Facebook Twitter

საქმე №ას-349-332-2015 29 მაისი, 2015 წელი

ქ. თბილისი

სამოქალაქო საქმეთა პალატა

შემადგენლობა

ნინო ბაქაქური (თავმჯდომარე, მომხსენებელი)

მოსამართლეები:

ზურაბ ძლიერიშვილი, ბესარიონ ალავიძე

საქმის განხილვის ფორმა – ზეპირი მოსამენის გარეშე

საჩივრის ავტორი – ნ. გ-ი (მოსარჩელე)

მოწინააღმდეგე მხარე – ტ. ქ-ა (მოპასუხე)

გასაჩივრებული განჩინება – თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება

საჩივრის ავტორის მოთხოვნა – გასაჩივრებული განჩინების გაუქმება

დავის საგანი – ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანა

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი

ნ. გ-მა სარჩელით მიმართა სასამართლოს ტ. ქ-ას მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის მოთხოვნით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 25 ივნისის გადაწყვეტილებით ნ. გ-ის სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ.

აღნიშნული გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა ნ. გ-მა და მოითხოვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის ნაწილში გადაწყვეტილების გაუქმება და ახალი გადაწყვეტილებით სარჩელის დაკმაყოფილება.

2015 წლის 28 იანვარს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატას განცხადებით მიმართა აპელანტმა და მოითხოვა სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით ყადაღის დადება 2011 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად ტ. ქ-ას მოთხოვნის უფლებაზე.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინებით ნ. გ-ის განცხადება არ დაკმაყოფილდა.

სააპელაციო სასამართლომ მიუთითა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით, ძველი მფლობელი ვალდებულია ახალ მფლობელს გადასცეს მის მფლობელობაში არსებული ყველა საბუთი, რომლებიც ეხება მოთხოვნებსა და უფლებებს და ყველა ინფორმაცია, რომლებიც აუცილებელია ამ მოთხოვნებისა და უფლებების გამოყენებისათვის. აქედან გამომდინარე, პალატამ განმარტა, რომ მოთხოვნის მოვალე ამ გარიგებაში არ მონაწილეობს და ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს დათმობაზე. მას არ აქვს კრედიტორის (მოთხოვნის მფლობელის) შეზღუდვის მექანიზმი.

სააპელაციო სასამართლომ მიიჩნია, რომ არ იყო დასაბუთებული მოთხოვნილი უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობა სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაწყვეტილების აღსრულებისთვის.

მითითებულ განჩინებაზე საჩივარი წარადგინა ნ. გ-მა და მოითხოვა განჩინების გაუქმება შემდეგი საფუძვლით:

საჩივრის ავტორის განმარტებით, მისთვის ცნობილი გახდა, რომ მოპასუხე ტ. ქ-ა აპირებს 2011 წლის 19 ივლისის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნის უფლების გასხვისებას, რის გამოც, მას მიადგება გამოუსწორებელი ზიანი, ვინაიდან მოთხოვნის უფლების შემძენის მიერ მოხდება იმ თანხების ხელმეორედ მოთხოვნა, რომელიც უკვე გადახდილია, ვინაიდან გადახდის მიუხედავად, სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ტ. ქ-ა გადახდილ თანხებს ითხოვს ხელმეორედ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 18 მარტის განჩინებით დაუსაბუთებლობის გამო არ დაკმაყოფილდა ნ. გ-ის საჩივარი და საქმის მასალებთან ერთად გადმოიგზავნა საქართველოს უზენაეს სასამართლოში.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლო საქმის მასალების შესწავლისა და ნ. გ-ის საჩივრის საფუძვლიანობის ანალიზის შედეგად მიიჩნევს, რომ საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტი წარმოადგენს მატერიალური კანონმდებლობით დაცული უფლებებისა და კანონიერი ინტერსების რეალური განხორციელების სწრაფ და ეფექტურ საპროცესო-სამართლებრივ გარანტიას. სასამართლოს მიერ სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენებას საფუძვლად უდევს ვარაუდი, რომ მომავალში მიღებული სასამართლო გადაწყვეტილება, შესაძლოა ვერ აღსრულდს ან აღსრულება მნიშვნელოვნად დაბრკოლდეს. ამდენად, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანია მოსარჩელის მატერიალური უფლებების რეალური განხორციელებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფა. თუმცა, მხედველობაშია მისაღები, რომ სამოქალაქო პროცესი თანაბარ მდგომარეობაში აყენებს პროცესის ორივე მხარეს – მოსარჩელესა და მოპასუხეს, შესაბამისად, მხარეთა თანასწორობის უმნიშვნელოვანესი პრინციპიდან გამომდინარე, სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის შეფასება უნდა მოხდეს როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის პოზიციიდან. ამგვარი შეფასებისას გასათვალისწინებელია, რომ დაცული იყოს თანაზომიერების პრინციპი, კერძოდ, მოსარჩელის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენებული ღონისძიება ამ მოთხოვნის (სარჩელის საგნის) პროპორციული (ადეკვატური) უნდა იყოს და აშკარა შეუსაბამობა არ უნდა იკვეთებოდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სარჩელის უზრუნველყოფის გამოყენება ვერ გაამართლებს სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მიზანს. ამიტომ სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებების გამოყენების საკითხის გადაწყვეტის დროს, ყოველთვის უნდა შეაფასოს, სარჩელის უზრუნველსაყოფად მის მიერ შერჩეული ღონისძიება არის თუ არა შესაბამისობაში მოსარჩელის მოთხოვნასთან, რომლის უზრუნველყოფასაც იგი ემსახურება.

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ნ. გ-მა თავისი სასარჩელო მოთხოვნის - ნოტარიუსის მიერ გაცემულ სააღსრულებო ფურცელში ცვლილებების შეტანის უზრუნველსაყოფად მოითხოვა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე 2011 წლის 19 ივლისის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების შესაბამისად მოპასუხე ტ. ქ-ას მოთხოვნის უფლებისთვის ყადაღის დადება იმ მოტივით, რომ ტ. ქ-ა აპირებს აღნიშნული ხელშეკრულების შესაბამისად მოთხოვნის უფლების გასხვისებას და მოთხოვნის შემძენის მიერ მოხდება იმ თანხების ხელმეორედ მოთხოვნა, რომელიც მის მიერ უკვე გადახდილია, ვინაიდან გადახდის მიუხედავად ტ. ქ-ა სააღსრულებო ფურცლით კვლავ ითხოვს მის გადახდას.

საკასაციო სასამართლო სრულად იზიარებს სააპელაციო სასამართლოს დასკვნას განმცხადებლის მოთხოვნის უსაფუძვლობასთან დაკავშირებით და მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლზე, რომელიც განსაზღვრავს მოთხოვნის/უფლების დათმობის ცნებასა და შინაარსს. აღნიშნული ნორმის პირველი ნაწილის შესაბამისად, მოთხოვნა ან უფლება, რომელთა დათმობა და დაგირავებაც შესაძლებელია, მათმა მფლობელმა შეიძლება საკუთრებად გადასცეს სხვა პირს. მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ. ამავე კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისთვის.

ამრიგად, აღნიშნული საკანონმდებლო ნორმა კონკრეტულად განსაზღვრავს იმ მოსალოდნელ შედეგებს, რაც მოჰყვება მოვალის მიმართ მოთხოვნის ახალი მფლობელის ხელში გადასვლას. კერძოდ, ახალ მფლობელზე მოთხოვნები და უფლებები გადადის ისეთ მდგომარეობაში, როგორიც ის იყო წინა მფლობელის ხელში, ანუ ახალ მფლობელს ექნება მხოლოდ იმის მოთხოვნის უფლება, რისი უფლებაც ექნებოდა წინა მფლობელს და არა მეტის. საკასაციო სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის დათმობა წარმოადგენს შესაბამის მატერიალურ-სამართლებრივ ურთიერთობაში უფლებამონაცვლეობის საფუძველს და არა ერთი და იგივე მოთხოვნის რამოდენიმეჯერ (ძველი და ახალი კრედიტორის მიმართ) შესრულების წინაპირობას. ამრიგად, განსახილველ შემთხვევაში, უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მოთხოვნისას განმცხადებლის ვარაუდი უსაფუძვლოდ ემყარება მოთხოვნის დათმობის იმ მოსალოდნელ შემთხვევას, როდესაც მოთხოვნის ახალი მფლობელის ხელში გადასვლისას მისი მდგომარეობა გაუარესდება უკვე გადახდილი თანხების ხელმეორედ მოთხოვნით. საჩივრის ავტორის მიერ გამოთქმული ვარაუდი არ გამომდინარეობს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნული ნორმების დეფინიციიდან და არსებითად სცდება სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების მიზანს.

საკასაციო პალატა მხარის ყურადღებას მიაქცევს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების დანიშნულებაზე და აღნიშნავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გათვალისწინებული უნდა იქნას უზრუნველყოფის ღონისძიების, როგორც საპროცესო სამართლებრივი ინსტიტუტის, მთავარი პრინციპი - აღსრულდეს სასამართლო გადაწყვეტილება. უზრუნველყოფის ღონისძიებით შეზღუდული უფლება უნდა იყოს სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის ადეკვატური. დაუშვებელია, უზრუნველყოფის ღონისძიებით მოპასუხის უფლების გაუმართლებელი შეზღუდვა და ამგვარად, მხარეთა არათანაბარ პირობებში ჩაყენება. ამასთან, უნდა არსებობდეს საფუძვლიანი ეჭვი იმის თაობაზე, რომ აღნიშნული ღონისძიების გამოყენების გარეშე მიღებული გადაწყვეტილება აღუსრულებელი დარჩება ან მნიშვნელოვანწილად გაძნელდება მისი აღსრულება. ამასთან, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების თაობაზე განცხადება საჭიროებს კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებით დასაბუთებას, რომელიც დაარწმუნებს სასამართლოს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების საჭიროებაში.

განსახილველ შემთხვევაში, საჩივრის ავტორი სარწმუნოდ ვერ ასაბუთებს უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების აუცილებლობას, მისი მოსაზრება დაუსაბუთებელია და არ ემყარება საქმეში არსებულ კონკრეტულ მტკიცებულებებს, რომელთა წარმოდგენის ვალდებულება მას ეკისრებოდა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-103-ე მუხლების შესაბამისად. მისი მოთხოვნა არ გამომდინარეობს არც საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლიდან და არც სარჩელის უზრუნველყოფის ინსტიტუტის მარეგულირებელი სხვა ნორმებიდან.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ნ. გ-ის საჩივარი არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო სააპელაციო პალატის გასაჩივრებული განჩინება უნდა დარჩეს უცვლელი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

საკასაციო სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1971, 419-ე, 420-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა

1. ნ. გ-ის საჩივარი არ დაკმაყოფილდეს;

2. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2015 წლის 29 იანვრის განჩინება დარჩეს უცვლელი;

3. საკასაციო სასამართლოს განჩინება საბოლოოა და არ გასაჩივრდება.

თავმჯდომარე ნ. ბაქაქური

მოსამართლეები: ზ. ძლიერიშვილი

ბ. ალავიძე