, სარჩელის საგნის განსაზღვრა მოსარჩელის პრეროგატივა იყო. არ არსებობდა სააპელაციო საჩივრის დაკმაყოფილების საფუძველი.
თბილისის სააპელაციო განჩინება საკასაციო წესით გაასაჩივრა შპს „ი. & ტ. ი.-მა“, რომლითაც მოითხოვა გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ა.-ი გადაწყვეტილების მიღებით სარჩელის სრულად დაკმაყოფილება.
კასატორის მოსაზრებით, სააპელაციო სასამართლოს მიერ არ იქნა დადგენილი ფაქტობრივი გარემოება „წინსწრებით“ გადახდილი თანხების მიზნობრიობის, დავალიანების ოდენობისა და კონკრეტულ ტრანშებზე კასატორისათვის გადასახდელი თანხების ოდენობის შესახებ.
კასატორის განმარტებით, სასამართლოებმა დაარღვიეს მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპები, რაც გამოიხატა იმაში, რომ კასატორს მოპასუხის შესაგებელი პირველი ინსტანციის სასამართლოში ჩაბარდა სასამართლოს სხდომის დღის წინა დღეს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მას არ მიეცა მტკიცებულებების წარმოდგენის შესაძლებლობა, შესაბამისად მან ვერ დაადასტურა 20 700 ლარის გადახდის რეალური დანიშნულება, რაც შემდგომში სასამართლოს გადაწყვეტილებას დაედო საფუძვლად.
კასატორის განმარტებით, მოპასუხის შესაგებელზე თანდართული №3 დანართის, „ურთიერთშედარების აქტის ნიმუშისა და ელ. გზავნილის“ მიხედვით 2013 წლის 15 ნოემბრის ელ.წერილით გაგზავნილი ურთიერთშედარების აქტით 2013 წლის 13 ნოემბრის მდგომარეობით შპს „ლ.ს“ შპს „ი. & ტ. ი.-ის“ წინაშე 2012 წლის 01 ნოემბრის შეთანხმებიდან გამომდინარე ერიცხებოდა 45 022.38 ლარი, მაშინ როცა 2012 წლის 09 ნოემბერს აპელანტს გადაუხადა 10 000 ლარი, ხოლო იმავე წლის 27 ნოემბერს 10 700 ლარი; მართალია აღნიშნული აქტი ხელმოწერილი არ არის, მაგრამ სასამართლოს ის უნდა განეხილა სხვა მტკიცებულებებთან და მიმოწერასთან ერთად, რითაც დადასტურდებოდა, რომ მოპასუხემ აღიარა ის გარემოება, რომ მხარეებს შორის არსებული შეთანხმების გარდა მოპასუხეს მოსარჩელის მიმართ გააჩნდა სხვა შესასრულებელი ვალდებულებებიც.
კასატორის განმარტებით, სასამართლომ არასწორად დაადგინა ფაქტობრივი გარემოება იმის შესახებ, რომ სს „პ.-ისგან“ მიღებული ორი გადმორიცხვის ფარგლებში შპს „ლ.ს“ დავალიანება კასატორის მიმართ შეადგენდა 24 890.5 ლარს შემდეგ გარემოებათა გამო: 2012 წლის 01 ნოემბრის შეთანხმების მიხედვით შპს „ლ.ს“ სს „პ.-ისგან“ მიღებული თანხების 33% უნდა გადაეხადა 2013 წლის 01 ნოემბრამდე მიღებული თანხებიდან, ხოლო 2013 წლის 01 ნოემბრის შემდგომ 38 733 ლარის ფარგლებში მოთხოვნის უფლება უნდა გადაეცა კასატორისათვის, ანუ 01 ნოემბრამდე მიღებული თანხა უნდა შეევსო 38 733 ლარამდე 01 ნოემბრის შემდეგ მიღებული თანხებით და არა ამოღებული თანხის 33%. კასატორის განმარტებით, მოპასუხემ შეთანხმების პირობების დარღვევით მიითვისა 2013 წლის 30 ოქტომბერს განხორციელებული ტრანზაქციიდან გათვალისწინებული კასატორის თანხები, რის გამოც მან 28,693 ლარის ზიანი მიაყენა კასატორს, ხოლო თავად უსაფუძვლოდ გამდიდრდა.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 24 აპრილის განჩინებით საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მიხედვით, დასაშვებობის შესამოწმებლად.
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლო საქმის შესწავლის, საკასაციო საჩივრის დასაშვებობის შემოწმების შედეგად მიიჩნევს, რომ საკასაციო საჩივარი არ აკმაყოფილებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მოთხოვნებს, რის გამოც, დაუშვებელია შემდეგ გარემოებათა გამო:
წარმოდგენილი საკასაციო საჩივრით კასატორი სადავოდ ხდის შპს „ლ.ს“ მიერ შპს „ი. & ტ. ი.-ისათვის“ გადარიცხული 20,700 ლარის მიზნობრიობას.
სადავო საკითხთან მიმართებაში, დადგენილია, რომ 2012 წლის 01 ნოემბერს ერთი მხრივ, შპს „ლ.ს”, როგორც „მყიდველსა“ და შპს „ი. & ტ. ი.-ს”, როგორც „მიმწოდებელს“ შორის გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება „მოთხოვნათა დათმობისა და ვალდებულებების გაქვითვის შესახებ“. ამ შეთანხმებით ირკვევა, რომ მყიდველი ახორციელებდა მიმწოდებლის კუთვნილი პროდუქციის დისტრიბუციას და სავაჭრო ქსელში გატანილი ჰქონდა პროდუქცია სარეალიზაციოდ და მხარეებს ერთმანეთის მიმართ გააჩნდათ ვალდებულებები. შეთანხმების მიხედვით მყიდველი ვალდებული იყო გადაეცა მიმწოდებლისათვის დებიტორების მიერ საერთო დავალიანების გადახდის, ან სხვა ფორმით ამოღების შემთხვევაში, თანხები შემდეგი პროპორციით შპს „პ.-ი” - 33%; შპს „ი.-”- 94.4%; შპს „ა.-ი” – 10.3%.
უდავო გარემოებაა, რომ 30.10.2013წ.-ს შპს „პ.-მა” შპს „ლ.ს” გადაურიცხა 30,425.9 ლარი. ამ თანხის 33% შეადგენს 10 040.5 ლარს.
დადგენილია, რომ 25.11.2013წ.-ს სს „ფ.-მა” შპს „ლ.ს” სს „პ.-ის“ დავალიანების დაფარვის მიზნით გადაურიცხა 45 000 ლარი. ამ თანხის 33% შეადგენს 14 850 ლარს.
დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 16.08.2013წ.-ის განჩინებით დამტკიცდა მორიგება შპს „ლ.სა“ და სს „პ.-ს“ შორის, რომლითაც სს „პ.-მა“ იკისრა ვალდებულება შპს „ლ.სათვის“ გადაეხადა დავალიანება - 121 703.65 ლარი. თანხის ამოღებაზე შეთანხმება მოხდა შპს „ლ.სა” და შპს „ი. & ტ. ი.-ს” შორის 01.11.2012წ.-ს გაფორმებული შეთანხმების მოქმედების ვადაში ანუ, იმ პერიოდში, როცა შპს „ლ.ს“ უნდა ეზრუნა სს „პ.-ის“ დავალიანების ამოღებაზე.
25.11.2013წ.-ის საგადახდო დავალებაში, რომლითაც სს „ფ.-მა” შპს „ლ.ს” ანგარიშზე გადარიცხა 45,000 ლარი, თანხის გადახდის დანიშნულების გრაფაში მითითებულია „სასამართლო მორიგებით გათვალისწინებული დავალიანება“ და საიდენტიფიკაციო კოდი - ..., რომელიც ემთხვევა მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში რეგისტრირებულ სს „პ.-ის“ საიდენტიფიკაციო კოდს.
დადგენილია, რომ მყიდველის მიერ მიმწოდებლისათვის 09.11.2012წ.-ს გადარიცხული 10,000 ლარი და 27.11.2012წ. გადარიცხული 10,700 ლარი ემსახურებოდა სწორედ მხარეთა შორის 01.11.2012წ.-ს გაფორმებული შეთანხმებიდან გამომდინარე ვალდებულების დაფარვას.
საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მხარე იღებს თავის თავზე როგორც ფაქტების გადმოცემის, ისე მათი დამტკიცება-დასაბუთების ტვირთს. აღნიშნული მსჯელობა გამომდინარეობს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის დანაწესიდან, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით განსაზღვრულია მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის გადანაწილების წესი, რომლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. კონკრეტულ შემთხვევაში, იმ გარემოების მტკიცების ტვირთი, რომ „წინსწრებით“ გადახდილი თანხები არ ემსახურებოდა მიმოწოდებლის წინაშე ნაკისრი ვალდებულების შესრულებას (ეკისრებოდა კასატორს (აპელანტს), რომელმაც სადავო გარემოების დასადასტურებლად მტკიცებულებათა წარმოდგენა ვერ შეძლო.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ საქმის განმხილველმა სასამართლომ სწორი სამართლებრივი შეფასება მისცა მოცემულ საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს და სადავო სამართლებრივი ურთიერთობის მოსაწესრიგებლად მართებულად იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლის მეორე ნაწილით და მიიჩნია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშვა 01.11.2012წ.-ის შეთანხმებიდან მოთხოვნათა დათმობისა და ვალდებულებების გაქვითვის შესახებ, რომლითაც შპს „ლ.მ“ იკისრა ვალდებულება დანართი №2-ში მითითებულ დებიტორის - შპს „პ.-ის“ მიერ საერთო დავალიანების გადახდის, ან სხვა ფორმით ამოღების შემთხვევაში შპს „ი. & ტ. ი.-ისათვის” გადაეცა თანხის 33%. იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მყიდველის მიმართ დავალიანება შეადგენდა 24,890.5 ლარს, საიდანაც ანაზღაურებული იყო 20 700 ლარი, მიმოწოდებლის წინაშე დარჩენილი დავალიანების ოდენობა სწორად განისაზღვრა 4,190.5 ლარით.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საკასაციო პალატა იზიარებს სააპელაციო სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივ შეფასებას და მიაჩნია, არ იკვეთება საკასაციო საჩივრის დასაშვებობის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული რომელიმე საფუძველი, ვინაიდან ნორმის დანაწესით საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე.
როგორც საქმის მასალებით ირკვევა, სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.
საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები არც სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილების საკასაციო სასამართლოს სტაბილური პრაქტიკისაგან განსხვავების არსებობის საფუძვლით. სააპელაციო სასამართლოს გასაჩივრებული განჩინება არ განსხვავდება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით არსებობს სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა, სადაც განმარტებულია სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე და 361-ე მუხლები.
ამასთან, საკასაციო საჩივრის განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ა.-ი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისითაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი დაუშვას შპს „ი. & ტ. ი.-ის“ საკასაციო საჩივარი, რის გამოც საკასაციო საჩივარს უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 401-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, თუ საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნება მიჩნეული, პირს დაუბრუნდება მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 70%. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან საკასაციო საჩივარი დაუშვებლად იქნა მიჩნეული, კასატორს უნდა დაუბრუნდეს საკასაციო საჩივარზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1 727 ლარი) 70%, რაც შეადგენს 1 208.9 ლარს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. შპს „ი. & ტ. ი.-ის“ საკასაციო საჩივარი, როგორც დაუშვებელი, დარჩეს განუხილველად;
2. კასატორს - შპს „ი. & ტ. ი.-ს“ (ს/კ ...) დაუბრუნდეს 2015 წლის 20 აპრილს №...საგადახდო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟის (1,727 ლარი) 70% – 1,208.9 ლარი შემდეგი ანგარიშიდან: ქ.თბილისი, „სახელმწიფო ხაზინა“ ბანკის კოდი TRESGE22, მიმღების ანგარიშის №200122900, სახაზინო კოდი 3 0077 3150.
3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.
თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი
მოსამართლეები: ნ. ბაქაქური
ბ. ალავიძე