Facebook Twitter

საქმე №150210014553730

საქმე №ას-345-330-2015 20 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა:

ზურაბ ძლიერიშვილი (თავმჯდომარე, მომხსენებელი),

ბესარიონ ალავიძე, ნინო ბაქაქური

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსმენის გარეშე

კასატორი – ა. მ.-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – შპს “ს-ს ფ.-ა“ (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინება

კასატორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება

დავის საგანი – სახელფასო დავალიანების ანაზღაურება

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

ა. მ.-მა სარჩელი აღძრა სასამართლოში შპს “ს-ს ფ.-ის“ მიმართ სახელფასო დავალიანების – 540 ლარის, ასევე დაყოვნების ყოველი დღისათვის 540 ლარის 0.07 პროცენტის, სულ – 865,80 ლარის გადახდის შესახებ.

მოსარჩელის განმარტებით, იგი მუშაობდა შპს “ს-ს ფ.-ის“ ახალქალაქის რაიონის ფილიალში. მოპასუხეს ა. მ.-ისათვის 2003, 2004 და 2005 წლებში სამუშაოს საზღაური – 540 ლარი არ გადაუხდია. არაერთგზის მიმართვის მიუხედავად, სს “ს-ს ფ.-ამ“ თანხის გადახდაზე უარი განაცხადა.

მოპასუხემ სარჩელი არ ცნო, სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის თანახმად, მისი ხანდაზმულობის მოტივით.

ახალქალაქის რაიონული სასამართლოს 2014 წლის 5 სექტემბრის გადაწყვეტილებით ა. მ.-ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა, რაც მოსარჩელემ გაასაჩივრა სააპელაციო წესით.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 16 იანვრის განჩინებით სააპელაციო საჩივარი არ დაკმაყოფილა, ხოლო გასაჩივრებული გადაწყვეტილება დარჩა უცვლელად შემდეგ გარემოებათა გამო:

სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელე სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი მხარეებმა ვერ მიუთითეს). მოსარჩელე ითხოვს 2002-2006 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას, სარჩელი კი აღიძრა 2014 წლის 31 იანვარს.

სააპელაციო პალატამ იხელმძღვანელა სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილით, 129-ე მუხლის პირველი ნაწილით და განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობაში იგულისხმება დრო, რომლის განმავლობაშიც პირს, ვისი უფლებებიც დარღვეულია, შეუძლია, მოითხოვოს თავისი უფლების იძულებით განხორციელება ან დაცვა, იგი უფლების განხორციელების ვადაა და იგულისხმება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილია ზღვრული ვადები, რომლის ფარგლებშიც შესაძლებელია საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილი გამოკვლევა და დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღება. ამდენად, მოპასუხის შესაგებელი სარჩელის ხანდაზმულობის თაობაზე მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც, ის აბსოლუტურ გავლენას ახდენს მატერიალური უფლების გადაწყვეტაზე.

განსახილველ შემთხვევაში მოპასუხე მხარემ სასამართლოში წარდგენილი შესაგებლით მიუთითა სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობაზე. მოთხოვნის განხორციელების ვადის საფუძველზე მოთხოვნის უარყოფა მოვალის მატერიალურ-სამართლებრივი უფლებაა და მისი რეალიზაცია მფლობელის ნებაზეა დამოკიდებული. მოპასუხე უფლებამოსილია, არ შეასრულოს ხანდაზმული მოთხოვნა, ან ხანდაზმულობის მოტივით უარყოს სარჩელი. ამგვარი რეგულაცია გამომდინარეობს ხანდაზმულობის არსიდან. ხანგრძლივი დროის გასვლა, როგორც წესი, იწვევს მტკიცებულებათა შეცვლას ან მათი მოპოვების გართულებას, ზოგჯერ განადგურებასაც კი. ამდენად, ხანდაზმულობის ვადის მიზანია, მხარის ინტერესის დაცვა არ გართულდეს ან შეუძლებელი არ გახდეს მოთხოვნის სიძველის გამო.

სააპელაციო სასამართლოს მითითებით, სარჩელის ხანდაზმულობის საკითხის სწორი შეფასებისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოთხოვნის იძულებითი რეალიზაციის ვადის დენის დასაწყისის სწორად განსაზღვრას. სამოქალაქო კოდექსის 130-ე მუხლის თანახმად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ. ამდენად, სასარჩელო ხანდაზმულობის ვადის დენის დაწყება დაკავშირებულია იმ მომენტთან, როცა დაზარალებულმა შეიტყო ან ობიექტურად უნდა შეეტყო თავისი უფლების დარღვევის შესახებ.

სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა. პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებების დარღვევიდან გამომდინარე, მოთხოვნის მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლის თავისებურება მდგომარეობს იმაში, რომ თანხის გადახდის თითოეული პერიოდისათვის ვალდებულების შეუსრულებლობა ცალ-ცალკე განიხილება, როგორც პირის უფლების დარღვევა და ხანდაზმულობის ვადის ათვლა თავიდან იწყება.

სააპელაციო სასამართლომ აღნიშნა, რომ მოსარჩელე ითხოვს 2002-2006 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურებას. სარჩელი აღძრულია 2014 წლის 31 იანვარს, შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, ა. მ.-ის მოთხოვნა ხანდაზმულია.

სააპელაციო პალატამ განმარტა, რომ სასარჩელო ხანდაზმულობის ვადას განსაზღრავს კანონი, თუმცა შესაბამისი ნორმების გამოყენება შესაძლებელია ამ ვადის წარმოშობასა და ამოწურვასთან დაკავშირებით გარემოებების მტკიცების საფუძველზე. სამოქალაქო საქმის წარმოება ეფუძნება რა შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპს, მასში მონაწილე მხარეები თავისუფალი არიან, მიუთითონ და დაამტკიცონ ის გარემოებები, რაც მიაჩნიათ თავიანთი მოთხოვნებისა და შესაგებლის დასაბუთებისათვის აუცილებლად. მოცემულ შემთხვევაში, ა. მ.-მა სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას წარმოადგინა 2002-2006 წლის უწყისის ასლები, რომელთა ავთენტურ დოკუმენტად ჩათვლის შემთხვევაში ვერ გაქარწყლდება სასარჩელო მოთხოვნის ხანდაზმულობასთან დაკავშირებით დადგენილი გარემოებები.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა, რომ საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლზე, 42-ე მუხლის პირველ პუნქტზე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველ ნაწილზე, სამოქალაქო კოდექსის 144-ე მუხლის პირველი ნაწილზე, 145-ე მუხლზე და დაადგინა, რომ ა. მ.-ის სასარჩელო მოთხოვნა სახელფასო დავალიანების ანაზღაურების თაობაზე ხანდაზმულია. აღნიშნული გარემოება კი, მოპასუხეს უფლებას აძლევს, უარი განაცხადოს შესრულებაზე.

სააპელაციო სასამართლოს განჩინება ა. მ.-მა გაასაჩივრა საკასაციო წესით, მოითხოვა მისი გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება შემდეგი საფუძვლებით:

კასატორმა მიიჩნია, რომ სააპელაციო სასამართლომ არ გამოიყენა სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლი, ვინაიდან სახელფასო დავებზე არ ვრცელდება ხანდაზმულობა. ამასთან დაკავშირებით არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები.

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 8 აპრილის განჩინებით ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი მიღებულ იქნა წარმოებაში, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 396-ე მუხლით და ამავე კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, დასაშვებობის შესამოწმებლად. ამავე განჩინებით დადგინდა, რომ კასატორი სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის შესაბამისად, შეამოწმა ა. მ.-ის საკასაციო საჩივრის დასაშვებობის საკითხი და თვლის, რომ იგი დაუშვებლად უნდა იქნეს მიჩნეული შემდეგ გარემოებათა გამო:

მოცემულ საქმეზე სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ ა. მ.-ი სამსახურიდან გათავისუფლდა 2006 წლის თებერვალში (ზუსტი თარიღი მხარეებმა ვერ მიუთითეს). მოსარჩელემ მოითხოვა 2002-2006 წლებში მიუღებელი ხელფასის ანაზღაურება. სარჩელი კი, აღიძრა 2014 წლის 31 იანვარს. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში არსებობს ვალდებულება, რომლის შესრულება მოვალის მხრიდან გარკვეული პერიოდებით განისაზღვრა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის მეხუთე ნაწილის შესაბამისად, საკასაციო საჩივარი ქონებრივ და სხვა არაქონებრივ დავებში დასაშვებია, თუ: ა) საქმე მნიშვნელოვანია სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის; ბ) სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება ამ კატეგორიის საქმეებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მანამდე არსებული პრაქტიკისაგან; გ) სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე განხილულია მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევით, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე; დ) გასაჩივრებულია სააპელაციო სასამართლოს მეორე დაუსწრებელი გადაწყვეტილება ან განჩინება დაუსწრებელი გადაწყვეტილების უცვლელად დატოვების თაობაზე. ზემოაღნიშნული ნორმები განსაზღვრავს იმ მოთხოვნებს, რომელთაც საკასაციო საჩივარი უნდა შეიცავდეს და ეფუძნებოდეს.

საკასაციო სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი არ არის დასაშვები სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლით გათვალისწინებული არც ერთი ზემოთ მითითებული საფუძვლით.

სააპელაციო სასამართლოს მიერ საქმე არ არის განხილული მნიშვნელოვანი საპროცესო დარღვევებით, ვერც კასატორი მიუთითებს რაიმე ისეთ საპროცესო დარღვევაზე, რომელსაც შეეძლო არსებითად ემოქმედა საქმის განხილვის შედეგზე, რის გამოც საკასაციო საჩივარს არა აქვს წარმატების პერსპექტივა.

ამასთან, საკასაციო საჩივრების განხილვისა და საკასაციო სასამართლოს ახალი გადაწყვეტილების მიღების საჭიროება არ არსებობს არც სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობის თვალსაზრისით, ვინაიდან პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულების მიმართ მოქმედი ხანდაზმულობის საკითხზე არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სტაბილური პრაქტიკა (სუს 2013 წლის 20 მაისის №ას-1432-1351-2012 განჩინება, სუს 2011 წლის 14 აპრილის №ას-211-198-2011 განჩინება, სუს 2015 წლის 19 მარტის №ას-868-830-2014 განჩინება).

საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსის 128-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სხვა პირისაგან რაიმე მოქმედების შესრულების ან მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნის უფლებაზე ვრცელდება ხანდაზმულობა. ამავე კოდექსის 130-ე მუხლის შესაბამისად, ხანდაზმულობა იწყება მოთხოვნის წარმოშობის მომენტიდან. მოთხოვნის წარმოშობის მომენტად ჩაითვლება დრო, როცა პირმა შეიტყო ან უნდა შეეტყო უფლების დარღვევის შესახებ.

დასახელებული ნორმებიდან გამომდინარეობს, რომ პირის უფლება, სრული მოცულობით მოახდინოს საკუთარი კანონიერი ინტერესების რეალიზება ან სასამართლო წესით დაცვა, შეზღუდულია სამოქალაქო კანონმდებლობით სხვადასხვა სამართლებრივი ურთიერთობებისათვის განსხვავებულად დადგენილი ვადებით. კანონმდებელი განსაზღვრავს ხანდაზმულობის ვადის გამოანგარიშების წესს და მის ათვლას უკავშირებს დროს, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდა საკუთარი უფლების დარღვევის ფაქტი, ან დროს, როდესაც მას ასეთის თაობაზე ობიექტურად უნდა შეეტყო.

სამოქალაქო კოდექსის 129-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ხანდაზმულობის ვადა იმ მოთხოვნებისა, რომლებიც წარმოიშობა პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებებიდან, სამი წელია.

კანონის მითითებული დანაწესი ითვალისწინებს ერთგვარ სპეციფიკას იმ ვალდებულებათა მიმართ ხანდაზმულობის ვადის ათვლასთან დაკავშირებით, რომლებიც გარკვეული პერიოდულობით სრულდება, რაც იმაში მდგომარეობს, რომ ხსენებული ვადა აითვლება ყოველი პერიოდულად შესასრულებელი ვალდებულებისათვის დამოუკიდებლად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე მუხლის საფუძველზე, საკასაციო სასამართლო არ არის უფლებამოსილი, დაუშვას წარმოდგენილი საკასაციო საჩივარი, რის გამოც მას უარი უნდა ეთქვას განხილვაზე.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 391-ე, 401-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ა. მ.-ის საკასაციო საჩივარი დარჩეს განუხილველად დაუშვებლობის გამო.

2. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ზ. ძლიერიშვილი

მოსამართლეები: ბ. ალავიძე

ნ. ბაქაქური